Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის ოქტომბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,387 ერთეული შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 20%-ით შემცირებული მაჩვენებელია. გასულ თვეში შემცირდა ბაზრის ზომაც და თითქმის 216 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. ამ შემთხვევაში წლიურმა კლებამ 10% შეადგინა.
უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის ოქტომბერში, 2022 წლის ამავე თვესთან შედარებით, თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 19%-იანი კლება ფიქსირდება, ძველ პროექტებში კი 22%-იანი.
რაც შეეხება ფასებს, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი ერთწლიან ჭრილში 17%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 13% და 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ამავე პერიოდში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 24%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 17% და 16%-იანი ზრდა დაფიქსირდა.