მზის ენერგიის წილი თურქეთის მთლიან ელექტროენერგიის სიმძლავრეში ივლისის ბოლოსთვის 7.5%–მდე გაიზარდა, თუმცა ქვეყანას მზის ენერგიის ათვისების გაცილებით დიდი პოტენციალი გააჩნია.
მიმდინარე წელს თურქეთმა მზის ენერგიის გამოყენებით დამატებით 658 მეგავატი ელექტროენერგია გამოიმუშავა და ქვეყნის მთლიანი მზის ენერგიის სიმძლავრემ 7,325 მეგავატი შეადგინა, რაც განახლებადი ენერგიის მთლიანი სიმძლავრის 14%–ია.
უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთის ელექტროენერგიის უმეტესობა განახლებადი ენერგიით იწარმოება. ივლისის ბოლოსთვის თურქეთის ელექტროენერგიის მთლიანი სიმძლავრე 98,263 მეგავატი იყო, საიდანაც განახლებადი წყაროებით წარმოებული ელექტროენერგიის მოცულობამ 52,000 მეგავატი შეადგინა.
მზის ენერგიის წილი თურქეთის ელექტროენერგიის მთლიან წარმოებაში მიმდინარე წელს 4.2% იყო 8 მილიარდი კილოვატსაათიანი გამომუშავებით, ხოლო მთლიანი ელექტროენერგიის გამომუშავება ამავე პერიოდში 188.8 მილიარდი კილოვატსაათი.
მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ერთ–ერთია მზის ენერგიის ყველაზე მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნებს შორის, ყოველდღიურად დაახლოებით 7.5 საათი მზის სინათლით, ამ პოტენციალის ათვისება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება.
თურქეთი ბოლო რამდენიმე წელიწადია ცდილობს გაზარდოს ელექტროენერგიის წარმოება განახლებადი წყაროებიდან, რადგან ის ამ დრომდე დამოკიდებულია იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე. ქვეყანაში პირველი თბოელექტროსადგური 2013 წელს სტამბულში აშენდა და მისი სიმძლავრე 500 კილოვატი იყო.
მზის ენერგიით გამომუშავებული ელექტროენერგიის სიმძლავრე მუდმივად იზრდებოდა. თუ 2014 წელს იგი 40.2 მეგავატს შეადგენდა, 2020 წელს 6,667 მეგავატამდე გაიზარდა.
სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, მიმდინარე წელს დამატებით 1,500 მეგავატი სიმძლავრის დამატება იყო ნავარაუდები, მაგრამ COVID-19 პანდემიის გამო გლობალური მიწოდების ჯაჭვში შეფერხებებმა ეს პროცესი შეანელა და მხოლოდ 672 მეგავატის დამატებითი სიმძლავრის გამომუშავება გახდა შესაძლებელი.
საინტერესოა, რომ ამჟამინდელი 7,325 მეგავატი დამონტაჟებული მზის სიმძლავრიდან, 6,626 მეგავატი არალიცენზირებულ ენერგიას წარმოადგენს და მხოლოდ დანარჩენი 699 მეგავატი არის ლიცენზირებული სიმძლავრე.
დატოვე კომენტარი