წიაღისეული საწვავი საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ენერგიის მთავარ წყაროდ მიიჩნეოდა და დღესაც, ყოველწლიურად, მსოფლიო მოიპოვებს და მოიხმარს ქვანახშირის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის კოლოსალურ რაოდენობას. Visual Capitalist-მა წიაღისეული საწვავის წარმოების გლობალური რეიტინგის შესადგენად, BP-ის მსოფლიო ენერგეტიკის სტატისტიკური მიმოხილვის მონაცემები გამოიყენა.
2021 წელს მსოფლიოში დაახლოებით 8 მილიარდი ტონა ქვანახშირი, 4 მილიარდი ტონა ნავთობი და 4 ტრილიონ კუბურ მეტრზე მეტი ბუნებრივი აირი აწარმოვეს. ქვანახშირის უმეტესი ნაწილი ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად მიიღება და მთავარ როლს თამაშობს ფოლადის წარმოებაშიც. მსგავსად, ბუნებრივი აირი ელექტროენერგიისა და გათბობის უდიდესი წყაროა, ნავთობი კი ძირითადად სატრანსპორტო სექტორსა და ნავთობქიმიური წარმოებისთვის გამოიყენება.
2021 წელს მსოფლიოში ქვანახშირის წარმოების 50%, შესაბამისად 4 მილიარდ ტონაზე მეტი ჩინეთზე მოდის, რომელიც ამავდროულად ქვანახშირის უდიდესი მომხმარებელია (52%). მეორე ადგილს როგორც წარმოების, ასევე მოხმარების მხრივ ინდოეთი იკავებს, ინდონეზია კი მსოფლიოში ქვანახშირის უმსხვილესი ექსპორტიორია. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ქვანახშირის წარმოება 2011 წლის დონესთან შედარებით 2021 წელს 47%-ითაა შემცირებული, დაღმასვლა კი, სუფთა ენერგიაზე გადასვლასთან ერთად, სავარაუდოდ, სამომავლოდაც შენარჩუნდება.
2021 წელს ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი და საუდის არაბეთი ნედლი ნავთობის სამი უმსხვილესი მწარმოებელი გახლდათ. გლობალური წარმოების უდიდესი წილი, 35%, რაც 1.5 მილიარდ ტონა ნავთობს უდრის, OPEC-ის ქვეყნებზე, მათ შორის საუდის არაბეთზე მოდიოდა. 2010 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა აშშ-ის ნავთობის წარმოება და, 2021 წლის მონაცემებით, 711 მილიონი ტონა შეადგინა, როდესაც აშშ 2010 წელს მხოლოდ 333 მილიონ ტონა ნავთობს მოიპოვებდა.
მსოფლიომ 2021 წელს 4,036 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გამოიმუშავა, რაც შვიდი მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ეკვივალენტურია. ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებელი ამერიკის შეერთებული შტატებია, რომლის წარმოების 47% ტეხასსა და პენსილვანიაზე მოდის. აშშ-ის ელექტროენერგიისა და სამრეწველო სექტორები ბუნებრივი აირის შიდა მოხმარების დაახლოებით მესამედს შეადგენს.
ბუნებრივი აირის წარმოებით კი მეორე ადგილზე რუსეთია, რომელიც ამავდროულად 2021 წელს გაზის უმსხვილესი ექსპორტიორიც იყო. 2021 წლის განმავლობაში რუსეთმა ევროპასა და ჩინეთს მილსადენებით დაახლოებით 210 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდა. რუსეთის ბუნებრივი აირის დაახლოებით 80% არქტიკის რეგიონზე მოდის.
წიაღისეული საწვავის უმსხვილესი მწარმოებლების რეიტინგი ასე გამოიყურება:
2021 წელს ქვანახშირის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნები:
- ჩინეთი – 4.1 მილიარდი ტონა – მთლიანი წარმოების 50%
- ინდოეთი – 811 მილიონი ტონა – მთლიანი წარმოების 10%
- ინდონეზია – 614 მილიონი ტონა – მთლიანი წარმოების 8%
- ამერიკის შეერთებული შტატები – 524 მილიონი ტონა – მთლიანი წარმოების 6%
- ავსტრალია – 478.6 მილიონი ტონა – მთლიანი წარმოების 6%
- რუსეთი – მილიონი ტონა – 433.7 მთლიანი წარმოების 5%
- სამხრეთი აფრიკა – 234.5 მილიონი ტონა – მთლიანი წარმოების 3%
- გერმანია – 126 მილიონი ტონა – მთლიანი წარმოების 2%
- ყაზახეთი – 115.7 მილიონი ტონა – მთლიანი წარმოების 1%
- პოლონეთი – 107.6 მილიონი ტონა – მთლიანი წარმოების 1%
2021 წელს ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნები:
- ამერიკის შეერთებული შტატები – 711.1 მილიონი ტონა – მთლიანი წარმოების 17%
- რუსეთი – 536.4 მილიონი ტონა – მთლიანი წარმოების 13%
- საუდის არაბეთი – 515 მილიონი ტონა – მთლიანი წარმოების 12%
- კანადა – 267.1 მილიონი ტონა – მთლიანი წარმოების 6%
- ერაყი – 200.8 მილიონი ტონა – მთლიანი წარმოების 5%
- ჩინეთი – 198.9 მილიონი ტონა – მთლიანი წარმოების 5%
- ირანი – 167.7 მილიონი ტონა – მთლიანი წარმოების 4%
- არაბთა გაერთიანებული საამიროები – 164.4 მილიონი ტონა – მთლიანი წარმოების 4%
- ბრაზილია – 156.8 მილიონი ტონა – მთლიანი წარმოების 4%
- ქუვეითი – 131.1 მილიონი ტონა – მთლიანი წარმოების 3%
2021 წელს ბუნებითი აირის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნები:
- ამერიკის შეერთებული შტატები – 934.2 მილიონი კუბური მეტრი – მთლიანი წარმოების 23%
- რუსეთი – 701.7 მილიონი კუბური მეტრი – მთლიანი წარმოების 17%
- ირანი – 256.7 მილიონი კუბური მეტრი – მთლიანი წარმოების 6%
- ჩინეთი – 209.2 მილიონი კუბური მეტრი – მთლიანი წარმოების 5%
- კატარი – 177.0 მილიონი კუბური მეტრი – მთლიანი წარმოების 4%
- კანადა – 172.3 მილიონი კუბური მეტრი – მთლიანი წარმოების 4%
- ავსტრალია – 147.2 მილიონი კუბური მეტრი – მთლიანი წარმოების 4%
- საუდის არაბეთი – 117.3 მილიონი კუბური მეტრი – მთლიანი წარმოების 3%
- ნორვეგია – 114.3 მილიონი კუბური მეტრი – მთლიანი წარმოების 3%
- ალჟირი – 100.8 მილიონი კუბური მეტრი – მთლიანი წარმოების 2%