საავტომობილო ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ჰიბრიდული პიკაპი, Toyota Tundra, გამოჩნდა. 2022 წლის ავტომობილის მოდელი იაპონურმა ავტომწარმოებელმა რამდენიმე დღის წინ წარადგინა და მას Tundra დაერქვა. აღნიშნული ავტომობილი პირდაპირი კონკურენტი იქნება Ford F-150-ის მოდელისა, რომელიც საკუთარ კლასში ერთ-ერთ წამყვან პიკაპს წარმოადგენს.
კვირას გავრცელებულ განცხადებაში Toyota-მ აღნიშნა, რომ მისი პიკაპების ხაზის ბოლო ვერსიას, Tundra-ს, ჰიბრიდული ტვინ-ტურბო, 6-ცილინდრიანი ძრავის არჩევის ოფციაც ექნება. კომპანიის განცხადებით, აღნიშნული სისტემა ავტომობილს მეტ ძალასა და მაბრუნებელ მომენტს, ანუ როგორც საავტომობილო სფეროშია ცნობილი, თორქს, მიანიჭებს.
ერთადერთი, რისი არჩევის შესაძლებლობაც ახალ მოდელს არ ექნება – ეს 8-ცილინდრიანი ძრავაა.
6-ცილინდრიან ჰიბრიდულ ძრავას 437 ცხენის ძალის გამომუშავება შეეძლება. რაც შეეხება მაბრუნებელ მომენტს, Toyota-ს განცხადებით, ის 790 ნიუტონ/მეტრს უდრის. ავტომობილის ბუქსირების შესაძლებლობა 5400 კილოგრამი იქნება, ხოლო მაქსიმალური დატვირთვა – 880 კგ.
ახალი Tundra-ს სტანდარტული ძრავა არაჰიბრიდული 6-ცილინდრიანი ტურბო ძრავა იქნება, რომელსაც 389 ცხენის ძალისა და 650 ნიუტონ/მეტრი მაბრუნებელი მომენტის გამომუშავება შეეძლება. გარდა ამისა, ავტომანქანას ახალი დიზაინის მქონე უკანა სავალი ნაწილი ექნება.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, Toyota შეუერთდა Ford-ს ჰიბრიდული პიკაპების წარმოებაში. შეგახსენებთ, რომ Ford-მა საკუთარი პირველი ჰიბრიდული პიკაპი, F-150, 2020 წლის ნოემბერში წარადგინა.
დატოვე კომენტარი