ციფრული ლარი: ახალი საფრთხე თავისუფლებისთვის

ციფრული ლარი: ახალი საფრთხე თავისუფლებისთვის

ორი წელი გავიდა, რაც ეროვნულმა ბანკმა ციფრული ვალუტის – ციფრული ლარის გამოშვება საჯაროდ დააანონსა. მონეტარული ხელისუფლების განმარტებით, ლარის გაციფრულება საგადასახადო სისტემის გაუმჯობესებას და ფინანსური ჩართულობის მატებას უკავშირდება. ეროვნული ვალუტის გაციფრულების აუცილებლობა ახსნილია ციფრულ ეკონომიკაზე უკეთესი მორგებითა და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის გაუმჯობესებით. თუმცა, სანამ პოლიტიკის ეფექტიანობასა თუ ეკონომიკაზე მორგების საკითხს განვიხილავთ, აუცილებელია, ავხსნათ ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტასა და კრიპტოვალუტებს შორის განსხვავება, რადგან მათ შორის საერთო ნიშანიც არსებობს, რაც ზოგიერთისთვის შეიძლება დამაბნეველიც იყოს.

მართლაც, საერთო – ფორმაა. ორივე ციფრულია, მაგრამ დიამეტრულად განსხვავებული. უპირველესი სხვაობა თავად სახელწოდებიდან ჩანს. ციფრული ლარი ცენტრალიზებულად, მთავრობის (ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი) მიერ უზრუნველყოფილი გაცვლის საშუალებაა, ხოლო კრიპტოვალუტები, მაგალითად, ბიტკოინი – დეცენტრალიზებულად, ბაზარზე კერძო მონაწილეების მიერ მიწოდებული. გარდა ამისა, ეს უკანასკნელი, განსხვავებით ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტისაგან, ღიაა და გამოყენებისთვის ნებართვას არ საჭიროებს. ბიტკოინით სარგებლობა ცენტრალური ბანკის, წარმომადგენლობითი ორგანოს, ცალკეული კომპანიის ან ინდივიდის ნებართვას არ მოითხოვს. ამდენად, არ არსებობს ჯგუფი ან ინდივიდი, რომელსაც აქვს ძალაუფლება და შესაძლებლობა, გაყინოს ან წაართვას სხვა ინდივიდს ან ჯგუფს მათ ხელთ არსებული სახსრები. ცხადია, ამ ორს შორის განსხვავების სხვა ნიშან-თვისებებიც გამოკვეთილია, მაგრამ კიდევ ერთი არსებითი და აღსანიშნავი კონტრასტი მდგომარეობს იმაში, რომ, ბიტკოინისგან განსხვავებით, ეროვნული ბანკის დისკრეციული მონეტარული პოლიტიკის პირობებში, ციფრული ლარის მიწოდება შეუზღუდავი იქნება, როგორც ახლა – ლარის.

დღეს უკვე პოლიტიკის ეფექტიანობაზე საუბარი შესაძლებელია. ეს უკანასკნელი ცენტრალური ბანკის პერსპექტივიდან ეკონომიკურ აქტივობაში უმნიშვნელოვანეს – გაცვლის და ასევე, დაგროვების საშუალებაზე უფრო და უფრო მეტი კონტროლის მოპოვებას გულისხმობს. მონეტარული ძალაუფლება კი იმდენად მასშტაბურია, რამდენადაც გავლენა აქვს ყველა იმ ადამიანის მდგომარეობაზე, რომლებიც იძულებულნი არიან, გაცვლის საშუალებად ცენტრალური ბანკის მონოპოლიური ვალუტა გამოიყენონ. საქართველოში ასეთი ლარია და სწორედ ისაა კანონიერი გადახდის ერთადერთი საშუალება. ლარის ემისიის უფლებამოსილება კი მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს. ამდენად, ეროვნული ბანკი მონოპოლიური და მასშტაბური გავლენის მქონე ხელისუფლების არარჩეული მეოთხე შტოა, რომლის ძალაუფლების ბუნება თვითნებური და ნაკლებად შეზღუდულია. ამგვარი ორგანოს მიერ პოლიტიკის ეფექტიანობაზე საუბარი გაცვლის საშუალებებზე კონტროლის გაფართოებას, ესე იგი, უფრო მეტი ადამიანის მიერ უფრო მეტ გაცვლაში ლარის გამო­ყენებას და მონეტარული თავისუფლების შეზღუდვას გულისხმობს.

მონეტარული თავისუფლება კი მასშტაბურად ჯერ კიდევ მაშინ შეიკუმშა, როდესაც ნამდვილი ფული – ოქრო – ქაღალდის ფულმა იძულებით ჩაანაცვლა. თავისუფალ პირობებში გაცვლის საშუალებად და სიმდიდრის დაგროვებისთვის ოქრო იყო გამოყენებული. ოქროს სტანდარტი წარმოადგენდა წესს – ქვეყანაში ფულის მიწოდების რაოდენობისა და ცვლილების, რადგან ახლად მოპოვებული ოქროს პორცია აკუმულირებულ მარაგებში მცირე იყო და სხვა ერთეულში თავისუფალი კონვერტირება გარანტირებული იყო. ამდენად, ოქროს სტანდარტი ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფდა.

კლასიკური ოქროს სტანდარტის არსებობა პირველი მსოფლიო ომის პერიოდამდეა მიჩნეული, რომლის დროსაც ეს უკანასკნელი მოიშალა, რადგან ომის მონაწილე მხარეები ინფლაციურ დაფინანსებას მიმართავდნენ. ორი ათწლეულის შემდეგ კი ოქროს ნაციონალიზაცია დაიწყო და ოქროს სტანდარტი სრულად XX საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში გაუქმდა. ეს კი მონეტარული თავისუფლების თვალსაჩინო ეროზია იყო, რაც ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის მონოპოლიური ძალაუფლებით შემოღების შემთხვევაში სრული მოსპობა და ინდივიდების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში მასშტაბური ჩარევა იქნება.

ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა, განსხვავებით ქაღალდის ფულისაგან, ანონიმურობის შესაძლებლობას არ ტოვებს, ხოლო ფინანსური აქტივობა ადამიანთა პირადი ცხოვრების საკვანძო ნაწილია, რომლის შეზღუდვისა და ჩარევის სტანდარტი უსაფრთხოების აუცილებელ ზომას ან სხვათა უფლების დაცვას მოითხოვს. ამგვარი შეზღუდვებისა და ჩარევის ძალაუფლებით, ძირითადად ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის საფუძვლით, საჯარო ადმინისტრაციები ფართოდ არის აღჭურვილი (ეროვნული ბანკი, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროები და ა.შ.), რომელთა უფლებამოსილება რამდენიმე წლის წინანდელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებით კიდევ უფრო გაფართოვდა. მაგალითად, აღნიშნულის ფარგლებშია საბანკო მომსახურების მიღებისას ბანკის წარმომადგენლის კითხვა „ხართ თუ არა პოლიტიკურად აქტიური?“.

დღეს თუ ქაღალდის ფული პრივატულობის შესაძლებლობას ტოვებს, ციფრული ლარი ასეთ ორგანოებს ინდივიდების ფინანსური აქტივობების სრულ ხილვადობას მისცემს, რაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ტოტალური ხელყოფა იქნება.

სწორედ პრივატულობა არის ერთერთი გადამწყვეტი ფაქტორი ადამიანთა მიერ შუამავლის, ამ შემთხვევაში – საბანკო სისტემის, გარეშე გაცვლის. ამდენად, ფინანსურ სისტემაში ჩართულობას ვერ გაზრდის ის, რაც თავად მიზეზია ასეთის ნაკლებობის, თუ იძულების მექანიზმი არ იქნა გამოყენებული. მეტიც, ფინანსური ჩართულობის პრობლემა არც დგას, რადგან ნებაყოფლობითობის შემთხვევაში, ხელმისაწვდომობა და ფართო არჩევანი არა ცენტრალიზებული საჯარო ადმინისტრაციის, არამედ კომერციული ბანკების მიერ არის შექმნილი და კონკურენტულ გარემოში მიწოდებული. ციფრულ შესაძლებლობებს და ტექნოლოგიურ ინოვაციებს ფინანსური სისტემის კერძო აქტორები მსგავსი ტემპით მიჰყვებიან.

ცხადია, ფინანსურ სექტორში ტექნოლოგიებისთვის ფეხის აწყობა გადახდის ციფრული საშუალებების არსებობას გულისხმობს და სწორედ ასეთი საშუალებებია საჭირო ციფრული ეკონომიკისთვის. თუმცა ამისათვის ეროვნული ბანკის მიერ ლარის გაციფრულების საჭიროება არ დგას, რადგან ლარის ციფრული ფორმები უკვე არსებობს და გაცვლის უმეტესობაშია გამოყენებული. ადამიანები საკრედიტო და სადებეტო ბარათებს, ელექტრონულ საფულეებსა და აპლიკაციებს აქტიურად იყენებენ. მაგალითად, საქართველოში ბოლო ათი წლის მანძილზე საგადამხდელო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა 13- ჯერ გაიზარდა. ამ დროისთვის კომერციული ბანკების მიერ დაახლოებით 8.0 მლნ ცალი ბარათია გამოშვებული, ხოლო 88.3 ათასამდე პოს-ტერმინალი არსებობს. შესაბამისად, წლიდან წლამდე ელექტრონული გადახდების რაოდენობა სტაბილურად იზრდება, ხოლო ბანკომატებიდან თანხის განაღდების წილი მკვეთრად მცირდება. აღნიშნული მიუთითებს, რომ ციფრული ეკონომიკის ზრდასთან ერთად კომერციული ბანკების ციფრული გადახდის საშუალებების მატება თვალსაჩინოა.

ადამიანების მიერ კომერციული ბანკის ასეთი მომსახურებით სარგებლობა სადეპოზიტო ანგარიშს მოითხოვს, რაც ბანკის ვალდებულებაა. აქედან გამომდინარე, კომერციული ბანკების მნიშვნელოვანი როლი ორ მხარეს შორის გაცვლაში ფინანსური შუამავლობაა, თუმცა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის პირობებში განსხვავებული იქნება, რადგან ეს უკანასკნელი არა კომერციული ბანკის, არამედ თავად ცენტრალური ბანკის ვალდებულებაა. შესაბამისად, ციფრული ლარის მფლობელებსა და ეროვნულ ბანკს შორის პირდაპირი კავშირი დგება, რაც ფინანსური ინსტიტუტების საშუამავლო ფუნქციის მკვეთრ შემცირებას ან გაქრობას გამოიწვევს.

დაბოლოს, ცენტრალური ბანკის ნაღდი ფულის ციფრულით ჩანაცვლება ადამიანებს გაცვლაში პრივატულობის შესანარჩუნებლად უფრო მეტი დეცენტრალიზებული ელექტრონული გაცვლის საშუალების (კრიპტოვალუტები) გამოყენებისკენ უბიძგებს, მაგრამ ცენტრალიზებული გაცვლის საშუალების მონოპოლისტი ცენტრალური ბანკებისა და პოლიტიკური ხელისუფლების მიერ ამგვარი საშუალებების აკრძალვა პოლიტიკური დღის წესრიგი გახდება. თუმცა ცალკე საკითხია, აკრძალვა რამდენად აღსრულებადი იქნება.

Comments are closed.