Plaid-ი ქმნის არხებს, რომლებიც თქვენს აპლიკაციებს თქვენს მიმდინარე ანგარიშებთან აკავშირებს, რის შედეგადაც კომპანიის ღირებულება მილიარდ დოლარს უახლოვდება. ეცდებიან დიდი ბანკები მის გაქრობას?
სან-ფრანცისკოში, – ქალაქში, რომელიც საოფისე კეთილმოწყობილობებითაა განთქმული, – Plaid-ს იმგვარი კეთილმოწყობილობა აქვს, რაც უსაფრთხოების დოკუმენტზე ხელის მოწერას საჭიროებს: Plaid-ის დამფუძნებლებს, ზაქ პერეტსა და უილიამ ჰოკის მთაზე ცოცვა უყვართ, ჰოდა, გენერალურ საბჭოსდა სამწუხაროდ, ოფისის მეორე სართულზე თანამშრომლები ვერტიკალური სარბენი ტრენაჟორით სარგებლობენ, რომელსაც უამრავი ხელისა თუ ფეხის საბჯენები ახლავს.
ცოცვა მხოლოდ საოფისე კეთილმოწყობილობა როდია. ეს კომპანიის ლეგენდის ნაწილიც არის. ერთ-ერთ პირველ ერთობლივ ექსკურსიაზე, პერეტმა თავისი თანდამფუძნებელი 15 ფუტის სიმაღლიდან გადააგდო. დღეს ამაზე იცინიან. კომპანიის დაარსებიდან ექვსი წლის თავზე Plaid-ი ფინანსურ სექტორთან ერთად იფურჩქნება – სექტორთან, რომლის წარმატებაში თავადაც მონაწილეობს. მისი პროგრამული უზრუნველყოფა ერთგვარად წყალსადინრის ოსტატის ფუნქციას ასრულებს: აპლიკაციებს ყოველი ახალი მომხმარებლის ბანკებთან აკავშირებს, რათა სწრაფად დაადასტუროს ანგარიშის მფლობელის ვინაობა ისე, რომ არც ერთი გროში და ქაღალდი არ იყოს საჭირო. თუ ონლაინ ფინანსური დაგეგმვა, აქციათა შერჩევა და Bitcoin-ით ვაჭრობა ოქროს ციებ-ცხელების რეჟიმშია, პერეტსა და ჰოკის წარმატებისთვის განწირული ბიზნესი აქვთ: საცერები და წერაქვები.
დაათვალიერეთ Acorns-ის, Betterment-ის, Coinbase-ისა და Clarity Money-ს ტიპის სტარტაპების შიდა მექანიზმები და იქ Plaid-ის ზუზუნს გაიგონებთ. დეველოპერებს უყვართ მისი სწრაფი ტექნოლოგია; დამფუძნებლებსა და მათ ინვესტორებს მოსწონთ ფულის დაზოგვის იდეა ისე, რომ თავიანთი კავშირების შექმნა არ უწევთ. “ეს ჩვენთვისვე შევქმენით. საოცრად რთული პრობლემები გადავჭერით”, – ამბობს ჰოკი.
Plaid-ი სადღაც 10,000 ბანკის გარშემო ტრიალებს. მისი შიდა სიმდიდრე გაიზარდა, რაც $59-მილიონიანი დაფინანსების დამსახურებაა ისეთი ინვესტორების მიერ, როგორიცაა Spark Capital-ი, NEA და Citi-სა და and American Express-ის ვენჩურ-განყოფილებები. 2016-ში, $44-მილიონიან Series B საინვესტიციო რაუნდზე, რომელსაც Goldman-ი უძღვებოდა, კომპანია $250 მილიონად შეფასდა. როგორც კომპანიის ფინანსებში ჩახედული წყარო ამბობს, დღეს, გაოთხმაგებული გაყიდვების წყალობით, Plaid-ისადმი არსებულმა საინვესტიციო ინტერესმა მისი ღირებულება $1 მილიარდამდე გაზარდა. სან-ფრანცისკოს South of Market-ის რაიონში მდებარე დიდ, ორსართულიან ოფისში 130 ადამიანი ჰყავთ დასაქმებული.
28 წლის ჰოკი თვლის, რომ Plaid-ი ფუნდამენტურ საშენ აგურს წარმოადგენს სტარტაპებისთვის: “ხალხს მანამ ველაპარაკებით, სანამ ფულის მოზიდვას დაიწყებენ, ხანდახან მხოლოდ ორი ადამიანია ოთახში”. 30 წლის პერეტის თქმით, “ჩვენი მისია არ არის [მხოლოდ] ფინანსური სერვისების ინოვაცია. ჩვენი მისიაა, ფინანსური სერვისების სისტემაზე წვდომის უზრუნველყოფით, ინოვაცია ყველგან შესაძლებელი გავხადოთ”.
დუეტმა ერთმანეთი ახალგაზრდა კონსულტანტების რანგში, Bain’s Atlanta-ს ოფისში გაიცნო: კალიფორნიის მკვიდრ ჰოკის ის-ისაა, Emory დაემთავრებინა, ხოლო Duke-ის კურსდამთავრებული პერეტი მასზე ერთი წლით წინ იყო. მათი ურთიერთობა მთაზე ცოცვის იმ იაღლიშმა გააღრმავა, ზემოთ რომ ვახსენეთ. ორივე პროგრამირებით იყო გატაცებული და თავისუფალ დროს სხვადასხვა პროექტზე მუშაობდა. გადახდილი გადასახადების გამჭვირვალობით უკმაყოფილოებმა, ფინანსური დაგეგმვის ინსტრუმენტის შექმნა სცადეს. მცდელობა არცთუ წარმატებული გამოდგა, მაგრამ პროცესში ერთ მნიშვნელოვან ტექნიკურ გამოწვევას გაუმკლავდნენ და თავიანთი აპლიკაცია თავიანთ საბანკო ანგარიშებთან დააკავშირეს.
მართალია, Yodlee-მ, ფინანსური მონაცემების აგრეგატორის რანგში, ყურადღება, სულ ცოტა, ათი წლის წინ მიიპყრო, ბევრი ბიზნესი მომხმარებელთა საბანკო ანგარიშების შემოწმებას კვლავაც მიკროტრანზაქციებს ანდობდა. სხვები განაცხადების ფორმათა PDF-ებს ტვირთავდნენ და მონაცემები ხელით შეჰყავდათ. პერეტი და ჰოკი იმგვარი აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისის (API) შექმნას ცდილობდნენ, რომლითაც იმავე ფუნქციების შესრულება იქნებოდა შესაძლებელი, ოღონდ მხოლოდ ბანკის მომხმარებლის ონლაინსახელისა და პაროლის საფუძველზე.
2012-ის გაზაფხულზე ნიუ-იორკში ოფისი გახსნეს, სადაც პერეტი აღმასრულებელი დირექტორი იყო, ჰოკი კი ტექნოლოგიური დირექტორი. იღბალმაც არ დააყოვნა. Venmo-ს ინჟინერიის დირექტორი გადახდების განსახორციელებელი უშუამავლო ფულადი გზავნილების ხარჯთა შემცირების პროცესში იყო. გამოსავალს ტრანზაქციების დიდ პორციებად განხორციელებაში ხედავდა. მართალია, Venmo-ს მომხმარებლები ტრანზაქციას უმალ განახორციელებდნენ, რეალური გადახდა ერთი დღით შეყოვნდებოდა. Plaid-ი მას ამ რისკის გაუვნებელყოფაში დაეხმარა: Venmo ახლა შეძლებდა იმის ცოდნას, ჰქონდა თუ არა გამგზავნს საკმარისი თანხა ბანკის ბალანსზე.
Venmo-სთან თანამშრომლობამ სტარტაპს ლეგიტიმურობა შესძინა და დაეხმარა, ფინანსური ტექნოლოგიის სფეროს იმ სხვა კლიენტებთანაც ეცადა ბედი, რომლებიც Venmo-ს წარმატების გამეორებას ლამობდნენ. სტარტაპთან დღეს უკვე ცნობილმა აპლიკაციებმა დაიწყეს თანამშრომლობა (და თვეების შემდეგ სახელიც გაითქვეს). “გვეგონა, რომ ცოტა გიჟური იდეა იყო. თუმცა კომპანიები გიჟურ მასშტაბებზე გადიოდნენ”, – ამბობს ჰოკი.
ახალი ინჟინრების ძიებაში, იმ შემოდგომას, სან-ფრანცისკოში გადავიდნენ, სადაც Plaid-მა სილიკონის ხეობის პერსპექტიული ვენჩურ-კაპიტალისტების ძიებაც დაიწყო. სტარტაპს ჰყავდა მომხმარებლები, ჰქონდა მუშა პროდუქტი და შემოსავალი. მას ასევე ჰყავდა ორი ახალბედა დამფუძნებელი, რომელთაც ახლაც უჭირთ არანერდულ ენაზე აგვიხსნან, რას აკეთებენ. “50-ჯერ გვითხრეს უარი”, – ამბობს ჰოკი. “გგონია, მხოლოდ 50-ჯერ?” – აწყვეტინებს პერეტი.
Plaid-ს თავი მწირი ბიუჯეტით გაჰქონდა. ჰოკის მეგობრის ტახტზე ეძინა. პერეტი ახალ მეგობარ გოგონასთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად. სადილად ისინი მეგობრებს დაჰყავდა. ბოლო-ბოლო, 2013-ში, Spark Capital-ი $2.9-მილიონიან საწყის საინვესტიციო რაუნდს გაუძღვა და მას მერე ფული მათთან მიდის და მიდის (ჰოკი და პერეტი Forbes-ის 30 30-წლამდელთა რეიტინგში 2015-შიც მოხვდნენ). “ძალიან ახალგაზრდები იყვნენ და დისციპლინით გამოირჩეოდნენ”, – ამბობს Spark-ის თანადამფუძნებელი სანტო პოლიტი.
დღეს Plaid-ის მასშტაბები ათობით მილიონ აქტიურ მომხმარებელსა და ათასობით აპლიკაციას მოიცავს, რაც ასობით მილიარდს გულისხმობს როგორც დახარჯული თანხების, ისე ფინანსური დაგეგმვის მხრივ. Forbes-ის შეფასებით, კომპანიის შემოსავალი შარშან $40 მილიონს შეადგენდა, ხოლო მისი ფულადი ბრუნვა იმ წერტილთან არის ახლო, როცა არც წაგებაა და არც მოგება. მაგრამ პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრიაში, რომელიც “სამ ცხრიანს” ეთაყვანება ან კი სერვისებს, რომლებიც დროის 99.9%-ში უხარვეზოდ მუშაობენ, Plaid-ი უჩვეულო წარმატების ნიმუშს წარმოადგენს: ის ყოველთვის არ მუშაობს. თავად Plaid-ის საჯარო გვერდი აცხადებს, რომ ბანკთან კავშირები მუშა მდგომარეობაში 98%-ით ან, სულაც, 95%-ითაა, რაც ნიშნავს, რომ ვალიდიზაციის 100 შემთხვევიდან 5-ში ბანკთან კავშირი შესაძლოა, ვერ დამყარდეს. ეს მაჩვენებელი მიუღებელი იქნებოდა, რომ არა ბანკების მიერ დაწესებული სიძნელეები. აპლიკაციის შემქმნელებს, რომლებიც ისეთ სერვისებთან არიან ინტეგრირებულნი, როგორიც Amazon-ი და Google-ია, აქვთ მოლოდინი, რომ მათი აპლიკაციები იმგვარი სტაბილურობითა და თანამიმდევრულობით იმუშავებს, Plaid-ის მსგავსი სერვისისთვის რომ მიუღწეველია – ამბობს უორენ ჰოგარტი, რომელიც თავისი ფულის განმკარგავ სტარტაპ Empower-ისთვის სწორედ Plaid-ს იყენებს. პრობლემა, მისი თქმით, ისაა, რომ Plaid-ს ბანკების მოწყალების იმედად უწევს ყოფნა, ეს უკანასკნელნი კი სულაც არ თვლიან გადაუდებელ აუცილებლობად, თავიანთი მომხმარებლების მონაცემები იმ აპლიკაციებს გაუზიარონ, რომლებიც მათი შემოსავლების ზრდაში არ მონაწილეობენ. “საჩოთირო ამბავია”, – ამბობს ჰოგარტი.
ბანკები რომ ოდესმე გაერთიანდნენ და, ერთობლივი API უზრუნველყონ, უფრო დაბალი ფასების წყალობით, Plaid-ის ბიზნესის დიდ ნაწილს დააზარალებდნენ. კონკურენციაც ძალას იკრებს; მეტოქეთა შორის Yodlee-ის მსგავსი ახალი სტარტაპები შეგვიძლია, განვიხილოთ ან კი ისეთი თავშემონახული კომპანიები, როგორიც Finicity-ა, რომლებიც აგრეთვე უზრუნველყოფენ ბანკებთან დაკავშირების გზებს API-ის მეშვეობით. ერთი ვენჩურ-კაპიტალისტი, რომელიც ფინანსურ ტექნოლოგიას იკვლევს, Plaid-ს აფრთხილებს, რომ თითო-ოროლა წამყვან ბანკთან კონცენტრირებული მრავალი საბანკო ანგარიშის გათვალისწინებით, მას გაუჭირდება ფასების სტაბილიზება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლები ხარჯებს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ. “ჯერჯერობით ხარჯების ოპტიმიზებას Plaid-ით მოსარგებლე არც ერთი კომპანია არ ახდენს, – ამბობს ის. – და რა მოხდება მაშინ, თუ უამრავი ახალი მომხმარებლის დამატებაზე არ იქნებიან კონცენტრირებულნი?”
დამფუძნებლებმა იციან, რომ Plaid-ის მოხმარების არეალი თუ არ გააფართოვეს, შესაძლოა, ვერ იქცნენ თავიანთ წინამორბედებზე უფრო დიდ კომპანიად, რომელთა გარკვეულმა ნაწილმა, ბოლოს, მონაცემთა აგრეგაცია და მათი მესამე მხარეთათვის გადაცემა დაიწყო (Plaid-ის თქმით, ის არასდროს გაყიდის თავის მომხმარებელთა მონაცემებს). პერეტი დიდ შესაძლებლობას იმაში ხედავს, რომ საბანკო ანგარიშების მოხმარების დღევანდელი მასშტაბები გაფართოვდეს. Plaid-ს შეუძლია, სასტუმრო-ბიზნესის, მოგზაურობისა და შოპინგის აპლიკაციებს თავიანთი მომხმარებლების ხარჯვის ჩვევების შესწავლაში დაეხმაროს, რითაც ეს აპლიკაციები უკეთესი პროდუქტებისა და თუ სერვისების შეთავაზებას შეძლებდნენ. კომპანია უკვე ექსპერიმენტირებს – იპოთეკების კუთხით. ხოლო ისეთ კომპანიებს, როგორიც Airbnb და Uber-ია, შეუძლიათ, თავი აარიდონ საკრედიტო ბარათებით განხორციელებულ ტრანზაქციებს და უფრო დაბალი საკომისიოები დაუწესონ მომხმარებლებს. “ყველა კომპანია ტექნოლოგიური კომპანია ხდება, – ამბობს ჰოკი. – ჩვენი თეზის თანახმად კი, ყოველი კომპანია ფინანსური სერვისების კომპანიადაც უნდა იქცეს”.
დატოვე კომენტარი