წამყვანი კომპანიების მთავარი ფინანსური ოფიცრების თითქმის ნახევარი (48.8%) ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიას “ნეგატიური“ გავლენა ექნება თავიანთ კომპანიებზე 2020 წელს, მაშინ როდესაც კიდევ 39% ამბობს, რომ გავლენა “ძალიან ნეგატიური“ იქნება. ასეთია CNBC Global CFO Council-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. აღნიშნული საბჭო მსოფლიოში უმსხვილეს საჯარო და კერძო კომპანიებს წარმოადგენს, რომლებიც ერთად $5 ტრილიონზე მეტის ღირებულების კომპანიებს მართავენ სხვადასხვა სექტორში.
კომპანიების მთავარმა ფინანსურმა ოფიცრებმა განაცხადეს, რომ პროგნოზები ნეგატიურია. აღნიშნული გამოკითხვა მარტშიც ჩატარდა, მაშინ ფინანსისტების 30%-მა განაცხადა, რომ ძალიან ადრე იყო პანდემიის გავლენებზე პროგნოზები გაეკეთებინათ. ახლა კი 41-დან მხოლოდ ერთმა ფინანსურმა ოფიცერმა თქვა, რომ პანდემიის გავლენების შეფასება ნაადრევია, მათგან ორი ამბობს, რომ გავლენა თავიანთი კომპანიებისთვის დადებითი იქნება, ხოლო მათი უმრავლესობა უარყოფით შედეგებს და მძიმე 2020 წლის მაჩვენებლებს ელის.
გარდა ამისა, მთავარი ფინანსური ოფიცრების მოლოდინები და პროგნოზები გლობალურ ეკონომიკასთან დაკავშირებით მარტის შემდეგ გაუარესდა.
საშუალოდ, ფინანსისტები ამბობენ, რომ თითოეულ რეგიონში მშპ-ის მონაცემები იკლებს, ბრაზილიისა და ლათინური ამერიკის რეგიონის გარდა, სადაც პროგნოზი შეფასებულია როგორც “ძალიან კლებადი“. სწორედ აღნიშნული რეგიონი პანდემიის ერთგვარ ცხელ წერტილს წარმოადგენს.
გარდა ამისა, მსხვილი კომპანიების მთავარი ფინანსური ოფიცრების თქმით, შემცირდა მათი პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვები. მათი 64% ამბობს, რომ მათი კომპანიები კლებას განიცდიან აშშ-ში 1 აპრილის შემდეგ. ევროპაში 56.4% ამბობს, რომ კლებას განიცდიან გაყიდვებში, ხოლო ჩინეთში მოქმედი და გამოკითხული კომპანიების 30.8% ამბობს, რომ კლებას განიცდიან. ერთი ნათელი წერტილი ამ კვლევაში ისაა, რომ ჩინეთში მოქმედი კომპანიების ფინანსისტების 28.2% ამბობს, რომ ზრდას განიცდიან, რაც შესაძლოა ეკონომიკური აღდგენის დასაწყისი იყოს ქვეყანაში.
დატოვე კომენტარი