დავით იაკობაშვილმა – საქართველოში დაბადებულმა, ფინეთში გადახიზნულმა და რუსეთში დაბრუნებულმა შვედმა ბიზნესმენმა, რომელიც უიკ-ენდებს მონაკოში მცხოვრებ ოჯახთან ერთად ატარებს – საკუთარ ქონებას წელს $250 მილიონი შემატა და $1,2-მილიარდიანი დოვლათით პირველად მოხვდა Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში. თუმცა საამისოდ გაწეული ძალისხმევა მცირედ მოჩანს იმ სამუშაოს ფონზე, რომელსაც იგი საბჭოთა თბილისში “დღეში თუმნისთვის” ეწეოდა. ახლა ბიზნესმენის ყურადღება კვლავ საქართველოსკენაა მოპყრობილი.
როცა მონაკოს ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელური სასტუმროს, “ფეირმონტის”, წინ გაჩერებულ “როლს როისსა” და “ბენტლის” შორის დგახარ და Forbes-ის რეიტინგში წელს 300 ადგილით დაწინაურებულ, მილიარდერ რესპონდენტს ელი, ძალაუნებურად მთავარი გმირის სცენაზე გამოსვლის ათასნაირი სავარაუდო ვარიანტი გიტრიალებს თავში. ჯუჯა სახელმწიფოში, სადაც ერთი მანქანის პარკინგის ადგილის ფასი $200 ათასს შეიძლება აღწევდეს და ლაჟვარდოვანი სანაპიროს ბუნებრივ ბრწყინვალებას ადამიანის ხელქმნილი ფუფუნება ჩრდილავს, შეუძლებელია, ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენის გამოჩენასთან დაკავშირებით “რამე თვალის მომჭრელის” ხილვის წინაგანწყობა არ დაგეუფლოს.
დავით იაკობაშვილის მოულოდნელი გადაწყვეტილებებითა და უცნაური კონტრასტებით აღსავსე ხასიათი ჩვენი შეხვედრის პირველივე წამს გამოვლინდა, როდესაც “მილიონდოლარიან პეიზაჟში” – რბილად რომ ვთქვათ – მოკრძალებული,
A კლასის მერსედესი შემოიჭრა. კიდევ უფრო გამიკვირდა, როდესაც მძღოლში თავად დავით იაკობაშვილი ამოვიცანი.
“რა თქმა უნდა, – გავიფიქრე მე, – სტატიაშიც ისე უნდა შემოვიდეს, როგორც მსოფლიო მოსახლეობის უმდიდრეს 2%-ში შევიდა: ვარაუდთა დინების საწინააღმდეგოდ, არასტანდარტული მოქმედებით, არსაიდან – Deus ex machina.
მანქანა ჩემ წინ გაჩერდა და ბიზნესმენის ჩუმი, თავდაჭერილი, მაგრამ ამავდროულად საოცრად თავდაჯერებული სალამიც გაისმა (იგი იმდენად ხმადაბლა საუბრობს, რომ ინტერვიუს მსვლელობის დროს ვნერვიულობდი, შეძლებდა თუ არა დიქტოფონი მისი ხმის ჩაწერას).
“სულ ასე მშვიდად ლაპარაკობს, – მოგვიანებით მეტყვის მისი პარტნიორი ვანო ნაკაიძე, Petrocas Energy Group-ის პრეზიდენტი, – მაშინაც კი, როდესაც გაცეცხლებულია”.
რკინის ნერვები, თავდაჯერებულობა და გამბედაობა – პიროვნულ თვისებათა ეს კომპლექტი აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი იყო თითოეული ბიზნესმენისთვის, ვინც მასშტაბური სამეწარმეო საქმიანობა რუსეთში, 90-იანების გარიჟრაჟზე წამოიწყო. ამ თვისებების გარეშე დაღუპვა (ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით) გარდაუვალი იქნებოდა. მაგრამ დავით იაკობაშვილისთვის მხოლოდ “გადარჩენა” ძალიან ცოტა აღმოჩნდა.
“ველური კაპიტალიზმის” გარემოში, სადაც სახელმწიფო საკუთრების დაცვის მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ უზრუნველყოფდა, სადაც მეწარმეებს საკუთარი (ხშირად – უხეში) ძალით უწევდათ ქონების დაცვა და ინდუსტრიულ რუინებზე სარეველასავით ამოწვერილი კრიმინალური დაჯგუფებები სხვადასხვა ბიზნესსფეროს “კრიშავდნენ”, დავით იაკობაშვილი არ ერიდებოდა ახალ იპოსტასებში საკუთარი თავის გამოცდას. იგი მოქმედებდა ჩუმად, მშვიდად, “ხმადაბლა”, მაგრამ არამც და არამც – მორიდებულად.
“თითქოს კაზინოში თამაშობს, – მითხრა მთავარმა რედაქტორმა, გუგა სულხანიშვილმა, რესპონდენტთან შეხვედრამდე, როდესაც ცნობილ სამორინე “მონტე-კარლოს” ჩავუარეთ, – აი, ახლა ჩვენ რომ ახალ ბიზნესს ვიწყებდეთ, სულ სხვანაირად მივუდგებოდით საქმეს – ემოციებს უკანა პლანზე გადავწევდით, ‘მარჯინებს’ დავიანგარიშებდით და ა.შ., მაგრამ ბიზნესში ფსონის გაკეთებამდე იაკობაშვილისთვის ტექნიკურ ანალიზზე მნიშვნელოვანი – ყნოსვა და ინტუიციაა. რაც მთავარია, მისი წინათგრძნობა ხშირად მართლდება”. ამგვარი შეფასება ნამდვილად არ მეჩვენება გაზვიადებულად, რადგან ფიზიკურად ვერ წარმომიდგენია ამდენ სხვადასხვა საქმეს დავით იაკობაშვილის სიხშირით იწყებდე და თითოეულს თხემით ტერფამდე იცნობდე.
კვების მრეწველობა, სასარგებლო წიაღისეული, ავტობიზნესი, უძრავი ქონება, საბანკო სფერო, ენერგეტიკა, ახალი ტექნოლოგიები, ნედლეული, გართობის ინდუსტრია – ეს არასრული ჩამონათვალია მისი თანამონაწილეობით დაარსებული კომპანიების სამოქმედო არეალისა.
ანტრეპრენიორული საქმიანობისადმი ამგვარი დამოკიდებულება სრულ კონტრასტში მოდის ბიზნესის სახელმძღვანელოების მთავარ პოსტულატთან – “კონცენტრირება მოახდინე საქმეზე, რომელიც ყველაზე უკეთ იცი” (ზუსტად ეს ჰიპოთეზა გაიმეორა თემურ ჭყონიამ Forbes Georgia-ს თებერვლის ნომერში). მაგრამ დავით იაკობაშვილის ინტერესები მრავალფეროვანი და ყოველგვარი გამაერთიანებელი პრინციპისაგან დაცლილია.
“სოფლის მეურნეობაში ძალიან კარგად ვერკვევი, კაზინოშიც ვერკვევი, ბანკში კარგად ვერკვევი, წარმოების აწყობა შემიძლია… მშენებლობა, უძრავი ქონება… უძრავ ქონებაზე ახლაც ვმუშაობ, აქაც [მონაკოში], რუსეთშიც და ლონდონშიც. უძრავი ქონება საინტერესოა – ყიდვა, რეკონსტრუქცია და გაყიდვა. საერთოდ კი მე არ შემიძლია გამოვარჩიო ერთი ბიზნესი მეორისგან. თუ ერთ რაღაცას უყურადღებოდ დატოვებ, მეორესაც დაკარგავ”, – ამბობს დავით იაკობაშვილი. მაგრამ მის სამეწარმეო ბიოგრაფიაში ერთ, სწორედ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ კომპანიას მაინც გამორჩეული ადგილი უკავია. მიხვდებოდით, საუბარია “ვიმ-ბილ-დანზე”, რომელიც, უდავოდ, მისი მთავარი თვისების ლოგოტიპია – იმ თვისებისა, რომელიც მას პრივატიზაციის ეპოქის რუსეთში საქმიანობის წამომწყები სხვა მრავალი ბიზნესმენისაგან გამოარჩევს.
შევთანხმდეთ: კომპლექტი “მშვიდი, თავდაჯერებული, გაბედული” – პროგრამა მინიმუმია, ხოლო თვისება, რომელსაც “შემოქმედებით აზროვნებად” მოიხსენიებენ (“კრეატიულობის” ტერმინით რომ დამკვიდრდა თანამედროვე ბიზნესლექსიკონში) და ამავდროულად გრძელვადიან პერსპექტივაში მოვლენების განჭვრეტის უნარი, მაშინაც კი, როცა ყველა ტექნიკური მაჩვენებელი მიზნის საწინააღმდეგოდ მეტყველებს, სულ სხვა განზომილებაა. რაღა თქმა უნდა, აქ საუბარი არ არის მხოლოდ იმ ბანალურ ფაქტზე, რომ დავით იაკობაშვილი მრავალი, ერთმანეთისაგან დიამეტრულად განსხვავებული და გრძელვადიან პერსპექტივაში მოგებიანი კომპანიის შემოქმედი გახდა. მთავარი დამსახურება სულ სხვაა: კომპანია “ვიმ-ბილ-დანმა”, რომელმაც 2002 წელს აქციების პირველადი საჯარო განთავსება ნიუ-იორკის ბირჟაზე განახორციელა, რუსეთში “ბიზნესის” ცნება სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა: იგი გახდა სასურსათო მრეწველობაში მოქმედი პირველი კომპანია რუსეთის მასშტაბით, რომელმაც აქციების საჯარო განთავსება მოახერხა, მსოფლიოს უდიდესი ბრენდების კონკურენციას გაუძლო და უპრეცედენტოდ სარფიანი გაყიდვით დააგვირგვინა საკუთარი დამოუკიდებელი არსებობა. “ამ დღეს ნათელი გახდა, რომ რუსული კაპიტალიზმი განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა: სამომხმარებლო კომპანიამ შეძლო ისეთივე მიმზიდველი გამხდარიყო, როგორიც ნედლეულია” – მსგავსი პასაჟებით აჭრელდა მაშინ რუსეთის ბიზნესპრესა და ეს გარღვევა სწორედ ტექნიკური ანალიზის მაჩვენებლების წინააღმდეგ გაკეთებული ფსონითა და “შემოქმედებითი უმოქმედობით” მოხდა, თუმცა ამაზე მოგვიანებით.
“ჯერ ვისადილოთ და მერე საქმე, აქ კარგი მზარეული ჰყავთ”, – გვეუბნება მსოფლიოს ყველაზე მდიდართა რეიტინგში 1372-ე ადგილზე მყოფი ბიზნესმენი (უკანასკნელი წლის განმავლობაში მან თავის ქონებას $250 მილიონი შემატა) და საჭეს იაპონური ბაღის გვერდით მდებარე პატარა, მყუდრო იტალიური კაფესკენ ატრიალებს – “ეს ჩემი ცოლის მანქანაა, ისე აქ სულ მოტოციკლით დავდივარ. საცობებში ხელსაყრელია, თანაც ‘მევასება’”. უკანასკნელ სიტყვას რაღაცნაირად გამოთქვამს – ჟარგონისთვის სახასიათო ბარბარიზმული რიხით კი არა, პირიქით – სიტყვისთვის უჩვეულო არისტოკრატიულობით, რბილად და ირონიით, თითქოს მსმენელებისა და მკითხველებისთვის “თვალის ჩაკვრას” ცდილობდეს.
მონაკოს სტანდარტებით ისეთივე მოკრძალებულ იტალიურ კაფეში, როგორიც A კლასის მერსედესია, დავით იაკობაშვილს ყველა მიმტანი იცნობს და ისიც არ იშურებს მოკითხვებს გამართული ფრანგულით, თან შეკვეთასაც აძლევს – დასაწყისისთვის არტიშოკის სალათი და პასტა ზღვის პროდუქტებით. მგონია, ინტერვიუ რუსულად წარიმართება, მაგრამ ბავშვობის შესახებ კითხვის დასმისთანავე იგი ისე უეცრად იწყებს ამბის მოყოლას (დარბაისლური ქართულით, რომელსაც მსუბუქი “პლეხანოვური” შიბოლეთი დაჰკრავს), რომ დიქტოფონის მომართვას ძლივს ვასწრებ. ბიზნესმენი საქართველოში გატარებულ ახალგაზრდობაზე მშვიდად, ნელა, მაგრამ ისე ლაღად და დეტალურად საუბრობს, რომ ცოტა ხნით “საქმე” მართლა მავიწყდება. შუალედებში პაუზას აკეთებს და ღიმილით გვეუბნება – “მიირთვით, გადაიღეთ, გემრიელია”. დავით იაკობაშვილის სიყმაწვილის ამბავი დესერტამდე გასტანს.
ზარმაცი მგელი და სამი გოჭი
დავით იაკობაშვილის მშობლების თავგადასავალი ისეა ჩაწნული საბჭოთა კავშირის გარიჟრაჟზე განვითარებულ ისტორიულ მოვლენებში, რომ მამამისის, მიხეილ იაკობაშვილის ოჯახური დრამის გარშემო საშუალო დონის რეჟისორიც კი მთელი ეპოქის სრულყოფილად ასახვას შეძლებდა.
1919 წელს დავით იაკობაშვილის ბაბუა სტამბულში გაექცა კომუნისტებს, რადგან მთელი ქონება ჩამოართვეს: “ბიზნესში იყო კაცი, პირველი მსოფლიო ომის დროს რუსეთის არმიას ამარაგებდა”. 1923 წელს ოჯახი რუსეთში დაბრუნდა.
“ორჯონიკიძე ეხმარებოდა ჩემს ოჯახს, რადგან მანამდე ბაბუაჩემი დაეხმარა მას, ქუთაისში, – ამბობს იგი. – მამაჩემი ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სავაჭრო ფლოტის ერთ-ერთ გემზე, მთავარ მექანიკოსად მოეწყო სამუშაოდ. გემი ლენინგრადიდან – ლონდონში და ნიუ-იორკში დაცურავდა. კარგად ცხოვრობდა, რადგან იქიდან ბევრი რამის ჩამოტანა შეეძლო”.
ასე გაგრძელდა 1938 წლამდე. სერგო ორჯონიკიძის სიკვდილის შემდეგ დავით იაკობაშვილის მამა და ბაბუა დააპატიმრეს. მამამ 8 წელიწადი – მთელი მეორე მსოფლიო ომის პერიოდი – პატიმრობაში გაატარა და ჯარს იმით გადაურჩა, რომ ასტრახანში, კოლონიაში ამუშავებდნენ.
დავითის დედის ოჯახი იმავე დროს წავიდა მოსკოვში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დავითის დედა, სტუდენტი, დღისით “სამტრესტის” ღვინის ქარხანაში მუშაობდა, ხოლო საღამოს, შენობების სახურავზე, თანატოლებთან ერთად გერმანული ფუგასური ნაღმებისგან გაჩენილ ცეცხლს აქრობდა.
საბოლოოდ, ორმოციანი წლების მიწურულს, დავით იაკობაშვილის დედ-მამა საქართველოში დასახლდა.
“მე 1957 წელს დავიბადე, მყავს და. უფროსი ძმაც მყავდა, მაგრამ ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა, – ამბობს იგი და მოკლე პაუზის შემდეგ ისევ მხიარულად განაგრძობს, – თბილისში 25-ე სკოლაში ვსწავლობდი, ბიოლოგიური სკოლა იყო. მერე 42-ე სკოლაში გადავედი, ფიზიკა-
მათემატიკურ სკოლაში. კარგად დავამთავრე. მათემატიკა ძალიან კარგად მეხერხებოდა”.
სკოლა კი წარჩინებით დაამთავრა, მაგრამ მერე ცხოვრება ისე აეწყო, რომ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი ატესტატი საერთოდ ვერ მიიღო. ძალიან უნდოდა МГИМО-ში (საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ჩაბარება, მაგრამ ქართული გვარის გამო “არ გამოდიოდა მაშინ ასე”. შემდეგ ბიოლოგიურ ინსტიტუტში სურდა საბუთების შეტანა, საბოლოოდ კი თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩაირიცხა, სამშენებლო ფაკულტეტზე: “‘გეპეი’ არ დამიმთავრებია, რადგან ოჯახი ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, რომ აუცილებლად უნდა მემუშავა. ღამით მეტრომშენში ვმუშაობდი, დღისით – მეტალურგიულ ინსტიტუტში, ლაბორატორიაში. არა, შემეძლო უმაღლესი დამემთავრებინა, მაგრამ ზარმაცი ვიყავი”, – ამბობს დანანებით. ვხვდები, რომ ენაზე მომდგარი კითხვა “კი მაგრამ, როდისღა?!” არ უნდა დავსვა. ბიზნესმენი, რომელსაც საკუთარი დრო წლის წინსწრებით არათუ დღიურად, არამედ საათობრივად აქვს გაწერილ-განაწილებული, ძალიან მშრალ და იმდენად დეტალურ პასუხს გამცემს, რომ მისი ამ ემოციური მუხტის დაკარგვა და “რიცხვების” გაყინულ სამყაროში შესვლა ჯერ ხელს არ მაძლევს: “წელიწადში 200 დღეს მოსკოვში ვატარებ, ხოლო 165-ს პლუს-მინუს ორი დღე – მონაკოში, ოჯახთან”, – მოგვიანებით მეტყვის იგი (ინტერვიუს შემდეგ კი ნიუ-იორკში გასაფრენად გამზადებული თავისი პირადი თვითმფრინავისკენ მიეჩქარება. ინტერვიუს დრო მკაფიოდ გვაქვს რეგლამენტირებული – ორი საათი).
თუკი დავითის მშობლების სიყმაწვილე საბჭოთა კავშირის აღზევების მტკიცე აკორდებს მისდევს, თავად მისი ახალგაზრდობა კომუნისტური უტოპიის “გედის სიმღერის” – ერთდროულად მძიმე და ჰაეროვან – უკანასკნელ ტაქტებს აყოლებს ფეხს.
ტინეიჯერობის ასაკმილეული დავით იაკობაშვილი “ვოენტორგში”, ჩანაწერების სტუდიაში შოულობს სამსახურს: “მეხერხებოდა რადიოტექნიკისა და მაგნიტოფონების შეკეთება და დავიწყე მათი რემონტი. მუსიკალურ ჩანაწერებსაც ვამუშავებდი. ძალიან კარგი სამსახური იყო, კაი ფულს ვშოულობდი, ჩემი თუმანი-დღეში მქონდა”. “ღამეში-თუმანს” კი მეტრომშენში აძლევდნენ; 60-80 მანეთამდე მეტალურგიურ ინსტიტუტში შოულობდა. ვერაფერს იტყვი, მართლა კარგი ფული იყო მაშინ, როცა საშუალო ხელფასი 120 მანეთით განისაზღვრებოდა.
“მერე შემოვიდა ვიდეოჩანაწერები, ვიდეოაპარატურა. იმაზეც ვმუშაობდი. პრინციპში, ეს ყველაფერი აკრძალული იყო. რადიოს რემონტში რომ ამეღო სამი მანეთი და ვიღაცას დავეჭირე, სამწლიანი პატიმრობა მქონდა გარანტირებული. რისკი იყო, მაგრამ ვაკეთებდი. ეს გახლდათ ჩემი ხელოვნება და ხელობა”, – ამბობს სიცილით და მთელ ამ “ძელეცურ” დავიდარაბაში აშკარად თავის საყვარელ მომენტს უახლოვდება – პირველი ბიზნესის ამბავს, რომლის მოსმენისას სიცილს უკვე ვეღარავინ იკავებს (სიცილს ვინ ჩივის, კრევეტის იმხელა ნაჭერი გადამცდა, თვალწინ მთელმა ჩემმა მოკლე ცხოვრებამ თუ არა, გრძელმა სათაურმა მაინც გადამირბინა – “Forbes-ის აღმასრულებელი რედაქტორი მილიარდერის მიწოდებული ლუკმით დაიხრჩო”).
ხომ ამბობენ, იმ დროს ხელის გაუსვრელად ფულს ვერ იშოვიდიო? ჰოდა, წარმოიდგინეთ სცენა: გმირთა მოედანზე – სიცხეში, საცობში, მანქანებს შორის სამი ზორბა ღორი თავქუდმოგლეჯილი გარბის. ღორებს “სვეცკურად” ჩაცმულ-დახურული ორი ახალგაზრდა მისდევს. აბა, როგორ, თითო ღორი – ასი კილო. ერთი კილო ღორის ხორცი – 3 მანეთი და 50 კაპიკი.
“ჩემი მეგობრის, ვაჟა ბუღაძის დახმარებით სიგნალიზაციების დაყენების შეკვეთებს ვიღებდი არასაუწყებო დაცვისთვის. ამ დროს მინისტრმა მიიღო განკარგულება, რომ თანამშრომლებისთვის შეიძლება გოჭების გაცემა გამოსაზრდელად. ჩემს მეგობარს, ვასიკო ბარნოვს, ჰყავდა მეგობარი ოჯახი წყნეთში და იქ მოვამზადეთ ეზო გოჭებისთვის. ავიყვანეთ ორასი გოჭი. ასი იქვე გარდაიცვალა. მაგრად ვიდარდეთ. 011 მარკის “ჟიგული” მყავდა და რესტორნებში, სადაც შეიძლებოდა, ყველგან ვაგროვებდით ღორებისთვის საჭმელს. დღე არ იყო, რომ წყნეთში ნარჩენებით სავსე მანქანით არ ავსულიყავით”.
შრომამ შედეგი გამოიღო – წელიწად-ნახევარში უკვე სამასამდე გამრავლებული 100-კილოიანი ღორი, სამ მაღალბორტიან მანქანაზე მოთავსებული, უკვე ჩაბარების გზაზე და – ჰოი, უბედურებავ!
ათასი მანეთი გარბის!
“მე და ვასიკო მივსდევთ. თეთრ შარვალ-პერანგებში ვართ, ზაფხულია, სიცხეა. ყველა გაჩერებულია. დავიჭირეთ და ეს ასკილოიანი ღორები, სამივე ქვემოდან ავისროლეთ ბორტზე”.
“გმირობა გმირთა მოედანზე”, – ჩაერთო საუბარში ნიკო მჭედლიშვილი, Petrocas Energy Group-ის ვიცე-პრეზიდენტი მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. ამ ხუმრობამ დავით იაკობაშვილი კიდევ უფრო გაახალისა, – “ძალიან დავისვარეთ. სამაგიეროდ, ჩავაბარეთ და კარგი ფული ვიშოვეთ მაშინ. ასე ვმუშაობდი”.
მერე საბჭოთა კავშირიდან წასვლა გადაწყვიტა: “იქ რა გამეკეთებინა? რემონტი, რაღაცას გააკეთებ ნაცნობობით, მეტი არაფერი”.
ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ ქვეყნიდან გასვლის უფლება მისცეს და 1987 წლის 14 მარტს დავით იაკობაშვილი ფინეთში გაემგზავრა. თავიდან უჭირდა, მრეცხავად მუშაობდა, შემდეგ კი ემიგრანტს ბედმა კვლავ გაუღიმა: “მძღოლად დავიწყე მუშაობა. იაპონელ ჟურნალისტებს ვემსახურებოდი, ფინეთში დავატარებდი. ვაჩვენებდი, რას ჭამენ ფინელები. უფასოდ ვჭამდი და 200 ფინური მარკა მქონდა დღეში. ეს ჩემთვის სამოთხე იყო – Paradise!”
თუმცა დავით იაკობაშვილს შვედეთზე ეჭირა თვალი: “შვედეთში ისეთები იყვნენ, როგორიც მე, რაღაცის აშენებაზე, გაკეთებაზე, დაწყებაზე ფიქრობდნენ”. 1987 წლის 9 სექტემბერს იგი სტოკჰოლმში მიემგზავრება და თავშესაფარს ითხოვს. სამ თვეში რეზიდენტის სტატუსს იღებს; დღისით ენას სწავლობს, ღამით კი “მანქანით დაატარებს ხალხს”.
Back in USSR
იაკობაშვილს დიდი ბაზარი სჭირდებოდა. კოოპერატივების ეპოქის რუსეთი საუკეთესო ადგილი იყო სამეწარმეო ჟინით შეპყრობილი self-made ადამიანისთვის, ვინც წვრილი ლოკალური წარმატებებით არ კმაყოფილდებოდა; ვინც ფართოდ აზროვნებდა; ვისთვისაც სიცოცხლე იყო არა უბრალოდ გადარჩენისთვის ბრძოლა, არამედ ბევრი მოგებული და წაგებული ბრძოლის დამტევი ფართომასშტაბიანი ომი; ვისთვისაც “სამყაროც არ იყო საკმარისი”.
თვალსა და ხელს შუა იბადებოდა ახალი იმპერია ახალი წარჩინებულებით, იწერებოდა ახალი ისტორია სრულიად ქათქათა ფურცელზე, ახალი ისტორიის დასაწერი კალმები კი ისევე ეყარა ქუჩაში, როგორც საბჭოთა იმპერიის დაბადების დროს “ძალაუფლება ეგდო ქუჩაში” – თავად ვლადიმირ ილიჩს რომ დავესესხოთ. ვინც მოასწრებდა ახალი, უკვე კაპიტალისტური ისტორიის საწერი კალმით შეიარაღებას, ის მახვილის ასხლეტასაც შეძლებდა.
აღსანიშნავია, რომ დავით იაკობაშვილის მიერ შვილივით გამოზრდილი კომპანია, “ვიმ-ბილ-დანი”, რუსეთის უდიდეს ბიზნესთაგან იმ ცოტაოდენის თვალსაჩინო მაგალითია, რომელიც არა საბჭოთა სახელმწიფოს საკუთრების რედისტრიბუციის შედეგად მოპოვებული აქტივებით, არამედ დამოუკიდებლად, როგორც იტყვიან, “სკრეტჩიდან” – სუფთა ფურცლიდან დაიწყო.
1992 წელს $50-ათასიანი კრედიტითა და იჯარით აღებული საწარმოო ხაზით სულშთაბერილი საქმე 20 წელიწადში 36 საწარმომდე გაფართოვდა, სადაც ჩამოსხმული რძის ნაწარმი, წვენები და მინერალური წყლები – რუსეთისა და დსთ-ის ქვეყნების 25 ქალაქში მიმობნეული სავაჭრო ცენტრების საშუალებით – მსოფლიო ბაზარს მოედო. კომპანია აწარმოებდა ცნობილ სამარკო ნიშნებს: J7-ს, 100% Gold Premium-ს, Любимый сад-ს, Домик в деревне-ს, Весёлый молочник-ს, Агуша-ს და ა.შ. – ჯამში, რძის პროდუქტების 1000-ზე
მეტ დასახელებას, 150 დასახელების წვენსა და გაზიან სასმელს. გეომეტრიული პროგრესიით გაფართოებულმა “ვიმ-ბილ-დანმა”, 2002 წელს აქციების პირველადი საჯარო განთავსება ნიუ-იორკის ბირჟაზე განახორციელა და პირველ რუსულ სასურსათო კომპანიად იქცა, რომელმაც IPO ჩაატარა. განთავსების დროს კომპანია $830 მილიონად შეფასდა, ხოლო დაახლოებით 10 წელიწადში, როცა PepsiCo-მ “ვიმ-ბილ-დანი” საბოლოოდ შეისყიდა, კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია $5,7 მილიარდს შეადგენდა… თუმცა “ვიმ-ბილ-დანამდე” – რუსეთის კაპიტალისტურ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბიზნესკეისის დამწერ კომპანიამდე – ჯერ ადრეა.
ჯერ 1987 წელი დგას და, მართალია, დიდი გეგმებით, მაგრამ პატარა ქონებით რუსეთში დაბრუნებული დავით იაკობაშვილი ალბათ მაშინ ვერც კი წარმოიდგენს, რომ ოდესმე ამხელა ინდუსტრიის 10,5%-იანი
წილის მფლობელი იქნება. 1987 წელს მას არაფერი გააჩნია, გარდა ამბიციისა და თითო-ოროლა უცხოური სახელისა სატელეფონო წიგნაკში. ამ დროს იგი ლენინგრადში ჩადის და ხის ნაწარმზე იწყებს მუშაობას. დასაწყისი მოკრძალებულია: ხე-ტყის მასალა რუსეთიდან შვედეთსა და ფინეთში გადიოდა. “ხის მასალა გავყიდე 88-ში, ცოტა ფული ვიშოვე და 14 ათას მარკად ხუთი წლის მერსედესი ვიყიდე”, – იხსენებს ბიზნესმენი.
ლენინგრადიდან იაკობაშვილი, ახალი საქმის ძიებაში, მოსკოვისკენ გაემართა. ამავე პერიოდში გაიცნო ბიზნესპარტნიორი, რომელთან ერთადაც აზარტული თამაშების კომპლექსს, “ჩერის”, ააშენებს და, რაც მთავარია, სწორედ მაშინ მიმართავენ მას საქმიანი წინადადებით ძველი მეგობრები – პაველ დუდნიკოვი და ევგენი იაროსლავსკი, რომელთაც ერთი წლით ადრე დაეარსებინათ სილამაზის სალონი “ჟენშენი” – ერთ-ერთი პირველი კოოპერატივი რუსეთში. სიყმაწვილის მეგობრები მას საქმეში შესვლას შესთავაზებენ. დუდნიკოვის, იაროსლავსკის, იაკობაშვილისა და რამდენიმე სხვა მეგობრის პარტნიორული ჯგუფი გახდება ის ბირთვი, რომლის ორბიტის გარშემოც დიდი და მცირე პლანეტებივით დატრიალდება კომპანიების მთელი პლეადა.
თუმცა პირველ შემოსავალთან ერთად პირველმა პრობლემებმაც იჩინა თავი – პარაზიტებმა ფული იყნოსეს: “ერთი ქართველი იყო, მაგარი კონფლიქტი მომივიდა. მანქანის წართმევა უნდოდა. მაგას “საქმის გასარჩევად” მთელი ამალა მოჰყვა, ჩემთან კი ჩემი ორი მეგობარი იყო. ჩვენ სამნი მივედით, ისინი თხუთმეტნი. გასაგიჟებელია, მანქანის გულისთვის მთელი ცხოვრება შეიძლება აგრეოდა”.
თუმცა შემოსავლის ეკვივალენტურად მზარდ საფრთხეებს დავით იაკობაშვილი არ ეპუებოდა და მეგობრებთან ერთად ახალ-ახალი საქმეების წამოწყებას განაგრძობდა.
“ყველაფერში ვმუშაობდით, რა უნდა გვექნა. რესურსი არ გვქონდა. ვიცნობდი ვიღაცებს, მაგრამ ‘კომუნისტური პარტიის ფული’ ჩვენ არ გვქონდა. ყველაფერს მოვედეთ. ავტობუსი ვიქირავეთ – ტურისტები რომ ელოდებოდნენ რეისს “შერემეტიევოში”, დოლარს ვიღებდით და მოსკოვში დაგვყავდა ექსკურსიაზე. დაწვეს ჩვენი ავტობუსი ვიღაცებმა, მაგრამ მერე მაგათი ავტობუსიც დაიწვა, შემთხვევით, ეტყობა, ღმერთიც ჩვენ მხარეს იყო, – ამბობს სიცილით. – მერე გემი ვიქირავეთ, “მოსკვა-რეკაზე”, პორტში იდგა, სასტუმროდ გადავაკეთეთ და კარგ შემოსავალს იძლეოდა. იმდენი ბიზნესი გვქონდა, აღარც მახსოვს: ჯინსებს ვყიდდით, ქირითაც გვქონდა მაღაზიები აღებული”. ამასობაში ხის მასალის ბიზნესი ავეჯისაში გადაიზარდა. ბიზნესპარტნიორებმა ავეჯით უზრუნველყვეს სასტუმრო “მეტროპოლი”. ამ საქმეში იაკობაშვილს შვედი მეგობარი დაეხმარა. სხვათა შორის, იაკობაშვილის, დუდნიკოვისა და იაროსლავსკის გუნდის ენთუზიაზმმა, ერთიანობამ და განუყოფელობამ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა შვედ პარტნიორზე, რომ სწორედ მან წამოიძახა ახლო მომავალში სამეულის მიერ დაარსებული კომპანიის სახელი – Trinity! (ინგ. “წმინდა სამება”)
“ტრინიტის” პირველი დიდი ბიზნესი “ჟიგულებით”, “მოსკვიჩებითა” და “ვოლგებით” გადაჭედილ ქალაქში ამერიკული ავტომობილების შემოყვანა იყო. მარტივად არ წასულა საქმე, თავადაც კი უწევდათ ფინეთიდან მომავალი ავტომზიდის საჭესთან ჯდომა – “ჩამოგვყავდა მანქანები ნიუ-იორკიდან, ატლანტიდან, სან-ფრანცისკოდან, ლოს-ანჯელესიდან. იქ ვყიდულობდით აუქციონზე და მიგვყავდა ფინეთში, ჰელსინკიში. მაშინ საბჭოთა კავშირის პასპორტით დავდიოდი, შვედური პასპორტი მხოლოდ 97-ში ავიღე. მანქანებით მომარაგებაზე მუშაობისას მივიღეთ დილერობის უფლება General Motors-ისგან და მოსკოვში, კიევში, ლენინგრადში, ტალინშიც კი გვქონდა ცენტრები. “შევროლეს” პირველი დილერები ჩვენ ვიყავით, მერე უკვე ბორის ბერეზოვსკი”.
თუმცა “ტრინიტის” მთავარი წარმატება წინ იყო. ამ პერიოდში რუსეთში უფრო შემოსავლიანი საქმე იბადებოდა – აზარტული თამაშები. სამეული აზარტული თამაშების სფეროში მომუშავე შვედურ კომპანიასა და კონცერნ “ოლბისთან” ერთად “ნოვი არბატზე” მოსკოვში უდიდესი სათამაშო კომპლექსის, “ჩერის” მშენებლობას შეუდგა. “ჩერის” ღამის კლუბი “მეტელიცა” მოჰყვა. წამოწყება იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ “მეტელიცას” მენეჯერი რუსულ Forbes-თან იმდროინდელ ინტერვიუში ამბობს: “თუ საქმე ასე გაგრძელდება, ოთხ თვეში ამოვიღებთ მთელ ჩადებულ ფულს”.
მაგრამ “ტრინიტის” ეს კოლოსალური გარღვევაც ვერ შეედრება ბიზნესპარტნიორთა სამეულის “სათადარიგო საქმედ” წამოწყებულ ბიზნესს, რომელიც 2011 წელს დავით იაკობაშვილს $600 მილიონს მოუტანს.
დავით იაკობაშვილის ყველაზე წარმატებული ბიზნესპროექტი ასე დაიბადა: “ჩერიმდე” ნახევარი წლით ადრე მას საქმიანი წინადადებით ორი ახალგაზრდა დაუკავშირდა – სერგეი პლასტინინი და მიხაილ დუბინინი. “1992 წლის 25 ნოემბერს დაიწყეს წვენების წარმოება, შეექმნათ პრობლემები – ვიღაცები უფლებას არ აძლევდნენ, ვიღაცები ‘აწვებოდნენ’” ,– ამბობს იაკობაშვილი.
თუმცა კრიმინალები ერთადერთი დაბრკოლება არ ყოფილა “ვიმ-ბილ-დანის” წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. 2009 წელს Forbes-ის რუსული გამოცემა წერდა: “’ვიმ-ბილ-დანის’ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, დავით იაკობაშვილი, პირველად გადააწყდა სერიოზულ სირთულეებს საკუთარ ძირითად ბიზნესში. რუსულ სასურსათო მრეწველობაში უმსხვილესი კომპანიის საკვანძო მაჩვენებლები გაუარესდა, მისი ბრენდები სულ უფრო ნაკლებად თავდაჯერებულნი არიან ბაზარზე. ბიზნესიდან გადიან ძველი პარტნიორები. ნუთუ 46 წლის დავით იაკობაშვილმა – რუსეთის ერთ-ერთმა ყველაზე იღბლიანმა მეწარმემ – დაკარგა ნიჭი ოქროდ გადააქციოს ყველაფერი, რასაც ეხება?”
ჟურნალისტი რუსეთის საფონდო ინდექსის 140%-იანი ზრდის ფონზე “ვიმ-ბილ-დანის” აქციების 5%-ით გაიაფებას, ბაზარზე ძლიერი კონკურენტების, Danone-სა და Ehrmann-ის, მოძლიერებასა და იმავე Danone-სთვის კომპანიის მიყიდვის ჩაშლილ მოლაპარაკებას იშველიებდა არგუმენტად. დასკვნა პესიმისტური იყო: “ჟინი და გამბედაობა – თვისებები, რომლებიც 1990-იანი წლების დასაწყისში მილიონების გამომუშავებაში დაგეხმარებოდა, დღეს გზას უთმობს პროფესიულ მენეჯმენტს და ცოდნას, თუ როგორ დამკვიდრდე გარკვეულ საბაზრო ნიშებში. ბაზარზე უბრალოდ დეფიციტური პროდუქტით გასვლა უკვე ცოტაა, საჭიროა საგულდაგულოდ შეიმუშაო ბიზნესგეგმა, ჩადო მილიონობით დოლარი მარკეტინგში, ააგო სადისტრიბუციო ქსელი, მკაფიოდ გააკონტროლო ადმინისტრაციული ხარვეზები და საწარმოო პროცესი. შეუძლიათ კი ამგვარი მუშაობა დავით იაკობაშვილსა და მის პარტნიორებს?”
სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, Forbes-ი ალბათ ისე არასდროს შემცდარა საკუთარ შეფასებებში, როგორც იაკობაშვილის შემთხვევაში. როგორც დასაწყისში აღინიშნა – სიმშვიდე, თავდაჯერებულობა და გამბედაობა პროგრამა მინიმუმია. სულ სხვა საქმეა გრძელვადიან პერსპექტივაში მიზნის დანახვის უნარი (თუნდაც ტექნიკური მაჩვენებლების საწინააღმდეგოდ), ყნოსვა და ალღო, რომლითაც ასე გულუხვად დააჯილდოვა ბუნებამ ბიზნესმენი.
პესიმისტური პროგნოზების სტატიის დაწერის დღიდან გასულმა წელიწად-ნახევარმა თვალნათლივ აჩვენა, რომ Danone-ისთვის – რომელიც 2010 წლისთვის კომპანიის აქციების 18,4%-ს უკვე ფლობდა – “ვიმ-ბილ-დანის” მიყიდვის მოლაპარაკების წარმატებით დაგვირგვინება, გრძელვადიან პერსპექტივაში, საოცრად წარუმატებელი გადაწყვეტილება იქნებოდა – აქციონერები ასობით მილიონი დოლარით მეტის გამომუშავების შანსს ქარს გაატანდნენ. ხოლო ფინანსური ექსპერტებისა და Forbes-ის ანალიტიკოსების პროგნოზების წინააღმდეგ გაკეთებულმა ფსონმა დავით იაკობაშვილს პირდაპირ Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში უკრა თავი.
“როცა Danone-ის მიერ ბირჟაზე შეძენილი ჩვენი აქციები უკანვე გამოვისყიდეთ, ერთ აქციაში $28 გადავიხადეთ, მაშინ როცა დანონმა $22-ად შეიძინა. ცოტათი მოიგეს. მაგრამ ზუსტად ექვს თვეში ერთი აქცია $132-ად მივყიდეთ PepsiCo-ს –სიცილით ამბობს დავით იაკობაშვილი და თან მიმტანს ნაყინს უკვეთს. – კინაღამ გადაირივნენ Danone-ში!”
რუსული საფონდო ინდექსის ზრდის პირობებში “ვიმ-ბილ-დანის” აქციებზე ფასის მცირე ვარდნა რა ბედენაა, როცა სულ რამდენიმე საათში, მას შემდეგ, რაც PepsiCo-მ “ვიმ-ბილ-დანის” შესყიდვის გეგმა გაამჟღავნა, რუსულ ბირჟებზე კომპანიის აქციები 30%-ით გაძვირდა.
აი, მოთმინებითა და მიზანდასახულობით გამომუშავებული ნამდვილი წარმატება: პირველ ეტაპზე აქციათა 66%-იან პაკეტში PepsiCo-მ $3,8 მილიარდი გადაიხადა, ხოლო საბოლოოდ მთლიანი კომპანიის კაპიტალიზაციამ $5,7 მილიარდი შეადგინა, საიდანაც დავით იაკობაშვილს თავისი “მოკრძალებული” 10,5%, ანუ $600-მილიონზე მეტი ერგებოდა.
მართალია, არ არის ცნობილი Danone-თან ჩაშლილი მოლაპარაკების დეტალები, მაგრამ თუკი საორიენტაციო ფასად იმ $22-ს ავიღებთ, რა ფასიც ფრანგულმა გიგანტმა ნიუ-იორკის ბირჟაზე 2001 წელს “ვიმ-ბილ-დანის” ერთ აქციაში გადაიხადა 18,5%-იანი პაკეტის შესასყიდად, გამოდის, Danone-ისთვის კომპანიის მიყიდვის შემთხვევაში, საეჭვოა, რომ “ვიმ-ბილ-დანის” საერთო კაპიტალიზაცია $900 მილიონს ასცდენოდა. ეს დავით იაკობაშვილის პირად მოგებას მკვეთრად შეამცირებდა.
Georgia On His Mind
საქართველოში დავით იაკობაშვილის კომპანიებში 3 ათასი ადამიანია დასაქმებული, ინვესტიციების საერთო რაოდენობა $200 მილიონს აღწევს, ხოლო გადასახადების სახით მისმა კომპანიებმა მხოლოდ შარშან 60 მილიონი ლარი შემატეს ქვეყნის ბიუჯეტს.
“ვიმ-ბილ-დანის” გაყიდვით მიღებული მოგების საკმაოდ სოლიდური ნაწილი დავით იაკობაშვილმა 2011 წლის ზაფხულში, ჯერ კიდევ სტარტაპ Petrocas Energy Group-ში დააბანდა და მისი სტრატეგიული ინვესტორი გახდა. ამ კომპანიას იგი ბოლო დროის ერთ-ერთ საინტერესო ბიზნესპროექტად მიიჩნევს. “პეტროკასის” ერთ-ერთი ბრენდი, “გალფ ოილ ინტერნეიშენალი”, 140 ბენზინგასამართ სადგურს ამუშავებს რეგიონში. “პეტროკასი” აგრეთვე განაგებს ორ ნავთობტერმინალს ფოთში. 2012 წლის ზაფხულს, მას შემდეგ, რაც იაკობაშვილი ძირითადი აქციონერი გახდა, Petrocas Energy Group-ი რეგიონის ერთ-ერთ მზარდ ჯგუფად მოგვევლინა.
“მეტსაც გავაკეთებდი, თუ სათანადო გარემო იქნება” – ამბობს იაკობაშვილი და “გარემოს” ხსენების მიზეზს, რა თქმა უნდა, ვხვდები – იაკობაშვილის მიერ შეძენილი საქართველოში მოქმედი კომპანიების აქტივები, რომლებიც მანამდე დავით კეზერაშვილს – საქართველოს შემოსავლების სამსახურის ყოფილ უფროსსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს – ეკუთვნოდა, კეზერაშვილის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით, გარკვეულ ყურადღებას იპყრობს; დავით იაკობაშვილისთვის კი ქონებაზე მნიშვნელოვანი – პატიოსანი სახელია, რომლის შექმნასაც ათეულობით წელი მოანდომა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ საქმე 2013 წელს აღიძრა, ერთი წლის შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურმა გუნდა გაიმარჯვა. ამიტომ სანამ კეზერაშვილს შევეხებოდით, იაკობაშვილს მისი და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობაზე ვკითხე.
“ივანიშვილი იმ დროს გავიცანი, როცა რუსეთში პირველ ბიზნესნაბიჯებს დგამდა. მე ჩამომქონდა კომპიუტერები და ბიძინა და მალკინი ყიდდნენ. პარტნიორული ურთიერთობა გვქონდა – “რუსული კრედიტი” როცა შეიქმნა, ახლოს ვიყავით, პოზიტიური პარტნიორობა იყო. მაშინ დროც სხვა იყო, ჩვენც სულ სხვა ხალხი ვიყავით – მაშინ ყველაფერი უფრო ადვილად წყდებოდა, – ამბობს იაკობაშვილი, რომელიც ივანიშვილს გაპრემიერების შემდეგ სულ ორჯერ შეხვდა – მათ შორის დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე.
რაც შეეხება დავით კეზერაშვილს, ბიზნესმენმა იგი 2005 წელს გაიცნო, თუმცა მათი ბიზნესპარტნიორობა კეზერაშვილის მთავრობიდან წამოსვლის შემდეგ დაიწყო. 2011 წელს, მას შემდეგ, რაც იაკობაშვილი Petrocas Energy Group-ის სტრატეგიული ინვესტორი გახდა, მას კეზერაშვილთან – მინორიტარ პარტნიორთან – ჰქონდა ერთი პრინციპული შეთანხმება: ბიზნესის არანაირი შეხება პოლიტიკასთან.
დავით იაკობაშვილს პოლიტიკისგან თავი ყოველთვის შორს ეჭირა: “ძალიან პოლიტიზებულია ყველაფერი. რატომ? – არ ვიცი. ყველას ჰგონია, რომ ვიღაცა ‘პოზიციას’ ეხმარება, ვიღაცა ოპოზიციას. არავინ არავის ეხმარება. ბიზნესი – ბიზნესია. შეეშვან და მისცენ განვითარების უფლება… არ გამოდის პოლიტიკა და ბიზნესი ერთად. მე არ მაინტერესებს ეს ყველაფერი. საშუალებას თუ მომცემენ, გავაკეთებ ყველაფერს. მე ჩემი პატრიოტული გრძნობა მაქვს”, – ჩვეული სიმშვიდით მეუბნება იგი.
გასაკეთებელი საქმე კი ნამდვილად გამოიძებნება. დავით იაკობაშვილი საქართველოსთვის ყველაზე დიდ პოტენციალს ენერგეტიკისა და ტრანსპორტირების სფეროებში ხედავს, მაგრამ მისი აზრით – “რეგიონალურ ჭრილში ქართული ბიზნესინტერესები ამ სფეროებში ხუთბალიანი სკალის სამოსანია”. როცა “5-იანის მიღების” რეცეპტს ვეკითხები, იგი კვლავ იმას იმეორებს, რომ სახელმწიფო და პოლიტიკა ბიზნესში ნაკლებად უნდა ერეოდეს, თუმცა სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ქართული ბიზნესის წარმომადგენელთა ინტერესების დაცვაზე, რაც “სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან უკუმოგებას იძლევა”. ბიზნესმენის თქმით, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სექტორში რეგიონულ მოთამაშეებს შორის დისბალანსი თვალში საცემია და ეს დისბალანსი ქართული ბიზნესჯგუფების ხარჯზე ხდება.
საქართველოში დავით იაკობაშვილის აქტივობა მხოლოდ ბიზნესით არ შემოიფარგლება. იგი მასშტაბური ფილანთროპიული საქმიანობითაც არის დაკავებული, მაგრამ კონკრეტულ პროექტებზე ლაპარაკს თავს არიდებს: “მაგაზე ლაპარაკი არ მინდა. თუ აკეთებ, ჯობია გააკეთო არა რეკლამისთვის და პიარისთვის”.
გავრცელებული ინფორმაციით, იგი აფინანსებს ახალგაზრდა თაობაში ფილოსოფიური ცოდნის გაღრმავების პროგრამას, ქართული სპორტის განვითარების ხელშეწყობის პროგრამას და ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერის პროგრამას, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიებს ნერგავენ, თუმცა ჩემთან ამაზე დუმს და მხოლოდ ზოგადი დამოკიდებულების გამოხატვით შემოიფარგლება: “განათლება ყველაზე მნიშვნელოვანია. ცხადია, უნდა დაეხმარო იმას, ვისაც ეს სჭირდება, მოხუცებს უნდა მიხედო. განათლება კი გრძელვადიანი ინვესტიციაა. განათლებაშია ის, რომ ხალხი გამოასწორებს თავის შეხედულებას, თავის აზრს. დროთა განმავლობაში ეს რაღაცას შეცვლის. რაც უფრო განათლებული ხალხი იქნება, მით უკეთ მოიფიქრებს, რა როგორ ჯობს გააკეთოს და მთავარ ამოცანასაც უპასუხებს”, – ბიზნესმენი ხვდება, რომ მისი პაუზა ძალიან მაინტრიგებს და სანამ ამოვთქვამდე კითხვას, თუ რა არის “მთავარი ამოცანა”, მპასუხობს: “რა ჯობია, ახლა დავკლათ ის წიწილა, რომელიც ოქროს კვერცხებს დადებს თუ დაველოდოთ მის გაზრდას?”
უნდა გამომეცნო. “ვიმ-ბილ-დანის” კეისის შემდეგ, უნდა გამომეცნო…
ფირფიტა ტრიალებს, მუსიკა გრძელდება
უკანასკნელი წლის განმავლობაში დავით იაკობაშვილმა საკუთარი კაპიტალი $950 მილიონიდან $1,2 მილიარდამდე გაზარდა. “ფინანსური ოპერაციები, უძრავი ქონება – რაღაც გავყიდე, რაღაც ვიყიდე”, – მეუბნება ის. ვხვდები, რომ მიმდინარე საქმეებზე ლაპარაკი არ უყვარს. არც კი უხსენებია მისი ბოლო დროის კიდევ ერთი წარმატებული სტარტაპი “ბიოენერგია”, რომელიც ტორფის მოპოვებითა და გადამუშავებით ინოვაციურ და სწრაფად მზარდ საბაზრო ნიშში – ბიოსაწვავში – მკვიდრდება. 2014 წლის დასაწყისში წარმატებით დაგვირგვინებულ $60-მილიონიან გარიგებაზეც დუმს – სწორედ ამ ფასად გაყიდა თავისი წილი ფქვილის მწარმოებელ ქარხანა «Мельничный комбинат № 4»-ში. თუმცა არ უვლის გვერდს «АФК Система»-ს თემას – იგი აქციათა მინორიტარული პაკეტის მფლობელია კორპორაციაში, რომლის მიერ მართული კომპანიებიც ტელეკომუნიკაციის, თანამედროვე ტექნოლოგიების, ნავთობქიმიურ, რადიო- და კოსმოსური ტექნოლოგიების, საბანკო და უძრავ ქონებათა ბიზნესის, სამედიცინო, და სხვა უფრო წვრილ სფეროებში ჯამში 100 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. “წელს «АФК Система»-ში ფული იყო ჩადებული. 49%-ით აიწია აქციებზე ფასმა, ახლა ისევ დაეცა, მაგრამ დროულად დავაზღვიე და არაფერი დამიკარგავს”, – მეუბნება იგი, ოფიციანტს ანგარიშის გასასწორებლად უხმობს და სადილის შემდეგ, ცოტა ხნით, იაპონურ ბაღში ფეხით გასეირნებას გვთავაზობს. ადგომამდე კიდევ ერთი კითხვის დასმას ვასწრებ – სამუშაო გრაფიკის შესახებ.
“ჩვეულებრივ ვიწყებ ათზე და ვამთავრებ ღამის თორმეტზე. მერე კიდევ შეხვედრები მაქვს. სამ საათზე მივდივარ სახლში, ათზე – ისევ სამსახურში”, – მპასუხობს დავით იაკობაშვილი.
ისევე დინჯად დადის, როგორც საუბრობს. პარკს წრეს ვარტყამთ და გზად რამდენიმე ფოტოს ვიღებთ. გადაღებისას მიკვირს, ისეთი დამყოლია. როგორც ჩანს, მწვანე გარემოში გასეირნება მას “მეორე სუნთქვას” უხსნის და თუკი მიმდინარე საქმეების თაობაზე “რაღაცა ვიყიდე, რაღაცა გავყიდე”-თი შემოიფარგლა, სამაგიეროდ სხვა ენთუზიაზმით იწყებს საუბარს საკუთარ გატაცებებზე: “მოტოციკლეტი და კარგი ამინდი. იშვიათად, მაგრამ თუ დრო მაქვს, სკუტერით დავდივარ. აქედან კორსიკას და სარდინიას მოვუარე და უკან დავბრუნდი. ჯანმრთელობა თუ ხელს შემიწყობს, აქედან სტოკჰოლმამდე მინდა წასვლა, ნაპირის გაყოლებით. აქამდე აკრძალული იყო შვედეთში კუნძულებს შორის სკუტერით სიარული, ახლა უკვე შეიძლება. ათი დღის ამბავია მაქსიმუმ აქედან იქამდე ჩასვლა”.
თუმცა მის გატაცებათა შორის საპატიო ადგილს მექანიკური საკრავების კოლექციონირება იკავებს. ინტერესი მისმა შვედმა მეგობარმა გაუღვივა, სწორედ მან, ვისთან ერთადაც “ჩერის” მოჰკიდა ხელი. შვედი ბიზნესმენი ბილ ლიდვალი თავს შეუძლოდ გრძნობდა და ეშინოდა, ადრე თუ გვიან შვილებს მისი ძვირფასი კოლექცია არ დაენაწევრებინათ და სხვადასხვა ადამიანზე გაესხვისებინათ. “მითხრა, ჯობს ბავშვებს ფული დავუტოვო და თუ მუზეუმის აშენებას გადაწყვეტ, ჩემგან იყიდე, კიდევ შემატებ ინსტრუმენტებს და საბოლოოდ კარგ კოლექციას გააკეთებო, – ამბობს დავით იაკობაშვილი. – მე მომეწონა მუზეუმის იდეა. ორღანებმა და გრამოფონებმა ბავშვობა გამახსენა. ქუჩაში რომ დადიოდნენ და უკრავდნენ ორღანს 60-იან წლებში. 5 კაპიკს ვაძლევდი ხოლმე, მახსოვს”.
იაკობაშვილის კოლექციაში სხვადასხვა უნიკალურ ინსტრუმენტს შეხვდებით. აქვს ორი ფრანგული მექანიკური ორღანი, რომლებსაც, თავის დროზე, ფრანგი მონარქები – ლუი XVII და ლუი XVIII – ფლობდნენ. ეს რარიტეტული ინსტრუმენტები მხოლოდ ერთ ეგზემპლარად არსებობს: “ბევრი ინსტრუმენტი მაქვს. 700-მდე მუსიკალური საათი, 200-მდე ჯიბის საათი, ორღანები. მაქვს პატარა მუსიკალური ყუთები, სხვადასხვა მუსიკალური ძველმანი, ბეჭდები, სათვალეები, დანები – ყველაფერი მუსიკას უკრავს. ბულბულები და “კანარეიკა” 5 ცალი; ძალიან ბევრი ფოტო, რუკები. კავკასიონის სურათები, 150 წლის წინანდელი თბილისის, ქუთაისის, კავკასიონის გზის ფოტოები…”
უსასრულოდ გააგრძელებდა ჩამოთვლას, “ჯიბის საათები” ბოლოსთვის რომ მოეტოვებინა. საათის ხსენებაზე თითქოს გამოფხიზლდაო. ორ საათში ნიუ–იორკისკენ გაფრენა აქვს დაგეგმილი. ჩვენ იაპონური ბაღის გასასვლელისაკენ მივემართებით და გზაში წარმატების მისეულ ფორმულაზე ვეკითხები: “მთავარია ოპტიმიზმი და უნდა მიაწვე და მიაწვე. მუშაობა არ უნდა იყოს – დილით დაიწყე და საღამოს სახლში წახვედი. თუ მოდის, უნდა იშრომო, თუ არ მოდის… თუ არ მოდის, მაშინ უფრო მეტი უნდა იშრომო”, – მპასუხობს დავით იაკობაშვილი და გამოსამშვიდობებლად ხელს ისე ძლიერად მართმევს, რომ, მგონი, სხვებმაც გაიგეს, როგორ გაიტკაცუნა ჩემი მარჯვენა მტევნის რომელიღაცა ფალანგმა.
ეს ხელის ჩამორთმევა აუცილებლად დამამახსოვრდება.
დატოვე კომენტარი