მსოფლიოს მასშტაბით ენერგორესურსების, სურსათისა და საქონლის გაძვირების ფონზე, თურქეთში ინფლაციის დონე მკვეთრად გაიზარდა და აპრილში წლიურმა მაჩვენებელმა 69.97% შეადგინა, რაც გასული ოცი წლის უმაღლესი ნიშნულია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით ქვეყანაში ინფლაციის დონე 7.25%-ითაა გაზრდილი, რაც ექსპერტების შეფასებით, ძირითადად, რუსეთ-უკრაინის ომთანაა დაკავშირებული.
ერთ წელიწადში სატრანსპორტო ხარჯები 105.9%-ით გაიზარდა; სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ღირებულება კი საშუალოდ 89.1%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება ერთთვიან პერიოდს, საკვებისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები 13.38%-ით გაიზარდა, საცხოვრებელი სახლების ღირებულებამ კი საშუალოდ 7.43%-ით მოიმატა.
ინფლაციის დონის ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები იმატებს, ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობა კი იკლებს.
ექსპერტების შეფასებით, თურქეთში ინფლაციის დონის მკვეთრად ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი მიზეზი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება და ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 19%-დან 14%-იან ნიშნულამდე შემცირებაა, რაც პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაჟინებული მოთხოვნით იყო განპირობებული.
„რეფინანსირების განაკვეთის შემცირების პროცესი გაგრძელდება, სხვას ნურაფერს მოელით. როგორც მუსლიმი, მე იმის კეთებას განვაგრძობ, რასაც ისლამური სწავლება მოითხოვს“, – განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანის არატრადიციულ ეკონომიკურ ხედვებთან წინააღმდეგობაში ყოფნის გამო, თანამდებობის დატოვება მოუწია თურქეთის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, ნაჯი აგბალს, რომელიც ინფლაციის შესაკავებლად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვდა. ერდოღანმა თანამდებობიდან გადააყენა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი, ლუთფი ელვანიც, რომელიც, ასევე, არ იზიარებდა მის მაკროეკონომიკურ შეხედულებებს.
დატოვე კომენტარი