30 მაისს Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ, კომპანიის არსებობის განმავლობაში პირველად, 1 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. გრაფიკული და ხელოვნური ინტელექტის ჩიპების მწარმოებლის შემოსავლების მატება, სწორედ AI-ის ბუმის გავლენით, ჩიპებზე მოთხოვნის ზრდას უკავშირდება. შედეგად, Nvidia, $1-ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიების „ელიტარულ ჯგუფს” შეუერთდა, სადაც არსებული მდგომარეობით, სულ ექვსი კომპანიაა წარმოდგენილი.
ბოლო მონაცემებით, $1-ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიებია: Apple-ი, Microsoft-ი, Saudi Aramco, Alphabet-ი (Google), Amazon-ი და Nvidia. Companies Market Cap-ის მონაცემებით, ჩამოთვლილი კომპანიებიდან მხოლოდ სამის, Apple-ის, Microsoft-ისა და Saudi Aramco-ს საბაზრო ღირებულება აღემატება 2 ტრილიონ აშშ დოლარს და, შესაბამისად, $2.908 ტრილიონს, $2.577 ტრილიონსა და $2.084 ტრილიონს უტოლდება.
ცნობისთვის, Apple-ი პირველი ტექნოლოგიური გიგანტია მის სფეროში მოღვაწე კონკურენტებს შორის, რომლის საბაზრო მოცულობამაც 2018 წელს ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წელს $1-ტრილიონიანი ნიშნული გადალახეს Meta-მ და Tesla-მაც, თუმცა ამჟამად კომპანიების საბაზრო ღირებულება მხოლოდ $728.9 მილიარდსა და $825.7 მილიარდს უტოლდება. ამავდროულად, Facebook-ი ყველაზე ახალგაზრდა კომპანიაცაა, რომელმაც ტრილიონიან ნიშნულს მიაღწია.
შეგახსენებთ, რომ NVIDIA-ს აქციები, გასულ თვეში, პოზიტიური ფინანსური შედეგების გამოქვეყნების შემდგომ, ერთ დღეში თითქმის 25%-ით გაიზარდა. შედეგად, NVIDIA-ს საბაზრო ღირებულება, $184-მილიარდიანი მატების შემდეგ, $950 მილიარდს გაუტოლდა. გასულ კვარტალში ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის შემოსავალმა $11 მილიარდი შეადგინა, რაც ანალიტიკოსთა პროგნოზს 50%-ით აღემატება.
ერთ დღეში ამ მასშტაბის ზრდა ამ დრომდე მხოლოდ ორ კომპანიას, Amazon–სა ($191 მილიარდი) და Apple-ს ($191 მილიარდი) ჰქონდათ დაფიქსირებული. თუმცა ჩიპების ამერიკული მწარმოებელი კვლავ განაგრძობს სწრაფ ზრდას და საინტერესოა, AI-ის განვითარებისა და მის პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდის შესაბამისად მოახერხებს თუ არა კომპანია ამ ტემპის შენარჩუნებას. NVIDIA სხვადასხვა ინდუსტრიაში ვითარდება – რობოტიკით დაწყებული და გეიმინგ–ინდუსტრიით დასრულებული. მთლიანობაში, ფუნქციების ფართო სპექტრისთვის, Nvidia-ს ჩიპებს 65,000 კომპანია იყენებს.
რაც შეეხება, $1-ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციის „ელიტური ჯგუფის“ სხვა წარმომადგენლებს, მათ შორისაა საუდის არაბეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნავთობისა და გაზის გიგანტი Saudi Aramco, რომელიც ექვს კომპანიას შორის კვლავ ერთადერთი არაამერიკული ორგანიზაციაა. Saudi Aramco ამჟამად მესამე პოზიციას იკავებს და $2-ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიების რიგში ერთიანდება.
Companies Market Cap-ის მიხედვით, ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიების ჩამონათვალი ასე გამოიყურება (20 ივნისის მდგომარეობით):
- Apple – $2.908 ტრილიონი (ამერიკის შეერთებული შტატები)
- Microsoft – $2.577 ტრილიონი (ამერიკის შეერთებული შტატები)
- Saudi Aramco – $2.084 ტრილიონი (საუდის არაბეთი)
- Alphabet (Google) – $1.571 ტრილიონი (ამერიკის შეერთებული შტატები)
- Amazon – $1.287 ტრილიონი (ამერიკის შეერთებული შტატები)
- NVIDIA – $1.054 ტრილიონი (ამერიკის შეერთებული შტატები)