თურქეთმა ექვს თვეში $8.2 მილიარდის ბუნებრივი აირის გადასახადები დაასუბსიდირა

თურქეთმა ექვს თვეში $8.2 მილიარდის ბუნებრივი აირის გადასახადები დაასუბსიდირა

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ფატიჰ დონმეზის განცხადებით, ქვეყანაში, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში, ბუნებრივი აირის სუბსიდირების მოცულობამ 150 მილიარდ ლირას ($8.2 მილიარდი) მიაღწია. მთავრობის მხრიდან სუბსიდირების მიზანი ენერგიის გლობალურად მზარდი ფასებისგან მოსახლეობის დაცვაა.

აღსანიშნავია, რომ მინისტრმა გლობალურად არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრა და დასძინა, რომ მისი 25-30-წლიანი გამოცდილების განმავლობაში, ენერგიის ფასების მსგავსი ზრდა არ ახსოვს. ეს ფაქტი კი საყურადღებოა, იმისდა მიუხედავად, რომ თურქეთში ამჟამად ენერგორესურსების მიწოდების პრობლემა არ არსებობს. სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთმა გასულ წელს დაახლოებით 60 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გამოიყენა, რაც სრულად იმპორტირებული წყაროებიდან დაკმაყოფილდა.

„გასულ წელს ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე სუბსიდიების მოცულობამ 100 მილიარდი ლირა მოიცვა. წელს კი, პირველ ექვს თვეში მხოლოდ ბუნებრივი აირის სუბსიდიებმა 150 მილიარდ ლირას ($8.2 მილიარდი) მიაღწია“, – განაცხადა დონმეზმა და დასძინა, რომ ქვეყანა პირველივე დღიდან აქტიურად მუშაობს, რათა მოსახლეობა ენერგიის მზარდი ფასებისგან დაიცვას.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციისას, თურქეთმა საკმარისი მარაგი მოიპოვა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ქვეყანა ბუნებრივ აირს მილსადენების საშუალებით იღებს ირანიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან, ხოლო თხევად ბუნებრივ აირს კატარისგან, ნიგერიისგან, ნორვეგიისგან, ალჟირისგან და აშშ-სგან ყიდულობს. 2023 წლის პირველი კვარტალიდან, თურქეთი შავ ზღვაში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის გამოყენებისთვისაც ემზადება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *