ეს მომდევნო აპოკალიფსური წინასწარმეტყველება არაა, ეს არის დოკუმენტი, რომელსაც საქართველომ ხელი 2006 წელს, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (International Telecommunication Union) კონფერენციაზე, ჟენევაში მოაწერა. საუბარია „რეგიონულ შეთანხმებაზე”, რომლის თანახმადაც ევროპული სამაუწყებლო ზონა მთლიანად ციფრული უნდა გახდეს, ანუ ამ დათქმულ დღეს ანალოგური ფორმატი, რომლითაც ახლა ტელესიგნალს ვიღებთ, არსებობას შეწყვეტს.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალდანიშნული გენერალური დირექტორი, გიორგი ბარათაშვილი, ოპტიმისტია. მას სჯერა, რომ დათქმულ ვადამდე საქართველო მოასწრებს ანალოგურიდან ციფრულ ფორმატზე გადასვლას – მიუხედავად იმისა, რომ, სათანადო ფულისა და ინვენტარის ქონის შემთხვევაშიც კი, თავად ტექნიკური პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია და იმის მიუხედავადაც, რომ „ამ ყველაფრის კეთება უნდა დაგვეწყო მაშინვე. უზარმაზარი სამუშაოა ჩასატარებელი და ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ ახლა, დაახლოებით ორი თვეა, დაიწყო ძვრები”.
მოდი, თავიდან მოვყვეთ: რას ნიშნავს ანალოგურიდან ციფრულ ფორმატზე გადასვლა და რატომ დადგა ტრანზიციის აუცილებლობა?
ციფრული ტელევიზია არის აუდიოვიდეომაუწყებლობა ციფრული მულტიპლექს-სიგნალით. განსხვავებით ანალოგური სიგნალისგან, ის მეტ ინფორმაციას იტევს, რაც როგორც მაუწყებლობის უკეთეს ხარისხს, ასევე გადაცემული ინფორმაციის ერთიათად გაზრდილ მოცულობას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ციფრული ფორმატი უფრო ადვილად ინტეგრირდება ქსელთან, რომელშიც გახლართულია თანამედროვე სამყარო და რომლის გარეშეც საინფორმაციო ინფრასტრუქტურა უკვე წარმოუდგენელია – საუბარია, რა თქმა უნდა, ინტერნეტზე.
მიკროდონეზე, მომხმარებლისთვის, ციფრული ტელევიზია მნიშვნელოვანია ხარისხისა და ინტერაქტიურობის თვალსაზრისით. ციფრულ ფორმატს გამოსახულების რეზოლუციისა და ხმის გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე ანალოგურს. ციფრული ფორმატის ხმოვან შესაძლებლობებზე გიორგი ბარათაშვილი აღფრთოვანებით საუბრობს: „ანალოგურ გამოსახულებას მოჰყვება მხოლოდ ორი ხმის არხი და ჩვენ მხოლოდ მონო- ან სტერეოხმის მიღების საშუალება გვაქვს, მაშინ როცა ციფრული ფორმატი საშუალებას იძლევა გამოსახულებასთან ერთად მივიღოთ 16-მდე ხმა!” – და რაც შეეხება ხმის ინტერაქტიურ კომპონენტს, გარდა დახვეწილი აუდიორეჟიმისა, ამ „ხმოვან ასორტიმენტს” სხვა უპირატესობებიც აქვს – „გამოსახულებას შესაძლოა მოჰყვეს რამდენიმეენოვანი ტექსტი და მომხმარებელმა თავად აარჩიოს, თუ რომელ ენაზე სურს ამა თუ იმ გამოსახულების ყურება”.
ციფრული მულტიპლექსინგი აგრეთვე საშუალებას აძლევს ერთ კონკრეტულ ტელეკომპანიას, რომ ერთდროულად რამდენიმე არხი შესთავაზოს მაყურებელს, ანუ შესაძლოა გაიზარდოს არხების ასორტიმენტიც.
მაკროდონეზე, ანუ სახელმწიფოსა და ინდუსტრიებისთვის, ციფრული ტელევიზია მნიშვნელოვანია, რადგან ის სიხშირეთა ოპტიმიზაციის საშუალებას იძლევა. შესაძლებელი ხდება გამოთავისუფლებული სიხშირეების სხვა აუცილებელი ფუნქციით გამოყენება ან გაყიდვა. სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიას შეუძლია სიხშირე გამოიყენოს ქვეყნის მასშტაბით ახალი სატელეკომუნიკაციო პროექტების დასანერგად და მომხმარებლის უზრუნველსაყოფად ახალი მობილური სერვისითა თუ პროდუქტით.
პირველი არხის შემთხვევაში – თუ, მაგალითად, საქართველოს კანონში მაუწყებლობის შესახებ წერია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ამა და ამ სიხშირეზე მაუწყებლობს და ფლობს ამ სიხშირეს, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ შესაძლებელი იქნება ერთ სიხშირეში გატარდეს ცხრა და ათი არხი, ტელეკომპანიები კი მიიღებენ ლიცენზიებს კონკრეტულ მულტიპლექსერში კონკრეტულ არხ(ებ)ზე და არა მთლიან სიხშირეზე.
დღეს თითქმის ყველა ქვეყანა უკვე გადასულია ან აქტიურად მუშაობს ციფრულ ფორმატზე გადასასვლელად. საქართველოში ეს პროცესი არც დაწყებულა, „აპოკალიფსამდე” მოცემული დროის 2/3 კი უკვე გავიდა. არსებობს ვალდებულება, რომ გარკვეული სიხშირეები 2015 წლიდან გადაეცეს ნატოს, შესაბამისად, ეს სიხშირეები სასწრაფოდ გამოსათავისუფლებელია.
გიორგი ბარათაშვილი ამბობს, რომ „მოსწრება ყველაფრის შეიძლება, მაგრამ არ შეიძლება ერთ დღეში გათიშო ანალოგური მაუწყებლობა და გადახვიდე ციფრულზე. ამ პროცესს წინ უნდა უძღოდეს სატესტო რეჟიმი, როგორც ეს უმეტეს ქვეყანაში მოხდა, რადგან მომხმარებელი უნდა შეეჩვიოს და გარკვეული ზომები მიიღოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად – მაგალითად, შეიძინოს ტელევიზორი, რომელიც ამ ფორმატს მოერგება. ჩვენ ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა. თუ მოხერხდა და ამ წლის ზაფხულში მაინც ჩაირთო სატესტო მაუწყებლობა, მაინც კარგი იქნება, თუმცა ცოტა ეჭვი მეპარება, ასე მოხდეს”.
ეჭვის საფუძველი ნამდვილად არსებობს. უკვე მომზადებული უნდა იყოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ტექნიკურ, იურიდიულ და საზოგადოების ინფორმირების საკითხებს დაარეგულირებს. ამ დროს კი ისიც გაურკვეველია, ვინ გაუწევს ზედამხედველობას და ვინ მიხედავს ქსელს – სახელმწიფო თუ ტენდერის საფუძველზე შერჩეული რომელიმე კერძო კომპანია – ან რა დაავალდებულებს დისტრიბუტორებს, რომ ისეთი ტელევიზორი არ მოგვყიდონ, რომელსაც ორიოდ წელიწადში „ვადა გაუვა”. მოსახლეობის დაზარალების თავიდან ასაცილებლად სხვადასხვა ქვეყანამ სხვადასხვა სტრატეგიით იხელმძღვანელა: ზოგმა დისტრიბუტორები დაავალდებულა ანალოგურ ტელევიზორებზე სპეციალური გამაფრთხილებელი სტიკერი მიეკრათ, ზოგმა გადასახადები გაზარდა ასეთი ტელევიზორის შემოტანაზე, ზოგი კი თავად დაეხმარა მოქალაქეებს ახალი ტელევიზორების შეძენაში. საქართველოში ანალოგურ ტელევიზორებს ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე ყიდულობენ, ხოლო რამენაირ რეგულაციაზე, რაც უზრუნველყოფს, რომ მომხმარებელი არ დაზარალდეს, საუბარი ჯერ ზედმეტია.
მხოლოდ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადების შემდეგ შეიძლება იმაზე მსჯელობა, თუ რომელი კომპანია განაგებს სამაუწყებლო სიგნალის განაწილებას, ვინ იქნება მწარმოებელი რესივერებისა, რომელთა შეძენაც მოგიწევთ იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ ანალოგური ტელევიზორი, რა იქნება რესივერის ფასი და გაირკვევა, მოხდება თუ არა სოციალურად დაუცველი ფენისთვის ამ რესივერების უფასოდ დარიგება – მთელი რიგი საკითხისა, რომლებსაც სახელმწიფოს გარდა ვერავინ გადაწყვეტს. მაგრამ ფაქტია, დღესდღეობით არანაირი გაცხადებული გადაწყვეტილება არ არსებობს. ვიცით მხოლოდ ის, რომ ეკონომიკის სამინისტროში შეიქმნა საგანგებო ჯგუფი, რომელშიც სპეციალისტთა გარდა, მაუწყებლების წარმომადგენლებიც შედიან. და რომ ისინი მუშაობენ…
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გვარწმუნებს, რომ, თუკი სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მთელი მოსახლეობა ხელმისაწვდომი რესივერებით, ამას თავად გააკეთებს: „მოცემულ მომენტში ჩამოყალიბებული არ ვარ, მაგრამ აუცილებლად რაღაცას გავაკეთებ, თუ, მაგალითად, სახელმწიფომ თავის თავზე ვერ აიღო სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უზრუნველყოფა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გავწვდებით მთელ ქვეყანას, მაგრამ შეიძლება მოსახლეობის სეგმენტირება მოვახდინოთ და გარკვეული სეგმენტი უზრუნველვყოთ”.
ტელევიზიების დღევანდელი გავრცელების მოდელი შემდეგია: სახელმწიფო კომპანია „ტელერადიოცენტრი” ფლობს გადამცემ აგრეგატებს და ეს კომპანია დაწესებული ტარიფის სანაცვლოდ ტელეარხების გავრცელებას უზრუნველყოფს.
გიორგი ბარათაშვილი ვარაუდობს, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლაც იმავე მოდელით მოხდება: „მე მგონი, ყველაფერი ამისკენ მიდის. პრინციპში ყველაზე მისაღები მოდელია, რადგან ეს იმდენად ძვირად ღირებული პროექტია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს დღესდღეობით საამისო ფინანსური შესაძლებლობა არა აქვს”.
თუმცა თავდაპირველად სწორედ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაიწყო მოლაპარაკება სხვადასხვა მწარმოებელთან, რათა თავად მოეხდინა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა და თავად ყოფილიყო მულტიპლექსების მფლობელი: „ჩვენ დიდი კრედიტის აღებას ვგეგმავდით, რომლის დახმარებითაც ტექნიკურ გადაიარაღებას მოვახდენდით და შემდგომში გადავიხდიდით, მაგრამ დღესდღეობით ალბათ სახელმწიფო აიღებს ამას თავის თავზე და ჩვენ გვექნება ყოველთვიური გადასახადი, როგორც ახლა”, – ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი და ახალ ფორმატზე გადასვლისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკურ მზაობასაც ადასტურებს: „შიდა აპარატურული ბაზა აბსოლუტურად მზად გვაქვს, მაგალითად, შარშან ოქტომბერში ქუთაისში გავუშვით თავიდან ბოლომდე HD ტელევიზია. ჩვენ მიერაა აღჭურვილი პარლამენტის შენობა, სადაც ოცდათვრამეტი HD კამერა მუშაობს, რომელსაც სამართავად მხოლოდ ორი ადამიანი სჭირდება. საერთოდ, ოქტომბრიდან ვგეგმავთ, რომ მთლიანად გადავიდეთ HD ფორმატზე და პირველი სრულფასოვანი HD მაუწყებელი გავხდეთ”.
ვინ იკისრებს დღევანდელი „ტელერადიოცენტრის” ფუნქციას, – სახელმწიფო თუ ტენდერის საფუძველზე დამტკიცებული კერძო კომპანია – არც გიორგი ბარათაშვილს მოეხსენება.
მოკლედ, ჯერჯერობით არაფერია ნათელი, გარდა თარიღისა, როდის დაისადგურებს ჩვენს ტელევიზორებში სიბნელე, თუკი მოცემული დროის მესამედში ციფრულ ფორმატზე გადასვლა ვერ მოესწრო. გამოდის, საქართველომ უნდა იმუშაოს იმაზე სამჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ამას საერთაშორისო თანამეგობრობა მისგან მოელოდა. იმედია, ძალიან დიდი წარმოდგენა არ ჰქონიათ ჩვენზე.
დატოვე კომენტარი