დონალდ ტრამპის სოციალური მედიის კომპანია Truth Social-ი სტრიმინგპლატფორმის გაშვებას გეგმავს. აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს სურს, ჩაერთოს სტიმინგის მაღალკონკურენტულ სფეროში მაშინ, როდესაც მისი პლატფორმის მშობელი კომპანიის აქციების ფასი იკლებს და ეს თავად მილიარდერის ქონებაზეც უარყოფითად აისახება.
Trump Media & Technology Group-ის განცხადებით, სატელევიზიო სტრიმინგპლატფორმის განვითარებაზე მუშაობა დასრულებულია. სტრიმინგკონტენტი Truth Social-ის აპლიკაციასა და ვებგვერდზე ჩაეშვება. საბოლოო გეგმით, Truth Social-ის სტრიმინგაპლიკაცია ტელევიზორშიც გაეშვება, თუმცა კონკრეტული ვადები ამ ეტაპისთვის უცნობი რჩება.
ტრამპის კომპანია Trump Media & Technology Group-ის აქციების ფასმა პიკს, $70-ს, გასული თვის ბოლოს მიაღწია. თუმცა ამის შემდეგ აქციების ფასი ვარდნას განაგრძობს. სამშაბათის მონაცემებით, ფასი დამატებით 8%-ითაა დავარდნილი და ამჟამად $24-ზე ოდნავ ნაკლებია. Truth Social-ი ყოფილმა პრეზიდენტმა კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ დააარსა, რასაც წინ მისთვის Twitter-ის ანგარიშის გაუქმება უძღოდა.
რაც შეეხება ტრამპის ქონების წმინდა ღირებულებას, ის, Forbes-ის შეფასებით, $3.7 მილიარდს უტოლდება. გასულ თვეში Nasdaq-ზე TMTG-ის დალისტვამ, თავდაპირველად ყოფილი პრეზიდენტის ქონება $6.4 მილიარდამდე გააორმაგა, რადგან მისი წილი კომპანიაში $4.6 მილიარდს შეადგენდა. თუმცა აქციების ფასების ვარდნასთან ერთად, ტრამპის ქონებაც შემცირდა.
ამას ემატება რამდენიმე იურიდიული სარჩელი, რომლებიც აშშ-ში ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგაა აღძრული. მათ შორის ბოლო განაჩენით ტრამპს $540 მილიონზე მეტის გადახდა აქვს დაკისრებული.