ძველი თბილისისთანა ჭრელ ქალაქში ვისთვის არ მოიძებნებოდა ადგილი, რომ თაღლითებს, ყალთაბანდებსა და გაიძვერებს ვერ გამოენახათ ასპარეზი?!
ძველი ქართული პრესა აქტიურად წერდა ტფილისელი შაითანების თავგადასავლებსა და ოინებზე, რასაც ქალაქის მცხოვრებთ, თუ კავკასიის ისტორიულ ცენტრში სავაჭროდ ან საქმეზე ჩამოსულ ადამიანებს მართებდნენ.
მართალია, „ტფილისის ბულვარის მტკეპნელთა საზოგადოების წევრთა“ თუ სხვადასხვა კალიბრის ყალთაბანდთა ქმედებები მოქალაქეთა აღშფოთებას იწვევდა, მაგრამ ზოგიერთი მათგანის მოხერხებულობამ დღესაც შეიძლება, აღტაცებაში მოიყვანოს მკითხველი, ან, სულ მცირე, ღიმილი მოჰგვაროს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტფილისშიც მოიძებნებოდნენ ისეთი დაუნდობელი და ყველაფერზე წამსვლელი შაითანები, ვისიც ხორხე ლუის ბორხესის „მსოფლიო მზაკვრობის ისტორიის“ პერსონაჟებსაც გვარიანად შეშურდებოდათ.
ამ თემაზე საუბარი შეგვიძლია დავიწყოთ XIX საუკუნის მიწურულს ტფილისში გავრცელებული ერთი გამორჩეული ავაზაკობით.
1880-იანი წლების ბოლოს ტფილისში ერთგვარი ტენდენცია ყოფილა, რომ ქალთა ნაწილი, რომელთაც ერთი-ორი გროში „რის წვით და დაგვით“ ჰქონდათ ნაშოვნი, ამ ფულის სარფიანად დაბანდებას – „სარგებლით გაცემას“ ცდილობდნენ. თურმე ამგვარ ქალებს სანთლით ეძებდნენ ქალაქელი ვაჭრები, რომლებიც თანხის მათ დუქანში ჩადების სანაცვლოდ, „ინვესტორს“ დიდ სარგებელს ჰპირდებოდნენ, თანაც არწმუნებდნენ, საქმე კარგად თუ არ წავა, აგერაა ჩემი დუქანი და პასუხს ამ ქონებით ვაგებო.
შედეგად, დაპირებით, დამტკიცებული თამასუქით და დიდი ფულის მოგებით მონუსხული, გამოუცდელი „ინვესტორები“ უკანმოუხედავად ეშვებოდნენ ცრუ დაპირებების მორევში. ხოლო როდესაც სარგებლის მიღების დრო მოვიდოდა, „როგორღაც“ ისე აღმოჩნდებოდა, რომ მზაკვარი ვაჭრის სახელზე არათუ ის დუქანი იყო, რომლითაც ინვესტორს ვალის ამოღება შეეძლო, არამედ ვაჭრობის ნებართვაც ცოლის ან უახლოესი ნათესავის სახელზე ჰქონდა აღებული, შესაბამისად, არც გასაყიდად გამოტანილი საქონელი ეკუთვნოდა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოტყუებულ ტფილისელ ქალებს ერთადერთ იმედად სასამართლო რჩებოდათ, რომელიც „აღმასრულებელ ფურცელსაც“ გასცემდა და ვალის ამოსაღებად ბოქაულსაც გააყოლებდა მომჩივანს, მაგრამ აბა, ვინ რას გახდებოდა, როცა ოფიციალურად, ქაღალდებით, მოვალეს გროშიც კი არ ებადა და როგორც დუქანი, ისე სხვა ქონება თუ ნედლეული, რომელსაც ფაქტობრივად თავად განკარგავდა, იურიდიულად სხვის სახელზე ირიცხებოდა?!
დანაშაულიც გამოაშკარავებული იყო და დამნაშავეც, მაგრამ სამართალი?!
ამ პროცესში ავანსცენაზე ხშირად ჩნდებოდნენ გაჭირვებულთა ძალად მაცხონე ჭირისუფლები – „აბლაკატები“, ტფილისის სასამართლოებთან მოწანწალე შუამავლები, მსუნაგად რომ ეძებდნენ საკუთარ მსხვერპლს და ვითომ იურიდიული მომსახურების სანაცვლოდ, კარგა გვარიან თანხას ცინცლავდნენ მოქალაქეებს.
