ტფილისი ჩარჩების ალყაში

ტფილისი ჩარჩების ალყაში

ძველ თბილისში ვაჭრობის სფეროს არაერთი თავისებურება ახასიათებდა, თუმცა იყო ერთი გამორჩეული მოვლენა, რაც „კერძო კაცების“ სასარგებლოდ, გვარიანად აზიანებდა როგორც ქალაქელების, ისე ტფილისში სავაჭროდ ჩამოსული გლეხების ინტერესებს. სურსათ-სანოვაგეზე გამეფებულ სიძვირეს ტფილისელები ძირითადად მოუსავლიანობას კი არა, ჩარჩ-ვაჭრების ხრიკებს მიაწერდნენ – ფულის მოგებაზე გავარჯიშებული გადამყიდველები გლეხებისა და ქალაქელების „გასატყავებლად“ არაფრის წინაშე დაიხევდნენ უკან.

წარმოიდგინეთ გლეხი, რომელიც თბილისის ახლომახლო თუ მოშორებით მდებარე სოფლიდან ქალაქში სავაჭროდ დილაუთენია მოემართება. საქონლის ტრანსპორტირება, რიგი მიზეზების გათვალისწინებით, გარკვეულ სირთულესთანაა დაკავშირებული. ბუნებრივია ისიც, რომ გლეხისთვის მთავარია, პროდუქტი რაც შეიძლება სარფიანად და თან სწრაფად გაყიდოს, რათა, ერთი მხრივ, ქალაქში დარჩენის ხარჯი აირიდოს თავიდან, მეორე მხრივ კი არ დაუღამდეს და ტფილისის ქუჩებსა თუ სოფლისკენ მიმავალ გზაზე ჩასაფრებული „ღამის რაინდების“ მსხვერპლი არ გახდეს.

პარალელურად, წარმოიდგინეთ ქალაქის ღარიბი მცხოვრები, რომელიც ასევე დილაუთენია, იმ იმედით მიეშურება ბაზარში, რომ პროდუქტს, თანაც ჯანსაღს, პირველი ხელიდან, გლეხისგან უფრო იაფად იყიდის, ვიდრე ტფილისის დუქნებში უფასებენ.

ახლა კი წარმოიდგინეთ ტფილისელი ჩარჩები, რომლებმაც კარგად იციან ქალაქში სავაჭროდ მომავალი გლეხების მარშრუტიცა და გეგმებიც, ამავდროულად კი ბაზარში, სურსათის საყიდლად გამოსული მოსახლეობის მოლოდინი. ამიტომაც ისინი „ქალაქის პირშივე“ ხვდებიან გლეხებს და სხვადასხვა მანქანებით, მათ შორის დაშინებითა და იძულებით, წარმოუდგენლად იაფად, თანაც ერთიანად ეპატრონებიან მათ პროდუქტს.

მართალია, გლეხს საკუთარი ნაშრომი ასე იაფად არ ეთმობა, მით უმეტეს ხვდება, რომ ქალაქში უფრო ძვირადაც გაასაღებს, მაგრამ ზემოაღნიშნული ფაქტორების, მათ შორის ჩარჩ-ვაჭრების ხრიკების გათვალისწინებით, იძულებულია, ამ მცირე თანხას დაჰყაბულდეს. შესაბამისად, ქალაქის ბაზრებსა და მოედნებზე სავაჭროდ გამოსულ ტფილისელებს არა გლეხები, არამედ მათი პროდუქციით ხელდამშვენებული ჩარჩ-ვაჭრები ხვდებიან, რომლებიც გლეხებისგან კაპიკებად გამოძალულ საქონელს ერთიორად და სამად ჰყიდიან.

ამგვარად, ჩარჩ-ვაჭრები ქალაქისა და სოფლის მოსახლეობას შორის აღებმიცემობაში არამკითხე, არასასურველი შუამავლები ხდებოდნენ, ამ საქმეს კი მათთვის გვარიანი შემოსავალი მოჰქონდა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩარჩ-ვაჭრების ხრიკებითა და თავნებობით, სოფლისა თუ ქალაქის მოსახლეობა გვარიანად იყო გაწამებული და შველასაც ითხოვდა – „ჩვენს ქალაქს გარშემო ჩარჩების ალყა შემოერტყმის და სოფლებიდამ ჩამოსატანი ხორაგი ვეღარ მოაწევს, თუ ამას ყურადღებას არ მიაქცევს ან ქალაქის გამგეობა, ანუ სხვა, ვისიც ჯერ არს“.

