მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სოციალურმა ქსელმა, ჩინურმა TikTok-მა პოლიტიკურ და სამთავრობო ანგარიშებს პლატფორმის გამოყენებით ფულის შოვნა აუკრძალა, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ამ შემთხვევაში, იგულისხმება როგორც ფულადი სახსრების მოძიება, ე.წ. „ფანდრეიზინგი“, ასევე კონტენტის მონეტიზაცია.
აღსანიშნავია, რომ TikTok-ზე პოლიტიკური რეკლამის განთავსება ამ დრომდეც აკრძალული იყო, მაგრამ ამიერიდან, ჩინურმა სოციალურმა ქსელმა პოლიტიკურ და სახელმწიფო სუბიექტებს შემოწირულებების მიღება, ელექტრონული კომერციის ფუნქციონალის გამოყენება და გამომწერებისგან საჩუქრების მიღებაც აუკრძალა. საინტერესოა, რომ პოლიტიკური ანგარიშებისთვის, ეს აკრძალვები ავტომატურად გააქტიურდება.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩინური კომპანიის ეს გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების მოახლოებულ შუალედურ არჩევნებს უკავშირდება, რაც სოციალური ქსელებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება. საინტერესოა, რომ მონეტიზაციის აკრძალვის გარდა, TikTok-მა პოლიტიკური ანგარიშების სავალდებულო ვერიფიკაციის პოლიტიკაც შემოიღო, რომელიც აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე გასტანს.
„წინასაარჩევნოდ სახსრების მოძიების აკრძალვით, კონტენტის მონეტიზაციის ფუნქციონალის შეზღუდვითა და ანგარიშების ვერიფიცირებით, გვსურს ნატიფი ბალანსი ვიპოვოთ ადამიანებისთვის მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის შესაძლებლობის მიცემასა და პლატფორმის კრეატიულ თავისუფლებას შორის, რომელიც ჩვენს კომუნას ძალიან მოსწონს“, – განაცხადა TikTok-ის გლობალური ბიზნესგადაწყვეტილებების პრეზიდენტმა, ბლეიკ ჩენდლიმ.
თუმცა, არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ TikTok-ის ამგვარ გადაწყვეტილებას სხვა მიზეზიც აქვს – კომპანიას სურს მის მფლობელ ჩინურ კომპანიას, ByteDance-ს მაქსიმალურად ჩამოშორდეს, განსაკუთრებით აშშ-სა და ჩინეთს შორის ბოლო დროს განსაკუთრებულად დაძაბული ურთიერთობის ფონზე.
დატოვე კომენტარი