კარლ ჰარცელი საქართველოში ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე 2018 წლის სექტემბერში დაინიშნა. ევროკავშირის უმაღლესი რანგის დიპლომატი საქართველოს მთავარ გამოწვევად სიღარიბის დონეს ასახელებს და მთავრობას სამი მიმართულებით ურჩევს ყურადღების გამახვილებას: განათლება, გარემოს დაცვა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება.
როგორ ხედავთ საქართველოს განვითარების გეზს და რა არის ის მთავარი გამოწვევები, რომლის გამოყოფაც შეგიძლიათ?
პირველ რიგში გეტყვით, რომ ყველას, ვინც საქართველოში ჩამოდის ძალიან უყვარდება ეს ქვეყანა. ასეა ჩემს შემთხვევაშიც. ზუსტად რამდენიმე კვირის წინ დავწერე სტატია საქართველოს შესახებ. ეს არის თვითმფრინავი, რომელიც მზადაა გასაფრენად, თუმცა კვლავ რჩება გარკვეული დაბრკოლებები გზაზე. აქვე აღვნიშნავ, რომ პოტენციალი ძალიან დიდია. საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის გამორჩეულია. ჩვენს დელეგაციას 400 მილიონ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული წლიურად სხვადასხვა პროექტებზე. თუკი ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ, უნდა ვთქვათ, რომ ეს არის პროცესი, რომელიც დროში ვითარდება. რაც შეეხება ჩვენს პრიორიტეტებს, დაფინანსების დაახლოებით ორი მესამედი ეკონომიკურ საკითხებზე მოდის, მათ შორის, განათლებაზე, პროფესიულ განათლებაზე, ექსპორტის სტიმულირებაზე და ა.შ. ჩვენი მხარდაჭერის მეორე ნაწილი ეხება სახელმწიფო ინსტიტუტებს, კერძოდ კი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, რათა ისინი მეტად ეფექტურები იყვნენ, ამასთან მეტად გამჭვირვალეებიც. ეს საკითხი კი ეხება მაგალითად სასამართლო სისტემას, მის რეფორმას, მოლოდინებს, რომელიც გვქონდა ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ვგულისხობ საარჩევნო სისტემის რეფორმას. ეკონომნიკური განვითარება ბმაშია სწორედ ამ პროცესებთან. მესამე მხრივ კი გამოვყოფდი ჯანდაცვასა და გარემოს დაცვის საკითხებს. საქართველოში გარემოს დაცვის საკითხების მიმართ ინტერესი გაზრდილია, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში. სწორედ ამ კუთხით ვაპირებთ მომდევნო წლებში ინვესტირების გაზრდას. ეს საკითხიც თავისთავად ბმაშია ეკონომიკურ საკითხებთან, ასე მაგალითად ტურიზმის და აგროტურიზმის განვითარებისთვისაც სჭირდება გარემოს დაცვითი საკითხების მოგვარება.
თქვენ ახსენეთ გარკვეული დაბრკოლებები იმ გზაზე, რომელზეც დღეს საქართველოა. როგორ ფიქრობთ არის თუ არა ეს დაბრკოლებები იდენტიფიცირებული? საქართველოში ეკონომიკური ზრდაა და ამას არავინ უარყოფს, მაგრამ როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს გამოწვევა ინკლუზიური ზრდის მისაღწევად? პირადად თქვენთვის თუ არის იდენტიფიცირებული ეს დაბრკოლებები?
ეს არის საკითხები, რომელსაც ყოველდღიურობაში განვიხილავთ მთავრობასთან და არასამთავრობო სექტორთან. თუ ვისაუბრებთ დაბრკოლებებზე ციფრებში, ეს არის სიღარიბის მაჩვენებელი. გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდეს. ინკლუზიურობის კუთხით მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქეს თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს, უნდა მოხდეს ქალების მეტი ჩართულობა ეკონომიკურ საქმიანობაში, ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა უთანაბრობა ქალაქსა და სოფლის დასახლებას შორის. ამ საკითხებზე ცალკეული მიდგომები გვაქვს, რომელსაც მთავრობასთან განვიხილავთ. ასევე ცალკეული მუნიციპალიტეტები ცდილობენ გადაჭრან ისეთი საკითხები რომელიც ეხება სოფლის მეურნეობას, ფერმერების გაძლიერებას, პროდუქციისთვის შესაბამისი ბაზრების მოძიებას. რეგიონებში ბიზნესისა და წარმოების სტიმულირება ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
არის თუ არა ეს რეკომენდაციები იდენტიფირებული მთავრობის და პარლამენტის მიერ, როგორც გზა იმისთვის, რომ დაჩქარდეს ეკონომიკური ზრდა, ასევე იმისთვის, რომ ეს ზრდა იყოს ინკლუზიური?
დიახ, ასეა. ვთვლი, რომ ამ საკითხების გაცნობიერება ხდება. ჩვენ შეთანხმებაც გვაქვს იმ საკითხებზე, რომელიც ეხება იმას, თუ როგორ უნდა მიიღწეს მეტი ზრდა ყველაზე ეფექტური მეთოდებით. თუმცა ასევე საჭიროა, რომ იყოს საკმარისი კავშირი სხვადასხვა სამინისტროებსა და დონორებს შორის. ევროკავშირი საქართველოში უმსხვილესი დონორია, თუმცა არიან სხვა პარტნიორებიც და დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ყველა ერთი მიმართულებით და ერთი მიზნისთვის მუშაობს. ვფიქრობ, რომ ეს არის უწყვეტი გამოწვევა. თუმცა, ჯამში შემიძლია გითხრათ, რომ ამ საკითხებზე ყველა მხარის მხრიდან არის შეთანხმება და ერთიანი გაგება.
პრიორიტეტები, რომელიც საუბრის დასაწყისში ახსენეთ – ვგულისხმობ განათლებას, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, ჯანდაცვასა და გარემოს დაცვას, – შეგვიძლია ვთქვათ. რომ ეს არის ძირითადი სფეროები რომელზეც აქცენტს აკეთებთ, რათა ქვეყანა სწრაფად განვითარდეს?
ამ ყველაფერთან ერთად, ძალიან ნიშვნელოვანია აღვნიშნოთ სავაჭრო საკითხები. თუკი გსურთ, მიაღწიოთ იმ მიზნებს, რომელიც ეხება განათლებას თუ გარემოს დაცვას, საჭიროა რესურსები და დარწმუნებულები უნდა იყოთ, რომ ეს რესურსი გაქვთ. თუკი გსურთ, რომ მიაღწიოთ ინკლუზიურობას და გააძლიეროთ საზოგადოება, ნებისმიერ ქვეყანაში და. მათ შორის, საქართველოშიც საჭიროა იმ კომპონენტების დაფარვა, რომელიც თქვენ ახსენეთ.
დატოვე კომენტარი