2021 წლის პირველ კვარტალში თურქულმა ბანკებმა 16 მილიარდი ლირის ოდენობის წმინდა მოგება მიიღეს, რაც დოლარში 1,9 მილიარდს აღწევს. ცნობისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მათი წმინდა მოგება 15.3 მილიარდი ლირა ($2,3 მილიარდი) იყო.
როგორც თურქული მედია წერს, ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების საერთო აქტივების მოცულობა მარტის ბოლოს 6.5 ტრილიონ ლირას ($786,7 მილიარდი) მიუახლოვდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33%-ით მეტია.
გარდა ამისა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სესხების მოცულობა 30%-ით გაიზარდა და 3,8 ტრილიონ ლირას ($458,1 მილიარდი) მიაღწია. დეპოზიტები კი 3,6 ტრილიონ ლირამდე ($442.2 მილიარდი) გაიზარდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ასევე 30%-იან ზრდას ნიშნავს.
უმოქმედო სესხების შეფარდება სესხების სრულ მოცულობასთან კი წინა წელთან შედარებით შემცირდა და 3.79% შეადგინა, მაშინ როდესაც 2020 წლის მარტში 4.69% იყო.
მარტის ბოლოს მონაცემებით, თურქეთში ჯამში 52 სახელმწიფო/კერძო/უცხოური ბანკი ოპერირებს. მათ შორის არის საინვესტიციო ბანკებიც.
საბანკო სექტორს საქართველოს მეზობელ ქვეყანაში საერთო ჯამში 202 841 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
დატოვე კომენტარი