როგორც ამბობდნენ, „აბლაკატებს“ კანონების ინჩიბინჩიც არ გაეგებოდათ, თუმცა, მიუხედავად ამისა, თურმე „დიდის მცოდინარობით გაიძახოდნენ: „ეგ საქმე უგოლოვნია“, ან „გრაჟდანური ყოფილაო“ და თუ არა ჩემი დახმარება, საქმე ხელიდგან წასული არისო“.
მათი საქმიანობის და მზაკვრობის საილუსტრაციოდ მოგვყავს გაზეთ „ივერიაში“ 1888 წელს გამოქვეყნებული ამბავი „აბლაკატ“ „ბრუტიანისა“, რომელსაც საკუთარი მზაკვრობით კარგა გვარიანი შემოსავალი გაეჩინა:
„მომრიგებელ სასამართლოს პირველ განყოფილებაში არის ერთი ცუდა-კაცი, რომელიც დიდს ბოროტებასა სჩადის. ამ კაცს „ბრუტიანს“ ეძახის ყველა, უცნობი და ნაცნობი. „ბრუტიანი“ თითქმის ყველა ქვრივ-ოხერის მფარველია, კეთილის-მყოფელი და საქმის მწარმოებელი. თუ გაიგონა, რომ ვინმე დედაკაცმა ამა-და-ამ კაცს სახლი უნდა აუწეროსო ვალში, მაშინვე აეკვიატება – მე წამიყვანე, თორემ გაგაბიაბრუებს, მე ვიცი კანონების ყაიდაო. დედაკაცს რომ გამოსტყუებს რასმე, გაიქცევა ახლა მოვალესთან: „არიქა, დუქანს ან სახლს გიწერავენ და თავს უშველეო“. ისიც, რაც ძვირფასი და ღირებული რამა აქვს, მიაფანიერ-მოაფანიერებს და მომზადებული დახვდება სასამართლოს ბოქაულსა და ფულის პატრონსა. აქაც ჩაიმტკბარუნებს ხელსა „ბრუტიანი“ და ორივეს გულიც მოგებული აქვს, ორივეს მამიდა გახლავთ. „ბრუტიანი“ ძველს ევროპიულს ტანისამოსში დადის, სასამართლოში ყველანი იცნობენ და კაი ფულსაც იგებს თურმე“.
ჩანს, რომ „აბლაკატებს“ დროთა განმავლობაში გვარიანად გაუშლიათ ფრთა და მთელ ქალაქს მოსდებიან. მათი ნაწილი თბილისის „თვით-მმართველობის სახლის“ წინ დავანებულა. კონკრეტული გასამრჯელოს სანაცვლოდ ისინი დახმარებას ჰპირდებოდნენ ყველას, ვისაც ქალაქის გამგეობაში რაიმე საქმე ჰქონდა – „ჩვენ ნაცნობები, ნათესავები გვყავს ქალაქის გამგეობაში და ამის წყალობით ყველა საქმეს აღვასრულებთო“.
გარკვეულწილად, ამგვარ „ვექილთა“ საქმიანობასთან მჭიდროდ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული ცრუმოწმეთა „ინსტიტუტი“. 1890-იანი წლების დასაწყისში თბილისში თურმე მთელი კრებული ყოფილა კაცებისა, რომელთაც სხვადასხვა ტიპის დანაშაულის ჩამდენთა თავდებობა ხელობად გაეხადათ და ამაში გვარიან გასამრჯელოსაც იღებდნენ. მათი მომსახურება მავანს საკმაოდ ძვირი უჯდებოდა, რადგან „თავდებნი არა თუ წინდაწინ ართმევენ ფულს დამნაშავეებს, არამედ პირობასაც ართმევენ, რომ თვე და თვეც უნდა გადაგვიკვეთოთო და იღებენ კიდეც ამნაირად უშრომლად გადაწყვეტილს ჯამაგირს“. თუმცა ფასზე აბა ვინ დაიჩივლებდა, როცა საქმე სატუსაღოდან თავის დაძვრენას ეხებოდა?!
საინტერესო ხრიკით გაუჩენიათ შემოსავლის წყარო „ტფილისის ბულვარის მტკეპნელთა საზოგადოების წევრებსაც“, რომლებიც, როგორც ამბობდნენ, დღე-ღამე ქეიფის მეტს არას აკეთებდნენ და ამიტომაც, ჯიბეში „კაპიკი არ უჭყაოდათ“.
