2022 წლის დაწყებასთან ერთად რამდენიმე ძირითადი საკითხი იკვეთება, რომლებიც ბრიუსელისთვის მთელი წლის განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალური იქნება. ერთ-ერთი თემა კვლავ Brexit-ია, განსაკუთრებით კი ჩრდილოეთ ირლანდიის საკითხი. ამასთან ერთად ორგანიზაციისთვის პრიორიტეტად კვლავ მწვანე მიზნების მიღწევა და რეგიონის დიგიტალიზაცია რჩება.
კვლავ Brexit-ი.
Brexit-ის რეფერენდუმიდან 6 წლის და ოფიციალურად ძალაში შესვლიდან ერთი წლის შემდეგ, ბრიუსელში ეს საკითხი კვლავ მნიშვნელოვანია, მთავარი დაპირისპირება კი ჩრდილოეთ ირლანდიაში სავაჭრო პრობლემას ეხება. ლონდონმა ხელი მოაწერა ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლს, რომელიც ჩრდ. ირლანდიას (დიდი ბრიტანეთის ნაწილს) ევროკავშირის სასაქონლო ერთიანი ბაზრის ნაწილად ტოვებს. ბრიუსელს სურს, კონტროლი ჰქონდეს ყველაფერზე, რაც ერთიან ბაზარზე შემოდის, ამიტომაც პროტოკოლი აწესებს შემოწმებებს ჩრდილოეთ ირლანდიაში ბრიტანეთის ბაზრიდან შემოსულ საქონელზე. ჩრდ. ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის საზღვრის თავიდან ასაცილებლად, Brexit-მა ირლანდიის ზღვაში დე ფაქტო საზღვარი შექმნა. ლონდონი, მიუხედავად ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისა, ამტკიცებს, რომ პროტოკოლი ბიზნესს დამატებითი დოკუმენტებით ამძიმებს.
გაერთიანებულ სამეფოს პროტოკოლზე ხელახალი მოლაპარაკებების წარმოება სურდა, თუმცა ბრიუსელმა მოთხოვნა გასული წლის ბოლოს უარყო. ამის მიუხედავად, ორივე მხარე იმედოვნებს, რომ შეთანხმების მიღწევას სწრაფად შეძლებენ.
ევროპული მწვანე შეთანხმება
ევროპული მწვანე შეთანხმების მიზანი 2050 წლისთვის, ევროკავშირის საზღვრებში, კლიმატური ნეიტრალიტეტის მიღწევაა. ევროკომისია, ურსულა ფონ დერ ლაიენის მეთაურობით, დასახული მიზნის მისაღწევად ახალ კანონმდებლობასაც გვთავაზობს და 2022 წელს შესაძლოა გამოჩნდეს კანონმდებლობა მძიმე სატრანსპორტო საშუალებებისთვის CO2-ის ემისიების შესახებ. გარდა ამისა, ევროკავშირის დისკუსიებში მნიშვნელოვან საკითხს ბირთვული ენერგია წარმოადგენს, გერმანია და ბელგია ეტაპობრივად ამცირებენ ბირთვულ ენერგიაზე დამოკიდებულებას, ხოლო საფრანგეთი ეკომანდატს აძლიერებს.
ტექნიკური პრობლემები
2022 წელს ევროკავშირმა შესაძლოა ახალი ერა შექმნას ტექნიკური გიგანტებისთვის. თემების პოლარიზაციასა და დეზინფორმაციის გავრცელებაში სოციალური მედიის მზარდი როლი, ევროკავშირს კანონმდებლობის შემუშავებისკენ უბიძგებს, რომელიც ისეთი კომპანიების გაკონტროლებაში დაეხმარება, როგორიც, მაგალითად, Meta, ანუ ყოფილი Facebook-ია.
ციფრული სერვისებისა და ციფრული ბაზრის აქტი, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროკავშირში, იანვრიდან, საფრანგეთის თავმჯდომარეობის დაწყებიდან, უმნიშვნელოვანესი საკითხი იქნება. საფრანგეთის პრეზიდენტს სურს „ევროპა ციფრულ ძალად გარდაქმნას“.
დატოვე კომენტარი