ჩინეთის მობილური ტელეფონების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი Tecno Mobile-ი $35-მილიონიანი ინვესტიციით თურქეთშიც იწყებს წარმოებას. თურქული მედიის ცნობით, ამის შესახებ კომპანიაში აცხადებენ.
„ჩვენ პირველივე წელს ვგეგმავთ სტამბოლის ქარხანაში დაახლოებით 1000 ადამიანის დასაქმებას“, – განაცხადა Tecno Mobile-ის თურქეთის ფილიალის მენეჯერმა ჰანკ ლიმ.
მისივე თქმით, კომპანია საქართველოს მეზობელ ქვეყანაში გრძელვადიან პერსპექტივაში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს.
„ჩვენ მოხიბლული ვართ თურქეთის მთავრობის წამახალისებელი გარემოთი და ნათელი მიდგომით. ჩვენ ამ ინვესტიციას ვახორციელებთ, რადგან თურქეთის ეკონომიკისა და ბაზრის გვჯერა“, – დასძინა მან.
Tecno Mobile-ი ამჟამად მსოფლიო მასშტაბით 60-ზე მეტ ბაზარზეა წარმოდგენილი, განსაკუთრებით კი აფრიკისა და სამხრეთ აზიის ბაზრებზე. აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან კომპანია ინგლისური საფეხბურთო კლუბის Manchester City-ის პარტნიორია.
2006 წელს დაარსებული კომპანიის სმარტფონები ყველაზე მეტად აფრიკაში, კერძოდ კი ნიგერიაშია პოპულარული. ამას მისი დაბალი ფასი განაპირობებს.
დატოვე კომენტარი