2017 წელს მსოფლიოს 10 მდიდარი ადამიანის ქონება $204 მილიარდით გაიზარდა. 2017 წელი მილიარდერებისთვის წარმატებული აღმოჩნდა – გასულ წელს 10 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება მხოლოდ $74 მილიარდით გაიზარდა.
მიმდინარე წლის მთავარ გამარჯვებულად ჯეფ ბეზოსი სახელდება – 1 იანვრიდან 14 დეკემბრამდე პერიოდში Amazon-ის დამფუძნელბლის ქონება $33 მილიარდით გაიზარდა. ამჯერად ბეზოსის ქონება $98,6 მილიარდს შეადგენს.
2017 წარმატებული აღმოჩნდა ჩინური კომპანიის Evergrande Group-ის დამფუძნებლისთვისაც. ჰუი კა იანის ქონება წლიურად $27,4 მილიარდით გაიზარდა და ამჯერად $36.5 მილიარდს შეადგენს. მისი კომპანიის შემოსავლები წლიურად 115%-ით არის გაზრდილი.
ერთ წელში $23,6 მილიარდით გაიზარდა საფრანგეთის უმდიდრესი ადამიანის ბერნარ არნოს ქონება. ამჯერად LVMH-ის აღმასრულებელი დირექტორი $63,9 მლიარდის მფლობელია. ფრანგული კონგლომერატი LVMH Moët Hennessy – Louis Vuitton სხვა მრავალ ბრენდს შორის Louis Vuitton-ს, Christian Dior-სა და Givenchy-ს აერთიანებს. ბერნარ არნოს ოჯახის მფლობელობაში 70-მდე ბრენდი და 3900-მდე მაღაზია შედის.
$23 მილიარდით გამდიდრდა მარკ ცუკერბერგი. Facebook-ის დამფუძნებლის ქონება Forbes-ს $72 მილიარდად აქვს შეფასებული. ცუკერბერგი ამჯერად სოციალური ქსელის წილის 17%-ის მფლობელია.
ჩინელი მილიარდერის, კომპანია Tencent Holdings-ის დამფუძნებლის ქონება წლიურად $21,8 მილიარდით გაიზარდა. ამჯერად მა ჰუატენგი $44,3 მილიარდს ფლობს. მა ჰუატენგის ქონების ზრდა ინტერნეტ სატელეკომუნიკაციო კომპანია Tencent-ის აქციების ფასის მატებამ გამოიწვია. Tencent 1998 წელს მა ჰუატენგმა თანაკლასელთან ერთად დაარსა, 2004 წელს ჰოლდინგი IPO-ზე გავიდა. 2007 და 2014 წლებში ბიზნესმენი TIME-მა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან პირებს შორის დაასახელა.
$18 მილიარდით გამდიდრდა მუკეშ ამბანი. ის ამჯერად $41,1 მილიარდის მფლობელია, რაც ინდური კომპანიის Reliance Industries-ის დამსახურებაა.
$15,3 მილიარდით გამდიდრდა კარლოს სლიმი. მექსიკის უმდიდრესი ადამიანის ქონება ამჯერად $65,1 მილიარდს შეადგენს. პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტულის მფლობელი კი ის ბოლოს 2011 წელს იყო.
$14,8 მილიარდით გამდიდრდა აზიის ყველაზე მდიდარი ქალბატონი, – იანგ უიანის ქონება ამჯერად $22,8 მილიარდს შეადგენს. მისი ქონება მიმდინარე წელს თითქმის სამჯერ გაიზარდა, რისი დამსახურებაც ჩინეთის უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურება გახდა. იუანი ჩინური უძრავი ქონების კომპანიის Country Garden Holdings-ის 75%-ის მფლობელია.
წელი წარმატებული აღმოჩნდა Oracle-ს დამფუძნებლისთვისაც. ლარი ელისონის ქონება წლიურად $13,3 მილიარდით გაიზარდა და ის ამჯერად $61 მილიარდის მფლობელია. Oracle 1977 წელს დაარსდა.
წლის ყველაზე წარმატებული ადამიანების ათეულს ფრანსუა პინოს ოჯახი ხურავს ერთ წელში $12.5 მილიარდიანი დანამატით.
დატოვე კომენტარი