წყალი ჩვენი არსობისა

წყალი ჩვენი არსობისა

ქალაქს წყალი ყოველთვის აკლდა. ზაფხულის ხვატში ქუჩების მორწყვას ვინ ჩივის, ტფილისელებს სასმელი წყალიც არ ჰყოფნიდათ… ქალაქის მოსახლეობის რაოდენობის ზრდა, მტკვრის დაბინძურება, გაუმართავი ინფრასტრუქტურა და, ამასთან ერთად, იმდროინდელი თულუხჩების „წრეს გადასული, უწესო“ საქციელი… ყოველივე ეს განაპირობებდა კიდეც იმას, რომ თბილისელები მუდამ უწყლობაზე წუხდნენ.

რადგანაც ქალაქის მცხოვრებნი სასმელად და საჭმლის სახარშვად, საერთოდ ხმარობენ მტკვრის წყალს, ამისთვის უნდა დაიშალონ მათ წყალის ღება იმ ადგილებში, სადაცა რაოდენსამე ზევით ჰყრიან მრავალს გვარს ნაგავს“, – ქალაქის მოსახლეობა საკმაოდ დიდხანს მტკვრის წყალს სვამდა. ამ წყალს თბილისელი წყლის დამტარებლები, თულუხჩები, პირდაპირ მტკვრიდან, ტყავის ჭურჭლით – თულუხებით იღებდნენ.

1870-იანი წლების ბოლოს ტფილისში მყოფი ფრანგი მეწარმე ალფრედ კეშლენ-შვარცი გაკვირვებულა, როდესაც მტკვრის პირას ჩამწკრივებული რამდენიმე ათეული ცხენისთვის მოუკრავს თვალი. წყლით სავსე ტიკებს თულუხჩები სწორედ ამ ცხოველებს ჰკიდებდნენ.

ბასტა! – დაიძახებდა თულუხჩი, როცა ჭურჭელი წყლით აევსებოდა და ქალაქის მიხვეულ-მოხვეულობის გავლით, სულმოუთქმელად მომლოდინე მუშტრებისკენ გაუდგებოდა გზას.

ზოგადად, მტკვარზე წყლის ყველგან აღება არც რეკომენდებული ყოფილა და არც ნებადართული. მდინარეზე საგანგებოდ იყო გამოყოფილი ადგილები, სადაც თულუხჩებს შედარებით სუფთა წყლის აღება შეეძლოთ, რადგან მახლობლად ნაგვის დაყრა აკრძალული იყო. მიუხედავად ამისა, არც მოსახლეობა და არც თულუხჩები აკრძალვებს არად დაგიდევდნენ; ერთი მხრივ, ქალაქის ნაგვის დიდი ნაწილი, საბოლოო ჯამში, სწორედ მტკვარში იყრიდა თავს, მეორე მხრივ კი თულუხჩები იქცეოდნენ უპასუხისმგებლოდ და არცთუ იშვიათად, „ახლოობის გამო“, წყალს ისეთი ადგილებიდან იღებდნენ, სადაც „ქალაქის უწმინდურობა“ ჩადიოდა.

თულუხჩები – დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

როგორც ჩანს, პასუხისმგებელი პირები პრობლემის სერიოზულობას კარგად აცნობიერებდნენ, შესაბამისად, სპეციალური კომისია ხშირად ამოწმებდა ადგილებს, საიდანაც თულუხჩები მოსახლეობისთვის სასმელ წყალს ეზიდებოდნენ. შემოწმების შედეგები, მეტწილად, არასახარბიელო იყო – „ჩასავალი თითქმის ყველგან ისეთ ბინძურ ადგილებზეა, რომ რიგიანის წყლის ამოღება შეუძლებელიაო“.

მეტიც, თქვენ წარმოიდგინეთ და, ტფილისელები თურმე პირდაპირ იმ ადგილებში ბანაობდნენ, სადაც თულუხჩები ავსებდნენ წყალს:

„ვინ იცის, ვინ რა ავადმყოფობით არის ავად და მათ ნაბანს-კი საზოგადოებას უზიდვენ. ურიგო არ იქნება, რომ სანამ ქალაქი წყლის გაყვანას ეღირსებოდეს, ამ მეთულუხჩეებს ადგილი დაუნიშნონ, საიდამაც ამოიღონ ხოლმე წყალი, გაუკეთონ სუფთა წყლის ამოსაღები ბოგირები, ან ქვის კედელი, ან სხვა რამე ისეთი, რომ მუდამ საძაგელ, ნაგვით სავსე, ამღვრეულ და მყრალ წყალს არ გვასმევდნენ“, – აჟღერებდა ქალაქელთა წუხილს გაზეთი „დროება“.

„ბოგირების, ან ქვის კედლის“ აუცილებლობაზე ქალაქის გამგეობაშიც დაფიქრებულან და მტკვარზე სპეციალური, პატარა ფიცრული ხიდები მოუწყვიათ, რათა თულუხჩებს შუა მდინარიდან, სუფთა წყალი ამოეღოთ. თუმცა ამგვარ კონსტრუქციებს მუდმივი ყურადღება და მეთვალყურეობა სჭირდებოდა, რაზეც, ჩანს, დიდად არავის უზრუნია – ხიდების უმეტესობა დამტვრეულა, განახლებით კი აღარ განუახლებიათ.

ასე იყო თუ ისე, ქალაქის მოსახლეობა წყლის მზიდავებს „ძლიერ უჩიოდა“, ამბობდნენ, სუფთა წყლის ნაცვლად გაყვითლებული, ნაგუბარი წყალი მოაქვთ, რადგან თულუხებს მტკვრის პირას ავსებენ, სადაც ნაგავი, ნარეცხი და ათასი სიბინძურე იყრის თავსო. არადა, ყოფილა დრო, როდესაც მტკვრის წყალს გემრიელად სვამდნენ. საკუთარ მოგონებებში ალექსანდრ პუშკინსაც აღუნიშნავს, ტფილისის მოსახლეობა მტკვრის წყალს სვამს, მღვრიეს, მაგრამ სასიამოვნოსო.

თულუხჩებისგან შეძენილ მტკვრის ამღვრეულ წყალს მოსახლეობა შაბის დახმარებით წმენდდა, თუმცა, ბუნებრივია, ეს არ იყო იმის გარანტია, რომ დაბინძურებული სასმელი რაიმე დაავადების წყარო არ გახდებოდა.

სისუფთავესთან ერთად, გამოწვევა ყოფილა წყლის ფასიც. ხალხი ამბობდა, თულუხჩებისთვის არავითარი წესი არ არსებობს, რასაც უნდა იმას სჩადიან, როგორც უნდა, ისე გვეპყრობიან – წყალში ერთი-ორად გვახდევინებენ და ამას გარდა, ერთსა და იმავე ეზოში ერთ მდგმურს 8 კაპიკს რომ ართმევენ, მეორისგან ორ-სამ შაურს ითხოვენო. არადა, ტფილისელებს ახსოვდათ დრო, როდესაც ნიხრს იმის მიხედვით ადგენდნენ, თუ რამდენად შორს ცხოვრობდა მუშტარი – მტკვრის ნაპირებიდან.

ქალაქში იმასაც ამბობდნენ, თულუხჩებს პირი აქვთ შეკრული და „რამდენიც არ უნდა აძლიოთ“, ერთი მეორის მუშტართან წყალს არ მიიტანს, ამიტომაც, თქვენი თულუხჩი თქვენი ბატონია, თუ რაც გთხოვათ, იმდენს არ გადაუხდით, უწყლობით ამოგახრჩობთო.

თულუხჩი ცხენით – დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

წყლის სიძვირე მაშინ უნდა გენახათ, როდესაც თულუხჩებს ფასის მომატების ლეგიტიმური მიზეზი ჰქონდათ, მაგალითად, მაშინ, როცა პასუხისმგებელი პირები მდინარიდან წყლის ამოღებასთან დაკავშირებით რაიმე აკრძალვას თუ შეზღუდვას დააწესებდნენ, ან მტკვარი გაიყინებოდა.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ქალაქის გამგეობა ამ სფეროს დარეგულირებას და გარკვეული საერთო სტანდარტის დაწესებას ცდილობდა, მათ შორის წყლის ნიხრის პრობლემის მოგვარებას – „ყველა მეთულუხჩეებისთვის თავი მოუყრიათ და გამოუცხადებიათ, რომ ყველამ ერთ-გვარი წყლის საზიდავი იქონიეთო. საზიდავი ქალაქის გამგეობის მიერ ბეჭედდასმული იქნება და წყლის ნიხრიც იმის კვალობაზედ დაინიშნებაო“, თუმცა ამგვარი მცდელობები, როგორც წესი, უშედეგოდ სრულდებოდა.

აქვე ერთი საინტერესო გარემოებაც: თბილისის მოსახლეობა უწყლოდ რჩებოდა ხანძრების დროსაც. თვითნასწავლი მხატვრის, კარაპეტ გრიგორიანცის ცნობით, როგორც კი ქალაქში ცეცხლი გაჩნდებოდა, თულუხჩები წყლით სავსე ჭურჭლით ხანძრის ადგილს მიაშურებდნენ, რადგან ამ სამსახურის სანაცვლოდ გადასახადებისგან თავისუფლდებოდნენ.

რაც შეეხება თავად თულუხჩებს. წყლის მზიდავების მოვალეობას ძველ თბილისში, ძირითადად, აისორები ასრულებდნენ. მათ შესახებ გაზეთ „ივერიაში“ ვკითხულობთ:

„ვის არ ენახვება ეს მშრომელი, გამრჯელი ხალხი. აისორი წყლის მზიდველი ანუ მეთულუხე ცნობილია მთელს ქალაქში. წყლის ზიდვა ცხენით და ამ ბოლო დროს ბოჭკებითაც, აისორის საყვარელი ხელობაა. თითქო იგი ამ საქმისათვის არის დაბადებულიო. არ აშინებს არც სიცივე, არც ტალახი და არც პაპანაქება სიცხე. ყოველ გვარ ამინდს აისორი, ხშირად უფეხ-საცმელო, „ტოტებ-აკლანწული“ თავისის თულუხებით დასაპალნებულ ცხენით, ერთ ნაირის მუყაითით მიცუხცუხებს წყლის ასავსებისკენ, რომ ყველას თავისს დროზედ მიაწოდოს ეს უსაჭიროესი სასმელი“.

იმავე გაზეთში გვხვდება კიდევ ერთი საინტერესო ცნობა „მეთულუხეთა უსტაბაშის“, ანუ უფროსი ოსტატის, ამქრის მეთაურის – „აისორი ვარდუას“ გაქურდვის შესახებ. ვარდუას სადგომი დღევანდელ ძმები კაკაბაძეების ქუჩაზე ჰქონია, სადაც მთელ თავის ავლადიდებას ინახავდა. ერთ დღესაც, უთენია, ტრაქტირში რომ წასულა ჩაის დასალევად, „დურგლიაანთ ვასუას და გოლას“ უსარგებლიათ და მისი სადგომიდან არა მხოლოდ ნაღდი ფული, არამედ ოქრო, ვერცხლი და ვექსილებიც მოუპარავთ:

„სპარსეთის ქვეშევრდომი აისორი ვარდუა თითქმის ოც-და-ათი წელიწადია, რაც ტფილისში ცხოვრობს მეთულუხედ და თხუთმეტ წელიწადზე მეტია, რაც შინ, თავის ცოლ-შვილში, არ წასულა. მთელს თავის ძალას და ღონეს სულ ამ შეძლების მოგროვებას ახმარებდა“.

საბოლოო ჯამში, არც ვარდუას ამქრის წევრების ძალისხმევა და არც მტკვრის ბაზაზე გაყვანილი „ყორღანოვის მილის წყალი“ იყო საკმარისი, რომ ქალაქის ყოველდღიურად მზარდი მოსახლეობის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა, მით უფრო, რომ თუკი 1870-იან წლებში ტფილისში 80 ათასამდე ადამიანი სახლობდა, 1890-იანი წლებისთვის ქალაქი უკვე 160 ათასამდე მოსახლეს ითვლიდა.

თბილისში უწყლობის პრობლემის მოგვარება გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენდა და ეს ყველას კარგად ესმოდა, მათ შორის ალბათ თულუხჩებსაც, რომლებიც არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ:

„ხუმრობა საქმეა? წყლის გაყვანა ტფილისში ულუკმა-პუროდ დასტოვებს რამდენსამე ასსა და ათას წყლის მზიდავს თულუხჩის და მუშას, რომელნიც ათადამ-ბაბადამ წყალს უზიდავენ ტფილისის ასი-ათას მცხოვრებელსა. ტფილისი წყურვილით მოკვდებოდა, რომ ამ მუშებს ერთს მშვენიერს დღეს პირობა შეეკრათ და წყალი აღარავისთვის მიეტანათ. 104 ათასი ვედრა უნდება ტფილისს დღეში… აბა მოაკელით ქალაქს ეს ამოდენა სასმელი, რა ცოდვის ლული დატრიალდებოდა. მაგრამ ჟამთა-ვითარება შეუბრალებელი ყოფილა… დღეს რამდენიც უნდა იწუწუნონ აისორების შთამომავალთა, წყლის გაყვანის საქმეს ტფილისში ვეღარ შეაყენებენ“.

თულუხჩი – დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

საუბარია მოსაზრებაზე, რომლის მიხედვითაც ქალაქში წყალმომარაგების პრობლემა ავჭალის წყაროებიდან წყლის გამოყვანით უნდა გადაეჭრათ. ეს საკითხი „ქალაქის რჩევის სხდომაზეც“ არაერთხელ განუხილავთ და „მეცნიერების ფიცხელის კრიტიკის ცეცხლშიც“ გაუტარებიათ, 1885 წლისთვის კი თბილისის ხელმძღვანელობა უკვე კონკრეტულ გადაწყვეტილებამდეც მისულა.

როგორც ქალაქის თავს აღუნიშნავს, „კარგა ხანიაო, რაც ჩვენა ვფიქრობთო წყალის გამოყვანის გამართვას. ბევრს ვლაპარაკობთ, ბევრჯელ ვიკრიბებით ამის თაობაზე და წყალის გაყვანა-კი ჯერ არსად არისო. ასე რომ ბევრს კიდეც მოჰბეზრდა ეს საქმე და ჯავრობენ, რა არის ამდენი ლაპარაკიო. მაგრამ წყალის გამყვანის გამართვა ადვილი საქმე არ არისო: მას უნდა დიდი ფიქრი, აწონ-დაწონვა, შესწავლა და ამისათვის ჩვენ გასამტყუნარნიც არა ვართ, რომ ადვილად არ მოვეკიდენით საქმეს. აჩქარების მაგიერ საფუძვლიანად შევისწავლეთ და თუკი გავმართეთ წყლის გამყვანი, იმედია ის ისეთი რამ იქნება, რომ იმისთანა არა თუ რუსეთის ქალაქებში, დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქალაქებშიაც არ იქნებაო“.

ავჭალის წყაროებიდან ქალაქში წყლის გამოყვანის პროექტის შედგენა „ფრანცუზი ინჟინერი მასკელესთვის“ მიუნდვიათ, რომელიც თბილისში ჩამოსულა, ადგილზე გასცნობია ვითარებას და დაწვრილებითი გეგმაც შეუდგენია, რომლის მიხედვითაც:

„ავჭალის წყაროების წყალი უნდა შეიწუროს მიწის ქვეშ გამართულის მილებით ერთს დიდს აუზში. ამ აუზთან გამართული იქნება ორთქლის მაშინები, რომელთა შემწეობით აუზში მოგროვილი წყალი წამოვა ქალაქისკენ და მოვა რკინის-გზის სტანციასთან, საცა მეორე კიდე დიდი აუზი იქნება გამართული. აქედან წყალი წავა ორ-ნაირად… და მოივლის მთელს ქალაქს“.

პროექტის სიძვირიდან გამომდინარე, ქალაქს ხარჯების შემცირება რუსი ინჟინრის – კონრადისთვის დაუვალებია, თუმცა იმ პირობით, რომ მასკელეს პროექტის ნაწილი ხელუხლებლად დაეტოვებინა.

