მას შემდეგ, რაც ფრანჩესკა ამფითეატროფი Tiffany & Co-ს დიზაინის ახალ დირექტორად დაინიშნა, კომპანიის ისედაც მდიდრულმა და დახვეწილმა სტილმა კიდევ უფრო მეტი ორიგინალურობა შეიძინა. მისი სადებიუტო კოლექცია სახელწოდებით Tifanny T საიუველირო სახლის ახალი ეტაპის დაწყებას იუწყება.
„ახალი კოლექციისათვის შერჩეული ასო „T” გამოხატავს Tiffany & Co-ს გრაფიკულ ფორმას და არა მის ლოგოს, – ამბობს ფრანჩესკა. – ეს სიმბოლო მთელ კოლექციაშია წარმოდგენილი – „T” ფორმის სამაჯურებითა და ბეჭდებით დაწყებული, ჯაჭვის ყელსაბამის „T” ფორმის კვანძებით დამთავრებული. თითოეული ნაკეთობის უკან არის დიზაინის დეტალები, რომლებიც ერთი შეხედვით უბრალო, მაგრამ ამავდროულად უნიკალურია. აღნიშნული სამკაულების მფლობელებმა თავად იციან მათი უნიკალურობა და სულაც არ ცდილობენ ყველასათვის ამის დემონსტრირებას”. დამალული გადაბმები, გადაჯაჭვული „T”-ს ფორმები და ძვირფასი ქვები უხვად არის Tifanny-ს ახალ კოლექციაში. სამაჯური დრეკადია, ყელსაბამი იშლება და შესაძლებელია მისი დამოკლება ან დაგრძელება. ბრილიანტები თითქმის შეუმჩნეველია და მათი ყოველდღიურად ტარებაც შეიძლება.
დინამიკური და ქალური, ფრანჩესკა ამფითეატროფი თავად განასახიერებს Tiffany & Co-ს ქალის ხედვას. „Tiffany & Co-ს ქალი ამქვეყნიური და პრაქტიკულია, – ამბობს ფრანჩესკა. – ის შეიძლება ცხოვრობდეს შანხაიში, ნიუ-იორკში, ლონდონში ან პარიზში, მაგრამ ეს ერთი და იგივე ქალია. მას ახასიათებს სიმშვიდე; იგი არის კულტურული, დახვეწილი და კარგად ინფორმირებული. Tifanny-ს ქალს აქვს თავისუფლებისა და სიმსუბუქის შეგრძნება, რომელიც მას ენერგიულობას ანიჭებს”.
დატოვე კომენტარი