სტატია მომზადებულია გრანთ თორნთონის ბიზნესანალიტიკოსების მიერ
ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციისა და ეფექტური გადაწყვეტილებების მისაღებად, მცირე და საშუალო საწარმოები (მსს-ები) მიმართავენ სხვადასხვა ინფორმაციულ სისტემას, რომელიც ერთიან ფუნქციონალურ გარემოს ქმნის და მენეჯმენტს საშუალებას აძლევს მართოს ორგანიზაცია მსოფლიოში საუკეთესო ბიზნეს პრაქტიკებისა და სტანდარტების გამოყენებით.
ყველაზე გავრცელებულ ინფორმაციულ სისტემებს წარმოადგენს ERP და CRM პლატფორმები. ERP სისტემის დახმარებით კომპანიას აქვს შესაძლებლობა მართოს მიწოდების ჯაჭვი და აკონტროლოს მოთხოვნები, ეფექტურად გამოიყენოს შრომითი რესურსები, ოპერატიულად მართოს საჭირო ინფორმაცია, გაანალიზოს შემოსავლები და ხარჯები. რაც შეეხება CRM-ს, აღნიშნული სისტემა კომპანიებს საშუალებას აძლევს ეფექტურად მართონ მომხმარებლებთან დაკავშირებული პროცესები, გააანალიზონ გაყიდვების მაჩვენებლები და გააკეთონ შესაბამისი დაშვებები. გამომდინარე აღნიშნული პლატფორმების ფუნქციებიდან, მათი კოლაბორაცია ნებისმიერი საწარმოსთვის შესაძლოა ეფექტური იყოს. თუმცა, ციფრული მიღწევებისა და ტრანსფორმაციების გათვალისწინებით, რამდენად ეფექტური და შესაფერისი ინსტრუმენტია მსგავსი ინფორმაციული სისტემების კომბინაცია საშუალო და მცირე საწარმოების წარმატებისა და ხარჯეფექტურობისთვის, შეფასების საგანს წარმოადგენს.
გარკვეული ამოცანების გადასაჭრელად, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის აუცილებელი ხდება “ღრუბლოვანი” სისტემის შექმნა. ის წარმოადგენს ვირტუალურ სივრცეს, სადაც ერთიან საინფორმაციო სისტემაში გაერთიანებულია კომპანიის ან ცალკეული სტრუქტურის თანამშრომელთა საქმიანობა, რაც უზრუნველყოფს ფუნქციათაშორისი პროცესების შესრულებას. აღნიშნული სისტემები ასახავს მუდმივად განახლებად ინფორმაციას პროცესის შესრულების მსვლელობის შესახებ.
ციფრული ტრანსფორმაციის საჭიროება და ღრუბლოვანი სისტემების ინტეგრირება ბიზნეს პროცესებში Covid-19-ით გამოწვეული პანდემიის ფონზე კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა საშუალო და მცირე საწარმოებისთვის. დაწესებულებათა დახურვამ და სოციალურმა დისტანციამ ბიზნეს მოდელების რადიკალური გადახედვა გამოიწვია. საერთაშორისო კვლევების შედეგად, დასტურდება, რომ მცირე და საშუალო საწარმოების 70 %-მა გაზარდა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება Covid 19-ის გამო. მიუხედავად ციფრული ტრანსფორმაციის საჭიროებისა და საწარმოების დიდი სურვილისა, გამომჟღავნდა რიგი სტრუქტურული ბარიერები, რომელთა გადალახვაც კომპანიებისთვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. აღნიშნულ ბარიერებად შეგვიძლია დავასახელოთ:
- შიდა უნარების ნაკლებობა, რაც ესაჭიროებათ მენეჯერებსა და თანამშრომლებს, რომ ციფრული გადაწყვეტილებების იდენტიფიცირება და გაუმჯობესებული ბიზნეს მოდელის შექმნა შეძლონ;
- დაფინანსებასთან დაკავშირებული სირთულეები;
- ინფრასტრუქტურული ხარვეზები;
- ძალიან კომპლექსური სისტემების დანერგვის ტექნიკური სირთულეები.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია გონივრულად იყოს შესწავლილი ზემოთ მოცემული ბარიერები, რომლებიც დიდწილად განსაზღვრავს წარმატებული იქნება თუ არა ციფრული ტრანსფორმაცია მსს-სთვის. ხშირ შემთხვევაში კომპანიები საჭიროებებიდან გამომდინარე, მიმართავენ აღრიცხვის სხვადასხვა სისტემებს ერთდროულად. მაგალითად, მარაგების, ბუღალტრული თუ ადამიანური რესურსების აღრიცხვის მიზნით, შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვადასხვა ტიპის პროგრამა, რაც უმეტეს შემთხვევაში ართულებს მათ ერთ მონაცემთა სისტემაში ინტეგრირებას და აფერხებს ბიზნესის საერთო შედეგებისა და განვითარების მაჩვენებლების შეფასებას.
როგორც სტატიის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის, პროდუქტიულობის, კონკურენტუნარიანობის, სამუშაო ადგილების შექმნისა და, ზოგადად, ინკლუზიური ზრდისთვის. მსს-ებს შეუძლიათ გაზარდონ, გააძლიერონ და შექმნან ინოვაციები მათი სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე. თუმცა, რა თქმა უნდა, მზარდი განვითარება მარტივად არ მიიღწევა და დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე, რომლებიდანაც ისევ ტექნოლოგიურ სისტემებს გამოვყოფდით. გამომდინარე იქედან, რომ კომპლექსური ERP სისტემების დანერგვისას მსს-ები ზემოთ ჩამოთვლილი სირთულეების წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე, აუცილებელია კომპანიისთვის უფრო მეტად მოქნილი, მარტივი და მათი ზომითი კატეგორიისთვის შესაბამისი ციფრული სისტემების არსებობა, რაც გააუმჯობესებს ბიზნესის პროცესების მართვას და გაზრდის პროდუქტიულობას.
მსგავსი სისტემის მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ ვირტუალური სივრცე, პლატფორმა, სადაც ერთიანდება, იკვეთება და ე.წ. ჯაჭვური რგოლი წარმოიქმნება ინფორმაციის გაზიარების, შენახვის, სამუშაოს ავტომატიზაციისა და კომპანიის ბიზნეს პროცესების შესახებ საჭირო მონაცემების მიღებისთვის. პლატფორმამ უნდა უზრუნველყოს ინფორმაციისა და ბიზნეს პროცესების შედეგების იმ ფორმით მიწოდება მსს-ს მმართველი რგოლისა და თანამშრომლებისთვის, რომ სტრატეგიული ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღება მოხდეს დროულად და ადეკვატურად. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ციფრული პლატფორმის დანერგვა არ უნდა იყოს დაკავშირებული დიდ დროით და შრომით რესურსებთან, რაც მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს შექმნის მატერიალური და დროითი რესურსების დაზოგვის საშუალებით. გამომდინარე იქედან, რომ ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მიმდინარეობდეს კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების მუდმივი ანალიზი და მონიტორინგი, ციფრული პლატფორმები კომპანიების წარმომადგენლებს მიაწვდის პროფესიონალი გუნდის მიერ დიდი მონაცემთა ბაზის დამუშავების შედეგად მიღებულ მუდმივად განახლებად, კონკრეტულ ფინანსურ ინფორმაციას.
ამ პუბლიკაციაში წარმოდგენილი საკითხები გამიზნულია ზოგადი მიმოხილვისა და საინფორმაციო მიზნებისთვის. აღნიშნული ინფორმაცია არ შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა სპეციფიკურ საკითხებზე კონსულტაციისათვის.
ანგარიში ემყარება ჩვენი გუნდის მიერ ჩატარებულ უამრავ ვარაუდს და ანალიზს, რომელიც მომზადდა საჯარო წყაროებზე ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიხედვით.
დატოვე კომენტარი