ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა ტინა ტერნერმა მუსიკალურ კატალოგზე, რომელიც ექვსი ათწლეულის განმავლობაში შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს, საავტორო უფლებები გაყიდა. კატალოგი, რომელიც ისეთ ჰიტებს მოიცავს, როგორიცაა Private Dancer-ი და What’s Love Got to Do With It-ი, ხმის ჩამწერმა სტუდია BMG-იმ შეისყიდა.
ტინა ტერნერსა და BMG-ს შორის დადებული შეთანხმების ღირებულება კვლავ არ გახმაურებულა. თუმცა, როგორც ცნობილია, როკ-ენ-როლის დედოფლის ჩანაწერების, იმიჯისა და სახელის წილის შეძენა BMG-ის ისტორიაში ყველაზე დიდი გარიგებაა. 81 წლის მომღერალი, ბოლო დროის ყველაზე დიდი არტისტია, რომელმაც მისი უკვდავი ჰიტები რეკორდულ ნაღდ თანხად გაყიდა. ტინა ტერნერამდე, გასულ წელს, ბობ დილანმა $300 მილიონად Universal Music-ს მიჰყიდა საავტორო უფლებები, ნილ იანგმა კი მუსიკალურ კომპანია Hipgnosis-სთან გააფორმა ხელშეკრულება.
ტერნერმა, რომელიც შეთანხმების შემდგომ კვლავ გააგრძელებს Warner Music-თან თანამშრომლობას, BMG-სთან დადებული ხელშეკრულების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მუსიკალური მემკვიდრეობის დაცვა პირადული საკითხია. მომღერალი დარწმუნებულია, რომ BMG-სა და Warner Music-სთან თანამშრომლობით, მისი ნამუშევრები პროფესიონალთა საიმედო ხელშია.
ხმის ჩამწერი სტუდია BMG Bertelsmann-ის მედიაკონგლომერატის ნაწილია. სტუდია უკვე ფლობს ან წარმოადგენს ისეთი ვარსკვლავების ნამუშევრებს, როგორებიც მიკ ჯაგერი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი, კურტ კობეინი, დეივიდ ბოუი და სხვები არიან. BMG-ის განცხადებით, მათთვის პატივია, წარმოადგენდნენ ტინა ტერნერის მუსიკალურ და კომერციულ ინტერესებს.