ოქროს ჯიბის საათი, რომელიც „ტიტანიკის“ უმდიდრეს მგზავრს ეკუთვნოდა, Henry Aldridge & Son-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა. ის კერძო კოლექციონერმა 1.175 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა.
საათის თავდაპირველი მფლობელი 47 წლის ჯონ ჯეიკობ ასტორი იყო, რომელიც 1912 წელს, „ტიტანიკის“ კატასტროფისას დაიღუპა. ასტორის მეუღლე კატასტროფას სამაშველო გემის დახმარებით გადაურჩა. გავლენიანი ამერიკული ოჯახის წარმომადგენლის ცხედარი შემთხვევიდან 7 დღის შემდეგ აღმოაჩინეს, მასთან ერთად კი 14-კარატიანი Waltham-ის ჯიბის საათიც იპოვეს.
ასტორის ოქროს საათი „ტიტანიკის“ სამახსოვრო ნივთებიდან ყველაზე ძვირად ღირებული ლოტია, რომელიც აუქციონების ისტორიაში გაყიდულა. ამ დრომდე რეკორდი £1.1 მილიონად გაყიდულ ვიოლინოს ეკუთვნოდა, რომელზედაც სწორედ გემის ჩაძირვისას უკრავდნენ. ვიოლინო 2013 წელს გაიყიდა, ამავე ვიოლინოს ჩასადები კი კვირას გამართულ აუქციონზე – £360,000-ად.
Henry Aldridge & Son-ის აუქციონის სახლის წარმომადგენლების განცხადებით, ნივთების მაღალი ღირებულება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ დიდ ინტერესს, რომელიც საზოგადოებაში „ტიტანიკის“ არტეფაქტებისა და ისტორიისადმი არსებობს: „112 წლის შემდეგაც, ჩვენ კვლავ ვსაუბრობთ გემზე, მის მგზავრებსა და ეკიპაჟზე“.
„ტიტანიკის“ ჩაძირვის დროს ჯონ ჯეიკობ ასტორი მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად მიიჩნეოდა. მისი ქონება დაახლოებით $87 მილიონს უტოლდებოდა, რაც დღევანდელი მონაცემებით რამდენიმე მილიარდი დოლარია.