თურქეთმა და აზერბაიჯანმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე უნდა იმუშაონ. ამის შესახებ თურქეთის ვაჭრობის მინისტმა რუჰსარ პეკჯანმა განაცხადა.
„ჩვენ ორმხრივად უნდა მოვხსნათ სავაჭრო ბარიერები, რათა სავაჭრო მოცულობა $15 მილიარდამდე გავზარდოთ, როგორც ამას ჩვენი პრეზიდენტები აცხადებენ და გავკვალოთ ზა ადგილობრივ ვალუტებში ვაჭრობისკენ“, – განაცხადა რუჰსარ პეკჯანმა, რომელიც აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
პეკჯანმა აზერბაიჯანის ეკონომიკისა და კომუნიკაციების მინისტრებთან შეხვედრები გამართა და აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ორმხრივი ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისივე თქმით, თურქეთი მზადაა მთიან ყარაბაღსა და სხვა რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის.
ცნობისთვის, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის 1 მარტიდან ამოქმედდა პრეფერენციული, საშეღავათო სავაჭრო შეთანხმება, რომელიც ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის პროცესში მხოლოდ ცალკეულ პროდუქციაზე ვრცელდება.
თურქეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა გასულ წელს დაახლოებით $2 მილიარდი იყო, მათ შორის $1.7 მილიარდი თურქეთიდან ექსპორტზე მოდიოდა, ხოლო $300 მილიონი – აზერბაიჯანიდან ექსპორტზე.
დატოვე კომენტარი