ამერიკელი მსახიობის, ტომ კრუზის მიერ კარიერის განმავლობაში გამომუშავებულმა თანხამ 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. შეგახსენებთ, კრუზმა სამსახიობო კარიერა 1983 წელს, ფილმ „Risky Business“-ში მთავარი როლის შესრულებით დაიწყო. ამის შემდეგ, დაახლოებით ოთხი ათწლეულის განმავლობაში, მსახიობმა ათეულობით კინოსურათში ითამაშა.
ტომ კრუზისთვის ყველაზე წარმატებული ფილმი მაისის ბოლოს გამოსული „Top Gun: Maverick“-ი აღმოჩნდა, რომლის გლობალურმა შემოსავალმაც ახლახან 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს 59 წლის მსახიობის კინოსურათებს შორის საუკეთესო შედეგია. მოცემულ დრომდე კრუზის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმის სტატუსი 2018 წელს გამოსულ „Mission: Impossible – Fallout“-ს ეკუთვნოდა. მისი შემოსავალი 791.1 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტომ კრუზმა „Top Gun: Maverick“-ში მონაწილეობისთვის წინასწარ $12,5 მილიონი მიიღო. ამას ემატება ე.წ. „პირველი დოლარის“ 10%-ზე მეტი – ტერმინი აღნიშნავს კინოსტუდიის მიერ შეგროვებულ შემოსავალს, რომელიც მოიცავს კინოთეატრების სალაროებში გაყიდული ბილეთების დაახლოებით ნახევარს, პლუს შემოსავალს ფილმის ჩვენების უფლებებიდან, სტრიმინგის სერვისებიდან, სატელევიზიო ქსელებიდან და ა.შ.
„Maverick“-ის შემოსავლის რეკორდული ზრდის წყალობით, მსახიობმა უკვე 50 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მიიღო. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ზრდის ტემპი კვლავ გაგრძელდება, არ არის გამორიცხული, მიმდინარე წელი ტომ კრუზისთვის კარიერაში ყველაზე მაღალშემოსავლიანად იქცეს. ამერიკული გამოცემა Forbes-ის პროგნოზით, კრუზი „Maverick“-ის მეშვეობით, 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტის გამომუშავებას შეძლებს.
დატოვე კომენტარი