საქართველოს, როგორც სატრანსპორტო დერეფნის პოტენციალზე, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო, რუსეთის გავლით ტვირთების მიწოდების პრობლემები შეიქმნა. გარდა ამისა, გლობალური მიწოდების ჯაჭვში გაჩნდა წყვეტა. დარგში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ საქართველომ ახლა უნდა იაქტიუროს და ახალი შესაძლებლობები ხელიდან არ გაუშვას. თუმცა პოტენციალი ერთია და შესაძლებლობა – მეორე. ლოგისტიკის დარგში რომ კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა, ამაზე კერძო სექტორში ხშირად საუბრობენ. სწორედ ამ დეფიციტის შემცირების მიზნით, კავკასიის უნივერსიტეტმა ციფრული ლოგისტიკის მიმართულებით ახალი სამაგისტრო პროგრამა შექმნა.
ორწლიანი პროგრამა გერმანულ TH Wildau-ს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან ერთად შემუშავდა და განაცხადების მიღებაც დაიწყო. საქართველოს რეალობაში უნიკალური პროგრამა მიზნად ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის მართვის დარგში არსებული გამოწვევების შემცირებას ისახავს. როგორ და რა გზებით აპირებენ ამას, საკითხზე კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, კახა შენგელიასა და ლოგისტიკის ასოციაციის თავმჯდომარესა და ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელს, გიორგი დობორჯგინიძეს ვესაუბრეთ. Forbes Georgia-ს მათ ლოგისტიკური განათლების ჰაბის ჩამოყალიბების იდეაც გაუმხილეს.
ბატონო გიორგი, კავკასიის უნივერსიტეტში შექმნილი სამაგისტრო პროგრამა პირველი იქნება საქართველოში ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის მიმართულებით. რატომ მაინცდამაინც ეს მიმართულება?
გიორგი დობორჯგინიძე: ბოლო წლების განმავლობაში ლოგისტიკის მენეჯერებზე როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში და დასავლეთ ევროპაშიც მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, საუბარია კვალიფიციურ კადრებზე. პანდემიამ და ახლა უკრაინაში მიმდინარე ომმა დაგვანახვა, რომ ლოგისტიკასა და მიწოდების ჯაჭვში რისკების მართვა უმნიშვნელოვანესია და ამას სპეციალური განათლება სჭირდება, კერძოდ, იმ თანამედროვე ინსტრუმენტებისა და პროგრამული უზრუნველყოფების ცოდნა, რაც ამ დარგში გამოიყენება.
რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს მომავალ სტუდენტს ამ პროგრამისგან?
გიორგი დობორჯგინიძე: სტუდენტს უპირველესად იმის მოლოდინი აქვს, რომ ის მიიღებს საერთაშორისო განათლებას და ორი უნივერსიტეტის ერთობლივ დიპლომს. ლექციების 80% წარიმართება გერმანელების მიერ, რომლებსაც კერძო სექტორშიც დიდი გამოცდილება აქვთ. ეს კი ჩვენს სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, არა მარტო მაღალი ხარისხის განათლება მიიღონ, არამედ ახალი კონტაქტები დაამყარონ და პროფესიული სანაცნობო წრე გაიფართოონ. სტუდენტს, რომელიც ამ პროგრამას დაასრულებს, კარი ღია აქვს საქართველოსა და ნებისმიერ ქვეყანაში, რათა მაღალ პოზიციაზე დასაქმდეს.
გარდა ამისა, პროგრამაში გათვალისწინებული გვაქვს მეოთხე სემესტრში სურვილისამებრ პრაქტიკა და სამაგისტრო ნაშრომის გერმანიაში დამუშავება. სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში გერმანიაში, რომელიმე კომპანიაში დროებით დასაქმდეს, შეიძინოს საერთაშორისო გამოცდილება. ჩვენი პროგრამის მეშვეობით ის არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას მიიღებს, არამედ კომპანიებში პრაქტიკულადაც ნახავს მუშაობის პროცესს. ამასთან მას ეხსნება კარიერის შესანიშნავი შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ ბევრი ევროპული კომპანია, განსაკუთრებით ახლა, პარტნიორებს საქართველოში ეძებს.
ბატონო კახა, რატომ გერმანული უნივერსიტეტი TH Wildau?
კახა შენგელია: პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ გერმანია, სადაც TH Wildau-ს უნივერსიტეტი მდებარეობს, ლოგისტიკის ჩემპიონი და გლობალური ლიდერია მსოფლიო ბანკის ლოგისტიკის ინდექსში. გერმანიას აქვს N1 ლოგისტიკური ბაზარი ევროკავშირში 265 მილიარდი ევროთი და 3 მილიონი თანამშრომლით. თავად ბერლინი კი, ფაქტობრივად, გერმანული სილიკონ-ველია. ასევე, ამ უნივერსიტეტთან ახლოს Tesla-მ უზარმაზარი ქარხანა გახსნა. ეს ყველაფერი იძლევა იმის თქმის საშუალებას, თუ რა პოტენციალის მატარებელია გერმანიის ტერიტორიაზე, ბრანდენბურგის მიწაზე, მდებარე TH Wildau-ს უნივერსიტეტი, რომელიც, თავის მხრივ, მოწინავეა ტექნოლოგიების დარგში და ყველაზე მსხვილი გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტია რეგიონში.
ამას ხაზს უსვამს ის რეიტინგებიც, რომლითაც საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ადგილს იკავებს TH Wildau. მაგალითად, ისეთ კვლევებსა და ნომინაციებში იკავებს მოწინავე ადგილებს, როგორიცაა: „საუკეთესო უნივერსიტეტი გერმანიის ლოგისტიკური გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტებს შორის“, „ყველაზე მეგობრული უნივერსიტეტი ” – INSM–ის კვლევის მიხედვით, „ინოვაციური უნივერსიტეტი”, მე–3 ადგილი StudyCheck–ის უნივერსიტეტების რეიტინგში… ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ მიღწევებისა, რომლებითაც TH Wildau-ს უნივერსიტეტი პოზიციონირებს, როგორც საუკეთესო.
სწორედ ამიტომ გერმანია და სწორედ ამიტომ TH Wildau-ს უნივერსიტეტი.
ამ პროგრამის დაფინანსების შესაძლებლობებზეც რომ მოგვიყვეთ…
კახა შენგელია: პროგრამას აფინანსებს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD), რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ორგანიზაციაა სტუდენტებისა და მკვლევრების საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების დაფინანსების კუთხით.
თუმცა DAAD-ის საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ საგრანტო და სასტიპენდიო მიმართულებით, ის მხარს უჭერს და ეხმარება განვითარებად ქვეყნებს ეფექტიანი უნივერსიტეტების ჩამოყალიბებაში. მაგალითად, 2020 წელს DAAD-მა დააფინანსა 110 000-ზე მეტი გერმანელი თუ საერთაშორისო მეცნიერი მთელ მსოფლიოში, რაც ნამდვილად არაა დაბალი მაჩვენებელი.
გამომდინარე იქიდან, რომ ეს სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისოა, ელოდებით თუ არა სტუდენტებს სხვა ქვეყნებიდანაც?
კახა შენგელია: რა თქმა უნდა, ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის იდეის წამოწყების პირველივე დღიდან განვიხილავდით იმ ფაქტს, რომ არსებული პროგრამით დაინტერესდებოდნენ არა მხოლოდ ქართველი, არამედ სხვა ქვეყნის სტუდენტებიც. ამის თქმის საშუალებას კი პირველ რიგში ის მაძლევს, რომ პროგრამა ინგლისურენოვანია, უნიკალურია თავისი კურიკულუმით, რომელიც შედგენილია გერმანელი სპეციალისტების მიერ და მორგებულია ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებზე. ასევე, მაგისტრის ერთობლივი, საერთაშორისო დიპლომი, რომელსაც გავცემთ, იძლევა მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმების საშუალებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. აქედან გამომდინარე, ეს პროგრამა სხვა ქვეყნების სტუდენტების ინტერესსაც გამოიწვევს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ კავკასიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგიული მიმართულება სწორედ ინტერნაციონალიზაციაა. ჩვენ ამჟამად 54 ქვეყნის 169 უნივერსიტეტთან ვთანამშრომლობთ.
რას მოიცავს ზოგადად ციფრული ლოგისტიკა? და სად დგას ამ კუთხით საქართველო დღეს?
გიორგი დობორჯგინიძე: ბოლო წლებში წინსვლა და პროგრესი გვქონდა, მაგრამ ახლა იმდენად დაჩქარდა გაციფრულების პროცესი სხვადასხვა მიმართულებით, რომ რეგიონულ დონეზე გარკვეული ჩამორჩენა გვაქვს. ძალიან ბევრი კომპანია საკმაოდ დიდ ინვესტიციას დებს ამ მიმართულებით. თუმცა მილიონების ინვესტიციას აზრი არა აქვს, თუ არ გვყავს შესაბამისი ადამიანები, რომლებიც მას გამოიყენებენ და მართავენ და იმ პოტენციალის რეალიზებას შეძლებენ, რასაც ჰქვია საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის განვითარება. ასევე, თქვენ რომ ჰკითხოთ საქართველოში არსებული გამოწვევების შესახებ ნებისმიერ უცხოურ კომპანიას, რომელიც ბოლო წლებში ამ დარგში შემოვიდა, გეტყვიან, რომ ნომერ პირველი გამოწვევა კვალიფიციური კადრების დეფიციტია. ჩვენი ახალი პროგრამა სწორედ ამ გამოწვევაზე ერთგვარი პასუხია. ეს პროგრამა პირდაპირ მიმართულია როგორც ადგილობრივი დეფიციტის აღმოფხვრაზე, ასევე საქართველოს ხელშეწყობაზე, რომ სერვისის სხვა ეტაპზე გადავიდეთ და 3,5-მილიონიანი ბაზრის შიგნით არ ჩავიკეტოთ.
რა რაოდენობის სტუდენტის გამოშვებას აპირებთ წლიურად, და, თქვენი აზრით, რამდენად და როდის დაეხმარება ეს სექტორს კვალიფიციური კადრების დეფიციტის შემცირებაში?
გიორგი დობორჯგინიძე: პირდაპირ გეტყვით, რომ ეფექტი იქნება დაუყოვნებელი. ჩვენთან ინტერესი ძირითადად აქვთ იმ სტუდენტებს, რომლებიც ამ სფეროში უკვე დასაქმებული არიან. მათ გარკვეული საბაზისო დონე აქვთ. ჩვენი პროგრამა ისეა აწყობილი, რომ ძალიან სწრაფი ეფექტი ექნება, თუმცა ეს გრძელვადიანი პროექტია. ჩვენ არ გვაქვს 15-20 ადამიანზე საუბარი. რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები ჩვენი ქვეყნისთვის და მთლიანად რეგიონში ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის თვალსაზრისით ახალ პოტენციალს ქმნის. ვფიქრობთ, ხუთი წლის თავზე შეგვეძლება ვთქვათ, რომ დარგზე დიდი ეფექტი მოვახდინეთ, შემდეგ კი – დარგის კონტრიბუციაზე ქვეყნის მშპ-ში.
ასევე, ლოგისტიკის დარგს დავეხმარებით იმაშიც, რომ სერვისების ექსპორტიც შესაძლებელი გახდეს, ანუ, არა მხოლოდ მოემსახურონ საქართველოს, არამედ გავიდნენ ქვეყნის გარეთ, მაგალითად, ცენტრალურ აზიაში, თურქეთსა თუ აღმოსავლეთ ევროპაში. ციფრული ლოგისტიკა იძლევა საშუალებას, რომ აუტსორსინგი მოვიზიდოთ საქართველოში. თუ შესაბამისი კომპეტენციები გვექნება, შეგვიძლია, რეგიონში სერიოზულ მასშტაბებზე ვიფიქროთ.
გაქვთ თუ არა კავშირი ქართულ ლოგისტიკურ კომპანიებთან და როგორი იქნება მათი ჩართულობა/მონაწილეობა ამ სამაგისტრო პროგრამის წარმატებით განხორციელებაში?
გიორგი დობორჯგინიძე: ჩვენ 15-ზე მეტ კომპანიასთან გვაქვს გაფორმებული მემორანდუმები, რომლებიც ჩვენი პროგრამის ფარგლებში კვლევით ნაწილში ჩაერთვებიან. ჩვენი პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ კვლევა და პროექტების ფარგლებში პრაქტიკული მუშაობაა. ამიტომ ჩვენ მათთან ერთად შევარჩევთ საინტერესო კვლევით პროექტებს, დავამუშავებთ მაღალ დონეზე, შემდეგ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებები დაამუშაონ და კომპანიების ტოპ-მენეჯმენტთან იმუშაონ, დატესტონ, პრაქტიკაში რამდენად გამოყენებადია მათი პროექტები და ა.შ.. აქ, ერთი მხრივ, კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ტალანტები აღმოაჩინონ, ხოლო მეორე მხრივ სტუდენტებს ექნებათ კარგი შესაძლებლობა, რომ ტოპ-მენეჯმენტთან იქონიონ კომუნიკაცია და მონახონ საინტერესო დამსაქმებლები, რომლებიც მათ შესაბამის კარიერულ პერსპექტივას შესთავაზებენ.
როგორ ფიქრობთ, ლოგისტიკის გარდა ძირითადად რომელ სექტორებში და რა ტიპის კომპანიებს დაეხმარება თქვენი სამაგისტრო პროგრამა კვალიფიციური კადრების გენერირებაში?
გიორგი დობორჯგინიძე: ჩვენი სექტორი მხოლოდ ლოგისტიკა არაა. ის მოიცავს მთლიანად წარმოებას და ვაჭრობის სექტორს. ვაჭრობაში კონკურენტუნარიანობის კუთხით გადამწყვეტი დღეს სწორედ ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვია. ვნახეთ, რაც ხდება რეგიონში – ტვირთების მიწოდება შეფერხებულია. სწორედ ეს არის ლოგისტის ამოცანა, რომ ააწყოს ალტერნატიული ლოგისტიკური ჯაჭვები და თან ფასის მხრივაც კონკურენტუნარიანი იყოს. ლოგისტიკა წარმოებაშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. აქაც შესყიდვები, ნედლეულის კონტროლი და მზა საქონლის მიწოდება საბოლოო კლიენტისათვის მთლიანად ლოგისტიკის ამოცანაა. ლოგისტიკა სერვისშიც უმნიშვნელოვანესია. ასევე უდიდესი სფეროა ტრანსპორტიც.
დაბოლოს, თქვენ აპირებთ ლოგისტიკური საგანმანათლებლო ჰაბის შექმნასაც. რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავთ სამაგისტრო პროგრამის დაფუძნების გარდა?
TH Wildau-ს უნივერსიტეტი, ასევე ბერლინ-ბრანდერბურგის ლოგისტიკის ასოციაცია, საქართველოს ლოგისტიკის ასოციაცია და ჩვენი პარტნიორი კომპანიები ერთად ვაპირებთ, კვლევითი სერვისები განვავითაროთ და კომპანიებს საუკეთესო პრაქტიკის დანერგვასა და პროცესების სტანდარტიზაციაში დავეხმაროთ. ამას TH Wildau-ს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი აქტიური ჩართულობით შევძლებთ, ვინაიდან მათ ისეთ გიგანტებთან აქვთ მსგავსი კვლევითი პროექტები განხორციელებული, როგორიცაა Mercedes Benz-ი Rolls Royce-ი, DHL-ი და Fedex-ი.
ასევე, ჩვენ უკვე მივიღეთ დაფინანსება, რომლითაც ვაკეთებთ ლოგისტიკის ლაბორატორიას. იგი აღჭურვილი იქნება უახლესი პროგრამული უზრუნველყოფით, აქ დავიწყებთ კადრების გადამზადებას მოკლევადიანი კურსებით. ამას კავკასიის უნივერსიტეტში ამ დრომდეც ვაკეთებდით, მაგრამ ახლა ეს პროცესი უფრო მასშტაბური გახდება და ამაში უფრო აქტიურად გამოვიყენებთ უცხოური აკადემიური პერსონალის რესურსს, რომლებიც თბილისში ივლიან ლექციებსა და სემინარებზე.
და მესამე – ვაპირებთ გავაკეთოთ ტრენინგცენტრი, სადაც კომპანიის ტრენერებს გადავამზადეთ. ჩვენ გადავუმზადებთ კომპანიას წარმოების მენეჯერებს, ლოგისტიკის მენეჯერებს, რომელთაც ტრენინგების თავიანთ კომპანიაში ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ.
ამგვარად, სამაგისტრო პროგრამა იქნება მთავარი, მაგრამ გვექნება მოკლევადიანი პროგრამები, ასევე მნიშვნელოვანია კვლევა და განვითარება. ამ დარგში მილიარდიანი ინვესტიციები იდება, მათ შორის – საქართველოს სატრანსპორტო სექტორშიც. ესენია პორტები, გზები, რკინიგზა… ამას სჭირდება ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზები და ინფრასტრუქტურული საინჟინრო გადაწყვეტილებები. ვინ უნდა აკეთოს ეს? უცხოეთიდან მოწვეული ერთი ექსპერტი დღეში დაახლოებით $1500 ჯდება. ამ ხარჯებს ვინ გასწვდება? ამიტომ საჭიროა ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარება კვლევების მიმართულებით. ჩვენი მიზანია, ჩვენი სტუდენტები აქტიურად ჩავრთოთ რეგიონში ლოგისტიკის სამეცნიერო პოტენციალის ათვისებაში.
დატოვე კომენტარი