თურქული მიტანის სერვისის პიონერი კომპანია Getir-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $7.5 მილიარდს გასცდა. ამის შესახებ თურქული მედია წერს. გავრცელებული ცნობით, კომპანიის კაპიტალიზაცია მას შემდეგ გაიზარდა, რაც მან ბოლო პერიოდში $550 მილიონის ოდენობის ინვესტიციები მიიზიდა.
სტამბოლში დაფუძნებული კომპანია ამ თანხებს აშშ-ში გაფართოებას მოახმარს.
აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან კომპანიამ დაახლოებით $1 მილიარდის ინვესტიციები მიიზიდა, რამაც კომპანიის საბაზრო ღირებულება ხუთ თვეში ცხრაჯერ გაზარდა. ცნობისთვის, მარტში თურქული უნიქორნის ღირებულება $2,6 მილიარდამდე გაიზარდა.
კომპანია თურქეთის ფარგლებს უკვე გასცდა. მან იანვარში ლონდონში, მაისში კი ამსტერდამში დაიწყო ოპერირება. იგეგმება ასევე Getir-ის პარიზსა და ბერლინში გამოჩენაც. ამას 2021 წლის მეოთხე კვარტალში, აშშ-ის რამდენიმე ქალაქი დაემატება. შედეგად, იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც თურქული კომპანია ოპერირებს, ექვსამდე გაიზრდება.
როგორც Getir-ის დამფუძნებელი ნაზიმ სალური აცხადებს, კომპანიის მთავარი ამოსავალი წერტილი და ღირებულება სურსათის მომხმარებლისთვის სწრაფი მიწოდებაა.
Getir-ი თურქეთში 2015 წელს დაარსდა. ის მომხმარებელს 1500-ზე მეტი სახეობის სასურსათო პროდუქტის მიტანის სერვისით უზრუნველყოფს. ამისთვის კი მას საშუალოდ 10 წუთი სჭირდება.
დატოვე კომენტარი