ტფილისური ბაზარი ევროპიული თვალით

ტფილისური ბაზარი ევროპიული თვალით

„აღმოსავლეთის ქალაქებში ბაზარი ქალაქის გულია, მისი სასიცოცხლო ცენტრი“
ალექსანდრ დიუმა, „კავკასია“

„კავკასია თანდათან გაუტკბა ევროპას. განათლებული მოგზაურები ყოველ წლივ მოდიან ევროპიდამ კავკასიაში და იკვლევენ ჩვენს მხარეს. რიცხვი მეცნიერთა და მკვლევართა მატულობს დღითი დღე. ეტყობა, მარტო მეცნიერნი კი არ შესცქერიან ცნობის-მოყვარეობით კავკასიას, არამედ თვით ევროპის საზოგადოებაც ინტერესით უგდებს ყურს ჩვენის ქვეყნის ამბებს. საბუთი ამ გარემოებისა ის არის, რომ დღეს ევროპაში სხვა-და-სხვა ენებზე იბეჭდება ადვილად საკითხავი წიგნები კავკასიის ავ-კარგიანობისა“, – წერდა ქართული პრესა XIX საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს.

ტფილისში, „ევროპასთან გამტკბარი“ კავკასიის ცენტრში, ჩამოსული უცხოელი მოგზაურები არა მხოლოდ იმაზე ამახვი­ლებდნენ ყურადღებას, რომ ქალაქი ნახევრად აღმოსავლური, ნახევრად კი ევროპული იყო, არამედ, სხვადასხვა მნიშვნელო­ვან გარემოებასთან ერთად, მათ განსაკუთრებით იზიდავდა და აღაფრთოვანებდა ტფილისური ბაზარი, საოცარი ატრაქციონი, სადაც, როგორც ამბობდნენ, ვაჭრობა ცალკე ხელობად მიიჩნე­ოდა და დიპლომატიის დახვეწილ, მოქნილ უნარ-ჩვევებს მო­ითხოვდა.

„კაცი ტფილისის მდებარეობას რომ დაუკვირდეს, ადვილად დაინახავს – იშვიათია სავაჭრო ქალაქი ასეთი მოხერხებული მდებარეობით“, – აღნიშნავდა გერმანელი მეცნიერი ედუარდ აიხვალდი, რომელმაც კავკასიაში XIX საუკუნის 30-იან წლებში იმოგზაურა.

„ესაა თანამედროვე ბაბილონი, აზიისა და ევროპის გზაგა­საყარი, ანდაც პირიქით, შეხვედრის ადგილი, ჩრდილოეთ-სამ­­ხრეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის გადაკვეთის წერტილი, ვაჭართა თავშეყრის ბუდე”, – ამგვარად ახასიათებდა ქალაქის მდებარეობას 1902 წელს გამოცემულ წიგნში ბრიტანელი პუბლი­ცისტი და დიპლომატი ჰენრი ნორმანი, რომელიც ტფილისს აიხ­­ვალდის ვიზიტიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ესტუმრა.

ყველაფერთან ერთად, ალბათ ამიტომაც იყო, რომ ტფილის­­ში, კავკასიის ვაჭრობის ცენტრში, კულტურათა თავშეყრის ერთ­­გვარ გზაჯვარედინსაც რომ წარმოადგენდა, ნებისმიერი სახის საქონელს შეიძენდით…

წარმავალი ტფილისი. „ეშმაკის ბაზარი“ [„თათრის მოედანი“] / ოსკარ შმერლინგის ნახატი / ეროვნული ფოტომატიანე
სხვა ამბავია, რამდენად კმაყოფილი იყო ვაჭრობის წესებით თავად ქალაქის მოსახლეობა, რომელიც მუდმივად იმას ჩიოდა, „ჩვენებური ვაჭრობა სხვა ქვეყნების ვაჭრობას არ წააგავს. ჩვე­ნებური ვაჭრობა – ვაჭრობა არ არის, რადგანაც ჩვენს ეგრედ წო­დებულს ვაჭრებს არ ესმით რა არის ნამდვილი აღებ-მიცემობა; ჩვენი ვაჭრები ჰფიქრობენ, რომ ვაჭრობა იმაში მდგომარეობს, რომელიმე საქონელი რაც შეიძლება უფრო იაფად იყიდონ და ძვირად გაასაღონო“.

როგორც ტფილისში ჩამოსული მოგზაურები შენიშნავდნენ, ქალაქის ევროპულ ნაწილში იგივე ყოფა-ცხოვრება სუფევდა, რაც დიდ ევროპულ ქალაქებში: „ევროპული ტანსაცმელი, ევრო­პული ჩვევები, ფრანგი მზარეულები, ინგლისელი გუვერნანტები” და, რაღა თქმა უნდა, „პარიჟის ბულვარივით ფართო, ხეებით და ევროპული მაღაზიებით შემკობილი” ქუჩები.

ერთი სიტყვით, ტფილისს არ აკლდა „ევროპული სიცხოვე­ლე და მოძრაობა“, მაგრამ, ბუნებრი­ვია, უცხოელი მოგზაურები მეტწილად იმ სიჭრელესა და მრავალფეროვნებას მიელტვოდნენ, რაც მათი ნაწილისათვის სრულიად უცხო იყო:

„ვიწრო მიხვეულ-მოხვეულ ბაზარს და ბნელ თაღებს ქარვასლისას გაკვირვება­ში მოჰყავს აზიის ცხოვრების ჯერ უცნო­ბი ევროპიელი” – აღნიშნავდა ნიკოლოზ მურავიოვი, კავკასიის მეფისნაცვალი და კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარ­­სარდალი 1854-1856 წლებში.

ეს „საოცრება“, ტფილისის ბაზარი, ხან რომ სტამბოლისას ადარებდნენ, ოღონდ გაცილებით მცირე მასშტაბისას, ხან კი ამბობდნენ, ქალაქის ევროპუ­ლი ნაწილიდან ტრამვაით ათი წუთის სავალზე თავი ბაღდადში ან თეირანში გეგონებათო, ფუფუნებითა და ბრწყინვა­ლებით გამორჩეულ ტფილისს ესაზღვ­­რებოდა და მკვეთრ კონტრასტს ქმნიდა, რაც ანდამატივით იზიდავდა ევროპელ­­თა თვალს.

„აქ უკვე ვიწრო და დაკლაკნილ ქუ­ჩებს ვხედავთ. ზაფხულში გადაჭიმულია ტილოს აფრები, რომელთა ქვეშაც ერ­­თმანეთზე მიწყობილ, პატარა, ღია მა­ღაზიებში დუღს და გადმოდუღს აზიური ვაჭრობისა და ხელოსნობის ჭრელი და ენერგიული ცხოვრება. ერთმანეთს ენაც­­ვლებიან მჭედლების, მეწაღეების, ჭონე­ბის, დასაქირავებელი მუშახელის სახე­ლოსნოები. საოცარი სურნელი გამოდის ხილისა და სუნელების მაღაზიებიდან. არაჩვეულებრივი აზიური ქარვასლები გარშემორტყმულია ურმებით, აქლემე­ბით, ცხენებითა და ვირებით. დერვიშე­ბი, მზიდავები, ვაჭრები და მყიდველები, უცნაურად გამოწყობილი ადამიანები, ფეხით მოსიარულენი და მხედრები – ყველა ერთმანეთში ირევა. მათ შორის დადის წყლის გამყიდველი, რომელიც თავის მძიმედ დატვირთულ ცხენს ამ ორომტრიალში უცერემონიოდ მიერეკება“,, – ამანდ ფონ ლერხენფელდი.

წარმავალი ტფილისი. „საზამთროს გამყიდველი“ / ოსკარ შმერლინგის ნახატი / ეროვნული ფოტომატიანე

„ბაზარი ლაბირინთს წარმოადგენს; იქ იხლართები პატარა ქუჩებში, კიბეებ­­ზე, მოსახვევებში, ეზოებში და თითქოს ყოველივე ეს საკმარისი არ არის, გზაზე ყველგან გადასატანი ფარდულებია; ეს სახელწოდება დაერქვათ ფიზიკურ პირებს, რომლებიც ვირებივით არიან დატვირთულები და ყველაფერს ყიდიან; ძირითადად ეს ჰერაკლესავით წარმო­სადეგი ლამაზი ჭაბუკები იყვნენ. ერთ მხარეს მათ მოსასხამი, მეორეზე კი ნა­ხევრად შეხსნილი ქსოვილები, კისერზე მძივები, ჰალსტუხები, ნახევარი დუჟინი ლენტი, ქამარში გარჭობილი ხანჯლე­ბი, პისტოლეტები, დანები; ამას დაუმა­ტეთ მხარზე გადაკიდებული რამდენიმე თოფი, მკლავებზე კი ყოველივე, რისი დამაგრებაც შეიძლება და სავსე ხელები. ასეთები არიან ეს კავკასიელი დამტა­რებლები, რომლებიც ყიდიან ყველა­ფერს, დაწყებული საპნის ნაჭრით თუ ოდეკოლონით, ნემსებითა და ძაფებით, დამთავრებული ჟაპის დასაქოქი საათე­ბით, ძველი ლაგმით, რევოლვერით, მუს­­ლიმური კრიალოსნით, ფაფახებით, ვინ იცის კიდევ რითი… და მათ ყოველ ნაბიჯ­­ზე ხვდები“, – ალფრედ კეშლენ-შვარცი.

„ხმაურიანი ადგილი, რაც თავისი დუქ­­ნებით, მაღაზიებით, გალერეებით და თა­ღებით ერთ ცალკე ქალაქს შეადგენს… აქ იშოვება აღმოსავლეთის უძვირფასესი ნაწარმი: შალი, აბრეშუმის ქსოვილები, ხალიჩები და რაც გნებავთ; დილიდან სა­ღამომდე არის ერთი გნიასი და ვაჭრო­ბა, ენათა უჩვეულო სიჭრელე, სახეთა და სამოსელთა ნაირფეროვნება, რომლის მსგავსს გერმანიის ქალაქებში დიდი ბაზრობის დროსაც ვერსად ნახავთ“, – ფრიდრიხ ბოდენშტედტი.

„ბაზრის ფარდულებში ნაირფერ პი­რამიდებადაა ხილი დახვავებული; აქ ფეხსაცმელს კერავენ, იქ ცხვრის ტყა­ვებია დაგროვილი, აქ ღვინის ტიკები ელიან მომხმარებლებს, იქვე მომხიბლავ მორთულობას ქმნიან გამოფენილი ხა­ლიჩები. აი, ფარდულები, სადაც ვერცხლს ფილიგრამებად გარდაქმნიან, რომელიც ჩვენს თვალწინ ნაზი მაქმანივით იშ­­ლება”, – ბარონი დე ბაი.

„მოვაჭრეები თავიანთ მაღაზიებს შორის ჩამომსხდარან – ერთ ქუჩაზე შეხ­­ვდებით ვერცხლისმჭრელებს, მეორეზე იარაღის მწარმოებლებს, მეწაღეებს, ხალიჩებით მოვაჭრეებს, მეხილეებს, პარფიუმერებს. ყველას თავისი ადგილი აქვს მიჩენილი“, – ჰენრი ნორმანი.

ტფილისურ ბაზარში ვაჭრობის დაუწერელი წესები არსებობდა, რომელთა არ­­ცოდნა ან გაუთვალისწინებლობა კარგს არაფერს უქადდა მუშტარს. როგორც ჩანს, ეს ამბავი არც ევროპელებს გამოჰ­­პარვიათ.

წარმავალი ტფილისი. „სპარსელები – ხალიჩების გამყიდველნი“ / ოსკარ შმერლინგის ნახატი / ეროვნული ფოტომატიანე

მაგალითად, ფრანგი ბოტანიკოსი და მოგზაური ემილ ლევიე მიიჩნევდა, რომ თუკი ამა თუ იმ საქონლის ფასი არ იცოდი, ტფილისის ბაზარში ვაჭრობა უგუ­ნურება იყო; ჰენრი ნორმანი წერდა, რომ თუკი თანხა და დრო გქონდა, თბილისის ბაზრებში ყველაფერს შეიძენდი. მისი აზ­­რით, სწორედ ფინანსები და მოცალეობა იყო ორი უმთავრესი რამ, რისგანაც აღ­­მოსავლური ვაჭრობა და შევაჭრება შედ­­გებოდა. ინგლისელი მეწარმე – ჰერბერტ კოქსონი კი ფიქრობდა, რომ კავკასიაში ვაჭრობა მოქნილ უნარ-ჩვევებს მო­ითხოვდა, ამიტომაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმ ენის ცოდნას, რომელზეც ვაჭრობა მიმდინარეობდა, რადგან კავკასიაში სანდო თარჯიმნის პოვნა თითქმის შეუძლებელია იყო – ისი­ნი, ვინც გამართულად ფლობდნენ უცხო ენას, ხშირად თაღლითობდნენ, ამიტო­მაც მათი ნდობა არ შეიძლებოდა.

ენათა სიმრავლე ტფილისური ბაზრის­­თვის დამახასიათებელი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა. როგორც საქართველოში მოგზაურობის შემდეგ დაწერილ წიგნში „ზღაპრული ქვეყანა“ ნობელიატი ნორვეგიელი მწერალი – კნუტ ჰამსუნი შენიშნავდა, თეირანისა და „კონსტანტინოპოლისგან“ განსხვა­ვებით, სადაც ვაჭრობას სპარსელები და თურქები მისდევდნენ, ტფილისურ დუქნებში საოცარი ნივთებით სხვადასხვა წარმომავლობის ხალხი ვაჭრობდა – ყველა, ვინც კავკასიაში ცხოვრობდა: „სპარსელი, ქურთი, სომეხი, არაბი, თურ­­ქმენი, პალესტინელიცა და ტიბეტელიც”.

ენათა სიჭრელეზე ჩვენ მიერ უკვე ხსენებული ჰენრი ნორმანიც საუბრობდა და ამტკიცებდა, რომ ქალაქის მთავარ ბაზარზე ერთი საათით გასვლაც კი საკ­­მარისი იყო იმისთვის, რომ მისი ქართ­­ველი გიდი სხვადასხვა ვაჭართან საუბ­­რისას რამდენიმე განსხვავებულ ენაზე ამეტყველებულიყო.

ეს სულაც არაა გასაკვირი, თუკი გა­ვიხსენებთ, რამდენ ენაზე საუბრობდნენ თბილისში… თუმცა, როგორც ჩანს, ევრო­პელებს ეს ამბავი გვარიანად აოცებ­­დათ. ტფილისურ ბაზარში ერთი ასეთი დაუვიწყარი შემთხვევა ფრანგ მეწარმე ალფრედ კეშლენ-შვარცსაც შემთხვევია, ვისთვისაც ახალგაზრდა სპარსელს სუფ­­თა გერმანულით მიუმართავს: „რა გსურთ იყიდოთ, ბატონო?“ რამ­­დენიმე ნაბიჯის შემდეგ კი იგივე კითხვა მისთვის ახლა უკვე ფრანგულად დაუს­­ვამთ…

„რა შესანიშნავი ტიპაჟებია! რა ფე­რებია! მზად ხარ, იყვირო: მომეცით პა­ლიტრა! ღვთის გულისათვის, პალიტრა! მაგრამ რა ვქნათ? ყოველივე ეს ძალიან ლამაზია ტილოზე გადასატანად. განც­­ვიფრდები, ბრმავდები, ჯადოვდები“, – წერდა აღტაცებული კეშლენ-შვარცი, რო­მელიც ტფილისში XIX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს იმყოფებოდა.

ამასთანავე, ერთია, რა საქონლით და რა ენაზე ვაჭრობდნენ ტფილისში, ხოლო მეორე საკითხია, თუ როგორ ეპყრო­ბოდნენ ბაზრებში უცხოელ კლიენტებს, მით უმეტეს, რომ გავრცელებული აზრის თანახმად, აზიური ბაზრებიდან ცოტა თუ შეგხვდებოდათ ისეთი, სადაც უცხოელ მუშტარზე თვალი ხარბად არ ეჭირათ.

წარმავალი ტფილისი. „საწვრილმანო“ / ოსკარ შმერლინგის ნახატი / ეროვნული ფოტომატიანე

კნუტ ჰამსუნის დაკვირვებით, დუქან­­ში შესულ მუშტარს, თუნდაც არაფრის ყიდვა ჰქონოდა განზრახული, ნებისმი­ერი ნაწარმის თავისუფლად დათვალი­ერების საშუალება ჰქონდა. ამ პროცესს ვაჭრები მშვიდად აკვირდებოდნენ.

ჰენრი ნორმანი კი წერდა: „რამდენიმე ვერცხლისმჭედლის სა­ხელოსნოს თუ არ ჩავთვლით, მთელს ბაზარში ისე გეპყრობიან, როგორც ადგი­ლობრივ მკვიდრს. მაღაზიაშიც როგორც ადგილობრივს, ისე გესალმებიან, იმავეს ათვალიერებ, რასაც ადგილობრივები, ისევე ვაჭრობ, როგორც ისინი და თუ ენა გიჭრის, იმავე საქონელს გამოკ­­რავ ხელს, რასაც ადგილობრივები. ეს ერთი-ორად დასაფასებელია, როცა კაცს კაიროს ბაზარი გახსენდება, სადაც კარ­­გი საქონლის ხელში ჩაგდება მხოლოდ გამართლების შედეგია და ვაჭრობის დროსაც დიდი სიფრთხილე გმართებს“.

დასასრულ, გთავაზობთ ერთ სა­გულისხმო მონაკვეთს იმავე ჰენრი ნორმანის მოგონებებიდან, რომელიც ხატოვნად აღწერს უცხოელის ტფილისურ ბაზარში ვაჭრობის თავისებურებებს:

„ვაჭარი გიჩვენებს ფირუზებსაც, ერ­­თი მუჭის ოდენას, პატარებსა და მომწვა­ნო ფერისას. ბევრჯერ ჩაეკითხები იქნებ უფრო დიდი ფირუზიც ჰქონდეს, რაზეც ის უარის ნიშნად ყოველ ჯერზე თავს ჯიუტად გააქნევს. მაგრამ თავის რკინის ყუთის ბოლოში მას უდაოდ გადანახული ექნება ის ერთადერთი, განუმეორებელი, საოცარი ლურჯი ფირუზი. რამდენი შეუ­პოვრობა და გულმოდგინება დაჭირდე­ბა ადამიანს, რომ ერთი წამით თვალი შეავლოს ამ საგანძურს, და რამდენი ფული, მას რომ სამუდამოდ დაეპატრო­ნოს. საინტერესოა, რის ფასად დათმობს პატრონი ასეთ საგანძურს. ან დათმობს კი? შეიძლება საბოლოოდ მაინც წამოე­გოს ცდუნებას, თუმცა მე გულის სიღრ­­მეში მჯერა, რომ აქ, აზიისა და ევროპის შუაგულში ამ რასის სიამაყე გადაწონის ფულის და ოქროს სიხარბეს. თუ ამ ფას­­დაუდებელ ლაჟვარდს ვერ დაეუფლეთ, შეიძლება იმედგაცრუებულმა გული სხვა რამეს გადააყოლოთ და ხელში ჩაიგ­­დოთ, მაგალითად, დაღესტნური ლურჯი ხმალი, რომლითაც ალბათ ძველი სპარ­­სელი მეომრები თავიანთ ჯარს ომში მიუძღვებოდნენ, ან ქართული მოვერ­­ცხლილი დამბაჩა ანდაც მოოქროვილი სპილოს ძვალი“.

ასე იყო თუ ისე, ტფილისური ბაზრის ამ ფერადოვნების მიღმა, ასე რომ ჭრი­და თვალს საქართველოში ჩამოსულ მოგზაურებს, ადგილობრივთათვის სულ სხვა, მწარე რეალობა სუფევდა – ტფილი­სელებს, მუდამდღე პროდუქციის ხარის­­ხსა და სიძვირეზე რომ ჩიოდნენ, ყოველ­­დღიურად უწევდათ უზრდელ ვაჭრებთან, გამრუდებულ სასწორთან, ჩარჩებისა და ჯიბგირების ოინებთან გამკლავება. ამგვარი რეალობის შესახებ უცხოელი მეცნიერებისა და მოგზაურების წიგნებში ბევრი არაფერია ნათქვამი.

 

წყაროები:

  1. „აღმოსავლური ხალიჩების ძიებაში“, ჰერბერტ კოქსონის მოგზაურობა XIX საუკუნის კავკასიაში, ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრი, 2019 წ.
  2. ედუარდ აიხვალდი საქართველოს შესახებ, გამომცემლობა „არტანუჯი“, 2013 წ.
  3. ჰენრი ნორმანის ცნობები საქართველოს და კავკასიის შესახებ, ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრი, 2019 წ.
  4. ბერტა ფონ ზუტნერი, „ქართველებთან და საქართველოში“, გამომცემლობა „არტანუჯი“, 2020 წ.
  5. ემილ ლევიეს მოგზაურობა კავკასიაში, ჟურნალი „მოამბე“, #7, 1894 წ.
  6. „ტფილისი“ (მურავიოვის მოგზაურობიდგან „საქართველო და სომხეთი“), გაზეთი „ივერია“, #5, 1895 წ.
  7. ამანდ ფონ ლერხენფელდის ცნობები საქართველოს და კავკასიის შესახებ, ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრი (CSEM), 2018 წ.
  8. თბილისი ფრანგი და ფრანკოფონი მოგზაურების თხზულებებში (XIX საუკუნე – XX საუკუნის დასაწყისი), „აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2018 წ.
  9. ფრიდრიხ ბოდენშტედტი, „ათას ერთი დღე აღმოსავლეთში“, „საბჭოთა საქართველო“, 1965 წ.
  10. ბარონი დე ბაი საქართველოში, გამომცემლობა „არტანუჯი“, 2011 წ.
  11. კნუტ ჰამსუნი, „ზღაპრული ქვეყანა“, განცდილი და ნაფიქრალი კავკასიაში, გამომცემლობა „ინტელექტი“, 2006 წ.
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *