თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 45%-დან 50%-მდე გაზარდა. ამ გზით ფინანსური ინსტიტუტი ქვეყანაში მზარდ ინფლაციასთან გამკლავებას ცდილობს.
აღსანიშნავია, რომ თებერვალში თურქეთში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია 67%-მდე გაიზარდა. ამან გააჩინა მოლოდინი, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გზას დაუბრუნდება. ფინანსურმა ინსტიტუტმა დაახლოებით ერთი თვით ადრე განაცხადა, რომ განაკვეთების ზრდის რვათვიანი ციკლი დასრულდა.
თუმცა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ბოლო ნაბიჯით ცხადყო, რომ არ მოერიდება განაკვეთის შემდგომ ზრდას, თუ ეს საჭირო გახდება ინფლაციის სამართავად.
შეგახსენებთ, თებერვალში თურქეთის ცენტრალური ბანკის პირველი პრეზიდენტი ქალი, ჰაფიზე გაიე დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. თანამდებობის დატოვების მიზეზად კი სწორედ გაზრდილი ინფლაცია და გატარებულ ზომათა არაეფექტიანობა მიაჩნიათ.
ჰაფიზე გაიეს ადგილი ფათიჰ ქარაჰანმა დაიკავა, რომელმაც პოსტზე დანიშვნისას განახადა, რომ მისი გუნდი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას მანამდე შეინარჩუნებს, სანამ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება. ფათიჰ ქარაჰანის განმარტებით, მისი ხელმძღვანელობის პირობებში, თურქეთის ცენტრალური ბანკის მთავარი მიზანი ფასების სტაბილურობის შენარჩუნება და ინფლაციის შემცირება იქნება.