ეს ვაჟბატონები თურმე სარგებლობდნენ იმ გარემოებით, რომ, წესისა და რიგის მიხედვით, ახალ წელს ხელოსნებსა და ვაჭრებს საქმიანობისთვის აუცილებელი „ბილეთები“ უნდა აეღოთ, რაზეც, გაზრდილი მოთხოვნის გამო, თბილისელ ვაჭართა თუ ხელოსანთა დიდ ნაწილს დროულად არ მიუწვდებოდა ხელი.
შესაბამისად, „ზემოხსენებულის საზოგადოების წევრებს ეს ამბავი თითზე დაუხვევიათ“, ქალაქის მიყრუებულ ქუჩებში დაუწყიათ „ნადირობა“ და თვითნებურად, ვითომ, როგორც გამგეობის წარმომადგენლები, მეფურნეებს, მკალავებს თუ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს საქმიანობის ნებართვას სთხოვდნენ. თუკი ამ უკანასკნელთ „ბილეთი“ არ აღმოაჩნდებოდათ, მაშინ დაჯარიმებით ემუქრებოდნენ და კანონდარღვევაზე თვალის დახუჭვაში ქრთამს ართმევდნენ.
არადა, ამ ბილეთების შესამოწმებლად მთავრობის რევიზორები იანვრის დამლევს დადიოდნენ, ანუ, „ბულვარის მტკეპნელთა საზოგადოების წევრებს“ თითქმის მთელი თვე ჰქონდათ ჯიბის უკანონოდ გასასქელებლად…
მათი „ამქრის“ წევრები უნდა ყოფილიყვნენ „მუქთა-მჭამელობას დაჩვეული“ ჩვენებური „ჟულიკები“, რომლებიც თურმე მაღაზიის პატრონებთან მიდიოდნენ და ქირას სხვადასხვა ხრიკითა და ყალბი ხელწერილების საფუძველზე სძალავდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ მათი ოინები საქვეყნოდ გამოაშკარავებულა, გაზეთებს კი საყოველთაოდ გაუფრთხილებიათ ყველა, განსაკუთრებით იფრთხილეთ, რომ ამგვარმა „ჟულიკებმა“ არ გაგაბითურონო, ტფილისში არაერთი გულუბრყვილო მსხვერპლი მაინც გამოჩენილა.
„ალექსანდრეს ბაღის პირდაპირ, კირაკოზოვის სახლში მყოფ გერმანელ მეძეხვესთან შესულა ვიღაც კირაკოზოვისებურად ჩაცმული კაცი და უთქვამს, რომ ფული დამჭირდა და ხელად ერთი სამი თუმანი მომეციო. გერმანელსაც აუღია და მიუცია. ცრუ სახლის პატრონი გამოსულა იქიდამ, იმავ სახლებში ჩვენებურ თერძთან შესულა და იმისთვისაც თვრამეტი მანეთი და ერთი წყვილი ფეხსაცმელი გამოურთმევია. დღესაც არ იციან, ვინ იყო ის კაცი, რომელმაც სახლის ქირის ფული გამოგვართვაო, თუმცა კი ორივე მოტყუებულნი დაჟინებით გაიძახიან, რომ სახლის პატრონთან დიდი მსგავსება ჰქონდაო“.
განსაკუთრებით გამჭრიახი გონების პატრონები აღმოჩენილან „ბულვარის მტკეპნავ კომიტეტის“ სხვა წევრები, რომელთაც კიდევ უფრო მარტივად მოუწადინებიათ სხვისი ქონების დაპატრონება. მატყუარათა ამ დასს აზრად მოსვლია, რომ ოჯახის წევრებისა და ახლობლების სახელით კონკრეტულ, ძირითადად, შეძლებულ პირთათვის ყალბი წერილები მიეწერათ.
მაგალითად, სიძის სახელით სწერდნენ და პატარა ბიჭების ხელით უგზავნიდნენ სიმამრს წერილს, რომლის შინაარსიც დაახლოებით ასეთი იყო: „ხუთი თუმანი დამჭირდა ხელათ, გამომიგზავნე და ორ-სამს საათს შემდეგ უკანვე დაგიბრუნებო“. თუკი გაუმართლებდათ და სიმამრი კვლევა-ძიებას არ დაიწყებდა, ფულს იმავე პატარა ბიჭის ხელით მიიღებდნენ, მაგრამ არათუ ორ-სამ საათში, სიმამრი ვითომდა სიძისთვის გაგზავნილ თანხას ვერასდროს დაიბრუნებდა, რადგან აღმოჩნდებოდა, რომ სიძეს ფიქრადაც არა ჰქონია მისთვის ფულის თხოვნა.
