უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ენერგიის ფასების მკვეთრად გაზრდის შედეგად, 2022 წელს ფრანგული TotalEnergies-ის მოგება, კონკურენტების მსგავსად, რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა. ნავთობგიგანტის მოგება 2021 წელთან შედარებით გაორმაგდა და რეკორდულ $36.2 მილიარდს მიაღწია.
2022 წლის მეოთხე კვარტალში TotalEnergies-ის წმინდა მოგება $7.6 მილიარდს გაუტოლდა. მიუხედავად ამისა, დეკემბერში კომპანიამ $4.1 მილიარდი იზარალა მას შემდეგ, რაც რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ რუსული ბუნებრივი აირის გიგანტ Novatek-ის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ცნობისთვის, TotalEnergies-ი რუსულ Novatek-ის 19.4%-იან წილს ფლობდა.
აღსანიშნავია, რომ TotalEnergies-მა დივიდენდებიც გაზარდა და განაცხადა, რომ ერთ აქციაზე შეთავაზებული დივიდენდის მოცულობა 2.81 ევრო იქნება, რაც 6.4%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. გარდა ამისა, 2023 წელს კომპანია $16-18 მილიარდის წმინდა ინვესტიციას ელოდება, მათ შორის $5 მილიარდს ნახშირბადის დაბალი ინტენსივობის ენერგიის პროექტებისთვის.
შეგახსენებთ, ენერგოფასების მატების ფონზე, მსოფლიოს წამყვანმა ენერგოგიგანტებმა გასულ წელს რეკორდული მოგება ნახეს. მათ შორისაა ბრიტანული BP-ი, რომლის მოგებამაც 2022 წელს $27.7 მილიარდს მიაღწია, რაც თითქმის ორჯერ მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. მასთან ერთად კი, უკანასკნელი 115 წლის მაქსიმუმამდე გაიზარდა ასევე ბრიტანული ენერგოგიგანტ SHELL-ის მოგება, რამაც $39.9 მილიარდი შეადგინა.
დატოვე კომენტარი