წლის პირველ ნახევარში რუსეთმა $798 მლნ-ის სამხედრო ტექნოლოგია შეისყიდა

წლის პირველ ნახევარში რუსეთმა $798 მლნ-ის სამხედრო ტექნოლოგია შეისყიდა

„ატლანტიკურმა საბჭომ“ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც რუსეთისათვის დაწესებული სანქციების ეფექტს სწავლობს და აანალიზებს. ანგარიშის თანახმად, დასავლეთის მიერ ექსპორტის კონტროლის დაწესებას რუსეთის თანამედროვე საბრძოლო ტექნოლოგიის იმპორტზე გარდამტეხი ეფექტი არ მოუხდენია.

შეგახსენებთ, რომ დასავლურმა სახელმწიფოებმა რუსეთს ფინანსური, ეკონომიკური, ენერგეტიკული თუ საბანკო სანქციების გარდა, ორმაგი დანიშნულების მქონე ტექნოლოგიის ექსპორტის შეზღუდვებიც დაუწესა, რისი მიზანიც რუსეთის სამხედრო-საბრძოლო შესაძლებლობების შესუსტება იყო.

ანგარიშის თანახმად, დაწესებულ შეზღუდვას მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი ჰქონდა. რუსეთმა ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიის ექსპორტი მესამე მხარის დახმარებით დაიწყო. დასავლური პრესა ამის შესახებ რამდენიმე თვის წინ აქტიურად წერდა და აღნიშნავდა, რომ საქართველოს, სომხეთს, ყაზახეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს რუსეთი ორმაგი დანიშნულების მქონე ტექნოლოგიის იმპორტისთვის იყენებს.

2023 წლის იანვრიდან ივლისამდე პერიოდში, რუსეთმა $798 მილიონის ღირებულების სამხედრო ტექნოლოგიის, აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის იმპორტირება შეძლო. ცნობისთვის, უკრაინაში შეჭრიდან ხუთი თვის განმავლობაში, აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ $489 მილიონს შეადგენდა.

მეტიც, „ატლანტიკური საბჭოს“ ანგარიშის თანახმად, რუსეთის მიერ იმპორტირებული საბრძოლო დანიშნულების მქონე პროდუქციის ნახევარზე მეტი სწორედ დასავლურ მწარმოებლებზე მოდის. მართალია, ამ კომპანიებს საკუთარი ორმაგი დანიშნულების პროდუქცია რუსეთისთვის პირდაპირ არ მიუყიდია, თუმცა პროდუქციის იმპორტი საწარმოებიდან ან მესამე ქვეყნების ჩართულობით განხორციელდა.