თურქულმა სამხედრო-სამრეწველო კომპანია Baykar-მა უკრაინაში, კიევის მახლობლად დრონების ქარხნის მშენებლობა დაიწყო. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ჰალუქ ბაირაქთარის Reuters-ისათვის მიცემული კომენტარის თანახმად, საწარმო 500 ადამიანს დაასაქმებს და Bayraktar TB2-ის ან TB3-ის ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს დაამზადებს. შეგახსენებთ, რომ Bayraktar TB2-ის ტიპის დრონმა განსაკუთრებული პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც უკრაინაში რუსული ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ მაღალი ეფექტიანობა გამოავლინა. თუმცა აღნიშნული დრონის ეფექტიანად გამოყენების შემთხვევები მანამდე ყარაბაღის მეორე ომსა და სირიაში, იდლიბის პროვინციაშიც ფიქსირდებოდა.
თურქეთის უმსხვილეს სამხედრო-სამრეწველო კომპანიას დრონების საექსპორტო შეთანხმება 30-მდე ქვეყანასთან აქვს გაფორმებული.
Baykar-ის CEO-ს განმარტებით, ქარხნის მშენებლობა 12 თვეში დასრულდება, რის შემდეგაც საწარმოს დანადგარებით აღჭურვა და ორგანიზაციული სტრუქტურირება დაიწყება. მისივე განცხადებით, უკრაინული ქარხნის საწარმოო მოცულობა წელიწადში 120 ერთეული იქნება. თუმცა კონკრეტულად რომელი ტიპის დრონის წარმოებაზე კონცენტრირდება ქარხანა, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. გარდა ამისა, ჰალუქ ბაირაქთარი მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ქარხნის მშენებლობასა და მის შემდგომ ოპერირებას ხელს არ შეუშლის.
ბაირაქთარმა განცხადება გააკეთა საუდის არაბეთში დაგეგმილი დრონების ქარხნის მშენებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ პროცესი მომდევნო 2 წლის ვადაში დაიწყება. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ Baykar-მა საუდის არაბეთთან თურქეთის ისტორიაში უმსხვილესი სამხედრო შეთანხმება გააფორმა და არაბულ სახელმწიფოს Bayraktar Akinci-ს ტიპის დრონები მიჰყიდა.
Baykar-ი წელს Bayraktar Akinci-ს ტიპის დრონების წარმოების გაორმაგებას გეგმავს. 2023 წელს კომპანიამ 36 ერთეული Akinci აწარმოვა. რაც შეეხება პოპულარულ Bayraktar TB2-ის ტიპის დრონებს, მათი წარმოების მოცულობა უცვლელი დარჩება – 230 ერთეული. გარდა ამისა, კომპანია რამდენიმე ათეული ახალი მოდელის, Kizilelma-სა და TB3-ის წარმოებას გეგმავს.