დუეინ ჯონსონი დღეს ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობია Hollywood-ში. მან საკუთარი თავი მარკეტინგულ არხადაც აქცია და მიხვდა, როგორ იშოვოს მეტი მილიონები.
დუეინ ჯონსონი მოჭუტული თვალებით მზერას შორს მიმართავს და თან თავის დიდრონ ყბაზე იკიდებს ხელს. შუბლიდან ოფლი ზოლად ჩამოსდის. ცოტა ხანში თავს უკან სწევს და გულიან სიცილს იწყებს. ატლანტაში ზაფხულის პაპანაქებაა, “The Rock”-ი კი გადაღებაზეა და იმას აკეთებს, რაც საუკეთესოდ გამოსდის. ტუჩებს ილოკავს, თავის რეპლიკებს მისთვის დამახასიათებელი თავდაჯერებულობით ამბობს და 195-სანტიმეტრიან მასიურ სხეულს ძლივს ატევს კადრში.
ჯონსონი ბოლო დროს იშვიათადაა ფოკუსს მიღმა. გასულ ათ წელიწადში46 წლის ყოფილი პროფესიონალი მოჭიდავე, თავისი დაუღალავი შარმის (შარმისა, რომელიც, ნახევრად ხუმრობით, მას პოტენციური საპრეზიდენტო კანდიდატობისაკენ უბიძგებს) წყალობით, Hollywood-ის ყველაზე მოგებიან ვარსკვლავად იქცა. შარშანდელი სამსახიობო აქტივობებიდან მიღებული შემოსავალი, რაც მისი $124-მილიონიანი დოვლათის უმსხვილეს ულუფას წარმოადგენს, რეკორდულია Forbes-ის პოპულარულთა 100-ეულის 20-წლიან გამოცდილებაში და ლამის ორჯერ აღემატება იმ $65 მილიონს, 2017-ში რომ გამოიმუშავა.
“ნომერი პირველი მიზანი მსოფლიოსთვის რაღაცების შექმნაა”, – ამბობს ლურჯ, წინწკლებიან პერანგსა და ჯინსში გამოწყობილი, კონდიციონერიან ტრეილერში მჯდომი ჯონსონი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიზანი ყველგან ყოფნაა. მთელი რიგი ფილმების გარდა, აქვს ჰიტი – HBO-ს სერიები “მოთამაშეები” (Ballers) და სოციალურ მედიაში ერთ-ერთი ყველაზე გაქნილი სტრატეგია. Instagram-ზე, სადაც 108 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს, შთამაგონებელ ვიდეოებს დებს – პირდაპირ თავისი iPhone-ით, ხშირად თავის სამოგზაურო სპორტდარბაზში გადაღებულს. სხვა პოსტები, რომლებიც13-მილიონმიმდევრიან Twitter-სა და 58-მილიონმიმდევრიან Facebook-ზე აქვს მიმოფანტული, აუდიტორიას ფილმის ტრეილერებს აცნობს, აჩვენებს მათ შეხვედრებზე მყოფ ჯონსონსა და იმ აუარებელი რაოდენობის ბლინს, დიეტის დარღვევის ნიშნად რომ შეექცევა პერიოდულად. ყველა ამ პოსტს არაერთი ჰეშტეგი და მილიონობით “ლაიკი” ამშვენებს.
ახლა ამ ციფრული პოპულარობით ფულის შოვნის ახალი მეთოდის დანერგვას ცდილობს. იმ მსუყე $20 მილიონის გარდა, რომელთაც ავანსების სახით თუ დასრულებული პროექტების მოგებებიდან იღებს (მათ რიცხვში, ივლისში გამოსული “ცათამბჯენიდან,” სადაც ის FBI-ს მძევალთა გადარჩენის ყოფილ ხელმძღვანელს თამაშობს), მას სურს, როგორც ამას მის გარიგებებთან გაშინაურებული ხალხი ამბობს, დამოუკიდებელი შვიდციფრიანი გასამრჯელო სოციალური მედიიდან აიღოს – ყოველი ფილმის გამოსვლისას, სადაც კი თამაშობს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნაცვლად იმისა, სტუდიებმა ფული სატელევიზიო რეკლამებსა თუ ბილბორდებში ჩაღვარონ, მათი ახალი მარკეტინგული არხი გაორმაგების მოწმე შეიქნება, ისევე როგორც მათი მოწინავე ვარსკვლავი…
“ჩემთვის სოციალური მედია ფილმის მარკეტინგის ყველაზე კრიტიკულ ელემენტად იქცა, – ამბობს ჯონსონი. – მთელ მსოფლიოში აუდიტორიასთან სოციალური მედიით თანასწორი ურთიერთობები დავამყარე და ვგრძნობ, რომ რასაც მათ ვაწვდი, ღირებულია”.
ჯონსონი კვლავაც სტუმრობს ტოქშოუებში, დადის პრესის ტურნეებში და სხვა პრომო-ვალდებულებებსაც ასრულებს, ვარსკვლავებს რომ ევალებათ (მით უფრო, როცა რეალური ფული კინობილეთების გაყიდვიდან მოდის). მაგრამ იმის მტკიცებით, რომ სოციალური მედიის არხები ცალკე პლატფორმებია, რომლებიც დამოუკიდებელ ჰონორარებს ითხოვს, ჯონსონი Hollywood-ში პრეცედენტის შექმნას ლამობს.
The Rock-ის შემთხვევაში, როგორც ჩანს, სტუდიებმა მიიღეს ეს წინადადება: პოტენციურად სარფიანი ფილმების პრომო-დანახაჯებმა, შესაძლოა, $150 მილიონს გადააბიჯოს და მაინც ვერ იქცეს იმის გარანტიად, რომ ფილმი ბლოკბასტერი გახდება. A-კატეგორიის მსახიობები, რომლებიც თავიანთ გულშემატკივრებზე აკეთებენ გათვლას, ახალი ფილმის პრომოსათვის უფრო იაფ, უფრო ტარგეტირებულ გზას სთავაზობენ სტუდიებს.
“დღეს აქტუალური ვარსკვლავური ძალა სოციალური მედიის ძალაში უნდა ვეძიოთ”, – ამბობს ComScore-ის უფროსი მედიაანალიტიკოსი პოლ დერგარაბედიანი. ამ მომენტისთვის The Rock-ი ერთადერთია, ვინც კონტრაქტში სოციალური მედიიდან ფულის დამატებას ითხოვს. მისმა კოლეგა-ვარსკვლავმა კევინ ჰარტმა, მასთან ერთად რომ თამაშობს “ცენტრალურ დაზვერვაში”, Sony-სგან $2 მილიონი ჩაიჯიბა: წლების წინ, თავის და სხვების ფილმებზე ტვიტებს წერდა. მაგრამ ჰარტის ჯამური ანაზღაურება მაინც ზღვაში წვეთია ჯონსონისასთან შედარებით. სხვათა შორის, მსახიობთა შერჩევის ეტაპზე სტუდიები დღეს თვალს ადევნებენ სოციალურ მედიას და გადაწყვეტილებებს მიმდევართა რიცხვისა და ჩართულობის მიხედვით იღებენ კიდეც.
ჩართულობა ჯონსონს არასდროს აკლდა. მამისა და ბაბუის კვალს გაყოლილმა, პროფესიულ ჭიდაობაში ამოჰყო თავი, ამ საქმისთვის კი მამას, როკი ჯონსონს, ფსევდონიმს დაესესხა და The Rock-ად – “კლდედ” – მოგვევლინა – მეტსახელი, რომელიც მის ფიზიკურ ელემენტსაც გამოხატავს და მსოფლმხედველობრივსაც.
2000 წელს Saturday Night Live-ში გამოჩენამ ჯონსონს Universal-ის ყურადღება მოუპოვა, რომელმაც 2001-ში, მას ე.წ. კამეო როლი მისცა “მუმია 2”-ში. შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა ამ სტუდიამ მის უმნიშვნელო გმირს ერთგვარი გაგრძელება მოუძებნა “მორიელთა მეფეში”, რომელმაც, $60-მილიონიანი ბიუჯეტით, მსოფლიო მასშტაბით $165 მილიონი გააკეთა.
მთელი რიგი საშუალო დონის სათავგადასავლო ფილმებისა და შემდეგ სამი დაშაქრული ოჯახური ფილმის (“კბილის ფერია” გახსოვთ?) მერე, The Rock-მა თავისი კარიერა გადაახალისა და კვლავ იმ ფიზიკურ მხარეზე დადო გაორმაგებული ფსონი, პირველად რამაც მოუხვეჭა ფანები. “მოჭიდავის წარსულმა მასწავლა, რომ აუდიტორიასთან რეალური კავშირი უნდა გქონდეს, – განმარტავს ის. – პირველ ადგილას აუდიტორია უნდა იყოს. რა სურს აუდიტორიას და რა არის საუკეთესო სცენარი, რაც შეგვიძლია, შევქმნათ, რომ მერე ეს ადამიანები შინ კმაყოფილები დაბრუნდნენ?”
ამგვარმა ხალხზე ორიენტირებულმა ფილოსოფიამ ოსკარი, შესაძლოა, მას არ მოუტანოს, მაგრამ მილიარდებს კი დაწერს კინოსალაროებში. ანალიტიკოსთა თანახმად, ჯონსონი მოწონების მაღალი ხარისხით სარგებლობს მომხმარებელთა ყველა სეგმენტში – კაცებში, ქალებში, 25-ს გადაცილებულებსა და 25-წლამდელთა შორის.
სტუდიებისთვის ის საიმედო ფარია ჩრდილოამერიკული კინოსალაროს წინაშე, რომელმაც 2017 წელს 2%-იანი ვარდნა განიცადა – $11.1 მილიარდამდე. ბოლო-ბოლო რაღაცების ნგრევასა და აფეთქებას საერთაშორისო ენა აქვს და თარგმნას არ საჭიროებს, საზღვარგარეთ კი მას სწორედ მისი ეს ძლიერი მხარე ჰყიდის (ბილეთებიდან შემოსული მთლიანი მოგების 64% საერთაშორისო მაყურებელზე მოდის). სამოური და აფრიკულ-ამერიკული სისხლის ნაზავის წყალობით, მისი უნივერსალური გარეგნობა მას პლანეტის მასშტაბით ადგილობრივ გმირად აქცევს.
წარმატების კვალდაკვალ, ჯონსონმა ბიზნესთამაშის მასშტაბებიც გაზარდა. ხუთი წლის წინ, ყოფილ ცოლსა და მენეჯერთან, დენი გარსიასთან ერთად, მან Seven Bucks Productions-ი ჩაუშვა – საპროდიუსერო კომპანია, რომელიც მიზნად ისახავს, The Rock-ი მსახიობიდან საწარმოდ გარდაქმნას. როცა ჯონსონი რაიმე ფილმში ჩნდება, Seven Bucks-ის რვა კაცისაგან შემდგარი შემოქმედებითი, საპროდიუსერო და ციფრული გუნდი ყველა ელემენტზე იწყებს მუშაობას, სცენარით დაწყებული, პროდიუსინგითა და პრომო-აქტივობებით დამთავრებული. ამასთან, კომპანიას YouTube-ის არხიც აქვს და ჯონსონის სოციალური მედიის პლატფორმებისთვის მობილურ კონტენტს ქმნის.
“გავლენის ეს ფართო არეალი სააღმსრულებლო საქმიანობაში გვეხმარება”, – ამბობს გარსია, ყოფილი სიმდიდრის მენეჯერი, რომელიც ტალანტ-მენეჯმენტის ფირმასაც მართავს და, ამავე დროს, ჯონსონთან ერთად, Seven Bucks Productions-ს ზედამხედველობს. – სანახევროდ არასდროს არაფერს ვაკეთებთ”.
ეს გავლენა ჯონსონის სარეკლამო აქტივობებზეც ვრცელდება, რომელთა შორისაა პარტნიორობა Apple-სა და Ford-თან, რომელსაც ცოტა ხნის წინ მოეწერა ხელი. საქმეში Droga5-ის ყოფილი აღმასრულებლის ჩართვით, ორი პირით დაკომპლექტებულმა Seven Bucks Creative-მა ჯონსონის კამპანია Project Rock-ისა და Under Armour-ის თანამშრომლობას მისცა დასაბამი, სადაც ჯონსონს ტანსაცმლის ბესტსელერი ხაზი და ახალი, ბრენდირებული ყურსასმენები აქვს.
ამ აქტივობის ბუნებრივი გაგრძელება იმგვარი პროექტებია, სადაც ჯონსონი აუცილებლად წინა ხაზზე და ცენტრში არ არის. “ეს არის ჩვენი მომდევნო ნაბიჯი, ამბობს გარსია. – მოდი, ავიღოთ ინიციატივა და პასუხისმგებლობა, შევქმნათ პროექტები ან ვიპოვოთ პროექტები, რომელთაც ახლებურად მოვყვებით”. მომდევნო რამდენიმე წელიწადში Seven Bucks-ი გამოუშვებს “ჯენსონის დირექტივას”, სადაც ჯონსონის WWE-ელი კოლეგა, ჯონ სენა ითამაშებს, და Shazam! -ს – სუპერგმირიან სათავგადასავლო კინოს.
სახელი Seven Bucks-ი, ანუ “შვიდი დოლარი”, შინაურული ხუმრობაა – ჯონსონის კარიერის ადრეული და უხეირო პერიოდის შემახსენებელი, როცა კანადის საფეხბურთო ლიგიდან მოხსნილი და გაკოტრებული, 1995 წლის ოქტომბერში ტამპაში ჩავიდა.
“ერთი ხუთდოლარიანი, ერთიც ერთდოლარიანი და ცოტაოდენი ხურდა მქონდა”, – იხსენებს თავის მაშინდელ ავლა-დიდებას და ამატებს, რომ, როგორც ოპტიმისტმა, “შვიდამდე დავამრგვალე”.
დღეს მისი ქონება $165 მილიონთანაა ახლო. ეს არის მოგზაურობა, რომელიც, მისი მტკიცებით, მას სწორ დროს, სწორ ადგილას ამყოფებს. “[Disney-ს აღმასრულებელი დირექტორის] ბობ იგერისგან ვისწავლე, რომ თუ გლობალური კუთხით რაიმეს სწორად გაკეთებას დააპირებ, – ამბობს ჯონსონი, – დრო დაგჭირდება – ათი წელი, ოცი წელი, შესაძლოა, მეტიც”. როგორი იქნება მომდევნო ოცი წელიწადი? ნიშანდობლივია, რომ ჯონსონს ამ კითხვაზე ჰეშტეგივით პასუხი აქვს: “უსაზღვრო”.
დატოვე კომენტარი