„წმინდა ტეხნიკურ საკითხებზე“ საუბრით რომ არ შეგაწყინოთ თავი, ვთქვათ მთავარი – ქალაქის გამგეობის ხმოსნებს შორის აზრი ორად გაყოფილა, მათი ნაწილი მიიჩნევდა, რომ თბილისში წყალი რუსი ინჟინრის, შედარებით იაფი პროექტის მიხედვით უნდა გაეყვანათ, ხმოსანთა ნაწილი კი აცხადებდა, „უმჯობესი იქნება, რომ მასკელეს პროექტი მივიღოთო და სასტიკადაც შევასრულოთო, რაც უნდა ძვირად დაგვიჯდესო, რადგანაც მასკელე ავტორიტეტია, განთქმული მთელს ევროპაში და ჩვენც არას წავაგებთ, რომ მივენდოთ მასაო“. კენჭისყრის შედეგად, 31 ხმით 11-ის წინააღმდეგ, ქალაქში წყლის გამოყვანა უფრო იაფი პროექტის მიხედვით გადაუწყვეტიათ.

აქვე უნდა აღვნიშნოთ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც; ერთია, თუ რამდენად აუვიდოდა ავჭალის წყაროები ქალაქის მოთხოვნას, ანუ მიიღებდა თუ არა ქალაქი საკმარისი რაოდენობის წყალს (მიუხედავად იმისა, რომ ასეთ შემთხვევაში, ავჭალის წყაროებისთვის მტკვრის წყლის „მიხმარება“ იგეგმებოდა) მეორე კი თავად ავჭალის წყაროების წყლის ხარისხი, რომელიც მეტად თუ არა, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი იყო!

კითხვაზე – „ვარგა თუ არა საზოგადოდ სასმელად და სხვაფრივ სახმარებლად წყაროს წყალი და კერძოდ ავჭალის წყაროებისა და ამ წყაროების გაყვანა ემჯობინება, თუ მტკვრის წყლები“, დარგის სპეციალისტებს ამომწურავად უსაუბრიათ. არგუმენტებად მოუყვანიათ რკინიგზის ავჭალის სადგურის იმდროინდელი და ყოფილი უფროსების ცნობები, რომელთა მიხედვითაც „ავჭალის წყაროს წყალი ძალიან კარგია, მთელი სოფელი იმასა სვამსო“; „დიდხანს ვიყავ ავჭალაში და მეც და ჩემი ცოლ-შვილიც სულ წყაროს წყალსა ვსვამდით: ეს წყალი ყოვლისფრით კარგიაო“; ასევე, ტელეგრაფისტის ცნობა, რომელიც ამტკიცებდა, „ქობულეთში დასნეულებული ცოლ-შვილი ავჭალის წყაროების წყალმა მოაბრუნა და სრულიად გამოაკეთაო“.

თულუხჩები – პოლ ნადარის ფოტო / 1890 წ.

ხოლო თუკი სანდოობის თვალსაზრისით ეს არგუმენტები ვინმეს ზედაპირულ მტკიცებულებებად მოეჩვენებოდა, ასეთი სკეპტიკოსები დოქტორ შმიდტის დასკვნას უნდა დაერწმუნებინა, რომლისთვისაც ავჭალის წყაროს წყალი ბოთლებით გაუგზავნიათ გერმანიაში, მას კი დაუდგენია, რომ „ავჭალის წყაროს წყალში ძალიან მცირედ იპოვება ეგრედ-წოდებული თვალით შეუნიშვნელი ორგანიულნი ცხოველნი, საკმაოდ არის სამინერალო ნივთეულობანი და ყოვლის მხრით შესარგებელი უნდა იყოსო. ამავე შმიდტს ჰქონია საანალიზოდ მტკვრის წყალი და თუმცა ესეც მარგებელია, მისის აზრით, მაგრამ მაინც წყაროს წყალი სჯობიან, თუ მეტადრე ქალაქს ამ წყლის გამოყვანა უფრო ეხერხებაო“. ამავე აზრზე ყოფილან სხვა „მეანალიზენიც“.

სკეპტიკოსთა დასარწმუნებლად გამორჩეული სიტყვა წარმოუთქვამს თავად პროექტის ავტორს, ინჟინერ კონრადსაც, რომელსაც ქალაქში წყლის გაყვანის საქმე უტვირთია: „მისი ლაპარაკი საკვირველი ლამაზი ლაპარაკი იყო: მისი საბუთები გულსა და გონებას აჯერებდნენ და იმორჩილებდნენ“.

ასე იყო თუ ისე, ავჭალის წყაროებიდან წყლის გამოყვანას აქტიურად შეუდგნენ და ქალაქიც წყლის მილებით დაიქსელა. 1887 წელს ქართული პრესა წერდა: „ტფილისის საქალაქო გამგეობას სწრაფად მიჰყავს წინ წყლის გაყვანის საქმე. ამ დღეებში თხრილების თხრა მილების ჩასაწყობად დაიწყეს უკვე გრიბოედოვის ქუჩაზე, საცა არშაკუნის სახლებია“.

„თხრილების თხრამ და მილების ჩაყრამ“ მთელი ქალაქი მოიცვა და ავჭალის წყაროების ბაზაზე მოქმედი ე.წ. ავჭალის წყალსადენი მალე ექსპლუატაციაში შევიდა – 1887 წლის სექტემბერში „ტფილისში მილის წყლის ხმარება დაიწყეს“:

„ქალაქის მეიდნებზე და ქუჩებში ხალხი ახვევია ოც-და-თორმეტს ადგილს თუჯის ბოძებისა, რომლებსაც თავზე დიდი ფარნები ადგია და ორი მოკლე ლულა აქვს: ერთი დაბლა და მეორე სვეტის თავში, ფარნის ქვეშ. ამ ლულებიდამ გადმოდის წყალი, ხან მაღლიდამ და ხან დაბლიდამ, იმის კვალობაზედ, თუ როგორს ჭურჭელში უნდათ წყლის ჩასხმა. ერთ მხარეს ორი დასაჭერი ტარი აქვს ასაწევ-დასაწევი; აწევით წყალი მაშინადვე გადმოდის და დაწევით იკვრის. ხალხი სხვა-და-სხვა ჭურჭლით, მებოჭკეები, მეთულუხეები ახვევია და უცდის ჯერსა“.

„ზოგიერთ ვაჟბატონს“ ავჭალის წყაროების წყალი შემოსავლის წყაროდაც უქცევია! „ტფილისელთა ნაწილი იმას არა სჯერდება, რომ მილის წყალი სახლში მოუდით და ამ წყლით სარგებლობენ, ზოგიერთებს ჩუმად ვაჭრობაც გაუმართავთ. ეს ვაჟბატონები თავიანთ ეზოებიდგან წყალს აზიდვინებენ და ამაში ფასს იღებენ. ერთისათვის მიუსწვრიათ, როცა თულუხჩის წყალს აძლევდა. ეს სახლის პატრონი პასუხის გებაში მიუცია ქალაქს ამ გვარის არა-კანონიერის ვაჭრობისათვის“.

მეტიც, როგორც იმდროინდელი პრესა იუწყებოდა, ქალაქის მასშტაბით გამართულ 32 „კრანიდან“ თითოეულს საკუთარი წყლის გამყიდველი ჰყავდა და სწორედ მათზე „ეკიდა“ შემოსავალი, რასაც ქალაქი წყლის გაყიდვით მიიღებდა. თუმცა, როგორც ჩანს, მეონკანეთა ნაწილი პატიოსნებით არ გამოირჩეოდა:

„თუ რიგიანი კაცი ჰყავს „კრანს“, შემოსავალიც სწორე და მართალი იქნება. თუ ურიგოა, მაშინ თავისს საკუთარს ჯიბესაც არ დაივიწყებს… მილის წყლის ინჟინერმა გამოაცხადა ეჭვი, რომ დღეში ვარაუდით ექვს თუმნამდე ფული იკარგება გამყიდველების ხელ- -მრუდობის გამოვო, რადგან ჯეროვანი მაყურებელი არა ჰყავთო… ძველი გამყიდველები დიდად დახელოვნებულნი არიან „კრანების“ ვითარებაში და ჯერ-ჯერობით ისე მოახერხებენ, რომ თვით ეშმაკიც-კი მოატყუონ და თვალი აუბან… ახალს ზედამხედველებს უკვე აღმოუჩენიათ რამდენიმე გამყიდველი, რომელნიც აშკარადა ხელ-მრუდობენ, ე.ი. გაცილებით მომეტებულს წყალსა ჰყიდიან იმაზე, რასაც შემოსავლად აჩვენებენ“.

თუმცა გამონაკლისები მათ შორისაც ყოფილან, მაგალითად, მეონკანე ტყემალაძე, რომელიც პოლიციელებს მხოლოდ იმიტომ უცემიათ, რომ საკუთარ მოვალეობას ჯეროვნად ასრულებდა და სამართალდამცავებს „წყალი მუქთად არ დაანება“.

ყველაფერთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მაინც ავჭალის წყაროს წყლის გემოსა და მის მიმართ ტფილისელთა დამოკიდებულებას უკავშირდება. დროდადრო ქალაქში ხმაც გავარდებოდა, ასე რომ ეშურებით, ავჭალაში ამ წყალს პირუტყვებიც კი არ სვამენო, მით უფრო, რომ ეს წყალი „საპონსა სჭრის, ხელ-პირის ბანის შემდეგ – კანი ხმება; რკინის გემო აქვს, პირსა სტიტბავს და კბილებს მჟავედ ედება რაღაც ჟანგი; მტკვრის წყალზე თბილია და ამის გამო უსიამოვნო, დამდგარის წყლის გემო აქვსო“.

მილის წყლის ავკარგიანობის შესახებ ხშირად დაუჯერებელი ჭორებიც ვრცელდებოდა, მაგალითად, 1890 წელს, ერთ-ერთი ქართული გამოცემა წერდა:

„ტფილისის ვაჭრებს იარმუკაზედ ჭიქით მოუნდომნიათ მილის წყლის დალევა თულუხიდგან. მიუტანიათ თუ არა პირთან წყლით სავსე ჭიქა, ჭიქის პირზედ რაღაც შეუმჩნევიათ. დაჰკვირვებიან და უნახავთ, რომ წყალში მატლები ყოფილა. ეს წყალი მაშინვე წაუღიათ ქალაქის მმართველობაში, სადაც წყალი გაუსინჯავთ და ასე უნუგეშებიათ მიმტანი: ნუ გეშინიანთ, ეს ჭია ადამიანის ჯან-მთელობისთვის მავნებელი არ არისო (?!)“.

ამ წყალს განსაკუთრებით მოხუცები ვერ ეწყობოდნენ, „რომელნიც ორმოცისა და სამოცის წლის განმავლობაში შესჩვევიან მტკვრის წყალს“.

„ავჭალის წყარო თუ მტკვრის წყალი?“ – თემაზე მსჯელობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა და „ორივე წყლის გულშემატკივრებს“ საკუთარი არგუმენტები ჰქონდათ. თანაც, ხუმრობა საქმე ხომ არ იყო, ავჭალის წყაროს წყლის გამოყვანა ქალაქს კოლოსალური თანხა, მილიონ მანეთზე მეტი დაუჯდა?!

მიუხედავად ამისა, მოსახლეობის ნაწილი მაინც მიიჩნევდა, რომ „ავჭალის მილის წყალმა ბოლომდე ვერ იმუშავა“:

„მართალია, თითქმის მილიონის ღირებულების მილის წყალი გვაქვს ავჭალის წყაროებიდამ თავ-მოყრილი, მაგრამ ძველი დრო შაბისა და ბოჭკებისა მაინც ხშირად მოგვაგონდება ხოლმე. ერთი იმიტომ, რომ წყალი, როცა არ გვინდოდა სულ გვქონდა, მეორეც – თუ მღვრიე იქნებოდა წყალი, ორის გროშის შაბი ერთს თულუხს წყალს დაგვიწმენდდა რამდენსამე წუთში. ეხლა მილის წყალმა ბოჭკებიცა და შაბიც მოგვიშალა, წყალი სახლებში გამოვიყვანეთ, მაგრამ… მაგრამ დარწმუნებული არა ვართ, რომ ამ, ან იმ საათში წყალი სრულიად არ მოწყდება ან, თუ არ მოწყდება, წყლის მაგიერ ტალახი არ გადმოვა მილიდამ.

თულუხჩები – პოლ ნადარის ფოტო / 1890 წ.

სწორედ რომ გასაკვირველია წყლის მილის საქმე! ნახევარ დღის განმავლობაში ათჯერ მაინც იცვლის წყალი ფერსაც და გემოსაც: ხან დაწმენდილი გადმოდის, ხან ისეთი ტალახიანი, რომ თვით მტკვარშიაც უფრო წმინდაა ამ დროს წყალი. ყველა ამას გარდა, ისიც საშიშია, რომ ან ბალახ-ბულახი, ან ჩხირი ან კიდევ წურბელასაებრ რამე ჭია არ გამოტყვრეს და ამ სიცხე-პაპანაქების დღეში პირში არ გადაუშვას კაცმა“, – წერდა გაზეთი „ივერია“ 1891 წელს.

ამ ამბების შემდეგაც, თბილისის წყალმომარაგების საკითხი კვლავაც არაერთხელ დადგა დღის წესრიგში. ცხარედ კამათობდნენ, ეძიებდნენ გზებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ გამკლავებოდნენ გამოწვევას, რომელიც თანაბრად მნიშვნელოვანი იყო ქალაქის თითოეული მცხოვრებისთვის, რომელთა რიცხვიც წლიდან წლამდე იზრდებოდა. 1890-იანი წლების ბოლოს ქალაქის საბჭოს სთავაზობდნენ პროექტებს, რომელთა მიხედვითაც, თბილისში წყლის გამოყვანა უპრიანი იქნებოდა „ჟინვალის წყაროებიდან – ახალის მილებით“, ასევე, არსებობდა მოსაზრება, რომ ტფილისის მიდამოებში მოწყობილიყო რამდენიმე ტბა, რაც ქალაქს ძვირი არ დაუჯდებოდა, სარგებლობას კი ქუჩების მოსარწყავი წყალიც ბევრი იქნებოდა და ტყის მოშენებაც გაადვილდებოდა ტფილისის მიდამოებში“ და სხვ.

საბოლოო ჯამში, თბილისის წყალმომარაგების საქმეში მიღწეული გარკვეული პროგრესით, ყველაზე მეტად, სწორედ ტფილისელი თულუხჩები დაზარალდნენ, თანაც საკუთარი თვალით ხედავდნენ მათი პროფესიის დასასრულის დასაწყისს:

„თულუხჩები დაღონებულები არიან, მოგვაკლდება სამუშაოვო და ქალაქის გამგეობაში დაიარებიან სხვა-და-სხვა თხოვნითა“; „შემოსავალი მათ არა ჰყოფნით თავის გამოსაკვებად და ცხენების შესანახად. ამის გამო სთხოვენ ქალაქის გამგეობას, რომ მან შეისყიდოს მათი ცხენები და თვითონ იგინიც დაიქირავოს წყლის მატარებლებად და დაუნიშნოს ჯამაგირი, ან არა და ყველანი მოიწვიოს გამგეობაში, სადაც იგინი განაცხადებენ თავიანთს უკანასკნელს სიტყვას, თუ რა პირობით დათანხმდებიან წყლის სყიდვას და გაყიდვას“.

თუმცა, სანამ ეს ჩვენი მეთულუხჩეები საბოლოოდ დაყრიდნენ ფარ-ხმალს, უფრო სწორად კი თულუხებს და სხვა, უფრო შემოსავლიან და საჭირო საქმეს მოჰკიდებდნენ ხელს, ისევ გვარიანად ხეირობდნენ ყოველთვის, როცა კი ქალაქში წყალმომარაგების პრობლემა შეიქმნებოდა და თბილისელები კვლავ მათი მომსახურების ანაბარა რჩებოდნენ:

„წყლის მზიდველი ფარნით უნდა გეძებნათ… თავ-წასული წყლის მზიდველი მუშები იმას უზიდავენ წყალს, ვინც ერთისამად აძლევს ფასს. ხან-და-ხან ამ ფასათაც ვერ მოატანინებ წყალს – გეუბნება ჯერ თქვენთვის არა მცალიანო… მუშები მუდამ ასე იქცევიან აქ, როდესაც კი წყალი იკლებს ტფილისის წყლის მილებში“.

ამ მოვლენებიდან ბევრმა წყალმა ჩაიარა და თბილისის წყალმომარაგების უზრუნველყოფის კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტიც განხორციელდა, თუმცა თბილისის მოსახლეობა დღესაც უჩივის თანამედროვე თულუხჩებს – ისე დღე არ გავა, დაგეგმილი თუ გადაუდებელი სამუშაოების გამო, დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ შეუწყდეს, წყალმომარაგების აღდგენის დრომ კი რამდენიმე საათით ან დღით არ გადაიწიოს…

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *