ტოპ-10 ძვირად ღირებული ფეხბურთელი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

ტოპ-10 ძვირად ღირებული ფეხბურთელი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

მესამე კვირა დაიწყო, რაც კატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირმა სტარტი 20 ნოემბერს აიღო და 18 დეკემბრამდე გაგრძელდება.

წლევანდელი მუნდიალი ისტორიაში უკვე არაერთი ფაქტის გამო შევიდა. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი შუა აღმოსავლეთში წელს პირველად იმართება. გარდა ამისა, აღნიშნული ტურნირის მასპინძლობისთვის კატარმა ყველაზე დიდი თანხა, სულ ცოტა 220 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა.

ასევე აღსანიშნავია, რომ მესამე ტურში, მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში, ისტორიაში პირველად, არბიტრი ქალების ჯგუფმა იმსაჯა. მათ კოსტა-რიკისა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა განსაჯეს.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოასპარეზე ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელების რეიტინგი უკვე შემოგთავაზეთ. ახლა კი Transfermarkt-ზე დაყრდნობით, წლევანდელი მუნდიალის ტოპ-10 ძვირად ღირებულ ფეხბურთელს გაგაცნობთ.

ათეულში ყველაზე მეტი, ოთხი ფეხბურთელი, ინგლისის ეროვნული ნაკრებიდანაა წარმოდგენილი. ასევე აღსანიშნავია, რომ ტოპ-10-ში მადრიდის „რეალისა“ და კატალონიის „ბარსელონის“ ორ-ორ მოთამაშეს ვხვდებით. აქვე უნდა ითქვას, რომ ჩამონათვალში შემავალი ყველა ფეხბურთელი ევროპის საკლუბო ჩემპიონატში თამაშობს. სიაში წარმოდგენილი ორი მოთამაშე კი ტურნირს უკვე გამოეთიშა.

საერთო ჯამში, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 10 ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელის საბაზრო ფასი მოცემული დროისთვის 1 მილიარდ ევროს აჭარბებს. ისევე, როგორც მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელების რეიტინგში, ამ შემთხვევაშიც ჩამონათვალის ლიდერი ფრანგი კილიან მბაპეა. „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება ამ დროისთვის 160 მილიონ ევროს შეადგენს.

მბაპეს მეორე ადგილზე 120 მილიონი ევროთი ბრაზილიელი ვინისიუს ჯუნიორი მოსდევს, რომელიც მადრიდის „რეალის“ ღირსებას იცავს. სიაში მესამე ადგილს კი ინგლისელი ფილ ფოდენი იკავებს, რომელიც „მანჩესტერ სიტიში“ ირიცხება.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების ათეული ასე გამოიყურება:

  1. კილიან მბაპე (PSG, საფრანგეთი) – €160 მილიონი
  2. ვინისიუს ჯუნიორი (Real Madrid, ბრაზილია) – €120 მილიონი
  3. ფილ ფოდენი (Manchester City, ინგლისი) – €110 მილიონი
  4. ჯამალ მუსიალა (Bayern Munich, გერმანია) – €100 მილიონი
  5. პედრი (Barcelona, ესპანეთი) – €100 მილიონი
  6. ჯუდ ბელინგემი (Borussia Dortmund, ინგლისი) – €100 მილიონი
  7. ფედერიკო ვალვერდე (Real Madrid, ურუგვაი) – €100 მილიონი
  8. ჰარი კეინი (Tottenham Hotspur, ინგლისი) – €90 მილიონი
  9. ბუკაიო საკა (Arsenal, ინგლისი) – €90 მილიონი
  10. გავი (Barcelona, ესპანეთი) – €90 მილიონი
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *