უკვე ხუთი ათწლეული გავიდა, რაც ჯეკ დენჯერმონდმა Esri დააარსა და დღემდე მომსწრენი ვხდებით, თუ როგორ შეიძლება, მისმა რუკებმა სამყაროს ფორმა უცვალონ.
იანვრის ბოლო პარასკევს ლოს-ანჯელესის მერი, ერიკ გარჩეტი რეპორტიორებისა და სამთავრობო მოხელეების წინაშე წარდგა და თავისი ქალაქის უახლეს ტექნოლოგიურ ინიციატივაზე – GeoHub-ზე – ილაპარაკა. ეს გახლავთ ციფრული კარტოგრაფიის პორტალი, რომელიც მიზნად ისახავს, სახე უცვალოს ლოს-ანჯელესის მიერ განხორციელებული სერვისების მიწოდების ფორმას. რუკები, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ბიზნესისთვის მთელ მსოფლიოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, იქნება ეს გეგმარება, ტრანსპორტირება, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, საზოგადოებრივი სამუშაოები, ეკონომიკური განვითარება თუ სხვა, მაგრამ პირველად ხდება, რომ ასეთი დიდი ქალაქი ქმნის რეალურ დროში მომუშავე ციფრულ პანელს, რომელიც საშუალებას მისცემს ყველას – ქალაქის მშრომელებს, საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სტარტაპებს, მედიას – ჰქონდეთ წვდომა ამ რუკებთან და მოახდინონ მათი კომბინირება. გარჩეტიმ აღწერა, თუ როგორაა შესაძლებელი, რომ მიწისძვრის შემდეგ, iPad-ით აღჭურვილმა მეხანძრემ მყისვე მიაგნოს ცეცხლსაწინააღმდეგო ჰიდრანტებს, საკანალიზაციო არხებს, ელექტრომოწყობილობას, სამშენებლო ინფრასტრუქტურასა და სხვა საგანგებო სამსახურების მორიგეთა ადგილსამყოფელს. ამავენაირად, არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც უსახლკაროთა სერვისებზე მუშაობს, იმის ნახვის შესაძლებლობა მიეცემა, თუ როგორ გავლენას ახდენს პოლიციის აქტივობა ან ალკოჰოლური სასმელების მაღაზიათა გახსნა უსახლკაროთა ბანაკების პუნქტებზე. გარჩეტის თქმით, GeoHub-ი ლოს-ანჯელესში „ცხოვრების დონეს გააუმჯობესებს“. ამის შემდეგ, მერი გვერდზე გადგა და გზა დაუთმო კაცს, რომელმაც GeoHub-ი შექმნა: ჯეკ დენჯერმონდს, 70 წლის აყლაყუდა მილიარდერს, რომელიც ალბათ ყველაზე ნაკლებად ჰგავს ტექნოლოგიის მაგნატს.
თანამედროვე სამყაროში, Google Maps-ი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა – მას ეფექტიანად მიჰყავხართ ერთი ადგილიდან მეორემდე და საოცარი სიზუსტით ახდენს თქვენი Uber-ის ლოკალიზებას. მაგრამ ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე, სანამ Google-ი დაიბადებოდა – ან საერთოდ მისი დამფუძნებლები დაიბადებოდნენ – სწორედ დენჯერმონდი გახლდათ ის ადამიანი, ვინც, ფაქტობრივად, ციფრული რუკა გამოიგონა. Esri – კომპანია, რომელიც 1969 წელს მან ცოლთან, ლორისთან, ერთად დააარსა – დაუღალავად შრომობდა, ყურადღების მიღმაც უწევდა ყოფნა, გადაიტანა კომპიუტერულ სფეროში მიმდინარე მტკივნეული ცვლილებები, რამაც მისი კოლეგების – სხვა ტექნოლოგიური პიონერების – მიღწევები გააცამტვერა, დაბოლოს, მაინც ერთ-ერთ ყველაზე უფრო დაუჯერებელ ტექნოლოგიურ გიგანტად ჩამოყალიბდა. წლების განმავლობაში, დენჯერმონდი მარდად ახდენდა Esri-ს პროგრამული უზრუნველყოფის ადაპტირებას მინიკომპიუტერებიდან – ჯერ სამუშაო კომპიუტერებამდე, ხოლო მერე უკვე – პერსონალურ კომპიუტერებამდე, ინტერნეტამდე, Cloud-სა და მობილურ აპარატებამდე. Esri-მ, რომელიც დღემდე დენჯერმონდების კერძო საკუთრებაა, 2014 წელს, გაყიდვებით $1.1 მილიარდი გააკეთა, FORBES-ის შეფასებით კი მისი ღირებულება $3 მილიარდს შეადგენს. „მან, გარკვეულწილად, შექმნა ეს ინდუსტრია“, – ამბობს ჯონ ჰენკი, რომელიც ექვსი წლის მანძილზე Google-ის კარტოგრაფიულ ძალისხმევებს ედგა სათავეში. ისეთი პროდუქტები, როგორიცაა Google Earth-ი, Google Maps-ი და Google Street view-ი, ჰენკის თქმით, „მის [დენჯერმონდის] მიერ შექმნილის მხრებზე აიგო“.
ჰენკმა ეს მშვენივრად იცის. როცა მან რუკების სამფლობელოში Google-ს ბატონობა მოუპოვა, გააკეთა ის, რაც, ბევრის აზრით, ყველაზე დიდი ეგზისტენციალური საფრთხე იქნებოდა Esri-სთვის. მაგრამ რამდენადაც Google-ის რუკების სამიზნე, უმეტესად, რიგითი მომხმარებლები იყვნენ, Esri-მ შეძლო, თავისი შემოსავლის წყარო უფრო ძლევამოსილ სექტორში შეენარჩუნებინა – ბიზნესში, მთავრობასა და სხვა ორგანიზაციებში. Google-ი არაჩვეულებრივია მარშრუტებისა და მიმართულებების გასაგებად ან კი Zillow-ზე თქვენი სახლის ლოკალიზებისთვის. მაგრამ თუ თქვენ, სიტყვაზე, ბავარიულ პოლიციას წარმოადგენთ, მიუნხენთან ახლო G7-ის სამიტის უსაფრთხოებაზე ზრუნვა გაბარიათ და გჭირდებათ რეალურ დროში მომუშავე პანელი, რომელიც მოახდენს ყოველი დელეგაციის, პოლიციის ოფიცრის, საგანგებო სიტუაციების რაზმის, საგანგებო სიტუაციების სამსახურის მორიგის, საპროტესტო ჯგუფის, გადაკეტილი გზის, მთაზე გაკვალული ბილიკის, სამიტის ტერიტორიაზე შესასვლელი პუნქტის ზუსტი ლოკალიზებას, მაშინ Esri-ს გამოიყენებთ. გასულ წელს Google-მა ბოლო მოუღო საწარმოო რუკების სფეროში გადადგმულ უგულო ნაბიჯს და თავისი მომხმარებლებიც ნელ-ნელა Esri-ს გადაულოცა.
