ცოცხალი შეგირდების საზოგადოება

ცოცხალი შეგირდების საზოგადოება

განათლების, მით უფრო ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობაზე წუხილი არახალია. ასეა ახლაც და ასე ყოფილა ძველ თბილისშიც, ყოველ შემთხვევაში, ამას მოწმობს სხვადასხვა წლის საგაზეთო ცნობები, რომლებიც ნათლად მეტყველებს, რომ ტფილისისა თუ ახლომახლო სოფლების მოსახლეობა შვილების საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიბარების შეუძლებლობას ჩიოდა.

1878 წელს ვერის მცხოვრებნი გაზეთ „დროების“ მეშვეობით ცდილობდნენ, „ვისიც რიგია“ მათი ყურადღების გამახვილებას ერთ საჭირბოროტო გარემოებაზე. თურმე ვერაზე, სადაც ათიათასამდე ადამიანი ცხოვრობდა, „სახალხო შკოლა ჯერაც არ არსებობდა“, რის გამოც ისე ცუდად და იშვიათად არსად ვრცელდებოდა „წიგნის კითხვა“, როგორც ვერაზე.

მსგავსი შინაარსის ცნობა, სამწუხაროდ, არც პირველი იყო და არც უკანასკნელი. ძველი ქართული პრესა საგანმანათლებლო კუთხით არსებულ პრობლემებზე ხშირად ამახვილებდა ყურადღებას. შეგვიძლია მოვიყვანოთ მსგავსი პათოსის კიდევ ერთი, ამჯერად სოფელ დიღმის მცხოვრებთა 1891 წლის განცხადება:

„დიდი ხანია ვლაპარაკობთ სკოლის გამართვაზე, მაგრამ ჯერ ვერაფერი მოგვიხერხებია. სირცხვილია, სხვა რომ არა იყოს-რა: სამას კომლზე მეტი მცხოვრებელია ჩვენს სოფელში და არა თუ ორ-კლასიანი, ან ერთ-კლასიანი სახელმწიფო სასწავლებელი, სამრევლო სკოლაც კი ვერ გაგვიმართავს. კიდევ კარგი, რომ ერთი ახალგაზრდა სწავლა-მიღებული ქალი (დ. ჭეიძე) თითო-ოროლა ყმაწვილს ასწავლის შინაურულად, თორემ, თქვენი მტერი, ერთი ყმაწვილიც არ გვეყოლებოდა წერა-კითხვის მცოდნე“.

მართალია, „ივერიაში“ მეორე დღესვე დაიბეჭდა ცნობა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველი მეცენატის – დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის ხარჯით, სოფელ დიღომში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება პირველ დაწყებით სასწავლებელს აარსებდა, მაგრამ „უშკოლობით“ შეწუხებულებს, ყველას ასე როდი უმართლებდა… ამიტომაც, რადგან „შკოლა“ არ არსებობდა, რომ ყმაწვილებს სწავლა-განათლება მიეღოთ, ოჯახებს, წამოეზრდებოდათ თუ არა შვილები, „მაშინათვე მიჰყავთ სადმე დუქანში, ანუ ხელოსნებთან“.

მეწაღე კერავს ქალამნებს / დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

თბილისსა თუ თბილისის შემოგარენიდან, ზოგჯერ საკმაოდ შორს მდებარე დასახლებებიდან, ოჯახებს, რომელთაც შვილებისთვის არც საერო და არც სასულიერო განათლების მიცემაზე არ მიუწვდებოდათ ხელი, ბავშვები ხშირად ჩამოჰყავდათ ქალაქში – მათთვის როგორმე პროფესიული განათლება მაინც რომ მიეცათ.

მათ უმეტესობას შვილის სხვადასხვა პროფილის სასწავლებლებში მიბარების საშუალებაც არ ჰქონდა. მეტიც, ზოგჯერ ხელმოკლეობა „ძალას ატანდათ“, რომ ქალაქში სულ პატარა ბავშვები ჩამოეყვანათ, რათა ისინი რაც შეიძლება სწრაფად დაუფლებოდნენ ხელობას, გაეჩინათ შემოსავალი და ოჯახი ერჩინათ.

თბილისში მცხოვრები თუ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მშობელი ცდილობდა, რომ როგორმე შვილი ღირსეული ოსტატისთვის მიებარებინა შეგირდად, რაც მოზარდის წარმატებისა და უკეთესი მომავლის წინაპირობა უნდა ყოფილიყო. მით უფრო, რომ მტკიცედ სწამდათ: „ხელოსანს ცოდნას ვერც ვერავინ მოჰპარავს და ვერც ვერავინ წაართმევსო“. შესაბამისად, მოსახლეობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა „ხელობას“ – ფიქრობდნენ, რომ ხელობის მცოდნე ადამიანი ლუკმაპურს ყოველთვის იშოვიდა.

ძველ თბილისში, პროფესიული განათლების სფეროში, განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ ამქრები, რის შესახებაც ამომწურავად წერს იოსებ გრიშაშვილი საკუთარ წიგნებში „ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა“ და „საიათნოვა“. გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენც სწორედ მის ცნობებს ვეყრდნობით.

სპარსული სიტყვა „ჰამქარ“ თანამოსაქმეობას ნიშნავს. ხელოსნობის თითოეულ დარგს კი საკუთარი ამქარი ჰყავდა – ერთი პროფესიის ხალხის კავშირი, თავისი გამგეობით, წესდებით და დროშით, რომელზეც ამ ხელობის მფარველი წმინდანი იყო გამოსახული.

ამქრის სტრუქტურის განხილვას არ დავიწყებთ, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ორგანიზაციათა გამგეობას ხელმძღვანელობდა არჩეული კაცი – „უსტაბაში“, ანუ ოსტატების თავი, რომელიც, ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ამქრის რომელიმე წევრისთვის აღსაზრდელად მიბარებული მოზარდის პროფესიონალიზმის განსაზღვრის საქმეში და საბოლოო ჯამში, გასცემდა კიდეც პროფესიული განათლების დამადასტურებელ „ატესტატს“.

თუმცა, დავიწყოთ თავიდან… მშობლის მიერ ოსტატისთვის მიბარებულ ყმაწვილს ხელოსნის ხარისხი რომ მიეღო, ამისთვის მას შეგირდისა და ქარგლის საფეხურები უნდა გაევლო. პროფესიული განათლების მისაღებად, საშუალოდ, ხუთიდან ექვს წლამდე იყო საჭირო. ხოლო თავად ეს ვადა არაერთ გარემოებაზე იყო დამოკიდებული, მათ შორის, ხელობის სირთულესა და, რა თქმა უნდა, მიბარებული ბავშვის ალღოსა და ნიჭიერებაზე.

შეგირდი

„შეგირდი / შაგირდი“ – მოწაფე“
იოსებ გრიშაშვილი, „ქალაქური ლექსიკონი“

ოსტატისთვის მიბარებული ბავშვი, თავდაპირველად, შეგირდად მიიჩნეოდა. შეგირდად მიბარების დრო მკაცრად არ ყოფილა განსაზღვრული, მაგრამ „შეგირდის გაბარება იწყებოდა 8-დან 10 წლამდე“.

ვიდრე პროფესიული განათლების შემდგომ ეტაპზე გადაინაცვლებდა და ქარგალი გახდებოდა, ხელობის შესწავლის გარდა, შეგირდი სხვადასხვა წვრილმან საქმესაც ასრულებდა: უფროს ოსტატებს ემსახურებოდა, დუქანს ასუფთავებდა და ა.შ.. არსებული ცნობების მიხედვით, ოსტატები შეგირდებს პატარაობაშივე უწყობდნენ სხვადასხვა გამოცდას, მათ შორის, ცდიდნენ, თუ რამდენად ხარბები იყვნენ მათი აღსაზრდელები – დუქნის იატაკზე ფულს განზრახ დაუგდებდნენ და თვალყურს ადევნებდნენ, დასუფთავებისას ნაპოვნ ფულს შეგირდი ოსტატს მიუტანდა, თუ თავისთვის დაიტოვებდა.

თერძის სახელოსნო / დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

პირველ ეტაპზე შეგირდი ანაზღაურებას არ იღებდა; ხელობის სწავლებასთან ერთად, ოსტატს მხოლოდ მისი გამოკვება და ჩაცმა-დახურვა ევალებოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც შეგირდი ხელობას შეისწავლიდა, მცირე ჯამაგირი ენიშნებოდა. („შეგირდანა“ – შეგირდის კუთვნილი ფულადი საჩუქარი. შეგირდის ერთი კვირის ჯამაგირი“, – იოსებ გრიშაშვილი, „ქალაქური ლექსიკონი“).

შეგირდი მორჩილი და გამგონე უნდა ყოფილიყო თავისი უფროსისა, თავის მხრივ ოსტატი კი პირადად აგებდა პასუხს შეგირდის ავკარგიანობაზე, ვინაიდან ხელობის შესწავლა გამოცდილების გადაცემით და მიბაძვით ხდებოდა.

„სხვის შვილს ისე ზრდის, როგორც თავისას“ – ამბობს დუქანდარი ყარაჩოღელ გიჟუაზე და ვისაც მხატვრული ფილმი „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ კარგად ახსოვს, გონებაში მარტივად შეძლებს აღიდგინოს სცენები, თუ რა თბილად და მზრუნველად ეპყრობა აკაკი ხორავას პერსონაჟი საკუთარ ქარგალ „გოგიას“. სამწუხაროდ, ყველა ოსტატი ასე როდი იქცეოდა…

ქარგალი

„ქარგალი“ – ნოქარი, ხელოსანი, პირველი ხელქვეითი ოსტატისა“
იოსებ გრიშაშვილი, „ქალაქური ლექსიკონი“

შეგირდობიდან ქარგლის საფეხურზე გადასვლას საკუთარი წესი ჰქონდა. შეგირდის ნამუშევრის შესამოწმებლად ხელოსანი ექსპერტებად მოიწვევდა უსტაბაშს, მის მოადგილეებს და ამქრის რამდენიმე საპატიო წევრს. თუკი მათ შეგირდის ნახელავი მოეწონებოდათ, მას ქარგლის ხარისხს მიანიჭებდნენ, თუ არადა, ახალგაზრდა კვლავაც შეგირდად დარჩებოდა მანამ, სანამ ნამუშევრით საკუთარ ინდივიდუალიზმსა და ნიჭს არ გამოავლენდა.

შეგირდისგან განსხვავებით, რომელიც იმ ხელოსანთან უნდა დარჩენილიყო, ვისთანაც მშობლები მიაბარებდნენ, ქარგალს უფლება ჰქონდა, თავად გადაეწყვიტა, თუ რომელ ოსტატთან სურდა მუშაობა. თუმცა, ამქრის წესდების მიხედვით, თავად ოსტატების მიერ სხვისი ქარგლის გადაბირება მიუღებელი საქციელი იყო.

შეგირდთან შედარებით, გაცილებით დიდი თავისუფლების და მეტი ჯამაგირის მიუხედავად, ქარგალი მაინც შეზღუდული იყო, რადგან უფლება არ ჰქონდა, ხელოსნის დუქნის მიღმა, დამოუკიდებლად ემუშავა, ან თავისი ოსტატისგან დაუკითხავად მიეღო შეკვეთები.

ოსტატის მხარდამხარ, რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, როდესაც ქარგალი განვითარების შესაბამის დონეს მიაღწევდა და ხელობას სრულად დაეუფლებოდა, საკუთარი ოსტატისგან მტკიცდებოდა და ამით ასრულებდა პროფესიული განათლების „კურსს“. ეს თითოეული მათგანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო, რადგან ჯერ შეგირდი, შემდეგ კი ქარგალი, ახლა უკვე დამოუკიდებელი ხელოსანი, ამქრის სრულუფლებიანი წევრი ხდებოდა!

ხელოსნად დალოცვა

„ტფილისის ხელოსანთა ამქრებმა უკვე დაიწყეს დალოცვა შეგირდებისა და ქარგლებისა“
გაზეთი „ივერია“, 1894 წ.

„ეს ლოცვა მიღებული იყო ამ გვარად – ყოველ წელს ამაღლების დღიდან იწყობოდა ამქრების სამღვთობა, ანუ მსხვერპლის შეწირვა. ამგვარი სამღვთოს შილაფლავი რიგდებოდა ყველა უბნებში დაბალ ოჯახებში, იმის შემდეგ სადილები იმართებოდა გარეთ ბაღებში, ვერაზე, ანუ ორთაჭალაში. აი სწორეთ ამ სადილების დროს ყველა მოხელე ოსტატი თავ თავიანთ შეგირდებს თვითო სილას შემოჰკრავდნენ და თან დალოცავდნენ და დარიგებას მისცემდნენ. რომ შემდეგში ყოფილიყო მართალი და ხალისიანი ოსტატი. იმ დღიდანვე ის ითვლებოდა ღირსეულ მოხელეთ. იმას შეეძლო ფასით, სადაც სურდა, იქ ემუშავნა. თუ მოიწადინებდა, თავის ოსტატის შემოწმებით სახელოსნო უპრავიდან ატესტატს მიიღებდა, მერე თავისთვის სახელოსნოს გააღებდა“, – კარაპეტ გრიგორიანცი, „ძველი თბილისის იშვიათი ამბები“. 

სამჭედლო / დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

ხელოსნად დალოცვა პროფესიული განათლების იმ გრძელი და არცთუ მარტივი გზის ლოგიკური დასასრული იყო, რომელსაც მშობლის მიერ ოსტატთან მიბარებული მოზარდი გადიოდა. ყველაფერთან ერთად კი ეს იყო ზეიმი, რომელსაც გამორჩეული რიტუალები ახლდა თან.

ახალგაზრდა ხელოსნის დალოცვა უსტაბაშის პრეროგატივა იყო. იოსებ გრიშაშვილის ცნობით, „დალოცვა“ სამ წელიწადში ერთხელ, ძირითადად აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში ხდებოდა – მაშინ, როდესაც ყველა დარგის ხელოსნები მართავდნენ „ჰამქრობას“.

ხელოსნად დალოცვა ასე ხდებოდა: ერთი დარგის ხელობის წარმომადგენელნი შეიკრიბებოდნენ სახელოსნოსთან, აიღებდნენ დროშას და ზურნის დაკვრით გაემართებოდნენ წინასწარ შერჩეულ რომელიმე ბაღში. ხელოსანთა კრებულს, მედროშესთან ერთად, დასალოცად მომზადებული ქარგლები მიუძღოდნენ წინ. წელზე მათ აბრეშუმის სარტყელი ჰქონდათ შემორტყმული, რომელშიც თავიანთი სამუშაო ხელსაწყო-იარაღები ჰქონდათ ჩამაგრებული.

„მოდღესასწაულენი და მედღეობენი მივიდოდნენ ბაღში, იქ დაუხვდებოდათ თადარიგის და სარისტის („სარისტიანი“ – წინდახედული, თადარიგიანი, ყველაფერ საქმის მომწყობი“, – იოსებ გრიშაშვილი, „ქალაქური ლექსიკონი“) მისაცემად ადრევე წასული ამქრის რომელიმე გამოცდილი და სანდო წევრი. ერთ მხარეს იდგა ვეებერთელა ქვაბი, რომელშიც შილაფლავი მზადდებოდა, მეორე მხარეს ლურჯი სუფრა („ადგილობრივი ტილო, ზედ კევის ფიგურებს აკრავდნენ, ჩააგდებდნენ ლილაში და გამოდიოდა ლურჯი სუფრა“, – იოსებ გრიშაშვილი, „ქალაქური ლექსიკონი“) იყო გაშლილი, რომელზედაც თეფშების ნაცვლად ვაზის, ლეღვის, ან კომბოსტოს ფოთლები ელაგა, ხოლო ჭიქების ნაცვლად კი თიხის ფიალები იყო ჩამწკრივებული. სუფრის გარშემო ლაპლაპებდნენ წმინდა სანთლები, რომლებიც უეჭველად ძირამდე უნდა ჩამწვარიყო“, – „ძველი ტფილისის ლიტერატურულ ბოჰემაში“ წერს იოსებ გრიშაშვილი.

პროცესს ესწრებოდა მღვდელიც, რომელიც ხელოსანს ზნეობრივ დარიგებას აძლევდა, ხოლო უსტაბაში, ამქრის სრული შემადგენლობის თანდასწრებით, ახალგაზრდა ქარგალს ხელოსნად ლოცავდა. ოსტატების თავი ახალგაზრდა ხელოსანს მოუწოდებდა, საკუთარი ოფლითა და შრომით მოეპოვებინა სარჩო-საბადებელი; მომავალში არ აღვსილიყო შურითა და ბოროტებით საკუთარი ხელქვეითების მიმართ, რადგან შუღლის საგანი ხშირად გამხდარა შემთხვევა, როდესაც მოწაფეს საკუთარი ოსტატისთვის ხელობაში უჯობნია. ასევე, დალოცვაში ყურადღებას ამახვილებდნენ აწ უკვე დამოუკიდებელი ხელოსნის მიერ მიღებული ცოდნის ახალგაზრდებისთვის გადაცემის მნიშვნელობაზე, რადგან ამ ცოდნის ერთი თაობიდან მეორისთვის გადაცემა ამქრებისთვის მათი პროფესიის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენდა.

„და შენ, მორჩილო და ნამუსიანო შეგირდო! დღეის შემდეგ ატარებ ხელოსნის სახელს და გეძლევა უფლება შენის ხელობით იარსებო… და შენ, შეგირდო ჩვენი ხელობისა, ეხლა, როცა გაგვიხდი ამხანაგად, ნუ დაზოგავ შენს ჯანსა და ღონეს, რომ ნამუსიანი შრომით თავი ირჩინო. ო, არამც და არამც არ იარო მრუდე გზით, იყავ გულმართალი და პატიოსანი, ეცადე შენი შვილებიც ამ გზით წარმართო. პატიოსანი შრომა შეასწავლე შენს შეგირდებსაც და ისე მოიქეცი, როგორც ჩვენ გექცეოდით“.

ასეთი უნდა ყოფილიყო დალოცვის უკანასკნელი სიტყვები, რის შემდეგაც უსტაბაში ახალგაზრდას სამჯერ შემოჰკრავდა სილას, რაც ხელოსნისთვის ატესტატის მიცემას გულისხმობდა – „ეს სილა უსტაბაშსა და ქარგალს შორის უმცროს-უფროსობის უკანასკნელ მიჯნას აღნიშნავდა“.

მექვაბეები ბოტანიკური ბაღის აღმართზე / დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

ამ რიტუალს ლამის დაუსრულებელი, რამდენიმედღიანი დროსტარება მოჰყვებოდა, რომელიც იმავე სახელოსნოსთან ლხინით სრულდებოდა, საიდანაც პირველად დაიძრა პროცესია.

საერთო ჯამში, რაგინდ განსაკუთრებულადაც უნდა მოჩანდეს მთელი ეს ამბავი წიგნებსა თუ მოგონებებში, ფაქტია, ყველაფერი ისე იდეალურად არ ყოფილა, როგორც ზემოთ აღვწერეთ. ამას ძველი ქართული პრესის ფურცლებზე შემორჩენილი, ზოგჯერ დაუჯერებელი ცნობები ადასტურებს.

აშკარაა, რომ ხშირად ოსტატებს, მათ შეგირდებსა და ქარგლებს შორის არცთუ ისეთი სახარბიელო ვითარება სუფევდა, როგორც ამას ამქრის წესები და კანონები მოითხოვდა. მეტიც, ჩანს, რომ პროფესიული განათლების მისაღებად მიბარებული შეგირდები ოსტატების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლიც კი ხდებოდნენ.

დავიწყოთ იმით, რომ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოსტატებს მიბარებული შეგირდების გამოკვება და ჩაცმა-დახურვა ევალებოდათ, თუმცა ბავშვები ხშირად სრულიად მოკლებულნი იყვნენ ყურადღებასა და ზრუნვას – „იტანენ ბევრს წვალებას და განსაკუთრებით ზამთრობით არიან ტანჯვაში: დროებითნი პატრონნი თბილად არ აცმევენ და არ ახურავენ თავიანთ უჯამაგირო შეგირდებსა… ხშირად მშიერ-მწყურვალნი ჰყავთ და სცემენ კიდეცა“.

დასასრულ კი გთავაზობთ შეგირდის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ერთ-ერთ ფაქტს, რომელიც გაზეთ „დროებაში“ 1881 წელს გამოქვეყნდა.

„ჩვენი ქალაქის გამგეობისათვის საყურადღებო ამბავსა ვბეჭდავთ: „ოქრომჭედლების ქუჩაზედ, ერთს პატარა ხვრელთან შეჯგუფული იყო ხალხი და რაღაცას ჩაჰყურებდნენ ძირს, სარდაფში. მეც მიუახლოვდი. დავინახე ერთი პატარა დამწყვდეული ბიჭი, რომელსაც მკვდრისფერი ედვა. ვკითხე – რას აკეთებ მანდ? ვინ დაგიჭირა-მეთქი? და შემდეგი მიპასუხა:

„შაქრო ჩაჩანაძე ვარო, ქართველიო. დურგალთან ვიყავი შაგირდათ ხუთის წლის ვადითო; ორი წელიწადი ვემსახურე. ახლა ქარხანა დაკეტა ჩემმა ოსტატმა და მეც უთხარი, რადგან შენთან ვეღარას ვისწავლი, გამათავისუფლე, სხვა ოსტატთან დავდგები მეთქი. მითხრა ხუთი წელიწადი პირობა მაქვს, უნდა მემსახუროვო. მე უარი უთხარი, იმან უსტაბაშთან მიჩივლა, მომათრია და აქ ჩამაგდო.

დურგლები / ბაადურ ქობლიანიძის კოლექცია / ეროვნული ფოტომატიანე

ისეთს აყროლებულ ალაგას იყო საწყალი ბავშვი, რომ გარეთაც დგომა უძნელდებოდა კაცს.

მეორე დღეს კიდევ იმ ქუჩაზე მომიხვდა გავლა. ვნახოთ, ის ბავშვი კიდევ იმ სარდაფშია! მიედვა ხვრელთან ცხვირი და სუნთქავდა…

ვკითხე:

– კიდევ არ გამოუშვიხარ-მეთქი?

არაო, მიპასუხა, ერთი შაური მქონდა, იმის პური ვიყიდე და ახლა ასე ვაგდივარო…

ამ ამბავს განმარტება არ ეჭირება“.

ამ მოვლენებიდან საუკუნეზე მეტი გავიდა და მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სკოლებით თითქოს მთელი ქვეყანა დაიხუნძლა, პროფესიული განათლების მიღება კი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა, კვლავ ხშირად ვხვდებით ამბებს ბავშვებზე, რომელთაც განათლების მისაღებად კილომეტრების გავლა უწევთ ფეხით და ამბებს მოზარდებზე, რომლებიც სწავლაზე უარს მხოლოდ იმიტომ ამბობენ, რომ უფროსებს ოჯახის რჩენაში დაეხმარონ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *