1883 წელს ძველი თბილისის ცხოვრებაში დიდი და მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა, ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი – „ცხენის რკინის გზა“, ანუ ე.წ. „კონკა“ ამოქმედდა და თუკი მანამდე მთელი ქალაქი თავზეხელაღებულ თფილისელ მეფაიტონეებზე, მათ სწრაფ ჭენებასა და თავნებობაზე ლაპარაკობდა – „არსად არ მოიპოებიან ისეთი გაფუჭებული და გაამაყებული მეფაიტონეები, როგორიც ჩვენს ქალაქში“-ო, ახლა უკვე „კონკა“ იქცა მთელი თბილისის სალაპარაკო თემად.
„შუა-დღე მოტანებულია. გაზაფხულის მზეს გარედ გამოურეკია ხალხი და ქალაქის ქუჩები მოსეირნეებით სავსეა. ვარანცოვის ძეგლის პირ-და-პირ და მიხაილის ქუჩის ყურეში ჯგუფ-ჯგუფად სდგას რა გინდა რა ჯურის ხალხი. ერთად დგანან რამდენიმე კინტო, ერთიც, როგორც ეტყობა გაცვეთილ კაბაზე და გაპოხილ მოსკოვის კარტუზზედ, გაკოტრებული მეწვრილმანე. იმათვე მისტოლებიათ, იქვე, სახაბაზოდან გამოსული, ფქვილში გაგუნგლული რაჭველი, რომელიც, თითქოს სხვას ყურს არავის უგდებს და მარტო თავის ჩიბუხს დასწაფებია. პირ-და-პირ გაჩერებულა ორი მეფაიტონე და იმათაც შურიანი თვალებით ერთი მხრისკენ მიუპყრიათ. ყველანი ერთი მხრისკენ გაიცქირებიან – ეტყობათ რაღაც შესანიშნავს მოელიან. მოისმის ბაყლების ბიჭების ყვირილი: „იდოთ!.. იდოთ!“ და მართლა გამოჩნდა სამ ცხენ შებმული ვაგონი…“, – „სცენა ცხენის-რკინის გზაზე“. არაგველი [დავით კეზელი], 1883 წ.
დავიწყოთ იმით, რომ „ცხენის რკინის გზა“ პირველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო, რომელიც ქალაქის მასშტაბით რეისებს რეგულარულად ასრულებდა. სამგზავრო ვაგონი, რომელსაც ცხენები ეწეოდნენ, ღია იყო და ორ ათეულ მგზავრს იტევდა. თუმცა, სანამ ამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სიკეთესა თუ ნაკლოვანებებზე ვისაუბრებთ, ის ამბები ვახსენოთ, რაც თფილისში „კონკის“ ამოქმედებას უძღოდა წინ.
ერთ-ერთი ასეთი ამბავი 1881 წლის დასაწყისში მომხდარა, როცა, როგორც გაზეთ „კავკაზს“ გაუგონია, თფილისში „ორი ფულიანი კაცი“ ცხენის რკინიგზის გაყვანის განზრახვით ჩამოსულა.
ამავე პერიოდში არც ქალაქის გამგეობა ყოფილა უქმად, უქმად კი არა, „ქალაქის ვაგზლიდამ ზოგიერთ ქუჩებში ცხენის რკინის გზის გაყვანის“ პროექტი შეუდგენიათ. ამ პროექტის პარალელურად, უარსებია ვინმე დვეჟეცკის კომპანიის პროექტსაც. ქალაქში ამბობდნენ, „ცხენის რკინიგზის” გაყვანა სწორედ ხსენებულ დვეჟეცკის კომპანიას ექნება მინდობილიო:
„იმ პირთ, რომელთაც თბილისში ცხენით სატარებელ რკინის გზის გაკეთება აქვთ აღებული, შეუდგენიათ ყოველ გვარი პლანები და მხატვრობა გზისთვის საჭირო და ამ დღეებში წარუდგენენ ქალაქის თვით მმართველობას. დაამტკიცებენ თუ არა, მაშინვე შეუდგებიან მუშაობას და გაზაფხულისთვის მოასწრებენ მუშთაიდიდამ ალექსანდრეს ბაღამდის გზის გაყვანას“, – წერდა გაზეთი „კავკაზი“ 1881 წლის ზაფხულის მიწურულს.
თუმცა მომდევნო თვეების განმავლობაში ეს საქმე თითქოს ჩაჩუმდა, შემდეგ ხმა გავრცელდა, „თუ მთავრობა და თუ ქალაქის სამმართველო ვერ მორიგდნენ იმ კაცთან, რომელმაც ამ გზის პროექტი წარადგინაო“, მაგრამ ერთი წლის თავზე, თფილისელთა სასიხარულოდ, გაირკვა, რომ „ცხენის რკინის გზის კეთებას უკვე შესდგომიან“:
„ჩვენი ქალაქი ჩქარა დამშვენდება ცხენის რკინის გზით, რომლის გასათავებლადაც ასე გახურებულად მუშაობენ. საცხენო რკინის გზის შესრულებას დღე-დღეზე უნდა მოველოდეთ. უმთავრესი სტანცია საჯინიბოებითა და ვაგონების დასადგმელ თავლებით შენდება [კუკიაში], რელსები და ვაგონები, როგორც ამბობენ, გზაზეა და მალე უნდა ჩამოიტანონ; თვითონ რელსების დაწყობა კი ბევრ დროს არ მოითხოვს.
კუკიის ხიდის გაფართოება დაბრკოლებას არ შეადგენს; ეს საქმე ცალკე კამისიას აქვს მინდობილი, რომელიც, იმედია, მოახერხებს, რომ საცხენო რკინის გზის რელსების დაწყობამ არ შეავიწროვოს ხიდის ორივე მხრით ქვევითა ხალხისა და ფაიტონების სიარული.
მთელი ტფილისელი საზოგადოება და ვგონებ ქართლ-იმერეთიც-კი მოუთმენლად მოელის ამ გზის გათავებას, რომ თავიდგან აიცდინოს მეფაიტონების უსვინდისო ცარცვა“.
[მეფაიტონეების ხსენება შემთხვევითი ამბავი არ გეგონოთ, პირველ რიგში კი იმიტომ, რომ ფაეტონის მომსახურებასთან შედარებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ბევრად უფრო ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო, რადგან, როგორც ამბობდნენ, თბილისი იყო ქალაქი, სადაც „ათჯერ მაინც უნდა დაგეყვირა ქუჩაში გაჩერებულ მეფაიტონესთვის, რომ ერთხელ მოხედვა და ხმის გაცემა ეღირსებინა“.]
თავდაპირველად, ცხენის რკინიგზის ორი ხაზი თფილისის რკინიგზის სადგურისა და მუშტაიდის მიმართულებით მიდიოდა, წლების განმავლობაში კი „კონკის“ ლიანდაგებმა ქალაქის დიდი ნაწილი დაფარა – „ვაგზალიდამ ვორონცოვის ძეგლამდინ საცხენო რკინის გზა ამ იანვრის განმავლობაში იქნება სრულიად მზად და მუშაობასაც დაიწყებს; დანარჩენს ქუჩებზე კი უეჭველად მაისამდინ“, – წერდა გაზეთი „დროება“ 1883 წლის 1 იანვარს.
თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თფილისის „ცხენის რკინიგზა”გახსნამდეც ლამის მუდმივი განხილვის თემა იყო. მეტიც, ამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის თემაზე „ქალაქის რჩევაში“ უხერხული კამათიც შემდგარა – ერთ- -ერთ ხმოსანს „უეჭველ საჭიროებად“ მიუჩნევია მეორე კლასის ვაგონების არსებობა, რათა „ერთმანეთს მოშორებული ყოფილიყო ფაქიზი საზოგადოება უფაქიზოს“.
ამ წინადადების საპასუხოდ ხმოსანს კოლეგისგან დელიკატური შენიშვნა მიუღია „ეგ არამც თუ მოუხერხებელია, არამედ მეტის-მეტი უსამართლობაც იქნება, რომ ჩოხა და სერთუკი გარჩენულნი შეიქნენო“.
ამგვარი, უსაგნო და უსამართლო კამათის მიუხედავად, ქალაქის ხმოსანთაგან შემდგარი განსაკუთრებული კომისია „საქმესაც აკეთებდა“ – ცხენის რკინიგზა გახსნამდე სწორედ მათ შეუმოწმებიათ:
„კუკიის ხიდიდგან რკინის გზის ვაგზალმდის ცხენის რკინის გზა სრულებით მზად არის და ამ ორიოდე დღეში გაიხსნება.
ვაგონები, პირველში რომ დაიწყებენ სიარულს, ჩაიტევენ ოცს კაცს. ფეხის დასადგომები სიარულის დროს ასასვლელად იმდენად დაბალია, რომ ბავშვსაც თავისუფლად შეუძლიან ასვლა და ჩამოსვლა.
გზა მოიწონეს, მხოლოდ ორიოდე ადგილს ვიგრძენით უსწორობა და კარგა საგრძნობელი რყევა მატარებელისა. მაგრამ ეს იმის გამოა, რომ გზა ჯერ კარგად ვერ არის გატკეპნილი.
მზადდება დახურული მატარებელიც ავდრისა და ზამთრისათვის. ცხენები ჩინებულია და კარგად გაწვრთნილი. სულ ოც-და-ათი ვაგონია, ას ოცი ცხენი, რომელთათვისაც მუშტაიდის ზევით დიდი შენობა გაუმართავთ; იქვე გამართულია სახელოსნოები, სადაც კეთდება ვაგონები“, – ვკითხულობთ „დროების“ 25 თებერვლის ნომერში.
მომდევნო დღეს, 1883 წლის 26 თებერვალს კი თფილისში „კონკამ“ დაიწყო სიარული! ამ სასიხარულო ამბის შესახებ ქალაქის თავს დიდი მთავრისა და კავკასიის მთავარ-მმართებლისთვისაც უცნობებია და პასუხად მილოცვის დეპეშებიც მიუღია:
„ფრიად მოხარული ვარ ტფილისში ცხენის რკინის გზის გახსნისა და ვულოცავ მცხოვრებთ. დიდად მადლობელი ვარ ამ პატივსადების დეპეშის მოწერისათვის“, – მიხეილი.
„გულითად შევხარი ცხენის-რკინის გზის გახსნას, რომელიც გაუადვილებს მიმოსვლას მცხოვრებლებს“, – ა. დონდუკოვ-კორსაკოვი.
მილოცვები იქით იყოს და ქალაქში ყველას უხაროდა ეს „ახალი ბედნიერება“, „ყველა მადლიერი თვალით შეჰყურებდა ამ გზას, ამ კეკლუც და მარჯვე ვაგონებს“ – ცხენის რკინიგზის გახსნიდან მოყოლებული, „აუარება ხალხი მოგზაურობდა კუკიის ხიდიდამ – რკინის გზის ვაგზალმდის“, მით უმეტეს, რომ „კონკით“ მგზავრობა იაფი ღირდა, როგორც ამბობდნენ, „საითაც გვინდა, იქით გაუკრამდით – გინდ აღმა, გინდ დაღმა და გინდა ყირაზედაც“ და ერთ აბაზად ლამის ნახევარ ქალაქს მაინც შემოივლიდით…
მაგრამ ეს აღმა-დაღმა სიარული მალე პრობლემად იქცა – „უნახავმა ნახაო, ცხრა-მთა გადალახაო“ – წერდა „დროების“ ფელეტონისტი, რომელიც თფილისელთა იმ ნაწილს აკრიტიკებდა, ვისაც ჯერ კიდევ ვერ გაეგო, რომ ცხენის რკინიგზა მოცლილთა წინ და უკან სახეტიალოდ კი არა, ქალაქის დაშორებული ადგილების შესაერთებლად და იაფი მიმოსვლის მიზნით იყო ამოქმედებული:
„ქალაქელებმა ამის დანიშნულება სულ სხვანაირად გაიგეს: მთელი ოჯახობით მიდიან, დაიჭერენ მთელ ვაგონებს და მინამ ერთი ხუთ-ექვსს რეისს არ გააკეთებენ, ფეხს აღარ გადმოსდგმენ; ასე რომ, ვისაც მართლა მუშტაიდისკენ, ან რკინის გზაზედ რამე საქმე აქვს, ხშირად დასაჯდომ ალაგს ვერა პოვობს.
რაღაც ახირებული ჟინი უნდა ჰქონდეს კაცს, რომ ერთი გზობა არ მოსწყინდეს და ოთხჯერ-ხუთჯერ მიბრუნდეს! ამისთანა მშვენიერ დღეებში ზოგიერთს მუშტაიდში მისწევს გული გასასეირნებლათ, მაგრამ შიშის გამო, რომ ალაგი არ დავკარგოთო, აღარ გადმოდიან და უკანვე ბრუნდებიან…“
დღევანდელი გადმოსახედიდან ეს ღიმილის მომგვრელი მოვლენა, როგორც ჩანს, სერიოზული პრობლემა იყო თფილისელთათვის, რომლებიც „კონკის“ გადატვირთულობის შესახებ საჩივარს-საჩივარზე წერდნენ და გამოსავალსაც სთავაზობდნენ „ცხენის რკინიგზის” გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელ პირებს:
„თბილისში საცხენო რკინის გზა გააჩინეს და პუბლიკას კი ამით დიდი არა შეემატა-რა, მეტადრე იმ ქალებსა და ბავშვებს, რომელნიც მთელის საათობით ელიან ხოლმე ვაგონის მოსვლას, მაგრამ მოვა თუ არა ვაგონი, კინტოებისა და სხვა უფრო ღონიერ-ხალხისაგან უკუ-გდებულნი, უნდა უადგილოდ დარჩნენ და კიდევ უნაყოფოდ ელოდენ მეორე და მესამე ვაგონის მოსვლას.
განა ძნელი იქნებოდა ამ რკინის გზის გამგეობისათვის იმისთანა წესი შემოეღო, რომელ წესზედაც სამზღვარ გარეთ იქცევიან. იქ თურმე ამ რკინის გზასაც სტანციები აქვს დაკეთებული და სტანციებში ბილეთებს ურიგებენ, ასე რომ ვინც წინ-და-წინ მივა, ის უფრო წინა ნომერს აიღებს და როცა ვაგონი მოვა, ხალხიც თავ-თავიანთ ნომრის კვალობაზედ სხდება ვაგონში. ამ წესის წყალობით ქალებს, ბავშვებს და სხვა უფრო სუსტ ქმნილებათ ასცილდებოდათ მუჯლუგუნები, ტანისამოსების ხევა, ქოლგების მტვრევა და საცხენო რკინის გზის გამგეობისაც მადლობელნი დავრჩებოდით“.
ესეც რომ არა, ტფილისში ცხენის რკინიგზის რელსები ია-ვარდით არ ყოფილა მოფენილი – პრობლემა-პრობლემაზე იჩენდა თავს. პირველი დიდი გამოწვევა თფილისის ქუჩების სივიწროვე იყო, თანაც ქუჩებში, სადაც „კონკის“ რელსები გადიოდა, „ულევი ხალხი მიმოდიოდა“, ვაგონები კი, მიზეზთა და მიზეზთა გამო, არცთუ იშვიათად „გადასცდებოდნენ რელსებს“, ამიტომაც, უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებული სიფრთხილე იყო საჭირო.
მეგაზეთეები „ცხენის რკინიგზის” ძირითად, „ორგანიულ“ ნაკლოვანებებზეც ღიად საუბრობდნენ და ვისაც ჯერ არს, ამ პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებდნენ:
„უმთავრესი ნაკლულევანება ამ გზისა ის არის, რელსები ძლიერ მაღლა არიან ამოწეულნი ქუჩის ზედა-პირიდამ. ამ გარემოების გამო, როდესაც ეკიპაჟი მიდის ამ გზის გასწვრით კუჩერს არ შეუძლია ადვილად გზის გადახვევა, რადგანაც ეკიპაჟების ბორბლები მიეკვრებიან რელსებს და იმას მისდევენ რამდენიმე საჟენის სიგრძეზე. უეცრივ გზის გადახვევა შეუძლებელია მისთვის და ისიც, როცა ბორბალი გადაახტება ამ რელსებს ისეთ ნაირად ააგდებს ეკიპაჟში მსხდომ პირთა, რომ გუშინ წინ ერთი ყმაწვილი ჩამოუგდია თურმე, რომელიც რაღაც ბედად გადარჩომია სიკვდილს. ამგვარი შემთხვევა, როგორც ამბობენ, ძლიერ ხშირია. ამასთან ის ცუდი შედეგიც მოსდევს ამ რელსების სიმაღლეს, რომ ერთი-ორ თვეზე ქალაქში ცხენებს ფეხები აღარ შერჩებათ.
მეორე ნაკლულევანება ამ გზისა ის არის, რომ ვიწრო ქუჩებში ძლიერ გაძნელდა მოძრაობა მას აქეთ, რაც ამ ქუჩებით „კონკა“ დადის. ხან ვაგონი ჩამოდის რელსებიდამ, ხან ბევრი ფაეტონები და ეკიპაჟები მოდის, ხან ფეხით მოსიარულენი არიან ბევრნი. ამ ადგილებზე ყოველ წამში მოსალოდნელია რამე უბედური შემთხვევა. მიხაილოვის ქუჩის ბოლოზე რელსები ისე ახლო არის ტროტუარიდამ, რომ ერთი ფეხი რომ დაუცდეს კაცს, ერთი ხელი რომ ჰკრას ვინმემ „კონკის“ ბორბლებ ქვეშ მოყვება. რაღაც საუბედუროდ ამ ადგილზე ტროტუარიც მეტად ვიწრო არის. ესეთივე ცუდი პირობები დაუხვდება „კონკას“, როცა იმას გამოიყვანენ რუსის ბაზარში, სასახლის ქუჩაზე და სხვ.
ეს არის ძირითადი, ორგანიული ნაკლულევანება ქალაქის რკინის გზისა. ზოგი ნაკლულევანება ადმინისტრაციის წყალობითაც ხდება. დილით, თორმეტ საათამდის, მაგალითად, ძლიერ ცოტა ვაგონები დადის, ასე რომ ხალხის საჭიროებას ვერ აუდის.
მიუცილებელი საჭიროა, რომ რაც შეიძლება ის მაინც გასწორდეს ამ გზის ნაკლულევანებათაგან, თორემ სამწუხარო შემთხვევა აუცილებლად მოხდება…“
და, რა თქმა უნდა, უბედური შემხვევები ხდებოდა და თანაც რამდენი!
„კვირა საღამოს „კონკა“ დაეტაკა ერთ ფაეტონს მიხაილის ქუჩაზე და შუაზე გაწყვიტა“; „კიდევ ერთი უბედურება ცხენის რკინის გზისაგან: ამ დღეებში ცხენ-რკინის გზამ სამად გაწყვიტა გზისავე კონდუქტორი“; „კვირა დღეს ერთი გიმნაზიელი კიდევ გაუტანია ცხენის რკინის გზაზედ მოსიარულე ვაგონს“; „ასე ცოტას ხანში ისეთი ვაჟკაცობა არავის გამოუჩენია კაცების ხოცვასა და დასახიჩრებაში, როგორც გამოიჩინა ჩვენმა ცხენ-რკინის გზამ“.
ყველა უბედურებასთან ერთად, მოსახლეობა ჩიოდა, რომ ცხენებშებმული ტრამვაის მძღოლები თფილისელი მეფაიტონეების არცთუ სასახელო ტრადიციას აგრძელებდნენ და „ისე დააქროლებდნენ „კონკებს“, თითქო წინ არავითარი დაბრკოლება არ ხვდებათო“.
ამ ყველაფრის, მათ შორის კი უბედური შემთხვევების თავი და თავი, როგორც თფილისის ცხენის რკინიგზის კრიტიკოსებს მიაჩნდათ, ქალაქის ქუჩების სივიწროვე იყო:
„უგუნურება იქნება მთელი ქუჩები მარტო ამ რკინის გზას დავაჭერინოთ; თბილისის ქუჩები საზოგადოდ ისე ვიწრონი არიან, რომ თითქმის გალავინის პროსპეკტზედაც დიდად საფრთხილოა, არამც თუ კუკიის ხიდზედ და შუა-ბაზარზედ ჩატარება… თითქმის ერთად ერთი ხიდი იყო, რომელსაც ორივე მხრით იმდენი ხალხი აწყდება, რომ მოძრაობა ხანდისხან მეტად გაჭირდებოდა ხოლმე და ეხლა ამ ხიდზედაც ცხენ-რკინის გზა გაიყვანეს, ისიც ორ ტოტად! ეს ამას ნიშნავს, რომ ქალაქს ეს ხიდი ცხენ-რკინის გზის კამპანიისთვის დაუთმია, თორემ ბრმაც მიხვდება, რომ თუ ორ-მხრივ დაიწყეს ვაგონებმა სიარული ამ ხიდზედ, მაშინ არამც თუ ურემი და ფაიტონი ვერ გაივლის, ფეხით მოსიარულეთათვისაც დიდი გასაჭირი და საფთხილო იქნება…“.
თუმცა, ავად თუ კარგად, კრიტიკოსებისა და კეთილისმსურველების „ყეფის“ მიუხედავად, „კონკა“ მაინც მიდიოდა, ქალაქის ქუჩები კი ცხენის რკინიგზის, პირველი რეგულარული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ლიანდაგებით იქსელებოდა.
და ასე გაგრძელდა მანამ, სანამ 1904 წელს, ცხენის რკინიგზა „კონკას“, ელექტრონის ტრამვაი ჩაანაცვლებდა…
დატოვე კომენტარი