Esri ე.წ. GIS-ის („გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების“ აბრევიატურა) პროგრამული უზრუნველყოფის ბაზრის ნახევარზე მეტს ფლობს, GIS-ის ტექნოლოგიას კი მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 350,000 ბიზნესი, სამთავრობო სააგენტო და არასამთავრობო ორგანიზაცია იყენებს, რის შედეგადაც ჯამში, ყოველდღიურად, 150 მილიონი ახალი რუკა იქმნება. მომხმარებელთა რიცხვშია თეთრი სახლი, FEMA და U.S. Geological Survey; აშშ-ის თითქმის ყველა ქალაქი და ადმინისტრაციული ერთეული და დაახლოებით 20 ქალაქი თუ ადმინისტრაციული ერთეული საზღვარგარეთ; ნავთობისა და გაზის კომპანიები; მოვაჭრეები და კომუნალური სერვისები; და გარემოს დაცვის ჯგუფები. Esri-ს რუკები UPS-მაც გამოიყენა თავისი ინიციატივისთვის, რომელიც მონაცემთა გადამისამართების პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად და დღეს, მისი წყალობით, წლიურად $300 მილიონი იზოგება. Esri-ს ტექნოლოგიას იყენებს Walgreens-იც, რათა შეარჩიოს ადგილები ახალი მაღაზიებისთვის, თვალი მიადევნოს გრიპის გავრცელების არეალს და გადაწყვიტოს, სად ჯობია თავის მოვლის პროდუქტების შეტანა. და Esri ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც გამოუყენებიათ, როგორიცაა Bill and Melinda Gates Foundation-ი: მისი მეშვეობით, ისინი მალარიისა და ებოლის საწინააღმდეგო კამპანიებს ატარებდნენ აფრიკაში. „ტექნოლოგიის ერთ-ერთი სფერო, რომელიც იმაზე გაცილებით შორს წავიდა, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი, კარტოგრაფიაა, – უთხრა FORBES-ს Microsoft-ის თანადამფუძნებელმა, ბილ გეიტსმა ი-მეილით. – დიდწილად სწორედ ჯეკ დენჯერმონდს, ამ საქმის ნოვატორს, უნდა გადავუხადოთ მადლობა, რომლის ძალისხმევა თითქმის 50 წელს ითვლის, – ამატებს გეიტსი. – ის უნიკალურია“.
არაერთი თვალსაზრისით, ტექნოლოგიის სფეროში Esri ე.წ. პირველი „ზღაპრული მარტორქაა“ – ანუ სტარტაპი, რომლის ღირებულება მინიმუმ $1 მილიარდს შეადგენს, მაგრამ მისი აღზევება მილიარდდოლარიანთა კლუბში, დღევანდელ სტანდარტებში, პრაქტიკულად, არ ეწერება. დენჯერმონდს გარე დაფინანსებისთვის არასდროს მიუმართავს და თუ არ ჩავთვლით ადრეულ ეტაპზე დედამისისგან ნასესხებ $5,000-ს, Esri-ს გამო ვალი არ აუღია. კომპანია პირველივე დღიდან მოგებიანი იყო. „ვენჩურული კაპიტალი შეიძლება, მიმზიდველი იყოს, მაგრამ ეს უზარმაზარი რამის ხარჯზე ხდება: იძულებული ხდები, სხვისი ხედვა გაიზიარო“, – ამბობს დენჯერმონდი ინტერვიუს დროს, საკუთარ ოფისში. წლების განმავლობაში დენჯერმონდს უკმეხად მოუგერიებია თავისი კომპანიის შესყიდვასთან დაკავშირებული წინადადებები და სჯერა, რომ არჩევანმა კერძოს სასარგებლოდ კარგი შედეგი გამოიღო და მისცა საშუალება, საფონდო ბირჟის მოკლევადიანი წნეხები თავიდან აერიდებინა. კომპანიას გაუშვია თანამშრომლები, მაგრამ ეს ხარჯების შემცირების მიზნით არასდროს მომხდარა.
დენჯერმონდი რედლენდსში (კალიფორნია) გაიზარდა – იმხანად დაახლოებით 25,000 ადამიანით დასახლებულ ქალაქში, რომელიც ლოს-ანჯელესიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 60 მილში მდებარეობს. მამამისი ჰოლანდიიდან ემიგრირებული მებაღე გახლდათ, დედა კი – დიასახლისი. ისინი სანერგე მეურნეობას მისდევდნენ – ნაწილობრივ იმიტომ, რომ ხუთი შვილის კოლეჯში გასაშვებად სამყოფი ფული ეშოვათ. დენჯერმონდმა მომავალი ცოლი, ლორა, სკოლაში, დამამთავრებელ კლასებში გაიცნო. შემდეგ ორივე ერთად კალიფორნიის სახელმწიფო პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც დენჯერმონდი გარემოს მეცნიერებასა და ლანდშაფტის არქიტექტურას სწავლობდა. ქორწინების შემდეგ დენჯერმონდმა მინესოტის უნივერსიტეტში ურბანული დიზაინის შესწავლა დაიწყო, ხოლო 1968 წელს ჰარვარდში გადაინაცვლა, ნაწილობრივ იმისთვის, რომ ლაბორატორიაში მუშაობის საშუალება ჰქონდა, რომელიც კომპიუტერულ გრაფიკასა და სივრცულ ანალიზს აერთიანებდა და რომლის წევრებიც ერთ-ერთ პირველ კარტოგრაფიულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობდნენ. „თითქოს მინდოდა, რომ ჩემს პროფესიაში კომპიუტერული კარტოგრაფია გამომეყენებინა, – ამბობს ის, – მაგრამ სინამდვილეში ტექნოლოგიით ვიყავი მოხიბლული და ძალიან მაინტერესებდა, როგორ შეიძლებოდა მისი პრაქტიკული გამოყენება“.
დენჯერმონდები რედლენდსში დაბრუნდნენ და მალევე წამოიწყეს ის, რაც იმხანად Environmental Systems Research Institute-ის სახელით იყო ცნობილი. ამ ჰარვარდის ლაბორატორიით შთაგონებულმა ინსტიტუტმა თავიდან საკონსულტაციო კომპანიის სახით დაიწყო მოღვაწეობა და შედგებოდა დენჯერმონდებისგან, ნახევარ განაკვეთზე მომუშავე პროგრამისტისგან, მონაცემთა სპეციალისტისა და მდივნისაგან. კონტრაქტების მოცულობათა ზრდის კვალდაკვლავ, დენჯერმონდმა გადაწყვიტა, უკეთესი შესაძლებლობების მქონე გენერიკული ინსტრუმენტები შეექმნა, რაც მის კლიენტებს საშუალებას მისცემდა, თავად განეხორციელებინათ კარტოგრაფია და ანალიზი. თავისი პირველი პროდუქტი Esri-მ კლიენტს 1982 წელს გაუგზავნა. „მთელი ჩვენი ბიზნესი შეიცვალა“, – ამბობს დენჯერმონდი. ეს პროდუქტი – ArcGIS – დღემდე Esri-ს ფლაგმანია.
დღეს კომპანიის 3,500 თანამშრომლიდან 2,300 რედლენდსის კამპუსში მუშაობს, კამპუსის დიდი ნაწილის გეგმარება კი დენჯერმონდებს ეკუთვნით. რამდენადაც ახლომახლო სხვა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური კომპანია არ არის, Esri-ს კორპორაციული კულტურა ცალსახად მოქნილია. თანამშრომლებს საათობრივად უხდიან, რაც, დენჯერმონდის თქმით, თანამშრომელთა უმეტესობას მოსწონს, ვინაიდან ეს მათ თავისუფლებას ანიჭებს. ზოგიერთ თანამშრომელს, რომელთაც ანონიმურობის პირობაზე ისაუბრეს, ამ მოსაზრებაზე ბრაზიანი რეაქცია ჰქონდა. მრავალი თანამშრომელი იქ ათწლეულებია, მუშაობს, მაგრამ ზოგიერთის თქმით, გარკვეულ თანამშრომლებს, რომლებიც კომპანიას ვერ ერგებიან, მალევე ათავისუფლებენ. სილიკონის ხეობისთვის დამახასიათებელ წამახალისებლებს აქ მაინცდამაინც ვერ ნახავთ: თვით დენჯერმონდიც კი კაფეტერიაში თავისი კვების ფულს იხდის.
საუკეთესო ადგილი, საიდანაც Esri-ს გლობალური გავლენის დანახვაა შესაძლებელი, არის არა რედლენდსი, არამედ სან-დიეგო. აქ ყოველ ზაფხულს კომპანია მომხმარებელთა კონფერნეციას აწყობს. გასულ წელს ეს დიდი შეკრება ივლისში, სეზონისთვის შეუფერებლად დახუთულ დღეს ჩატარდა. როცა ხალხით გადატენილ San Diego Convention Center-ში დენჯერმონდი სცენაზე ავიდა, ცხადი გახდა, რომ ეს მისი ღონისძიება იყო: ის მთავარი სპიკერი გახლდათ, მასპინძელი და წამყვანი. 16,000 ადამიანისგან შემდგარი აუდიტორია (ეს, უხეში გათვლით, სამჯერ აღემატება ხალხის იმ ოდენობას, რაც Apple-ის World Wide Developer Conference-სა თუ Google-ის I/O ღონისძიებაზე იყრის თავს) შვედეთიდან, სამხრეთ კორეიდან, აიდაჰოდან, ინდიანიდან, ბოტსვანასა და ბრაზილიიდან ჩამოსულიყო და ყველა მათგანს უნდოდა, მოესმინა კაცისათვის, რომელიც ასევე ყველა მათგანს ლეგენდად მიაჩნდა. დენჯერმონდმა სცენაზე სტუმრები მიიწვია, რათა ექადაგათ Esri-ს პროგრამული უზრუნველყოფის ძლევამოსილებაზე დაავადებებთან ბრძოლაში, გადაწყვეტილების მიღების გამარტივებასა და ბუნებრივ კატასტროფებზე რეაგირებაში. ამ წლის თემა გახლდათ „გეოგრაფიის ყველგან გამოყენება“, დროგამოშვებით კი დენჯერმონდი თავის მონუსხულ მსმენელებს სთავაზობდა ვარიაციებს თემაზე, „ჩვენ გეოგრაფიული განმანათლებლობის ეპოქაში შევდივართ“.
უდავოდ ამაღელვებელი თემაა, მაგრამ, რეალურად, უფრო პროზაულ დატვირთვას ატარებს. რუკები, რომლებიც ერთ დროს სპეციალისტთა სფეროს წარმოადგენდა, Cloud-ის ეპოქაში დემოკრატაზაციას განიცდის, Esri-ს პროგრამული უზრუნველყოფა კი ახლა გაცილებით ფართოდ იჭრება ორგანიზაციებში. 2000-დან მოყოლებული, Walgreens-ი Esri-ს იმისთვის იყენებს, რომ გადაწყვიტოს, სად გახსნას მაღაზიები, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია, მან თანამშრომლებისთვის სამომხმარებლო WalMap-იც გამოუშვა, რომლითაც ისინი ყოველ მაღაზიაში გაყიდვებს მიადევნებენ თვალს, შეამოწმებენ კომპანიის ხვედრით წილს ბაზარზე და მეტოქეთა ადგილმდებარეობებს. „ბოლო რამდენიმე წელია, Walgreens-მა გააათმაგა თავისი კარტოგრაფიული აპლიკაციების შიდა მომხმარებელთა რიცხვი“, – ამბობს საწარმოთა ადგილმდებარეობის დაზვერვის დირექტორი, ჯილიან ელდერი. სტენფორდის უნივერსიტეტის თითქმის ყველა დარგის მკვლევარი სულ უფრო მზარდად იყენებს Esri-ს ინსტრუმენტებს, რათა, მაგალითად, იწინასწარმეტყველოს გლობალური დათბობის გავლენა მადაგასკარის პეპლებზე ან შეისწავლოს კონკრეტული სიმსივნეების შემთხვევები Superfund-ის პუნქტებთან ახლოს. „ის ადამიანები, რომლებიც თავიანთ კვლევებს გეო-სივრცულ ჭრილში განიხილავენ“, – ამბობს სტენფორდის დირექტორის ასისტენტი Geospatial, Cartographic and Scientific Data & Services-იდან, ჯული სვიტკაინდ-სინგერი. ამგვარი მაგალითები დენჯერმონდს თავდაჯერებულობას ჰმატებს და აფიქრებს, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი ხედავს მისნაირად მოვლენებს. ამ შესაძლებლობას ლაკონიურად აღწერს: „მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, შეგვიძლია, ეს ყველაფერი კიდევ გავზარდოთ“.
დატოვე კომენტარი