ხელოვნების დონორად ყოფნა დღეს მხოლოდ მდიდართა ხვედრი აღარაა. მაგრამ ქრაუდფანდინგის საიტი Patreon-ი ავტორებს ონლაინრეკლამების ღარიბული გასამრჯელოსგან ათავისუფლებს.
ნოემბრის კვირა დღეა, საღამოს 10 საათი. კალიფორნიის Burbank Airport-ში, 33 წლის ჯეკ კონტე, ცოლქმრული მუსიკალური დუეტის, Pomplamoose-ის, ერთ-ერთი ნახევარი, სკამზე შეძლებისდაგვარად კალათდება, კაპიუშონს თავზე იფხატავს და ცდილობს, დაისვენოს. გაბადრული გამომეტყველების პატრონმა, წვერებიანმა კონტემ შაბათ-კვირა ლოს-ანჯელესში გაატარა, თავის ფანკ-ჯგუფ Scary Pockets-თან ერთად, ახლა კი სან-ფრანცისკოში ბრუნდება, სადაც უკვე სულ სხვაგვარი „კონცერტი“ ელის: თავისი ძირითადი საქმის, Patreon–ის თაოსნობა უნდა განაგრძოს. ამ ვებგვერდსა და მობილურ აპლიკაციაზე ფანები გამოწერის თვიურ საფასურს იხდიან, რათა რჩეულ ავტორებს მხარდაჭერა გამოუთქვან, იქნებიან ესენი მხატვრები, პოდკასტის შემქმნელები, მომღერლები, მოცეკვავეები, მწერლები, თამაშის დიზაინერები თუ ფოტოგრაფები.
კონტეს ამჟამინდელი საქმიანობა კარგად გამოხატავს იმას, რასაც თავად საკუთარ „იდენტობის კრიზისს“ უწოდებს: ის 100-პერსონალიანი სტარტაპის (სექტემბერში $400 მილიონად შეფასებულის) აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელია, თუმცა პარალელურად არც მუსიკის სიყვარული მიუტოვებია ბოლომდე. პირველ რიგში, სწორედ ამ გატაცებამ შეაქმნევინა მას Patreon-ი. „ბევრ ავტორს ვეიმედებით და ეფექტიან გუნდად მიგვიჩნევენ, – ამბობს კონტე ინტერვიუს დროს სან-ფრანცისკოსში, Patreon-ის ოფისში. – ეს ჩემთვის ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, ჰოდა, მუსიკისთვისაც ნაკლები დრო რჩება“.
კონტეს ამგვარი თავდადება მისივე ღრმა რწმენიდან მომდინარეობს, რომ Patreon-ს შესწევს ძალა, კონტენტის ავტორები ციფრული რეკლამირებით თავის გატანისაგან (რაც უმეტესობისთვის ლამის შეუძლებელ ამოცანას წარმოადგენს) იხსნას, ან, მისი წყალობით, ამ ადამიანებს აღარ მოუხდეთ ერთჯერადი კამპანიებისთვის თავის შეფარება ისეთ საიტებზე, როგორიც Kickstarter-ი ან Indiegogo-ა. კომპანია, ერთი შეხედვით, საღი აზრისგან დაცლილ ფსონს ეფუძნება: ფანები მზად არიან – მეტიც, მოწადინებულნი არიან – იმ კონტენტის გამოწერაში გადაიხადონ თვიურად ფული, რის მიღებასაც უსასყიდლოდ შეძლებდნენ, თუმცა თუ გადახდის განხორციელება იოლია და მისი საშუალებით თავიანთ საყვარელ არტისტებს დაეხმარებიან, რატომაც არა?! გვაქვს გარკვეული მიზეზები, დავიჯეროთ, რომ კონტე არ ცდება. Patreon-ის მილიონზე მეტი მომხმარებელი დაახლოებით 50,000 არტისტს თავის გატანაში ეხმარება ისე, რომ ამ უკანასკნელთა თვიური გასამრჯელო საკმაოდ პროგნოზირებადია. „Kickstarter-სა და Indiegogo-ზე ავტორებს, როგორც წესი, ყოველ ჯერზე ახლიდან დაწყება უწევთ, – ამბობს Index Ventures-ის პარტნიორი დენი რაიმერი, რომელიც Patreon-ის ინვესტორი და საბჭოს წევრია. – ზუსტად ამავე მიზეზით, პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიები ლიცენზირებული პროგრამებიდან გამოწერებზე გადავიდნენ. მიზეზი კი, ცხადია, პროგნოზირებადი შემოსავალი და უკეთესი სამომხმარებლო სერვისია“.
კონტემ Patreon-ი ოთხი წლის წინ, Stanford University-ის თანამობინადრესთან, 33 წლის სემ იამთან ერთად წამოიწყო, რომელიც დღეს კომპანიის ტექნოლოგიური დირექტორია. მას მერე, Patreon-ს თავისი არტისტებისთვის $250 მილიონზე მეტი აქვს გადახდილი (ჯერ მარტო 2017-ში მათ $150 მილიონი არგუნა). კომპანიის საწვავი მარტივი საქველმოქმედო სისტემა და ღია ხაზია არტისტებსა და ფანებს, იმავე „მფარველებს“, შორის, რომელთაც ისეთ ბონუსებზე აქვთ წვდომა, როგორიც ლაივში გამართული კითხვა-პასუხები თუ არტისტებთან ექსკლუზიური ჩატებია ან იმგვარი „შინაურული“ კადრები კულისებიდან, რასაც არტისტი Instagram-სა თუ Facebook-ზე ვერ გააზიარებდა. არც ის არის მთლად ხელწამოსაკრავი გარემოება, რომ ალტრუისტულობა ადამიანებს კარგად აგრძნობინებს თავს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, Patreon-ის ასამუშავებლად, კონტეს ადამიანური ბუნების შეცვლა სულაც არ დასჭირვებია; საკმარისი იყო ფანსა და არტისტს შორის ურთიერთობის ხელშეწყობა.
მართალია, დღეს Patreon-ი თავის კატეგორიაში ერთადერთი მოთამაშე აღარ არის (ნოემბერში Kickstarter-მა მეტოქე, სახელად Drip-ი, ჩაუშვა), ის ყველაზე დიდია და საოცარი ტემპით იზრდება. მფარველებისა და კონტენტის შემქმნელთა რიცხვი, ისევე როგორც გაღებული თანხები, წლიურად ორმაგდება. Patreon-ი კი, მომდევნო წლის მანძილზე პერსონალის რიცხვის გაორმაგების მიზნით, იმ $100 მილიონზე მეტს იყენებს, რომელიც ინვესტორებისგან, მათ შორის, ჯოშუა კუშნერის Thrive Capital-ისა და Freestyle Capital-ისგან, მოიზიდა.
გარკვეული აზრით, Patreon-ის წარმატება ლოგიკის კანონებს უპირისპირდება: საშუალო მომხმარებელი, თვეში, $12-ს სწირავს, რაც აღემატება Spotify-ს ან Netflix-ის ტიპური გამოწერის საფასურს – პლატფორმებისა, რომლებიც მომხმარებელს ვიდეოსა და მუსიკის უამრავ კატალოგთან სთავაზობს წვდომას (ზოგიერთი მომხმარებელი თანხას თითო ნამუშევრისთვის სწირავს). ათობით ავტორი თვეში $300,000-ზე მეტს აკეთებს, მათ რიცხვში, ვიდეომიმომხილველი Blind Wave-ი და კაპელის მომღერალი პიტერ ჰოლენსი არიან, რომელმაც შარშან საიტზე თითქმის $400,000 გააკეთა.
დასაწყისიდანვე, Patreon-ი ყოველი შეწირულებიდან 5%-ს იღებს. იმავე წილს იღებენ Kickstarter-ი და Indiegogo, მაგრამ გაცილებით მეტს ითხოვენ შემოსავლის გაზიარების პროგრამები YouTube-სა (45%) და Apple iTunes-ზე (30%). „ჩვენი მისიაა, მაქსიმალურად ბევრი ფული შეუვიდეთ ავტორებს“, – ამბობს კონტე. საკომისიებმა გასულს წელს კომპანიას $8 მილიონი მოუტანა შემოსავლის სახით.
მომხმარებლები სხვადასხვა „დონის“ მიხედვით რეგისტრირდებიან; არტისტების ბონუსებზე წვდომის საფასური, ჩვეულებრივ, $1-დან $10-მდე მერყეობს (თუმცა, ზოგი გაცილებით მეტსაც იხდის). უკულელეზე შემსრულებული სინთია ლინი, რომელიც ფანებს ლაივ-გაკვეთილებს სთავაზობს, შემოსავლის დაახლოებით ნახევარს Patreon-ის საშუალებით იღებს, ფანების რიცხვი კი შარშან 400-დან 1,400-მდე გაზარდა. ვიდეოსა („სკეჩბუკის ტურები“) და ჩატების წყალობით, ჩილეელი ილუსტრატორი ფრან მენეზესი თვეში $4,000-ზე მეტს იჯიბავს და მოხდენილად ავსებს თავისი Etsy-ს მაღაზიიდან და Instagram-ის აქტიურობიდან მიღებულ მონაგარს.
ავტორები Patreon-ს უფასოდ უერთდებიან და არ სჭირდებათ, ექსკლუზიურობის პირობები გასცენ. საიტზე ინსტრუქციები ხვდებათ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოიყენონ ის უფრო ეფექტიანად. საიტი მათ მზარდი ოდენობის „კულისების“ ინსტრუმენტებსაც სთავაზობს, როგორიცაა ანალიტიკა და ი-მეილის მენეჯმენტი, რაც მათ ეხმარება, NPR-ის რადიოსადგურების საწევრო კამპანიების მსგავსი ჩაატარონ. ჯერჯერობით, Patreon-ი იმ ავტორებისთვისაა განკუთვნილი, რომელთაც უკვე ჰყავთ მიმდევრები, თუმცა თავი ჯერ არ დაუმკვიდრებიათ. გრძელვადიან პერსპექტივაში, კონტე იმედოვნებს, რომ უფრო დიდ სახელებსაც დააფინანსებს და დაამტკიცებს, რომ ტექნოლოგიას შეუძლია, კონტენტის შემქმნელთა ფინანსური მდგომარეობა გააუმჯობესოს, რასაც ინტერნეტმა, დიდწილად, წყალი შეუყენა.
Patreon-ის სულისკვეთება, არტისტები პირველ ადგილას დააყენოს, შესაძლოა, ბევრისთვის სარფიანი იყოს, მაგრამ ხიფათებიც ახლავს, მით უფრო – სამყაროში, სადაც ციფრული ბიზნესმოდელები ხშირად იცვლება. „ავტორებმა თავიანთი შემოსავლების მაქსიმალური დივერსიფიცირება უნდა მოახდინონ ისე, რომ მათ ფინანსურ მდგომარეობას მოულოდნელად ძირი არ გამოეთხაროს“, – ამბობს Internet Creators Guild-ის აღმასრულებელი დირექტორი ლორა ჩერნიკოვი.
კონტესთვის ეს პერსონალური მისიაა. ის ბოჰემურ-მოდურ მარინის ოლქში გაიზარდა, სან-ფრანცისკოს ჩრდილოეთით, და მუსიკის ანკესზე 6 წლის ასაკიდან წამოეგო, როცა მამამ ბლუზის გამა ასწავლა. Stanford-ში მუსიკისა და კომპოზიციის სწავლის დროს, 2007-ში, მეგობარ გოგოსთან, ნატალი კნუტსენთან (წყვილი 2016-ში დაქორწინდა), ერთად, YouTube-ის ვიდეოების კეთებას შეუდგა. 2013-ში დანაზოგების ანგარიში დაცალა, ორი საკრედიტო ბარათის ლიმიტი აითვისა და სამი თვე ელექტრონული მუსიკის ვიდეოს შექმნაში გაატარა, რომელიც რობოტებითა და Millennium Falcon-ის პილოტის კაბინის რეპლიკით იყო დახუნძლული. ფანებს ვიდეო ძალიან მოეწონათ: პირველ წელს YouTube-ზე მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა. მიუხედავად ამისა, ვიდეოს არსებობის პირველ თვეს, რეკლამებიდან, კონტეს მხოლოდ $54 ერგო. ამ დრომდე ვიდეომ $1,000-მდე თუ მოიტანა. რომ არაფერი ვთქვათ კონტეს დროზე: მას ვიდეოს შექმნა $10,000-ზე მეტი დაუჯდა. „ჩემთვის, როგორც ავტორისთვის, ეს გარდამტეხი მომენტი გამოდგა“, – ამბობს კონტე. იცოდა, რომ რაღაც ღირებული შეექმნა, მაგრამ ამ ღირებული პროდუქტისთვის ის ფულს ვერასდროს აიღებდა. „ამგვარმა შეუსაბამობამ პირდაპირ Patreon-ის შექმნამდე მიმიყვანა“, – ამატებს ის.
იდეა კონტემ იამთან განიხილა, რომელმაც თვეებში საიტის პროგრამირება დაასრულა. Patreon-ი 2013 წლის მაისში ამოქმედდა, რამდენიმე წუთში კი 100-ზე მეტი ფანი კონტეს ნამუშევრის მხარდასაჭერად $700-ზე მეტს სწირავდა. და რამდენიმე თვეში, Patreon-ს უკვე ინვესტორებიც გამოუჩნდა.
დღეს კონტეს ზრდის შესაძლებლობებზე აქვს თვალი დადგმული. პირველი საზღვარგარეთ გაფართოებას უკავშირდება: საიტი ინგლისურენოვანია და მხოლოდ აშშ დოლარებს იღებს, თუმცა დონორთა 40% აშშ-ის ფარგლებს მიღმაა. დროთა განმავლობაში, კონტეს სურს, საიტს უფრო მიმზიდველი ფუნქციები დაუმატოს, მაგალითად, ვირტუალურ რეალობაში მიმდინარე კონცერტები. აქვს კიდევ უფრო ბუნდოვანი იდეებიც, თუ როგორ უნდა იქცეს Patreon-ი მცირე ბიზნესის სერვისების, მათ შორის, ბილეთებსა და ვაჭრობასთან დაკავშირებული სერვისების, პროვაიდერად, რათა არტისტებს გატაცებების პროფესიებად ქცევაში დაეხმაროს. „არტისტებმა აღარ უნდა იშიმშილონ“, – ამბობს კონტე.
დატოვე კომენტარი