ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა მსოფლიოს მეორე და აფრიკის პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად და შესაბამისად, გადახდის კანონიერ საშუალებად აღიარა. კანონმდებლებმა გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირეს.
ცენტრალური აფრიკის პრეზიდენტის განცხადებით, ბიტკოინის ოფიციალურ ვალუტად აღიარება ქვეყნისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და მოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ინტერნეტთან წვდომა, რაც აუცილებელია ნებისმიერი სახის კრიპტოვალუტის გამოყენებისთვის, ჯერ კიდევ განუვითარებელია. WorldData-ის მონაცემებით, ინტერნეტზე წვდომა 2019 წელს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მოსახლეობის მხოლოდ 4%-ს ჰქონდა. ქვეყანა ამჟამად, აფრიკის სხვა ყოფილი ფრანგული კოლონიების მსგავსად, ცენტრალური აფრიკის სახელმწიფოების ბანკის (BEAC) მიერ მართულ CFA ფრანკს იყენებს.
ცენტრალური აფრიკის სახელმწიფო ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა მსოფლიოში, მიუხედავად იმისა, რომ მდიდარია ალმასით, ოქროთი და ურანით. 1960 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის შემდგომ, ქვეყანაში ხშირია მეამბოხეთა დაპირისპირებები. ექსპერტთა ნაწილი მთავრობის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ ამჟამად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას ინტერნეტსა და ბიტკოინზე აქტუალური საკითხები აქვს გადასაჭრელი, როგორიცაა უსაფრთხოება, განათლება და სასმელი წყალი.
ამჟამად ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად მხოლოდ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და სალვადორშია გამოცხადებული. 2021 წლის სექტემბერში სალვადორის მხრიდან ბიტკოინის გადახდის კანონიერ საშუალებად გამოცხადებას ეკონომისტების, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრიტიკაც მოჰყვა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, სალვადორის გადაწყვეტილება შესაძლოა, ფინანსური არასტაბილურობის რისკების ზრდის მიზეზად იქცეს.
დატოვე კომენტარი