მსოფლიოს 143 ვალუტიდან მიმდინარე წელს საკუთარი ღირებულება 80%-ს შეუმცირდა. ამერიკული დოლარის მიმართ მხოლოდ 13 ვალუტა გამყარდა, – მათგან 1%-ზე მეტად კი მხოლოდ 6 ვალუტა. Bloomberg-ის მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტად წელს ვენესუელური ბოლივარი გაუფასურდა – 99%. მას მოსდევს არგენტინული პესო, რომელმაც ამერიკული დოლარის მიმართ საკუთარი ღირებულების 53% დაკარგა. წლის ყველაზე მეტად გაუფასურებულ ვალუტებში მესამე ადგილს იკავებს თურქული ლირა, რომელიც დოლარის მიმართ 38%-ით გაუფასურდა. ბრაზილიური რეალი წლის დასაწყისიდან 20%-ით გაუფასურდა, რუსული რუბლი 15%-ით, ინდური რუპია 11%-ით, ხოლო შვედური კრონა 10%-ით. 8%-ით გაუფასურდა წელს ფილიპინების ვალუტა პესო.
მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის – ჩინეთის ეროვნული ვალუტა დაახლოებით 5%-ით გაუფასურდა, ხოლო ევრო 3%-ით.
აღნიშნულ ქვეყნებში ვალუტების გაუფასურების ძირითად მიზეზად აშშ-ს მონეტარული პოლიტიკა და ასევე, ე.წ. სავაჭრო ომი მიიჩნევა. ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ბოლო 22 თვეში საპროცენტო განაკვეთები 7-ჯერ გაზარდა. გასულ კვირას აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 2-2.25%-ის დიაპაზონამდე გაზარდა და ძალაში დატოვა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ეტაპობრივად გამკაცრების გეგმაც. ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ, დოლარის ინდექსი ხუთშაბათს 0.3%-ით, 94,507 პუნქტამდე გაიზარდა.
რაც შეეხება საქართველოს რეგიონის ვალუტებს, აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აშშ დოლართან მიმართებაში ყველაზე მკვეთრად გაუფასურდა თურქული ლირა (39.4%-ით) და რუსული რუბლი (9.8%-ით), შედარებით ნაკლებად – სომხური დრამი (0.8%-ით). ხოლო, აზერბაიჯანული მანათი მცირედით (0.3%-ით) გამყარდა. ლირისა და რუბლის გაუფასურების მიზეზად აშშ-ს სანქციები სახელდება. რაც შეეხება ლარს, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 3.5%-ით, ხოლო ევროს მიმართ 2.3%-ით გაუფასურდა. 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 2018 წლის აგვისტოში ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 5.4%-ით, ხოლო ევროს მიმართ 3.2%-ით გაუფასურდა. 16 აგვისტოს 1 დოლარი 2.6343 ლარს შეადგენდა, რაც წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
დატოვე კომენტარი