ციფრული მარკეტინგი ერთი პლატფორმიდან - ინტერვიუ MyDataNinja-ს დამფუძნებელთან

ციფრული მარკეტინგი ერთი პლატფორმიდან - ინტერვიუ MyDataNinja-ს დამფუძნებელთან

MyDataNinja მარკეტინგის ავტომატიზაციისა და ანალიტიკის პლატფორმაა. სტარტაპი აერთიანებს ბევრ სხვადასხვა ფუნქციასა და ხერხს, რათა მომხმარებელმა, ინტეგრაციებს გარეშე, მაქსიმალურად მარტივად შეძლოს რთული ციფრული მარკეტინგული კამპანიების შექმნა და მართვა – და რაც მთავარია ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი პლატფორმიდან. სტარტაპი მცირე და საშუალო ბიზნესს სთავაზობს ისეთ სერვისებს, როგორიცაა რეპორტინგი და ანალიტიკა, CRM-ფუნქციონალი, რეკლამების შექმნა, სარეკლამო ექაუნთების მართვა და ა.შ.

Forbes Georgia სტარტაპის სერვისებისა და სამომავლო გეგმების შესახებ MyDataNinja-ს დამფუძნებელ გურამ თათეშვილს ესაუბრა.

თავდაპირველად თქვენი სტარტაპის შესახებ რომ მოგვიყვეთ – რა მიზანს ემსახურება და როდის გაჩნდა მისი შექმნის იდეა?

ჩვენი საერთაშორისო ციფრული სააგენტოს ფარგლებში, რომელიც Google-ის ოფიციალური პრემიერ პარტნიორია, შეხება გვაქვს 15 ქვეყანაში, 100-ზე მეტ კომპანიასთან. თავდაპირველად სტარტაპი შეიქმნა როგორც შიდა აპლიკაცია კლიენტებთან მუშაობის გასამარტივებლად – ვინაიდან დატვირთვა საკმაოდ მაღალი იყო, მუდმივად გვიწევდა ახალი კადრების პოვნა, მონაცემების ხელით დამუშავება, ძალიან ბევრი ექსელის ფაილი გვქონდა, რაც ნამდვილად შრომატევადი საქმე გახლდათ და ბიზნესის ზრდასაც აფერხებდა.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა შიდა აპლიკაცია, რომელიც ჩვენი საქმიანობის დიდი ნაწილის ავტომატიზაციას შეძლებდა და მუშაობას გაგვიმარტივებდა, ასევე საშუალებას მოგვცემდა, რეალურ დროში გაგვეკეთებინა ანგარიშები და ანალიტიკა. საბოლოოდ, აპლიკაცია წარმატებული გამოდგა – ჩვენი მომხმარებლის შედეგები გაიზარდა, ხოლო ჩვენ მუშაობა ბევრად უფრო გაგვიმარტივდა და გადავწყვიტეთ, რომ სერვისი მხოლოდ ჩვენი გუნდისთვის აღარ გვქონოდა და საჯარო პლატფორმად გარდაგვექმნა.

2020 წელს უკვე რეალურად დავიწყეთ ამ ყველაფერზე ფიქრი, შემდგომში უკვე მოვიპოვეთ GITA-ს გრანტიც, რაც განვითარებაში კიდევ უფრო დაგვეხმარა. იმავე წელს MyDataNinja USAID-ის რჩეულ სტარტაპად დასახელდა, რომლის საშუალებითაც, სილიკონის ველის აქსელერატორის პროგრამაში მივიღეთ მონაწილეობა, რამაც ძალიან დიდი გამოცდილება შეგვძინა.

რეალურად ორი წელია, რაც პროექტზე ვმუშაობთ, პირველი წელი ძირითადად დაგეგმვას და შესწავლას დავუთმეთ, რადგან ერთია, როდესაც შიდა აპლიკაცია გაქვს, რომელსაც მხოლოდ 15 თუ 20 კაცი იყენებს, და მეორეა, როდესაც საჯაროდ გაგაქვს შენი პროექტი. ბევრად მეტი მომხმარებელი და მოთხოვნაა, რომელთაც უნდა მოეგო, ბევრი რამის, მათ შორის ფუნქციონალის დამატება და ცვლილება მოგვიწია და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს დრო დასჭირდა.

ამჟამად უკვე გავუშვით საჯარო ბეტა-ვერსია და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად განვითარდება.

MyDataNinja-ს გუნდზეც რომ ვისაუბროთ, ვინ არიან თქვენი სტარტაპის წევრები?

გუნდში ბევრნი არ ვართ – დაახლოებით ექვსი-შვიდი ადამიანი. მე ვარ პროექტის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი, გვყავს ოთხი დეველოპერი და დანარჩენი -ადმინისტრაციული სტაფი, მათ შორის გაყიდვები, საფორთი, ბუღალტერია, მარკეტინგი.

უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა სერვისებს სთავაზობს MyDataNinja მომხმარებელს?

MyDataNinja აერთიანებს ბევრ სხვადასხვა ფუნქციასა და ხერხს, რათა მომხმარებელმა, ინტეგრაციებს გარეშე, მაქსიმალურად მარტივად შეძლოს რთული ციფრული მარკეტინგული კამპანიების შექმნა და მართვა. ჩვენი მიზანია, რომ ადამიანებმა, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ცოდნა ციფრული მარკეტინგის მიმართულებით, ჩვენი ხელსაწყოების საშუალებით მოახერხონ წინწასული ციფრული მარკეტინგული კამპანიების შექმნა და თავად არა ტექნიკურ მხარეზე, არამედ უფრო მეტად კრეატივსა და პროდუქტზე იყვნენ კონცენტრირებული.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც ჩვენ სტარტაპს გამოარჩევს, არის რეპორტინგი. კომპანიებს რეალურ დროში შეუძლიათ ნახონ თავიანთი სარეკლამო კამპანიების ანალიტიკა როგორც Google-ში, ასევე Facebook-ში და უნდა აღვნიშნოთ, რომ სამომავლოდ სხვა სარეკლამო ქსელებიც, მათ შორის Bing-ი და TikTok-ი დაგვემატება.

შედეგად, კომპანია რეალურ დროში ხედავს, თუ რომელი რეკლამა მუშაობს, რამდენ ფულს ხარჯავს და რა შემოსავალი მოაქვს. ამისდა მიხედვით, თავადვე ნათლად დაინახავს, თუ რომელი რეკლამაა ნაკლებად ეფექტიანი და გააზრებულად მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ რეკლამასა და პროდუქტზე ჯობს, რომ დაატრანსფეროს თავისი ბიუჯეტი. ეს კი საკმაოდ დიდ სარგებელს მოუტანს მცირე და საშუალო ბიზნესებს, რომელთაც ისედაც შეზღუდული რესურსი აქვთ და მაქსიმალურად ეფექტიანად გახარჯვა სურთ.

გარდა ამისა, გვაქვს CRM-ფუნქციონალი. ამ შემთხვევაში, კომპანიას თუ უკვე აქვს სერვისი, შეუძლია უბრალოდ ჩააინტეგრიროს, ანდაც თუ არა აქვს, ჩვენი საბაზისო CRM-მოდული გამოიყენოს და უკვე არა ფურცლებსა და ექსელში, არამედ ჩვენს პლატფორმაზე შეინახავს მომხმარებელთა შესახებ ინფორმაციას.

რაც ასევე მნიშვნელოვანია, MyDataNinja-ს საშუალებით კომპანიებს Google-ისა და Facebook-ის პლატფორმებზე შესვლის გარეშე შეუძლიათ რეკლამების შექმნა – და აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის ფაქტია, რომ მხოლოდ ერთი ფორმის შევსება საკმარისია, რათა ორივე პლატფორმაზე ერთდროულად გაეშვას რეკლამა, რაც დღეის მონაცემებით, არცთუ ისე ხშირად შეგხვდებათ. რეალურად ვცდილობთ, რომ Google-ის Facebook-ის და სხვა პლატფორმების გაერთიანებით შევქმნათ ერთი პლატფორმა, რომელზე შესვლითაც ყველაფერს ერთ სივრცეში გააკეთებ და აღარ მოგიწევს რეპორტის სათითაოდ შემოწმება, ანალიტიკის წარმოება, რაც ძალიან შრომატევადი პროცესია.

მომხმარებელთა ფიდბექზე დაყრდნობით კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე ყველაზე გამოყენებადი ფუნქცია არის, რომ კომპანიებს, ჩვენს სისტემასთან დაკავშირებით, ერთდროულად შეუძლიათ მართონ ასობით სარეკლამო ექაუნთი როგორც Google-დან, ასევე Facebook-დან. მეც თავად ციფრული მარკეტოლოგი ვარ და ვიცი, თუ რა სირთულესთან და დროით რესურსთან ასოცირდება სათითაოდ ყველა რეკლამის ნახვა, გათიშვა, ცალ-ცალკე რეპორტების შემოწმება და საოცრად მოსახერხებელია, როდესაც ამ ყველაფრის მართვა ერთი პლატფორმიდანაა შესაძლებელი.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, თავად როგორ თვლით – საერთაშორისო მასშტაბზეა უფრო ორიენტირებული თქვენი სტარტაპი თუ ქართულ ბაზარზე?

თავიდანვე გვქონდა გათვლა, რომ ამერიკულ და ევროპულ ბაზრებზე ვიქნებოდით ორიენტირებულნი. საქართველო მსგავსი ხელსაწყოსთვის და სერვისისთვის საკმაოდ პატარა ბაზარია და, შესაბამისად, ამ ეტაპზე არ ვართ საქართველოზე კონცენტრირებულნი. თუმცა, თუ დაინტერესება იქნება და არის კიდევაც რამდენიმე დიდი ქართული კომპანიისგან, შეგვიძლია დავეხმაროთ მათ ამ მიმართულებით განვითარებაში.

თუმცა ზოგადად ამერიკულ და ევროპულ ბაზრებზე ვართ ორიენტირებულნი. საჯარო ბეტა-ვერსიის გაშვების შემდეგ რამდენიმე ამერიკული კომპანია უკვე დარეგისტრირდა, ასევე დახურულ ბეტა-ვერსიას რუმინული კომპანია იყენებდა და გვსურს, რომ სამომავლოდ აქტიურად ვიყოთ წარმოდგენილნი უცხოურ ბაზარზე.

ქართული კომპანიების ინტერესებიდან გამომდინარე კი, სამომავლოდ ვეცდებით, რომ მათთვის შედარებით შეღავათიანი სერვისები გვქონდეს და ამით ხელი შევუწყოთ საქართველოში ციფრული მარკეტინგის განვითარებას. გარდა ამისა, ვგეგმავთ, რომ ჩვენ ვებგვერდზევე, ციფრული მარკეტინგის კურსების მსგავსი აკადემიაც შევქმნათ და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში ამ სფეროს განვითარებაში წვლილის შეტანას მოვახერხებთ.

საერთაშორისო მასშტაბით კონკურენციაც ბევრად უფრო მაღალია – ამ მხრივ, ვის მოიაზრებთ თქვენს მთავარ კონკურენტებად და რა გამოგარჩევთ მათგან?

უნიკალური ფუნქციონალი გვაქვს, რაც, წესით, საინტერესო უნდა იყოს კომპანიებისთვის და ამას სულ მალე დავინახავთ. პლუს, ვაერთიანებთ საკმაოდ ბევრ ხელსაწყოსა და სერვისს და ჩვენი ტიპის სოფთები გათვლილია Enterprise-დონის კომპანიებისთვის და, შესაბამისად, მაღალი ღირებულებაც აქვთ. განსხვავებით ჩვენგან, რადგან ჩვენ უფრო მეტად მცირე და საშუალო ბიზნესზე გვაქვს აქცენტი, ასევე თვითმომსახურებაზე და იდეაში ეს კონკურენტებისგან ყველაზე მეტად გამოგვარჩევს – ჩვენ მცირე და საშუალო ბიზნესს ვაწვდით all-in-one-solution-ს, სადაც ერთ პლატფორმაზე დაკავშირებულია CRM-ი, სარეკლამო ექაუნთები, რეკლამის შექმნა და რეპორტინგი.

არიან კონკურენტები, რომელთაც მხოლოდ რეკლამების შექმნის სერვისი აქვთ, ან მხოლოდ Facebook-ზე ან Google-ზე მუშაობენ, ან მომხმარებელს მხოლოდ რეპორტინგს სთავაზობენ. შესაბამისად, ვთვლით, რომ ბევრი კონკურენტი არც გვყავს და უფრო მეგობრულ გარემოში წარმოგვიდგენია ჩვენი თავი. მაგალითად, როგორც დამხმარე ხელსაწყო Hubspotის შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ მას უკვე აქვს ჩვენი ფუნქციონალის ნაწილი, თუმცა საბაზისო დონეზე. ამიტომაც, თუ ვიქნებით პლაგინი Hubspot-ისთვის, Shopify-სთვის, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რამეს ვკარგავთ. პირიქით, ამის საშუალებით ეკოსისტემაში შევალთ და მიგვაჩნია, რომ ბაზარზეც ასე ვიპოზიციონირებთ.

გარდა ამისა, კონკურენტებისგან გამოგვარჩევს ის ფაქტიც, რომ ავტომატურად გვაქვს ჩაშენებული Server-side Tracking-ი, ასევე კომპანიებს ვთავაზობთ მრავალი ანგარიშის ერთდროულად მართვას, რეალურ დროში რეპორტებს, ამ ყველაფრის CRM-თან დაკავშირებას და დამატებით, არის პატარ-პატარა დეტალები, რაც შესაძლოა საინტერესო იყოს უცხოელი მომხმარებლისთვის. ამ ეტაპზე კვლავ ტესტირების პროცესში ვართ, ამერიკულ ბაზარზე შევისწავლით ჩვენს მომხმარებელს, რათა ზუსტად მიხვდეთ, თუ სად არის უმჯობესი ჩვენი პირველადი გასვლა.

ვინ არიან სტარტაპის ინვესტორები და პარტნიორები?

GITA-ს გრანტის გარდა, ამ ეტაპზე თავადვე ვაინვესტირებ პროექტში და ამ მხრივ ჯერ პრობლემა არ გვაქვს, პირიქით, საჯარო ბეტა-პერიოდში გვსურს მაქსიმალურად დავიტვირთოთ და უახლოეს პერიოდში ახალი კადრების აყვანასაც ვგეგმავთ. თუმცა ახლა შვებულებების პერიოდია და ჯერჯერობით აქტიური რეკლამირება არ დაგვიწყია, სავარაუდოდ აგვისტოს შუა რიცხვებიდან ვგეგმავთ ამას და დავინახავთ, თუ რამდენად შედეგიანი იქნება.

რაც შეეხება ინვესტორებს, რამდენიმე ინვესტორი გვყავს ამერიკული და ევროპული ბაზრებიდან, თუმცა ძირითადად კერძო და ეჯაილ-ინვესტორები არიან. ამ მომენტში უბრალოდ ვცდილობთ, თავადვე გავერკვეთ მარკეტფიდში, მომხმარებელთა დამოკიდებულება გავიგოთ და ნალებად გვაქვს აქცენტი ინვესტიციებზე. ინვესტიციების მოზიდვას ცალკე დრო სჭირდება ახლა კი გვსურს, უფრო მეტად პროდუქტის განვითარებაზე ვიყოთ ორიენტირებულნი. თუმცა გვაქვს რამდენიმე შემოთავაზება და ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლოსთვის მივიღებთ ინვესტიციასაც.

სტარტაპის მომხმარებლებსაც რომ შევეხოთ – ვინ იყენებს ამჟამად MyDataNinja-ს პლატფორმას?

როგორც აღვნიშნე, ამ დრომდე ვიყავით დახურულ ბეტა-რეჟიმში და მხოლოდ რამდენიმე კომპანია იყენებდა ჩვენს პლატფორმას. ერთ-ერთი იყო რუმინული ფინანსური კომპანია Horacredit.ro, რომელთანაც საკმაოდ წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს. სწორედ MyDataNinja-ს საშუალებით რამდენიმე ათეული ათასი ევროთი გაიზარდა მათი სარეკლამო ხარჯი და ბევრად უფრო შედეგიანი და ეფექტიანი გახდა მათი სარეკლამო ოპერაციები.

ჩვენს სერვისს დღესაც აქტიურად იყენებს ქართული კომპანია Citrus.ge. ჩვენს პლატფორმასთან თანამშრომლობამდე კომპანია ძირითადად არამოგებიან რეკლამებზე ხარჯავდა ბიუჯეტის საკმაოდ დიდ ნაწილს, ROI-ში კომპანიის სარეკლამო ბიუჯეტი მხოლოდ 20-25% იყო და ახლა 80-100%-მდეა გაზრდილი, რაც ძალიან მაგარი შედეგია ყველა ორგანიზაციისთვის. იმედი გვაქვს, რომ ეს შედეგები მიმზიდველი იქნება სხვა კომპანიებისთვისაც და მათ ინტერესს ჩვენი პლატფორმისადმი გაზრდის.

ახლა უკვე საჯარო ბეტა-ვერსიაში ერთ-ერთი არგენტინული კომპანია დარეგისტრირდა, ასევე რამდენიმე ამერიკული და ევროპული კომპანიაც. თუმცა ინტეგრაციის ეტაპზეა ბევრი, რადგან შედარებით დიდი კომპანიები არიან, თავიანთი CRM-ი აქვთ და შეუძლიათ დააინტეგრირონ ჩვენი სერვისი და ისე გამოიყენონ.

საქართველოზეც რომ ვისაუბროთ, რას თვლით მთავარ გამოწვევად ციფრული მარკეტინგის მიმართულებით და როგორ შეუწყობს ხელს თუნდაც თქვენ მიერ ნახსენები აკადემია ამ სფეროს განვითარებას?

მიმაჩნია, რომ ამ სფეროში ბევრად უფრო უკან ვიყავით საქართველოში და ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვვითარდით. საკმაოდ დიდი დაინტერესება გაჩნდა, ასევე გაიზარდა კადრების რაოდენობა და ხარისხიც. თუმცა ხშირად მხოლოდ საბაზისო სარეკლამო მეთოდებს იყენებენ კვლავ და არ ცდილობენ უფრო სიღრმისეულ ინტეგრირებას, რაც კიდევ უფრო კარგ შედეგებს მოუტანს სარეკლამო კამპანიებს.

მაგალითად, MyDataNinja მომხმარებელს სთავაზობს Server-side Tracking-ს და Offline Conversions-ებს, რაც Google-სა და Facebook-ს ზუსტად ახვედრებს, თუ რა ტიპის კლიენტები სჭირდება კომპანიას და შემდგომ, ავტომატურ რეჟიმში სწორედ ისინი მოჰყავს, რაც ბევრად ნაკლები ხარჯით აძლიერებს გაყიდვებს.

საქართველოში არცთუ ისე ბევრი კომპანია იყენებს მსგავსი ტიპის ინტეგრაციებს, თუმცა საშუალო და მცირე ბიზნესს ამას ვერც მოსთხოვ, რადგან ამ სფეროში საკმარისი ცოდნა არ გვაქვს ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად ვფიქრობ, რომ ჩვენი სისტემის გამოყენების შემთხვევაში ეს კომპანიები უფრო მეტად განვითარდებიან, ბევრად მაღალი ხარისხის ტექნიკურ ინტეგრაციასაც მიიღებენ და ბიუჯეტსაც მეტად ეფექტიანად გამოიყენებენ, რათა გაყიდვებში მათთვის სასურველი შედეგები მიიღონ. ამავდროულად, ჩვენი პლატფორმის გამოყენებით კომპანიები ბევრად უფრო მარტივად ახერხებენ სქელინგს, რაც მარკეტინგული ბიუჯეტის უფრო ეფექტიან განაწილებასა და მენეჯმენტს უწყობს ხელს.

დაბოლოს, როგორია სტარტაპის სამომავლო გეგმები?

იდეაში, საჯარო ბეტაში მაქსიმუმ მხოლოდ რამდენიმე თვე ვიქნებით და შემდგომ უკვე პროდაქშენზე გავალთ და საბოლოო, ოფიციალური ვერსია გვექნება, რომელიც უკვე სამუშაო ვერსია იქნება. გვსურს, რომ საჯარო ბეტაში ბევრად უფრო მეტი კომპანია ჩავრთოთ, გავიგოთ, რა პრობლემები და ხარვეზები აქვს ჩვენ სერვისს, რომელი ფუნქციები მუშაობს, რომელი არ მუშაობს, რომლის გამოსწორებას ისურვებდა მომხმარებელი და ეს ინფორმაცია პლატფორმის დასახვეწად გამოვიყენოთ.

ამ ეტაპზე არ ვართ ორიენტირებულნი შემოსავლის მიღებაზე, ამიტომაც გვაქვს პირველი თვე უფასო, შემდგომ კი უკვე ფიქსირებული, ხელმისაწვდომი ღირებულებით. შესაბამისად, ახლა ძალიან კარგი პერიოდია ქართული კომპანიებისა და სტარტაპებისთვის, რომ ჩაერთონ, რადგან ჩვენი პროგრამისტების დახმარებით უფასო ინტეგრაციას ვთავაზობთ და მაქსიმალურად დავეხმარებით მათ და ხელს შევუწყობთ, რომ გამოიყენონ ჩვენი სისტემა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, პროდაქშენ-ვერსიაზე გასვლის შემდგომ ვაპირებთ აქტიური რეკლამირება დავიწყოთ, ამერიკულ ბაზარზე შევიდეთ და გამოვცადოთ ჩვენი თავი და, წესით, წლის ბოლომდე ინვესტიციებსაც მივიღებთ.

აკადემიასთან დაკავშირებით, გვსურს, უფასო რესურსები გვქონდეს ვებგვერდზე, რომელთა საშუალებითაც ნებისმიერ მომხმარებელს და დაინტერესებულ პირს ამ მიმართულებით ცოდნას განვუვითარებთ. ინგლისურ ენაზე აკადემიის შექმნის საკითხი დღის წესრიგშია და დროის მიხედვით დავაკვირდებით და შევეცდებით, ქართული ვერსიაც რაც შეიძლება მალე გაეშვას.