თურქეთს ზამთრის ტურიზმის მიმართულებით უზარმაზარი პოტენციალი აქვს და შესაძლოა, მომავალში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებსაც უმასპინძლოს. ამის შესახებ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა და ცნობილმა მოთხილამურემ, სარა ლუისმა განაცხადა.
„თურქეთის სათხილამურო ფედერაცია საოცარი ორგანიზაციაა. მათ ნამდვილად განავითარეს აქტივობები. მათ გააცნობიერეს, რომ აქვთ ფანტასტიკური შესაძლებლობები ქვეყანაში. თურქეთის 60% ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მაღლა მდებარეობს, აქ ზამთრის სეზონზე საკმაოდ ბევრი თოვლია, ამიტომაც ამ ქვეყანაში უდიდესი პოტენციალია, რომ ზამთრის ტურიზმი განვითარდეს“, – განაცხადა ლუისმა თურქულ მედიასთან ინტერვიუში.
ხოლო კითხვაზე, შეუძლია თუ არა თურქეთს, უმასპინძლოს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს მომავალში, სარა ლუისმა განაცხადა, რომ ეს შესაძლებელია.
ცნობისთვის, თურქეთის აღმოსავლეთ ერზურუმის პროვინცია იყო ერთ-ერთი რეგიონი, რომელიც 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გამართვის ადგილების კენჭისყრაში მონაწილეობდა. საბოლოოდ, არჩევანი იტალიის ქალაქებზე – მილანსა და კორტინა-დამპეცოზე შეჩერდა.
თურქეთში ერზურუმის გარდა, ზამთრის საკურორტო არაერთი პოპულარული ადგილია. მათ შორის ერჯიასი, სადაც წელს უცხოელი და ადგილობრივი ტურისტების სიმრავლე შეინიშნებოდა. კურორტის მმართველი მურატ ჯაჰიდ ჩინგი ამბობს, რომ ზამთრის ტურისტული სეზონი საკმაოდ დატვირთული იყო.
„პანდემიის მიუხედავად ერჯიასს წარმატებული ზამთრის სეზონი ჰქონდა. აქ მიმდინარეობს უმსხვილესი სასტუმროების Xperia Hotel-ის და Radisson Blu Hotel-ის მშენებლობა. საუბარია დაახლოებით $80-მილიონიან ინვესტიციაზე“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, აღნიშნულმა სათხილამურო კურორტმა დეკემბერ-მარტის სეზონზე დაახლოებით $100-მილიონიანი შემოსავალი დააგენერირა.
დატოვე კომენტარი