აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მაღალყელიანი სპორტული ფეხსაცმელების ხაზი წარადგინა. ფეხსაცმლის ღირებულება $399-ია. ამ დრომდე, თეთრი სახლის ყოფილ ლიდერის გამოშვებული აქვს ციფრული სავაჭრო ბარათებისა და მაისურების ხაზი, რომელზედაც საპატიმროში გადაღებული მისი ფოტოა დატანილი.
ტრამპის ახალი ფეხსაცმელები ყოფილი პრეზიდენტის საიტზე – GetTrumpSneakers.com-ზე გამოჩნდა. ოქროსფერი, მაღალყელიანი ფეხსაცმლის ღირებულება, რომელსაც „არასდროს დანებდე“ ჰქვია, $399-ია. ეს მოდელი შეესაბამება იმავე სახელწოდების მქონე ჭიქებს, მაისურებსა და პლაკატებს, რომელზედაც ტრამპის ციხეში გადაღებული ფოტოა აღბეჭდილი.
საიტზე ასევე ვხვდებით ფეხსაცმლის წითელ ვერსიას, სახელწოდებით – T – Red Wave, და თეთრ POTUS 45-ის ხაზს, თითოეულს $199-ად. ფეხსაცმელების გარდა, გასაყიდ ნივთებს შორის ვხვდებით ოქროსფერ ბოთლში მოთავსებულ ე.წ. Victory47-ის ოდეკოლონს, რომლის თავსახურზეც ტრამპია გამოსახული და Victory47-ის სუნამოსაც. მათი ღირებულება $99-ია.
ვებგვერდის ინფორმაციით, მას არანაირი კავშირი არა აქვს ტრამპის საარჩევნო კამპანიასთან. მიუხედავად ამისა, თავად ტრამპის კამპანია, ონლაინპოსტებში, ფეხსაცმლის ხაზს რეკლამირებას უწევს.
ფინანსური ანგარიშების თანახმად, აპრილში, NFT-ის ციფრული სავაჭრო ბარათების გაყიდვით, ტრამპმა $4.6 მილიონი გამოიმუშავა. პრეზიდენტმა ჯამში 47,000 ბარათი გამოუშვა, თითოეული $99-ად. ოთხი თვით ადრე კი, ერთ დღეში გაყიდული 45 ათასი ბარათიდან მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით $4.4 მილიონი შეადგინა. ამერიკული Forbes-ის შეფასებით, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ქონება $2.6 მილიარდს უტოლდება.