თავის მხრივ, პასუხისმგებელი პირებიც მაქსიმალურად ცდილობდნენ არსებული არასახარბიელო ვითარების შეცვლას, რისთვისაც სხვადასხვა აკრძალვა დააწესეს. თუმცა არ იფიქროთ, რომ გადამყიდველებს, ზოგადად, ვაჭრობა ეკრძალებოდათ. მათ უბრალოდ გარკვეული წესები უნდა დაეცვათ. სწორედ ეს წესები უნდა ყოფილიყო იმის გარანტი, რომ ჩარჩები გლეხებს ქალაქგარეთ არ დახვდებოდნენ და იძულებითა და დაშინებით, კაპიკებად არ დაათმობინებდნენ პროდუქტს ხოლო შემდეგ „მამა-სისხლად“ არ გაყიდდნენ; გლეხისაგან ნაყიდ პროდუქტს საკუთარ საწყობებსა და დუქნებში არ შეინახავდნენ, რათა პროდუქტზე დეფიციტი არ შეექმნათ და ფასი ხელოვნურად არ გაეზარდათ; ასევე, პროდუქციას დაწესებული ნიხრის მიხედვით გაყიდდნენ და ა.შ.

მაგალითად, ქალაქის მოედნებსა და ბაზრებში გადამყიდველებს შუადღის 12 საათამდე ეკრძალებოდათ ვაჭრობა. პასუხისმგებელი პირები მიიჩნევდნენ, რომ ამ გზით ქალაქის მოსახლეობა საუკეთესო ხარისხის პროდუქტს შუამავლის გარეშე, პირდაპირ გლეხისგან შეიძენდა, გლეხს კი საცალო ვაჭრობით გაცილებით მეტი დარჩებოდა, რადგან ჩარჩ-ვაჭრები მათ საქონელს ერთიანად, თანაც დაბალ ფასად იგდებდნენ ხელში.

ამ და სხვა დამცავი მექანიზმების მიუხედავად, ჩარჩების არსენალში ყოველთვის მოიძებნებოდა ინსტრუმენტები, რითაც აკრძალვების თავის არიდებას და გადამყიდველობით დიდი ფულის შოვნას ახერხებდნენ – „ყოველს ღონეს ხმარობენ, თავისი სურვილი აისრულონ და ქალაქის აგენტების ბრძანებას თავი დააღწიონ“.

გადამყიდველების თავგასულობასთან ერთად, მოსახლეობა სავაჭრო პოლიციის წარმომადგენლების პროფესიულ გულგრილობასაც უჩიოდა და მათ ჩარჩ-ვაჭრების მფარველობაშიც სდებდა ბრალს, უკანონობა ხშირად სავაჭრო პოლიციის ცხვირწინ ხდება, დანაშაულის აღსაკვეთად კი ხელსაც არ ანძრევენო.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც ჩანს, მთლად ასეც არ უნდა ყოფილიყო საქმე, მაგრამ ჩარჩ-ვაჭრები ქალაქის გამგეობის მოხელეებსა და ე.წ. ბაზარნიკებს გვარიანად ჩაგრავდნენ, ხოლო წესებისა და ქალაქის აგენტებისთვის თავის არიდების მეთოდების სიმცირეს რომ არ უჩიოდნენ, ამას ძველი ქართული პრესაც მოწმობს.

მაგალითად, თუკი გლეხი ჩარჩების ალყას გაარღვევდა და როგორღაც ქალაქში შემოაღწევდა, აქ უკვე მოედნებსა და ბაზრებში ჩასაფრებული ხარბი და „ფლეთია-გლეჯია“ ჩარჩების მსხვერპლი ხდებოდა. ეს ვაჟბატონები გლეხებს რიგით ქალაქელებად წარუდგებოდნენ, გაურიგდებოდნენ, მთელ შენს საქონელს ვიყიდითო, ბესაც მისცემდნენ და დააიმედებდნენ, სანოვაგის წასაღებად ახლავე მოვბრუნდებითო, მაგრამ  შუადღის 12 საათამდე, ანუ იმ დრომდე, ვიდრე ვაჭრობა ეკრძალებოდათ, აღარსად ჩანდნენ, რადგან მათი „მტრები“ – გამგეობის აგენტები დილის 9-10 საათიდან უკვე ბაზარში იყვნენ. 12 საათის შემდეგ ჩარჩები მივიდოდნენ გლეხთან, დაბევებულ პროდუქტს საკუთარ დუქნებში გაზიდავდნენ და იქ გაცილებით ძვირად გაყიდდნენ, ასე რომ „დილის 8 საათზე რომ მიხვიდეთ ბაზარში, ვეღარასა ჰნახავთ გასასყიდს სოფლელების ხელში: ყველაფერი წინადვე დაბევებულია და გლეხ-კაცი იმასა სჩივის, ბე მომცეს და აღარ მიაქვთ, რო მალე წავიდე აქედამ, ვინ იცის, რამ სიშორიდამ ჩამოვსულვარო“.

თურმე ამბობდნენ, ამ უწესობას ქალაქის აგენტები საკუთარი თვალით ხედავენ, მაგრამ რომ ვერაფერს აწყობენ, გულს იმშვიდებენ: „ისწავლონ სოფლელებმაც წესი და ჭკუით მოიქცნენო“.

ზოგჯერ ჩარჩ-ვაჭრების თავხედობა და გაბედულება წარმოუდგენელ მასშტაბებს აღწევდა. ერთი დაუჯერებელი ამბავი 1891 წელს მომხდარა, როდესაც ქალაქის მიმდებარედ დაბანაკებულ გადამყიდველებს თბილისში სავაჭროდ მომავალი გლეხებისთვის გზა მოუჭრიათ და საქონლითურთ ვიღაც ფარემუზოვის ეზოში დაუტყვევებიათ, რათა მშვიდად და შეუმჩნევლად „გაეტყავებინათ“.

თუმცა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება კი გამორჩენიათ – სავაჭრო-სამრეწველო პოლიციის აგენტები გაუკვირვებია იმ ფაქტს, რომ ავლაბრის მოედანზე სოფლებიდან სავაჭროდ ჩამოსული გლეხები არსად ჩანდნენ… გაკითხვა-გამოკითხვის შემდეგ ჩარჩ-ვაჭრების ოინის შესახებ შეუტყვიათ და ფარემუზოვის სახლს „დასცემიან“:

„ბევრი ემუდარეს აგენტებს, ბევრი ეცადეს, თავი შეებრალებინათ, მაგრამ ჩარჩები ვერას გახდნენ. აბა, ეხლა უნდა გენახათ ეს ბიჭები! ლანძღვა-გინებამ და ღრიალმა ერთი-ათად იმატა; ქალაქის გამგეობასა და მის აგენტებს კარგა ბევრი კურთხევა ერგო ამ ვაჟბატონებისაგან. გაიძახოდნენ, არ გვწამს არც გამგეობა და არც მისი აგენტებიო. ლანძღვა-გინების ოსტატებსა და უწესოების მოთავეთ პოლიციამ ოქმი შეუდგინა და წარუდგენენ მომრიგებელ მოსამართლეს დამნაშავეთა სამართალში მისაცემად“.

ეს საქმე იმით დაბოლოებულა, რომ დატყვევებული გლეხები „ფარემუზოვის ციხიდგან“ გამოუხსნიათ და ავლაბრის მოედანზე დაუბინავებიათ, „სადაც თავის ნებაზედ ჰყიდდნენ მოტანილს სავაჭროს და მყიდველებიც პირდაპირ მათგან ჰყიდულობდნენ იმ ფასად, რომელიც ბევრად უკან ჩამორჩება ჩარჩების ფასსა“.

ჩარჩ-ვაჭრებს ჰქონიათ კიდევ ერთი გამორჩეული მეთოდი, რითაც პროდუქტზე ფასს აგდებდნენ. მაგალითად, ერთ-ერთ ჯგუფს ვერაზე, რამდენიმე ადგილას, საიდუმლო საწყობები ჰქონია მოწყობილი. დილაობით, ამ საწყობებიდან გასაყიდად გამზადებულ შეშას ურემზე დააწყობდნენ და „ვითომ სოფლიდამ ჩამოსულები ვართო“, მოედანზე დაეშვებოდნენ სავაჭროდ. დილაუთენიავე, მათივე ჯგუფის რამდენიმე გარიგებული, „ქალაქელი“ წევრი მივიდოდა სავაჭროდ და შეშას ჩალის ფასად იყიდდა. „სოფლიდამ ჩამოსულები ჰხედავენ, შეშა ძლიერ იაფი ყოფილა ტფილისშიო და თითონაც იძულებულნი ხდებიან, ნაკლებ ფასად გაასაღონ თავიანთი შეშა“. ალბათ რთული გამოსაცნობი არაა, თუ ვინ ხეირობდა და ვინ ყიდულობდა გროშებად ამგვარად „ფას დაგდებულ“ შეშას…

ამას გარდა, თუკი იმდენს ვერ მოახერხებდნენ, რომ ან ქალაქის მისადგომებთან „გაეფცქვნათ“ გლეხები, ან წინასწარ დაებევებინათ მათი პროდუქტი, ანდა ზემოაღნიშნული ხრიკებით მათი საქონელი გაეუფასურებინათ და ამგვარად ჩაეგდოთ ხელში, არაერთი სხვა მეთოდიც ჰქონდათ,  რითაც სასურველ შედეგს აუცილებლად მიაღწევდნენ.

მაგალითად, თუკი პოლიცია ჩარჩებს აიძულებდა, რომ დუქნებსა თუ საწყობებში გადამალული საქონელი გამოეტანათ და ბაზარში გაეყიდათ, ასეთ დროს მათი „ამქრის“ წევრები ლანძღვითა და მუქარით აშინებდნენ გლეხებს, რომ პროდუქცია ჩარჩების მიერ მითითებულ მაღალ ფასზე ნაკლებ არ გაეყიდათ. თუ ვინმე მათ ბრძანებას გადავიდოდა, მუშტი არ ასცდებოდა. ამრიგად, ქალაქელები უჩვეულოდ გაძვირებულ პროდუქტს არ ყიდულობდნენ, გლეხების ჩამოტანილი „ხორაგეული“ კი კვლავ ჩარჩებს უვარდებოდათ ხელში.

რიყე, ძველი თბილისი / ფოტო დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექციიდან / ეროვნული ფოტომატიანე

 

ცალკე ამბავია, რომ ჩარჩები შუამავლობითაც „გვარიან ხეირს ნახულობდნენ“. რიყეზე, სადაც „კარგა ბლომად იყიდება ხარ-კამეჩი და სხვა რქოსანი პირუტყვი“, ვაჭრობას სწორედ ეს ვაჟბატონები განაგებდნენ, შესაბამისად, გამყიდველსაც ართმევდნენ ფულს და მყიდველსაც, ამგვარად კი „ორივ მხრით“ სარგებელი ჰქონდათ. მეტიც, ჩარჩები ხშირად თავადვე ყიდულობდნენ საქონელს ნახევარ ფასად, შემდეგ რომელიმე მათ ამხანაგს გლეხის სამოსს გადააცმევდნენ და პირუტყვს ერთიორად ასაღებდნენ.

ქალაქის შემოსასვლელების გარდა, კარგად უნდა ჰქონოდათ ათვისებული რკინიგზის სადგურის ტერიტორიაც. 1890-იან წლებში მთელი ჯგუფი ყოფილა ადამიანებისა, რომელთაც პირი შეუკრავთ და რაც რკინიგზით საზამთრო მოდიოდა, ერთიანად ყიდულობდნენ, შემდეგ კი ტფილისის დუქნებში „მამა-სისხლად“ ჰყიდდნენ.

ჩარჩ-ვაჭრები განსაკუთრებით დღესასწაულების წინა დღეებში აქტიურდებოდნენ. დღესასწაულების მოახლოების გამო ყველა გლეხს, თუკი რამ გააჩნდა, ქალაქში მოჰქონდა გასაყიდად, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩარჩ-ვაჭრების „ლოცვა-კურთხევით“, სურსათ-სანოვაგეზე ფასი, შესაბამისად, გადამყიდველების მოგება, არნახულად იზრდებოდა.

ასეთ დროს სავაჭრო-სამრეწველო პოლიციის აგენტები ხელოვნურად გაზრდილი ფასების „გაჰკვეთას“ ცდილობდნენ, რითაც ღარიბს ხალხს გარკვეულ შეღავათს აძლევდნენ. ამას გარდა, „პოლიცია ყოველ ღამე განთიადამდე გადის კახეთისა, ერევნისა და კავკავის გზაზედ და არ უშვებენ, რომ სოფლელებისაგან ჩარჩებმა იყიდონ, რაც იმათ ქალაქში ჩამოაქვთ გასასყიდლად“, თუმცა მათი ეს მცდელობები საერთო სურათს დიდად მაინც ვერ ცვლიდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ჩარჩობა მხოლოდ სურსათ-სანოვაგეზე არ ხდებოდა“. ბევრისთვის გასაკვირად, 1897 წლისთვის ჩარჩობამ წარმოდგენების დროსაც იჩინა თავი.

„თურმე ეს ვაჟბატონები წინდაწინვე ჰყიდულობენ წარმოდგენის ბილეთებს და შემდეგ ერთი-ორად და სამად აძლევენ იმას, რომელსაც ბილეთის აღება დაუგვიანდება და წარმოდგენის დაწყებისას მოისურვებს ბილეთის აღებას. 23 დეკემბერს პიესის „და-ძმის“ წარმოდგენის დროს ვიღაც ცალ-თვალა და ვიღაც რაჭველი გალერეის ექვს შაურიან ბილეთებს თვრამეტ შაურადა და მანეთად ჰყიდდნენ. „სამშობლოს“ წარმოდგენის დროს ხომ უფრო მეტს ართმევენ. საჭიროა, ყურადღება მიაქციოს ამ გარემოებას ვისიც ჯერ არს და ბოლო მოუღოს ხსენებულ ბოროტ-მოქმედებას“, – წერდა გაზეთი „ივერია“.

XIX საუკუნის ბოლოს ერთგვარი შუამავლები გაჩენილან ხელოსანთა შორისაც, რომლებიც „მუშა-ხელოსან კაცისგან“ იაფად ყიდულობდნენ და მომხმარებლებს ძვირად მიჰყიდდნენ  სხვადასხვა მასალის ნაკეთობებს.

მაგალითად, 1892 წლისთვის ტფილისში მრავლად ყოფილა ავეჯის მაღაზიები, რომელთა პატრონები არც დურგლები ყოფილან და არც ხუროები, მაგრამ ფინანსური კაპიტალის წყალობით, მათ საქმიანობას გვარიანი მოგება მოჰქონდა:

„დურგალი რომ გააკეთებს რასმე, დიდ ხანს ვერ შეინახავს გაკეთებულს საქონელს, რადგანაც ფული უჭირს. ამასობაში მუშტარიც არა ჰყავს, რომ მიჰყიდოს და ანაღები ფული ზოგი საცხოვრებლად და ზოგიც ახალის მასალის სასყიდლად მოიხმაროს. აი, აქ გამოუჩნდება მაღაზიის პატრონი და თითქმის მასალის ფასად ჰყიდულობს გაკეთებულს საქონელს, აწყობს მაღაზიაში და ელის მუშტარს, რადგან ფული აქვს და ხელოსანსავით არ არის გაჭირვებული. ეს ჩარჩი-შუამავალნი სადურგლო ნაწარმოებსაც აძვირებენ და ხელოსნებსაც ლუკმას უჭრიან“.

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ როგორც არაერთხელ აღგვინიშნავს, ძველ თბილისში ყველაფერი საზრიანობასა და მოხერხებაზე იყო დამოკიდებული და აქ არცთუ იშვიათად ნახავდით ჯერ კიდევ გუშინ უქონელთა აღზევებას, თუ შეძლებულთა დაცემას. თუმცა, განსაკუთრებით საინტერესოა კურტნის იმ მუშების ამბავი, რომლებიც მტვირთაობასთან ერთად, ნელ-ნელა, ვაჭრობას, უფრო ზუსტად კი – გადამყიდველობის საქმეს გათამამებიან.

და აი, ზოგიერთი კურტნის მუშა, წლების წინ შეძლებული ტფილისელი მანდილოსნები წვიმის დროს ქალაქის ტალახიან ქუჩებში გადაადგილების საშუალებად რომ ქირაობდნენ, ძირითადად კი ტვირთის სიმძიმისგან წელში მოკაკულები, ნელი ნაბიჯებით დალასლასებდნენ ქალაქში, მოულოდნელად, „სერთუკ-ფრაკში“ გამოეწყვნენ…

მუშები / დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

„ყველა ამის მნახველი სამართლიანად ჰფიქრობდა: ნუ თუ კურტანით იმდენი შეიძლება შეიძინოს კაცმა, რომ სამ-ოთხ-ხუთს წელიწადში ფულისა და დიდი მამულის პატრონი გახდეს ტფილისშიო! მერე რა გზით და რა საშუალებით ახერხებენ მაგასაო, იკითხავთ. ამის გზაცა და საშუალებაც ისევ ბაზრები და მოედნებია. როცა ჩარჩებს აკრძალული აქვთ, მუშა-მეკურტნეებს თავისუფლად შეუძლიათ „მუშის“ სახელით ბაზრებში მუშაობა და უმეტეს ნაწილად ესენი ჰყიდულობენ ფქვილსა, ქერსა, ხილსა და სხვა ხორაგეულობას, მიაქვთ ქალაქის განაპირა ადგილებში, თავიანთს საწყობებში და აქედგან იმ ფასად ჰყიდიან, როგორც უფრო ხელს მისცემთ. ბევრი ამ მუშათაგანი დიდი ფულის პატრონია და, რასაკვირველია, სყიდვა-გაყიდვის საქმესაც შესაფერად აწარმოებს“.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ დაწესებული მკაცრი აკრძალვების მიუხედავად, ჩარჩ-ვაჭრები მაინც ახერხებდნენ იოლას გასვლას, დარაჯებს და პოლიციის მოხელეებსაც გვერდს უვლიდნენ და არათუ ქალაქში, ან ქალაქის შესასვლელებთან, თითქმის „სოფლის პირში“ ხვდებოდნენ გლეხებს და „ძალათი“, ჩალის ფასად ართმევდნენ ყველაფერს, რაც კი გასაყიდად მიჰქონდათ ტფილისში.

ამ ამბებიდან დიდი დრო გაივლის და ჩარჩ-ვაჭრების საქმიანობა „დასახელებასაც“ შეიცვლის და მათი „შუამავლობა“ დასაძრახიც აღარ იქნება. თუმცა, ამ მოვლენებამდე, ტფილისელი ჩარჩები ჯერ სავაჭრო-სამრეწველო პოლიციის აგენტებს უნდა გამკლავებოდნენ…

გამგეობის აგენტთაგან გამორჩეული პროფესიონალი ყოფილა ვინმე ალიხანოვი, ქალაქელი ჩარჩ-ვაჭრების მთავარი „კრიჭა-აგენტი“, რომელსაც „თათრის მოედნის ჩარჩ-ალაფების უსტაბაში „ისაკა“ იქამდის მიუყვანია“, რომ იძულებული გაუხდია, ქალაქს გარიდებოდა.

„მეთაურის წასვლას, ცოტა არ იყოს, ცუდად უმოქმედნია იმისს ამალაზედ, მაგრამ მხნეობას-კი იჩენენ და იმედს მაინც არა ჰკარგავენ. ტყუილად არ დაურქმევია ხალხს მათთვის მეტი სახელები: „ვარანცოვი“, „დოხტური“, „ცუცქა“, და სხვ.“

თუმცა, მოულოდნელად, 1891 წელს, ისაკას ჯგუფისთვის ქალაქის გამგეობას „იმედები აღუფრთოვანებია“ – „კრიჭა-აგენტი“ ალიხანოვი სამსახურიდან გაუთავისუფლებიათ…

ამ ამბავს გადამყიდველები გაუმხნევებია და აკრძალვების მიუხედავად, სხვის ხარჯზე ჯიბის გასასქელებლად, ძველ და საყვარელ ადგილს, „თათრის მოედანს“ დაბრუნებიან.

მაგრამ, ხანგრძლივ ამ სოფელმა არც საღერღელაშლილი ჩარჩები გაახარა, რადგან მეიდანზე დაბრუნებულებს ახლა უკვე გადაყენებული აგენტის, ალიხანოვის მოადგილის – თომაევისა და ბაზრის ზედამხედველ აბესალომოვის რისხვა დაატყდათ თავს, რომლებმაც: „ვორონცოვს“, „დოხტურს“, „ცუცქას“ და სხვა დამნაშავეთ „ოქმი შეუყენეს და წარადგინეს, სადაც ჯერ იყო“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *