ტრამპის საიდუმლო ქონება

ტრამპის საიდუმლო ქონება

პრეზიდენტის უმსხვილესი ჰოლდინგი $900-მილიონიანი წილია იმ ორ შენობაში, რომლებიც მის სახელს არ ატარებს. მათ ზოგიერთ მობინადრესაც კი არაფერი მოეხსენება ამ ხელშეკრულების შესახებ, თუმცა თავად სწორედ მის ჩაშლას ცდილობდა ყველაზე გამალებით.

შუა მანჰეტენის ქუჩებში მოსიარულეს გაგიჭირდება, შეერთებული შტატების პრეზიდენტს ასცდე. Trump Tower-ი, თავისი მკვეთრი ასოებითა და საბრძოლველად შეიარაღებული დაცვით, პირქუშად გადაჰყურებს მეხუთე ავენიუს. რამდენიმე კვარტალის იქით Trump Parc-ი და Trump Parc East-ი აღმართულან. იქვეა Trump International Hotel & Tower-იცა და Trump Plaza-ც. მათ შორის ტრამპის კიდევ ერთი უძრავი ქონება დამალულა: 1290 Avenue of the Americas-ი – ახოვანი ცათამბჯენი, რომელსაც პრეზიდენტის სახელი არ აწერია, მაგრამ ნებისმიერ სხვა დანარჩენზე ღირებული გახლავთ.

ეს შემთხვევითობა არ გეგონოთ. წლებია, დონალდ ტრამპი აგრესიულ რეკლამას უწევს საკუთარ სახელს და, რაღაც მომენტში, Forbes-ს ისიც კი უთხრა, მხოლოდ ეს სახელი, როგორც დამოუკიდებელი ბრენდი, $5 მილიარდი ღირსო. მაგრამ ის, რაც ერთ დროს აქტივი იყო (თუმცა, $5-მილიარდიანი ნამდვილად არა), დღეს თავის ტკივილად იქცა, განსაკუთრებით ისეთ კოსმოპოლიტურ ადგილებში, როგორიც ნიუ-იორკია, სადაც პრეზიდენტმა თავისი ქონება დააგროვა.

ბრენდის დნობის პროცესი Trump Tower-ში დაიწყო, მისი 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის პირველი ღონისძიების კვალდაკვალ, სადაც მექსიკელი იმიგრანტები გაკიცხა და “გამაუპატიურებლებად” მოიხსენია. რამდენიმე კვირაში პარტნიორებმა, რომელთაც მისი სახელის მატრასებზე, პერანგებსა და ყელსაბამებზე დასატანად ფული გადაეხადათ, დისტანცირება დაიწყეს. უარყოფითი პოლიტიკური რეზონანსი ნელ-ნელა ტრამპის ბიზნესის სხვა ნაწილებსაც მოედო. მისი ბინების ღირებულება დაეცა, უფრო ნაკლები ჩრდილოაღმოსავლელი ჯავშნიდა დასასვენებლად მის მაიამის კურორტს და კომერციული მოიჯარეებიც გავიდნენ მისი შენობებიდან. თებერვალში ახალი ამბები იუწყებოდნენ, ტრამპის ბრენდის მქონე კიდევ ორი შენობა იცილებს პრეზიდენტის სახელსო, რომელიც უკვე წაეშალათ ტორონტოს, პანამისა და ნიუ-იორკის შენობებიდან. არ გამოიღო არავითარი ნაყოფი მისი ვაჟების, დონ უმცროსისა და ერიკის, ბოლოდროინდელმა ძალისხმევამაც, რომ ტრამპის მეტ-ნაკლები პოპულარობა ტრადიციულად რესპუბლიკელების ამომრჩეველ შტატებში გამოეყენებინათ უფრო იაფი სასტუმროების ქსელით.

რა სახის პორტფოლიოზეც არ უნდა მიდგეს საქმე, გარკვეული დივერსიფიკაცია, როგორც წესი, კარგია. ტრამპის შემთხვევაში, ეს ორი მნიშვნელოვანი შენობაა მისი სახელის გარეშე: 1290 Avenue of the Americas-ი ნიუ-იორკში და 555 California Street-ი სან-ფრანცისკოში. Trump Organization-ი არც მათ ბრენდირებაზეა პასუხისმგებელი და არც ოპერირებაზე. მათი კონტროლიცა და მართვაც საჯარო ბაზარზე მბრუნავი უძრავი ქონების ფირმა Vornado-ს მიერ ხდება, რომელიც ორივე შენობაში 70%-იანი წილის მფლობელია, დანარჩენს კი ტრამპი ფლობს. პრეზიდენტთან თავის ამრიდებლური დამოკიდებულების გათვალისწინებით, მოიჯარეები ამ შენობებს არ ერიდებიან; მეტიც, ორმა მათგანმა თქვა, რომ არც იცოდნენ, ნაწილობრივ ტრამპს რომ უხდიდნენ ფულს, ვიდრე ეს Forbes-ისგან არ გაიგეს.

სხვა აქტივები, რომლებიც ტრამპის $3.1-მილიარდიან ქონებას შეადგენს, პრეზიდენტად მისი არჩევის შემდეგ, ჩვენი გათვლებით, $600 მილიონითაა შემცირებული, რისი მიზეზიც, დიდწილად, სავაჭრო უძრავი ქონების დაღმასვლასა და მზარდად ტოქსიკურ ბრენდში უნდა ვეძიოთ. ასეა თუ ისე, ოფისებით დატვირთული ორი, ტრამპის სახელისგან დაცლილი ცათამბჯენის ღირებულება გაზრდილია და $230 მილიონად არის შეფასებული, რაც ერთგვარ სიცოცხლეს სძენს Trump Organization-ის სხვა მხრივ წაგებიან ორ წელიწადს.

დღეის მდგომარეობით, 1290 Avenue of the Americas-ი და 555 California Street-ი ტრამპის პორტფოლიოში ორ ყველაზე ღირებულ უძრავ ქონებას წარმოადგენს. ყველა, ვინც კვლავ იტყვის, პრეზიდენტი არაა მილიარდერიო, ამ აქტივების მხედველობაში მიღება მოუწევს, რომლებშიც მისი წილი $900 მილიონად (ვალის გამოკლების შემდეგ) არის შეფასებული. ეს ორჯერ მეტია, ვიდრე მისი საკუთარი ყველა გოლფის მოედანი, ერთად აღებული, ხუთჯერ მეტი, ვიდრე მისი განთქმული ბრენდირებისა და მენეჯმენტის ბიზნესი, ექვსჯერ მეტი, ვიდრე Mar-a-Lago და 17-ჯერ მეტი, ვიდრე მისი წილი მისივე ვაშინგტონის სასტუმროში, რომელიც პრეზიდენტის გულისგამკეთებელი უცხოელი დიდკაცებისა და ლობისტების ადგილად მიიჩნევა. პრეზიდენტის ბიზნესსა და მის უცხოურ ფათერაკებზე მიშვერილი გამადიდებელი შუშის მიუხედავად, სწორედ ეს ორი ანონიმური შენობაა ამერიკაში, ყველაზე მნიშვნელოვანი რომ გამოდგა… ჰოლდინგები, რომელთა ნაწილად ყოფნა, ბედიის ირონიით, ტრამპს თავიდან სულაც არ სურდა.

 

ამ წარმატებას ტრამპის ბიზნესგამჭრიახობას ნამდვილად ვერ მივაწერთ. 1990-იანების დასაწყისში “დონალდი” ვალში იხრჩობოდა და წვალობდა, $200-მილიონიანი იპოთეკა როგორმე რომ დაეფარა, რომელიც მანჰეტენის ზემო დასავლეთში, მის მფლობელობაში არსებულ 75-აკრიან ნაკვეთზე იყო მიბმული. ჯიბესქელმა ჰონკონგელმა ინვესტორებმა, მათ შორის, მილიარდერებმა ჰენრი ჩენგმა და ვინსენტ ლომ, მას ვალდებულებისგან განთავისუფლება შესთავაზეს. $89-მილიონიანი გარიგების შედეგად მათ ტრამპის ვალი იყიდეს – უძრავ ქონებაში 70%-იანი წილისა და სრული კონტროლის სანაცვლოდ. გადაწყვეტილების მიღების ყოველგვარ ძალაუფლებას მოკლებულმა ტრამპმა მგზავრის სკამზე გადაინაცვლა, თანაც ისე, რომ 2044 წლამდე თავის 30%-იან წილს ხელს ვერ ახლებდა.

ტრამპი ამ ნაკვეთზე 16 ძვირფასი რეზიდენციული ცათამბჯენის აგებას გეგმავდა, მაგრამ 2005-ში, ბაზრის მოსალოდნელი კოლაფსით შეშინებული ჰონკონგელი ინვესტორები ნაწილობრივ აშენებული პროექტის $1.76 მილიარდად გაყიდვას დათანხმდნენ. მონაგარის ჩადება ორ, თითქოსდა უფრო უსაფრთხო ინვესტიციაში განიზრახეს: 1290 Avenue of the Americas-ა და 555 California Street-ში. ტრამპმა ეს იდეა პირველივე დღიდან მოიძულა, როგორც ამას ჩენგისთვის მიწერილი სიტყვებიც მოწმობს: “გაცილებით მაღალ ფასად შეგიძლია, გაყიდო!”

პარტნიორები დათმობაზე არ წავიდნენ, ასე რომ, ტრამპს კონფლიქტის სასამართლოში გადატანა მოუხდა, სადაც პარტნიორობის დასრულებას ცდილობდა და ზარალის ასანაზღაურებლად $1 მილიარდზე მეტს ითხოვდა. მისი საქმის მთავარი მტკიცებულებები მისი პარტნიორებზე მეტი საზრიანობა და ერთი-ორი მეგობრის ლუღლუღი იყო, რომლებიც, ტრამპის თქმით, უდავოდ გაცილებით მეტს გადაიხდიდნენ ამ უძრავ ქონებაში. ტომ ბარაკმა, რომელიც მოგვიანებით ტრამპის საინაუგურაციო კომიტეტს ედგა სათავეში, პარტნიორებს ფაქსით არაფორმალური შეთავაზება გაუგზავნა, $2.9 მილიარდი გადაიხადეთო. რიჩარდ ლეფრაკი, რომელსაც პრეზიდენტის ერთობ დროებით ინფრასტრუქტურის საბჭოში მისცეს პოსტი, თითქოს $3 მილიარდის გადასახდელად იყო მზად.

მაგრამ ეს ყველაფერი ტრამპის კლასიკური ქოთქოთი იყო. დამოუკიდებელი შემფასებლების თანახმად, უძრავი ქონება $1.6 მილიარდი ღირდა, პარტნიორებს კი სადღაც $1.76-მდე შემოთავაზებები მოეძიათ.

მოსამართლემ ტრამპი დაახლოებით ისეთივე სერიოზულობით მიიღო, როგორითაც მისმა თანაინვესტორებმა და, საბოლოო ჯამში, სასამართლო დავას წერტილი დაესვა. გარიგება ძალაში შევიდა: ტრამპის ჰონკონგელმა პარტნიორებმა მიწის ნაკვეთი, ფაქტობრივად, ორ საოფისე ცათამბჯენში გადაცვალეს და ტრამპიც – გაწიწმატებული და აყვირებული – თან გაიყოლეს.

პრეზიდენტს გაუმართლა. გეგმა, რომელსაც ის “ტრაგიკულ შეცდომას” უწოდებდა და მის ჩასაშლელად იბრძოდა, საბოლოოდ მისი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო გარიგება გამოდგა.

 

ადამიანი, რომელიც რეალურად არის, ამ შემთხვევაში, ტრამპის წარმატებაზე პასუხისმგებელი, ისეთივე მორცხვია პრესასთან, როგორი ხარბიც გახლავთ ტრამპი კამერის მიმართ. Vornado-ს მილიარდერი აღმასრულებელი დირექტორი, სტივენ როტი გვყავს მხედველობაში. 2007 წლის მაისში Vornado-მ ჰონკონგელი ინვესტორების 70%-იანი წილი გამოისყიდა, რითაც როტი მომავალი პრეზიდენტის ბიზნესპარტნიორად აქცია.

77 წლის როტს ტრამპთან ხანრგძლივი ურთიერთობა აკავშირებს. 1990-იანების დასაწყისში ეს ორი დეველოპერი დიდ წილებს ფლობდა უნივერმაღების ქსელ Alexander’s-ში, რომელიც სავაჭრო ოპერაციებით დიდად ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ მნიშვნელოვან პუნქტებში ჰქონდა მაღაზიები. როტსაც და ტრამპსაც საკუთარი წარმოდგენა ჰქონდათ ამ ბიზნესთან დაკავშირებით. მაგრამ დაახლოებით იმავე პერიოდში, როცა მძიმე ვალებმა ტრამპი აიძულა, ზემო დასავლეთ მანჰეტენის ნაკვეთში არსებულ 70%-ზე ეთქვა უარი, ის იძულებული გახდა, Alexander’s-ის წილებიც დაეთმო Citibank-ისთვის. საბოლოოდ, სამი წლის შემდეგ, ეს წილები როტმა იყიდა საბაზრო ფასზე 20%-ით იაფად.

დამარცხებული ტრამპი როტისადმი ღრმა პატივისცემით განიმსჭვალა. ეს უკანასკნელი სწორედ იმგვარი მილიარდერია, როგორადაც პრეზიდენტი წარმოაჩენს თავს: ბრწყინვალე, შეუპოვარი, თვითნაბადი. 2016-ის კამპანიის დროს ტრამპმა როტი თავის ეკონომიკურ მრჩეველთა პანელში მიიპატიჟა სამუშაოდ, ხოლო უკვე არჩეული პრეზიდენტის რანგში, ის, ლეფრაკთან ერთად, წარმავალ ინფრასტრუქტურის საბჭოში დაასაქმა და, შედეგად, როტიც კულისებში მყოფ იმ მრავალთაგან ერთ-ერთ მილიარდერად (ადელსონის, რაფინის, პერლმუტერისა და ჰემის გვერდით) აქცია, რომელთაც პრეზიდენტი ყურს უგდებს, მაგრამ არავითარი სამთავრობო პოსტი არა აქვთ.

მათი პარტნიორობა, ამასობაში, გამორჩეულად მეგობრული რჩება. “სტივს ხანდახან შეუძლია, უხეში იყოს, მეგობრებთანაც კი, დონალდიც რთული პიროვნებაა”, – ამბობს ნიუ-იორკის განთქმული უძრავი ქონების დინასტიის უფროსი, დაგლას დერსტი. მათმა ურთიერთობამ “დაახლოებით ათ წელს გასტანა, არადა, ვფიქრობდი, ორ თვეს გაგრძელდება-მეთქი”.

“ტრამპების ოჯახი როტისადმი უაღრესი მოწიწებითაა განწყობილი და მას უკიდურესად დიდ პატივს სცემს, – თქვა განცხადებაში Trump Organization-ის წარმომადგენელმა, ამანდა მილერმა. – ის არაჩვეულებრივი ხედვის პატრონია, არაჩვეულებრივი დეველოპერი და ოპერატორი. ვამაყობთ, რომ Vornado-ს პარტნიორები ვართ მსოფლიოში ორი ყველაზე ღირებული და საკულტო შენობის კონტექსტში”.

კონტროლის სადავეები, პირველივე დღიდან, როტს უპყრია. მას მერე, რაც Vornado-მ 1290 Avenue of the Americas-ი და 555 California Street-ი იყიდა, როტი მილიონობით დოლარს აბანდებს სარემონტო სამუშაოებში, გრძელვადიან პერსპექტივაში მეტი მოგება რომ ნახოს. 2012-სა და 2013-ში Vornado-მ $31 მილიონი ჩადო ნიუ-იორკის საოფისე ცათამბჯენის – მისი ვიტრინების, ლიფტებისა და ვესტიბიულის – განახლებაში. ამ ცვლილებებმა ახალი მოიჯარეები მოიზიდა… უფრო მაღალი ტარიფებით. 2015-ისთვის შენობის მოიჯარეები კვადრატულ ფუტში საშუალოდ $82-ს იხდიდნენ, რაც 18%-იანი ზრდა გახლდათ ოთხი წლის წინანდელთან შედარებით. ამ 2.1 მილიონ კვადრატულ ფუტზე გაჭიმულ ნაგებობას Vornado-სა და ტრამპის $32 მილიონისთვის დამატებითი თანხები მოჰქონდა ყოველწლიურად დამატებითი ქირის სახით. მოკლედ – მშვენიერი მოგება საინვესტიციო კაპიტალზე.

ეს ერთადერთი ღვთიური მანანა როდი იყო ამ უძრავი ქონებიდან. არაერთი ადამიანი პრეზიდენტის ნაღდი ფულის წყაროებზე სპეკულირებს. როგორც ირკვევა, მისი მსუყე ნაწილი სწორედ ამ ანონიმური შენობიდან მოდიოდა. “ყოველთვე უბრალოდ ველოდებით და… გასულ წელს ჩეკი გამომიგზავნეს, დაახლოებით $125 მილიონი, – უთხრა ტრამპმა Forbes-ს 2015-ში, რაც აქამდე არ გამოგვიქვეყნებია და ამ სტატიისთვის ამოვჩხრიკეთ. – არც კი ვიცოდით, რისთვის იყო”.

ბოლო ორი წელია, 1290 Avenue of the Americas-ის ქირები განაგრძობს ზრდას იმის ფონზეც კი, რომ შუა მანჰეტენის ბაზარი ზოგადად შესუსტებულია. Forbes-ის შეფასებით, ტრამპის 30%-იანი წილი დღეს $100 მილიონით მეტია, ვიდრე მისი პრეზიდენტად არჩევის დროს იყო.

მისი პარტნიორი ახლა სან-ფრანცისკოს უძრავ ქონებაზეა კონცენტრირებული, რომელიც კალიფორნია-სტრიტის 555-ში 52-სართულიან ცათამბჯენსა და მეზობლად განთავსებულ ორ უფრო ტანმორჩილ შენობას აერთიანებს. 2015-ში როტმა საფონდო ანალიტიკოსებს უთხრა, რომ Vornado ამ ერთ-ერთი უფრო პატარა ზომის შენობის შეკეთებით იყო დაკავებული მონტგომერი-სტრიტის 315-ში. როტის ფირმამ ეს პროექტი 2017-ში დაასრულა, ქირამ კი თითქმის 50%-ით ზევით ისკუპა. მომდევნო ნაბიჯი მეზობლად, მონტგომერის 345-ში მდებარე შენობის გადაკეთებაა. Vornado სამუშაოების შუაშიც არ იყო გასული, რომ უკვე 15-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, იქაურობას საერთო სამუშაო სივრცეების კომპანია Regus-ს მიაქირავებს. წმინდა საოპერაციო შემოსავალი ამ სამი შენობისგან შემდგარ კომპლექსში 19%-ითაა გაზრდილი ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში. შესაბამისად, ამ უკანასკნელის წილიც აქტივში, გათვლების თანახმად, $130 მილიონითაა გაბერილი.

თავის ჩვეულ სტილში, როტმა კომენტარზე უარი გვითხრა. თუმცა აშკარაა, რომ მთელმა ამ წარმატებამ ის ერთგვარ სადღესასწაულო განწყობაზე დააყენა. გასულ ნოემბერს მან დიდ წვეულებას უმასპინძლა სან-ფრანცისკოს უძრავ ქონებაში, რემონტი რომ ამაყად ეჩვენებინა სტუმრებისთვის. დამსწრეთა თანახმად, ადგილობრივმა რესტორნებმა აპეტაიზერები უზრუნველყვეს, ღვინო კი გულუხვად ისხმებოდა. 100-ზე მეტი ადამიანი მივიდა, მათ შორის, უძრავი ქონების ბროკერები, ანალიტიკოსები და ჯერი სეინფილდი, რომელიც ერთი საათის განმავლობაში სცენაზე ხუმრობებს აცხობდა. “ბოლო რეცესიამდელი კორპორაციული ღონისძიების განწყობა ჰქონდა, – ამბობს Wall Street-ის ანალიტიკოსი ჯონ კიმი, წვეულების ერთ-ერთი სტუმარი. – ყველაფერი პირველი კლასის იყო”.

ასე იყო თუ ისე, ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტი ჰქონდა საზეიმო, წვეულებას არ დასწრებია. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 30%-იანი წილი მას მთელი ამ წარმატების ყველაზე მსხვილ ინდივიდუალურ ბენეფიციარად აქცევს. და ეს, იმის მიუხედავად, რომ თავად პრაქტიკულად არაფრისთვის გარჯილა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *