2023 წლის ეროვნულ მთვარის მისიაში გასაგზავნად, თურქეთმა, ორშაბათს, წარმატებით გამოსცადა სატესტო სარაკეტო სისტემა. სატესტო ფრენის წარმატებით განხორციელებას თურქეთის ინდუსტრიისა და ტექნოლოგიების მინისტრი, მუსტაფა ვარანკი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საინტერესოა, რომ ხომალდი ჰიბრიდული ძრავის ტექნოლოგიითაა დამზადებული.
ხომალდის ფუნქციონირებას Probe Rocket System-ი (SORS) უზრუნველყოფს, რომელიც სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი კომპანიის, Delta V-ის დახმარებით შეიქმნა. აღნიშნულ კომპანიას თებერვალში დაანონსებული კოსმოსის ეროვნული პროგრამის განხორციელებაში წამყვანი როლი აქვს.
მინისტრის განცხადებით, უპირველესი მიზანი 100 კილომეტრის სიმაღლეზე აფრენა იქნება. ჰიბრიდული ძრავა დედამიწისა და კოსმოსის ზღვარს პირველად გადალახავს. თუმცა, ხომალდის შემქმნელი კომპანია Delta V შეეცდება, მაქსიმალურად გაზარდოს რაკეტის შესაძლებლობები. საწვავის ავზის გაზრდით შესაძლებელი იქნება, რაკეტა 100 კილომეტრზე მაღლაც აფრინდეს.
Delta V-ის გენერალური მენეჯერის, არიფ კარაბეიოღლუს, განცხადებით SORS ტექნოლოგია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე მიგნებაა. საინტერესოა ისიც, რომ პირველ ეტაპზე ხომალდს ეკიპაჟის წევრები არ ეყოლება. ჰიბრიდულმა ძრავამ პირველი სატესტო გამოცდა წარმატებით გაიარა. შესაბამისად, თურქები იმედოვნებენ, რომ მის გამოყენებას 2023 წელს დაგეგმილ მთვარის მისიაში შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის ათწლიანი კოსმოსური გეგმა სხვადასხვა მიზნის მიღწევას ითვალისწინებს. 2023 წელს მთვარეზე გაფრენა კი თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს უნდა მიეძღვნას.
დატოვე კომენტარი