თურქეთში წლიური ინფლაციის დონემ 61.14%-ს მიაღწია, რაც ბოლო 20 წლის უმაღლესი ნიშნულია.
ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ინფლაციის მაჩვენებელი მარტში, წინა თვესთან შედარებით, 5.46%-ით გაიზარდა.
ფასების მატების ყველაზე მაღალი მაღალი მაჩვენებელი ტრანსპორტირების სექტორში ფიქსირდება (+99%). ასევე, მნიშვნელოვნად, თითქმის 70%-ით გაიზარდა სურსათის და საკვები პროდუქტების ფასებიც.
ინფლაციის დონის ზრდა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების მატებას, საქონლისა და სერვისების გაძვირებას და ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას გულისხმობს.
ექსპერტების შეფასებით, უკანასკნელ პერიოდში თურქეთში ინფლაციის დონის მკვეთრი ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი მიზეზი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება და ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 14%-იან ნიშნულამდე შემცირებაა, რაც პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაჟინებული მოთხოვნითაა განპირობებული.
„რეფინანსირების განაკვეთის შემცირების პროცესი გაგრძელდება, სხვას ნურაფერს მოელით. როგორც მუსლიმი, მე იმის კეთებას განვაგრძობ, რასაც ისლამური სწავლება მოითხოვს“, – განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანის არატრადიციულ ეკონომიკურ ხედვებთან წინააღმდეგობაში ყოფნის გამო, თანამდებობის დატოვება მოუწია თურქეთის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, ნაჯი აგბალს, რომელიც ინფლაციის შესაკავებლად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვდა.
პრეზიდენტმა თანამდებობიდან გადააყენა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი, ლუთფი ელვანიც, რომელიც, ასევე არ იზიარებდა მის შეხედულებებს.
დატოვე კომენტარი