ასევე, არცთუ იშვიათი ყოფილა ქველმოქმედების და სხვადასხვა, ვითომდა კეთილშობილური მიზნით ყალთაბანდობა და ფულის ამგვარად შოვნა, თუმცა ამ საქმის მიმდევართა ხრიკებზე ისიც ითქმის – „კოკაწყალს ყოველთვის არ მოიტანსო“.
1888 წელს, ქალაქში ერთი ახირებული კაცი გამოჩენილა. დიდი გულმოდგინებით კრეფდა მედუქნეებისაგან ფულს, ეკლესია უნდა ავაშენოთო. მაგრამ ერთ-ერთი შემოვლისას, „ამ სულის ცხონების საქმეზე გადამდგარს კაცს ოინი შეუტყვეს და პოლიციას გააბაწვრინეს“.
ხშირი ყოფილა თაღლითობა ქველმოქმედების სახელით. 1894 წლის 18 სექტემბერს, ღამის 11 საათზე, თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე დიდი ალიაქოთი ამტყდარა. მიზეზი ამ ხმაურისა ვითომდა საქველმოქმედო მიზნით გამართული საცეკვაო საღამო ყოფილა, რომლის ორგანიზატორსაც დიდი რაოდენობით ბილეთები გაუყიდია, საღამოზე მისულ ხალხს კი რა დახვედრია?!
„ერთს დიდ, ცარიელს, დანგრეულს დარბაზში ვიღაც ბიჭ-ბუჭებს მიეყვანათ ზურნა და კინტოურსა ჰბუქნავდნენ. მშვენივრად დართული ქალები, რომელთათვისაც მოტყუებით მიეყიდნათ ბილეთი, კარებში შეკრებილიყვნენ და ჩხუბი ჰქონდათ, ფულსა თხოულობდნენ“.
ამასობაში ადგილზე სამართალდამცავებიც გამოჩენილან და საღამოს გამმართველი იქ მიუბრძანებიათ, სადაც ჯერ არს.
ტფილისელთა გაყვლეფის კიდევ ერთი აპრობირებული მეთოდი ლატარიები ყოფილა, რომლებსაც ქალაქელი კინტოები სხვადასხვა დღეობაზე მართავდნენ.
„ლატარია წარმოადგენს რგვალ სტოლს, მართულებით შემოზღუდულს ნაპირებში, გარშემო რკალი ახვევია და რკალს კიდევ ერთს ალაგას მართულის ნაჭერი ურჭვია. როცა მოთამაშე რკალს ატრიალებს, მართული რომელ ალაგასაც დადგება, იმ ალაგის ნივთი უნდა აიღოს გლეხ-კაცმა. სტოლი დედამიწაზედ ცოტა ალმაცერად არის დადგმული და დაბლობს მხარეს, სადაც იციან, რომ ჩარხი დადგება, სულ უბრალო ნივთეულობაა დაწყობილი, მეორე მხარეს და სტოლის შუა ადგილას კი უფრო ძვირფასი ნივთეულობაა დალაგებული თვალის ასაჭრელებლად. თითო ჩარხის დატრიალება შაური ჰღირს. ამ გვარად ატყუებენ გლეხ-კაცებს“.
ამათ გარდა, ქალაქში მოქმედებდნენ წვრილ-წვრილი ინდივიდუალისტებიც. მაგალითად, 1895 წელს თბილისის ერთ-ერთი უბნის შეწუხებულ ვაჭრებს მთელი ამბავი აუტეხიათ ქალაქის ცრუსანიტრის საქციელისდა გამო, რომელიც ქუჩა-ქუჩა ცხენით დაიარებოდა და მემაწვნეებს აბითურებდა.
როგორც კი ცრუსანიტარი რომელიმე მემაწვნეს შეხვდებოდა, ჯერ ფულს ართმევდა მოტყუებით, შემდეგ პროდუქტსაც შეუმოწმებდა და, რა თქმა უნდა, უსათუოდ აღმოაჩენდა რამდენიმე „უვარგის“ ქილას და როგორღაც, სწორედაც რომ საუკეთესო – „უვარგის“ მაწონს დაადებდა ხელს:
„გადაასხამს მაწონს თავის ჭურჭელში, რომელიც მას ხურჯინში უდგას, ვითომდა გასასინჯად და მიაქვს თავისთვის. ხოლო თუ ადგილი აღარ მოეძებნება ჭურჭელში, მაშინ უბრძანებს სახლში მიუტანონ დანიშნული ქილები“.
საინტერესოა ერთი ვერელი მედუქნის ისტორიაც, რომელიც, რაღაც მანქანებით ყოველთვის ახერხებდა, რომ გლეხებისთვის მოპარული საქონლისთვის მიეკვლია, სანაცვლოდ კი გარკვეული თანხა მიეღო. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის შემდეგ, გლეხისთვის დაკარგული ხარები 30 მანეთად რომ დაუბრუნებია და ქეიფისთვისაც გამოუკრავს ხელი, შემთვრალს გახარებული გლეხისთვის სიამაყით განუცხადებია, დაკარგული საქონლის პოვნაში, მარტო ამ შემოდგომაზე, 150 მანეთი ავიღეო.
„აქ რაღაც სხვა ამბავი უნდა იყვეს – ამ საქონლების დაკარგვაში და მერმე მათ აღმოჩენაში ასე ადვილად. ნეტავ ვინ არის ეს გულ-კეთილი მედუქნე?“, – სვამდა „დროების“ კორესპონდენტი რიტორიკულ კითხვას.
თუმცა ეს შემთხვევები არაფერია მდიდარ მოქალაქეთა თუ მეწარმეთა და საქმოსანთა იმ ვერაგულ გეგმებთან შედარებით, რომელთა შესახებაც ძველი ქართული პრესა წერდა.
1878 წელს „დროება“ იუწყებოდა, რომ ჰქონდათ ინფორმაცია თფილისელ მეთამბაქოეთა კრების შესახებ, რომელზეც თამბაქოს ფაბრიკების პატრონები მუშათათვის ჯამაგირის შემცირების შესახებ უნდა შეთანხმებულიყვნენ. ამავდროულად კი პირობაც უნდა დაედოთ, რომ თუ რომელიმე მუშა უკმაყოფილებას გამოთქვამდა და სამსახურიდან წავიდოდა, სხვა ფაბრიკა მას არ მიიღებდა.
1887 წელს „ივერია“ ავრცელებდა ცნობებს „ლიმონადის გამკეთებელთა“ გარიგების შესახებ, რომელთაც ტფილისელთათვის ტკბილი წყლის გაძვირება ჰქონიათ განზრახული – „ვინც ამ პირობას გადავა და იეფად გაჰყიდის ლიმონადს, უნდა ასი თუმანი ჯარიმა გადაიხადოს დანარჩენ მელიმონადეთა სასარგებლოდაო. ყველას ხელი მოუწერია ამ პირობაზე, ხოლო ერთმა არ მოინდომა თურმე ასეთს ქაღალდზე ხელის მოწერა. ამ მექარხნისაგან დანარჩენთ შეისყიდეს მისი ქარხანა და ეხლა თითონ აწარმოებენ“.
1891 წელს იგივე „ივერია“ ახლა უკვე ქალაქში ნავთით მოვაჭრეთა მსგავსი გეგმის შესახებ იუწყებოდა. წერდნენ, რომ ტფილისის სხვადასხვა უბანში ნავთის საწყობი სულ თერთმეტ კაცს აქვს და ნავთით ვაჭრობა სრულად მათ ხელშიაო – „ამათში შვიდ კაცს პირი შეუკრავთ, თანხაც შეუტანიათ რამდენიმე ას-ას თუმანი თითოს და უნდათ საერთო საწყობი გაჰმართონ, რომ მთელი ვაჭრობა ნავთისა ხელში ჩაიგდონ. თუ ეს წადილი აუსრულდა ამ შვიდ კაცსა, ნავთს ისეთი ფასი დაედება, როგორსაც თითონ ისინი მოისურვებენ“.
მაგრამ, როგორც ჩანს, არც დასაქმებულები დარჩებოდნენ მზაკვარ დამსაქმებლებს ვალში და სხვადასხვა ხერხით, გვარიანად ურთულებდნენ ცხოვრებას.
1870-იან წლებში, შეძლებულ თბილისელს – გაბრიელ მირზოევს ბამბის სართავი ქარხანა გაუხსნია. დანადგარები და ოსტატები ინგლისიდან დაუბარებია, მუშა ხალხი კი ქალაქისა უნდა ყოფილიყო. იმედი დიდი ყოფილა, რომ ეს ქარხანა იხეირებდა, თუმცა… თბილისელი მხატვარი კარაპეტ გრიგორიანცი წერდა:
„ეს ქარხანა დიდხანს მუშაობდა, შემდეგ საფრანგეთის ქვეშევრდომ რიშარდმა აიღო იჯარით, იმის შემდეგ ბანკის პატრონ ჩითახოვის ხელში გადავიდა, მაგრამ ამ სამივე მწარმოებელთაგან ვერც ერთმა ვერ იხეირა, რადგანაც მომუშავენი ძაფებს პარავდნენ და მტკვარში ყრიდნენ, მერე ქვემოთ ორთაჭალაში მენავენი ძაფებს იჭერდნენ და სანახევროთ ყიდდნენ“.
აქვე გთავაზობთ მზაკვრობის ერთ დაუჯერებელ ისტორიას, რომელსაც, როგორც ჩანს, პირადი მოტივები ედო საფუძვლად. აი საქმე როგორ ყოფილა:
1898 წლის 26 მაისს, ერთ-ერთ ექიმს სასანიტარო-სამკურნალო ინსპექტორისთვის უცნობებია, რომ რამდენიმე ადამიანი სოლოლაკის ქუჩაზე მდებარე, კარაპეტ საკაიანცის საკონდიტროში ნაყიდი ყინულ-შაქრით, ანუ ნაყინით მოიწამლაო.
იმავე დღეს, სასანიტარო-სამკურნალო ინსპექტორს, ბოქაულის თანდასწრებით დაუთვალიერებია საკონდიტრო და აღმოუჩენია რაღაც წამლები, რასაც ნაყინისთვის ფერის მისაცემად იყენებდნენ. წამლები ქალაქის საქიმიო ლაბორატორიაში გაუგზავნიათ შესამოწმებლად, საკონდიტრო კი დროებით დაუკეტავთ.
მიუხედავად ამისა, საკაიანცს მაინც მოუხერხებია შექმნილი არასახარბიელო ვითარებიდან თავის დაძვრენა.
მაგრამ ამ ამბებიდან და მოქალაქეთა მოწამვლიდან ერთი წლის თავზე, 1899 წლის 27 და 28 მაისს, საკაიანცის ცივ-ტკბილით ქალაქში კიდევ რამდენიმე კაცი მოწამლულა.
ადგილზე, საკონდიტროში არსებული მდგომარეობის მოსაკვლევად მისულ სპეციალისტებს, შენობაც და ჭურჭელიც სუფთა დახვედრიათ, არადა ეს უკვე მეოთხე შემთხვევა ყოფილა, როდესაც თბილისელთა მოწამვლის საქმეში სწორედ ეს საკონდიტრო ფიგურირებდა.
ნაყინის ნიმუშების შესწავლა ფარმაციის მაგისტრ ოტენისთვის მიუნდვიათ, რომელსაც, თავის მხრივ, დაუდგენია, რომ ოცზე მეტი ადამიანის მოწამვლა უკვე მომზადებულ ნაყინში ჩაყრილ თაგვის წამალს გამოუწვევია.
სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე გასულან რეალურ დამნაშავეზე, საკონდიტროს ოსტატზე, რომელსაც ამ ხერხით საკუთარ დამქირავებელზე შურისძიება ჰქონია განზრახული…
საბოლოო ჯამში, სამართალდამცავებს მოთმინებითა და მზაკვრობის მასშტაბით გამორჩეული ეს დამნაშავეც დაუკავებიათ, ისევე როგორც მისი ზოგიერთი შედარებით უნიჭო, თუმცა გამბედავი კოლეგა, ყალთაბანდობითა და გაიძვერობით რომ ცდილობდნენ სხვისი ქონების უკანონოდ დაუფლებას, მოქალაქეთა „გაფცქვნას“ და იოლი ფულით ცხოვრების აწყობას, თუმცა თითო-ოროლა შაითანის დაკავებით უსაზღვროდ ჭრელ და დიდი შესაძლებლობების ტფილისში მცხოვრებთა მზაკვრულ ბუნებას ხომ ბევრი არაფერი დააკლდებოდა…
დატოვე კომენტარი