თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამედიცინო კვლევითი ლაბორატორიის ისტორია არც მეტი, არც ნაკლები 1997 წელს იწყება. ნათია შავდიამ და მისმა გუნდმა 20 წლის წინ დედაქალაქში კერძო სამედიცინო ცენტრი “ციტო” დააფუძნეს. მიუხედავად ქვეყანაში არსებული რთული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობისა, “ციტომ”, როგორც კვლევითმა ცენტრმა, მენეჯმენტსა და მომსახურებაში აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომებით ბაზარზე თავის დამკვიდრება შეძლო.
სწორედ ამის დამსახურებაა, რომ “ციტო” პირველი სამედიცინო ცენტრია საქართველოში, რომელმაც 2016 წელს სამედიცინო ლაბორატორიულ საქმეში საერთაშორისო აკრედიტაცია ISO 15189 მიიღო, მენეჯმენტის მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტები კი ცენტრმა ჯერ კიდევ 2005 წელს დანერგა.
დღესდღეობით “ციტო” მოხმარებელს ფართო სპექტრის მომსახურებას სთავაზობს – დაწყებული ლაბორატორიული გამოკვლევებით დასრულებული ექიმების კონსულტაციით და რეგიონებში ანალიზების მისაღებად საჭირო მომსახურებით. კომპანიას საქართველოს რამდენიმე რეგიონში მასალის ასაღები პუნქტები აქვს, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს პასუხების მიღება თბილისში ჩამოსვლის გარეშე შეუძლია.
15 თანამშრომლით დაწყებული სამედიცინო ცენტრი დღეს 150 თანამშრომელს ითვლის და ყოველთვიურად ასობით პაციენტს ემსახურება.
ნათია შავდია იხსნებეს, რომ საკმაოდ რთულ 90-იან წლებში თბილისში თანამედროვე ლაბორატორიის შექმნის ინსპირაცია დედაქალაქში მომხდარი უბედური შემთხვევა გახდა, – ცენტრის დაარსების იდეა კი მისმა ძმამ, ბიზნესმენმა გია შავდიამ, მიაწოდა.
რა იყო საკმაოდ რთულ 90-იან წლებში თანამედროვე ლაბორატორიის შექმნის მოტივაცია, კომპანიის დამფუძნებელი ნათია შავდია იხსენებს, რომ ინსპირაცია თბილისში მომხდარი უბედური შემთხვევა გახდა. ცენტრის შექმნის იდეა კი მისმა ძმამ, ბიზნესმენმა გია შავდიამ, მიაწოდა.
როდესაც გასულ ოც წელზე ვეკითხებით, სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს იყო საკმაოდ საინტერესო და ბევრი დაბრკოლების შედეგად მიღებული გამოცდილება. კითხვაზე, რას შეცვლიდა ყველაფრის დაწყება ახლიდან რომ შეეძლოს, ამბობს, რომ არაფერს, რადგან ყველა პრობლემამ მას და მის გუნდს სერიოზული გამოცდილება მისცა.
ნათია შავდიას თქმით, 20-წლიანი სტაჟის მიუხედავად ყოველდღიურად უწევთ დამტკიცება, რომ პროფესიონალები არიან.
“შეუცდომელი, რა თქმა უნდა არავინაა, მით უმეტეს ჩვენს სფეროში, მაგრამ 100%-ით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს შესაძლო უზუსტობების თავიდან ასაცილებლად. როდესაც ადამიანი ჩვენთან მოდის, ის გარანტირებულია, რომ მიიღებს მაღალი ხარისხის კონსულტაციას მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმისგან და მიიღებს უზუსტეს ანალიზებს” – ამბობს ნათია შავდია.
ქართულ მედიცინაში არსებულ პრობლემებზე საუბრისას, უპირველეს საკითხად კვალიფიციური კადრების ნაკლებობას ასახელებს. ნათია შავდია ამბობს, რომ დღეს ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა. სერიოზულ დაბრკოლებად რჩება ასევე ადგილობრივი კლინიკებისა და ექიმების დამოკიდებულება, რომლებსაც შავდიას განცხადებით, სხვა ლაბორატორიის მომსახურება არ სურთ.
“მსოფლიოში ჩვენს დარგში ყველაფერი ცენტრალიზაციისკენ მიდის. კეთდება დიდი ლაბორატორიები, სადაც საუნივერსიტეტო კლინიკებიც კი აგზავნიან ანალიზებს. დღეს საქართველოში უამრავი ცენტრი იხსნება, რომლებსაც ვთავაზობთ, რომ არ დახარჯონ ცალკე თანხები ამ მიმართულებით, რადგან აკრედიტაციის აღება და აღჭურვილობა ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. მსოფლიოში კლინიკებს ურჩევნიათ გაუშვან ანალიზები აუთსორსინგზე, საქართველოში კი პირიქით. მათი დამოკიდებულება ასეთია – რაც გვჭირდება, ყველაფერს ჩვენ თვითონ ვაკეთებთ” – ამბობს ნათია შავდია.
კონკურენციის ზრდასთან ერთად “ციტოს” მიზანი არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში მთავარ ლაბორატორიულ ცენტრად გადაქცევაა. სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამისთვის მნიშვნელოვანია “ციტოს” ცნობადობა გაიზარდოს.
ცნობადობის გაზრდა და 20-წლიანი ისტორიის “დაგვირგვინება” სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელს “თიბისი ბანკისა” და “ჯეოსელის” ბიზნესდაჯილდეობაში გამარჯვებით სურს. კომპანიას “წლის ბიზნესის” სტატუსის მოპოვება უნდა.
“რეკლამაში თანხას არ ვხარჯავთ. მიგვაჩნია, რომ საუკეთესო რეკლამა ჩვენი საქმე, ჩვენი პაციენტები და ექიმებია, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ. ზოგადად, არც მსგავს კონკურსებში ვმონაწილეობთ, რამდენადაც ნდობა არ გაგვაჩნია, მაგრამ “ბიზნესდაჯილდოება” გამონაკლისია. ეს არის ძალიან დემოკრატიული და ობიექტური კონკურსი. ამ კონკურსში გამარჯვებით მინდა, ჩემმა თანამშრომლება იგრძნონ, რომ მათი შრომა ფასდება”, – ამბობს ნათია შავდია.
დატოვე კომენტარი